Home რუბრიკები პოლიტიკა გაუმაძღართა კოალიცია და მექსიკური ოცნება

გაუმაძღართა კოალიცია და მექსიკური ოცნება

730

რესპუბლიკელებისადამრეწველებისკონფლიქტი არ არის ტროას ომი და მას პოემებს არ მიუძღვნიან, თუმცა გასულ კვირას მან კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმაზე, რას წარმოადგენს მმართველი კოალიცია და როგორია მისი პერსპექტივები. ხომ არ მოუტანს არჩევნებიქართულ ოცნებას” “პიროსის გამარჯვებას”, რომლის შემდეგ კრახი გარდაუვალი გახდება?

ბოლო სამი წლის განმავლობაში “ოცნებამ” საკმარისზე მეტი ამომრჩეველი დაკარგა. მას შორდებიან როგორც კონსერვატორები, ისე ლიბერალები, ამიტომ დღეს მისი ხელმძღვანელობა მოკლებულია შესაძლებლობას, შიგა კოალიციურ კონფლიქტებში ერთ-ერთი მხარე ერთმნიშვნელოვნად გაამტყუნოს, რადგან მის უკან მდგომი ამომრჩევლების გაღიზიანებას ერიდება. აქ საუბარია არა იმდენად “მრეწველებისა” და რესპუბლიკელების ტრადიციულ და შედარებით მცირერიცხოვან ელექტორატზე, რამდენადაც ყველა პირობით “ლიბერალსა” და “კონსერვატორზე”, რომლებიც მსგავს დაპირისპირებებში ერთ-ერთ მხარეს გულშემატკივრობენ. რაც ყველაზე საინტერესოა (ეს კარგად აისახება სოცქსელებში), მათ უმრავლესობას ის კი არ აინტერესებს, რომ კონკრეტულ ეპიზოდში თოფაძემ ან ბერძენიშვილმა (თუ ვინც იქნება) თავისი სიმართლე დაამტკიცოს, არამედ ის, რომ მათთვის საძულველ ფიგურას რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს. მთლიანობაში ეს გამოიყურება, როგორც გაკოტრებული ცირკი დაბერებული გლადიატორებით, თუმცა აქ მთავარია სხვა რამ: არჩევნებამდე დარჩენილ დროშიქართული ოცნებისხელმძღვანელობა (თუ კოალიციის დაშლას არ აპირებს) იძულებული იქნება, დაიცვას ბალანსი, რათა განსხვავებული თვალსაზრისის მქონე ამომრჩევლები არ დაკარგოს.

საზოგადოდ, პოსტსაბჭოთა სახელისუფლო პარტიები, როგორც წესი, ცდილობენ, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პარტიათაშორისი ბრძოლა შიდაპარტიული დაპირისპირებით ჩაანაცვლონ. როდესაც ცხადი ხდება, რომ ამა თუ იმ პრობლემის განხილვა გარდაუვალია, ოპოზიციას ინიციატივას არ უთმობენ და თვითონვე იწყებენ დისკუსიას თავიანთი “კონსერვატორების”, “ლიბერალების”, შინაური ექსპერტებისა და არასამთავრობოების მონაწილეობით. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგალითად, 1997-2000 წლების “მოქკავშირი” თავისი “ახალგაზრდა რეფორმატორებით”, მათი ოპონენტებით და (სავსებით მართვადი) პაექრობა ტელესტუდიებში თუ პრესის ფურცლებზე, თუმცა ეს ხერხი მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლება ქვეყნის საინფორმაციო სივრცეში დღის წესრიგის ფორმირებას მყარად აკონტროლებს. დღეს ასე არ არის და ამიტომ აუდიტორიას, დიდი ალბათობით, შეიძლება მმართველ კოალიციაში დიდი დაპირისპირებისა და კრიზისის შთაბეჭდილება შეექმნას.

ვინაიდან 1990-იანების მეორე ნახევარს შევეხეთ, საინტერესო, ალბათ, იმის გახსენებაც იქნება, რომ იმხანად სრული სერიოზულობით განიხილებოდა .. მექსიკური მოდელი დამოქალაქეთა კავშირისგარდაქმნა მექსიკის ინსტიტუციურრევოლუციური პარტიის ადგილობრივ ანალოგად. ეს პარტია ქვეყანას, ფაქტობრივი ერთპარტიულობის პირობებში, 70 წლის განმავლობაში მართავდა და მისთვის, იდეოლოგიის უკანა პლანზე გადაწევის გარდა, დამახასიათებელი იყო ფრაქციების შექმნისა და შემდგომი ურთიერთქმედების (თავისი კონფლიქტებითა და ალიანსებით) კარგად გააზრებული და მართვადი პროცესი. რეალურად, ამ პარტიამ “შეისრუტა” მთელი პოლიტიკა და მრავალპარტიულობა მრავალფრაქციულობით ჩაანაცვლა. ამ მოდელის საქართველოში დამკვიდრებას ხელი რამდენიმე გარემოებამ შეუშალა. მექსიკის ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის ერთიანობას უზრუნველყოფდნენ არა იმდენად ლიდერები, რამდენადაც გარკვეული პრინციპები და თამაშის წესები, რომელიც საქართველოსთვის, პარტიული აღმშნებელობის “ბელადისტური ტრადიციებით” და უცნაური სიძულვილით ყოველგვარი შეზღუდვების მიმართ, უცხო იყო. ამასთანავე, შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ “ახალგაზრდა რეფორმატორებმა”, რომ იტყვიან, “ბუქსაობა” დაიწყეს. ისინი ვერა და ვერ ახერხებდნენ დამაკმაყოფილებელი შედეგების მოპოვებას შიდაპარტიულ ბრძოლაში და რაღაც მომენტში მათთვის, ისევე, როგორც მათი უცხოელი პარტნიორებისთვის, ცხადი შეიქნა, რომ უფრო შედეგიანი იქნებოდა “მოქკავშირის” დატოვება და ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების შექმნა. საუბრები “მექსიკურ მოდელზე” “ნაცმოძრაობის” მმართველობის პირველ წლებში განახლდა, მაგრამ მალევე შეწყდა. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ყველასათვის ცხადი გახდა _ მმართველი პარტია ჰგავს ყაენის გარშემო გაერთიანებულ შუა საუკუნეების მონღოლურ ურდოს და გარდაქმნას არ დაექვემდებარება. ყველა შემდგომი დაპირისპირება მის შიგნით პირადი ამბიციებისა და ფინანსური ინტერესების შეუთავსებლობის შედეგად წარმოიქმნა. მართალია, დაახლოებით 2010 წლის დასაწყისში მის წიაღში დაიბადა განწყობა, რომელსაც პირობითად შეიძლება ნაციონალური ტერმიდორის იდეა ვუწოდოთ, მაგრამ პარტიის შედარებით წინდახედული ხელმძღვანელები მივიდნენ დასკვნამდე, რომ იაკობინელების ჩამოცილების გარეშე რეჟიმს და საკუთარ კეთილდღეობას ვერ გადაარჩენდნენ. თუმცა ჩანაფიქრის რეალიზაციისთვის რესურსები და გამბედაობა არ ეყოთ. თანაც, როგორც ჩანს, თავის სიმართლეში მიხეილ სააკაშვილი ვერ დაარწმუნეს. იყო რაღაც არაოფიციალური საუბრები, მინიშნებები მედიაში, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ბზარს, რომელიც ნაპრალად არ გადაიქცა, შიდაპარტიული ფრაქციების შექმნასთან საერთო არაფერი ჰქონდა. საზოგადად კი, ბოლო ათწლეულში საუბარი ფაქტობრივ ერთპარტიულობაზე, როგორც სახელმწიფო აღმშენებლობის ხელშემწყობ ფაქტორზე, ერთობ უხერხული გახდა და ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ “მექსიკური მოდელი” არავის გახსენებია (არადა, რეალურად “მთელი ეს მექსიკა” დღეს, შესაძლოა, გაცილებით ახლოა, ვიდრე ოდესმე).

რა აერთიანებსქართული ოცნებისამომრჩევლებს? 2012-ში ყველაფერი ცხადი იყო: არსებობდა სააკაშვილის რეჟიმი, რომლის განადგურება ამომრჩეველთა უმრავლესობას სწყუროდა. დღეს ეს ფაქტორი მოხსნილია, ხოლო რეჟიმის ნარჩენები არ გამოიყურება საკმარისად მრისხანედ იმისთვის, რომ წინასაარჩევნო საფრთხობელად წარმოაჩინონ (თუმცა ამის მცდელობას ადგილი, სავარაუდოდ, ექნება). არ არსებობს არანაირი გამაერთიანებელი პოზიტიური იდეა (“ერთად ვაშენოთ” ტიპის ლოზუნგები ასეთად ვერ ჩაითვლება), კოალიციის შემადგენელი ელემენტები ზოგიერთი საკითხის მიმართ დიამეტრულად განსხვავებულ პოზიციებზე დგანან. საბოლოოდ, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ჩვენ შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ დღეს კოალიციასა და მის ამომრჩევლებს აკავშირებს მხოლოდ ლოიალურობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, როგორც უცნაური კვაზიმონარქიული პრინციპი. თავის დროზე დიდი ბრიტანეთის და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ეგვიპტის პოლიტიკურ ისტორიაში იყო ასეთი ტერმინი _ “მეფის მეგობართა პარტია”. საუბარმა იმაზე, რომ საქართველოში ჩამოყალიბებული ახალი რეჟიმი, არსებითად, კრიპტომონარქიაა, შეიძლება ძალიან შორს წაგვიყვანოს, უბრალოდ, იმის კონსტატაციით შემოვიფარგლოთ, რომ ოცნებისამომრჩეველთა დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ხმას მისცემს არა კოალიციის პროგრამას ან მისი მთავრობის წარმატებულ მუშაობას და არც სააკაშვილის წინააღმდეგ გაერთიანდება, არამედ მხარს დაუჭერს ბიძინა ივანიშვილს, როგორც ქვეყნის ფაქტობრივ მმართველსა და სტაბილურობის გარანტს. ამ მხრივ, არჩევნები რეფერენდუმზე ნდობის საკითხის გამოტანას დაემსგავსება. ეს მოტივები და პოლიტიკური ნების რეალიზაციის ფორმები ძალიან შორია დემოკრატიის ძირითადი იდეებისგან, მაგრამ მათი გათვალისწინება მოგვიწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, ვერ გავშიფრავთ იმ ადამინების ქცევას, რომლებიც ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემენ.

იმისთვის, რომ ამ კატეგორიის ამომრჩეველი არ დაიბნეს, კოალიცია ადეკვატურად უნდა გამოიყურებოდეს და ერთიანობას ფორმალურად მაინც გამოხატავდეს, მაგრამ, როგორც გვიჩვენებს ბოლო ეპიზოდები რესპუბლიკელების, “მრეწველების” და კოალიციის სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით, ამას ყველა როდი ახერხებს. საგულისხმოა (და ეს ისევ კრიპტომონარქიის იდეასთან გვაბრუნებს), რომ ამ ჯგუფების კონკურენცია განსხვავდება პოლიტიკური ბრძოლისგან დემოკრატიის ან, თუნდაც, ზომიერი ავტორიტარიზმის პირობებში და შესაბამის წესებს არ ექვემდებარება. ის ყველაზე მეტად მოგვაგონებს ფეოდალური ხანის ინტრიგებს, რომლის დროს მთავარ რესურსს მმართველთან სიახლოვე წარმოადგენდა. “ქართული ოცნების” მხარდამჭერებში ნდობა ივანიშვილის მიმართ კვლავინდებურად მაღალია და ის მათ “აკავებს”, მაგრამ, ამასთანავე, ძალიან აღიზიანებთ დაპირისპირება კოალიციის შიგნით და სრულიად განსხვავებული თვალსაზრისის მქონე ადამიანებთან ერთ მწყობრში დგომის აუცილებლობა.

ყველაზე დიდი კოშმარი, რომელიც შეიძლება საპარლამენტო არჩევნებზე მოხდეს, ქვეყნის მასშტაბით საგარეჯოს შუალედური არჩევნების გამეორებაა, ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენებითა და ცინიკური თაღლითობით. საგარეჯოში კატასტროფული არაფერი ხდებოდა, იმ რაუნდის მოგება ხელისუფლებას სუფთად, პოლიტიკური ტექნოლოგიების გამოყენებით შეეძლო (ან თუნდაც წაეგო, ერთი მანდატი არაფერს წყვეტდა), მაგრამ ამისთვის საჭირო იყო მინიმალური ნიჭი, მონდომება და, რაოდენ პარადოქსულად უნდა იყოს ამ სიტუაციაში, ღირსება. მაგრამ ხელისუფლების ძირითად რესურსად სისულელე და გაუმაძღრობა იქცა და ამიტომ ვერ გამოვრიცხავთ, რომ მომავალ არჩევნებში მის მთავარ პოლიტტექნოლოგებად გუბერნატორები, გამგებლები და პოლიციის უფროსები მოგვევლინონ. ასეთი არჩევნები კი გარდაუვალს გახდის “ქართული ოცნების” შემდგომ ტრანსფორმაციას გვიანდელი “მოქკავშირის” ან “ნაცმოძრაობის” ნაირსახეობად გარანტირებული კრახით 4-5 წლის პერსპექტივაში. ყოველივე ეს, ალბათ, ერთი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის რგოლებია – არაჯანსაღ სისტემაში ვერც შიდასახელისუფლო კონკურენცია იქნება ნორმალური, ის ყოველთვის “არაბუნებრივი გადარჩევით” დასრულდება და ავანსცენას უნიჭო და გაუმაძღარი ადამიანები დაიკავებენ, რომელნიც მმართველ ძალას განადგურებამდე მიიყვანენ; ეს უკვე იყო, თანაც არაერთგზის.

20 წელია, ქართველი ამომრჩეველი უყურებს ამ სახეებს და, სავარაუდოდ, მიდის დასკვნამდე, რომ მთავარი ის კი არ არის, კონსერვატორები არიან ეს პოლიტიკოსები თუ ლიბერალები, არამედ ის, რომ ისინი დეგენერატები არიან. აშკარაა, რომ ბრძოლამ თბილი ადგილებისთვის მმართველი ძალის საარჩევნო სიებში უკვე საზოგადოების შეურაცხყოფის სახე მიღო.

თუ გავიხსენებთ მარტინ ლუთერ კინგის გენიალური სიტყვებს “მე მაქვს ოცნება…”, რომელმაც ამერიკა შეცვალა, ალბათ, არ გაგვიჭირდება იმის წარმოდგენა, როგორ სხედან დღეს “ქართული ოცნების” რიგი ამომრჩევლებისა, იხსენებენ მშფოთვარე 2012 წელს და სევდიანად იმეორებენ: “ჩვენ გვქონდა ოცნება… ჩვენ გვქონდა ისეთი ოცნება, რომელსაც ნამდვილად შეეძლო საქართველო შეეცვალა”. არჩევნების წინ ივანიშვილი, სავარაუდოდ, იძულებული იქნება, მათ უშუალოდ მიმართოს და მხარდაჭერის აუცილებლობაში დაარწმუნოს, მაგრამ ის ვეღარ ეტყვის “მე მაქვს ოცნება”, რადგან ეს შესაძლებლობა 2012 წლის შემდეგ განვლილ პერიოდში დაკარგა, ასე რომ, განსხვავებული ტაქტიკის გამოყენება მოუწევს. ვერაფერს ვიზამთ, სააკაშვილმა სიტყვაგმირიგააუფასურა, რომელსაც წამდაუწუმ უადგილოდ იმეორებდა, ივანიშვილმა კი ოცნების დევალვირება მოახდინა.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. ამ 25 წლის მანძილლზე, ე.წ. პოლიტიკოსები დამძაღდნენ, ზოგი დაობდა, ზოგი აყროლდა,
    ზოგიც მუმია გახდა(მაჭავარიან-ბარამიძე), მაგრამ ერთი საერთო აქვთ, დიდი ფული იშოვეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here