Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკული დაზვერვა და ევროპული წინსვლა საქართველოში

ამერიკული დაზვერვა და ევროპული წინსვლა საქართველოში

712

გასულ კვირას ქართული საზოგადოების ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის ყოველწლიურმა ანგარიშმა მიიპყრო, რომელიც მისმა დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა სენატორებს 9 თებერვალს წარუდგინა. ეს დოკუმენტი საკმაოდ საინეტერესო შეფასებებს შეიცავს და საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაზე სასაუბროდ კარგ საბაბს გვაძლევს.

ამ თემაზე პირველი აქტიური მსჯელობა თბილისში 2011 წელს გაიმართა. მაშინ სააკაშვილის რეჟიმის ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის კრიტიკისთვის ოპოზიციამ ამერიკული დაზვერვის ანგარიშიდან ერთ-ერთი მონაკვეთი გამოიყენა. იქ ნათქვამი იყო, რომ რეგიონში დაძაბულობას ხელს უწყობს არა მხოლოდ “მოსკოვის სამხედრო ყოფნა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები მათთან და, ამასთან ერთად, საქართველოს უკმაყოფილება სტატუს-კვოთი”, არამედ ოფიციალური თბილისის საჯარო მცდელობებიც _ “კავშირები დაამყაროს რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთან”, რომელიც, მოხსენების თანახმად, “ასევე უწყობს ხელს ამ დაძაბულობას”. ამან საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ძალიან გააღიზიანა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა: აბსოლუტურად არ მაინტერესებს, რას ამბობს კლაპერი”. ეს იყო ყველაზე უხეში გამოხტომა სააკაშვილის რეჟიმისა და მისი ამერიკელი პარტნიორების ურთიერთობის ისტორიაში.

2011 და 2012 წლების მოხსენებებში საუბარი, აგრეთვე, შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებსა და სააკაშვილის სავარაუდო მცდელობებს, პრემიერის სავარძელში გადამჯდარიყო, რრომელიც განიხილებოდა, როგორც დაძაბულობის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორი. 2013 წელს კი ჯეიმს კლაპერმა სენატორებს შემდეგი მოსაზრება გაუზიარა: ბოლოდროინდელი მოვლენები საქართველოში, საპარლამენტო არჩევნებში პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის პარტიისქართული ოცნებისგამარჯვების შემდეგ, რუსეთსაქართველოს ორმხრივი დაძაბულობის შერბილების ახალ იმედს გვთავაზობს. პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა გამოხატა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით დაინტერესება და ცდილობს, მოსკოვთან დიალოგის ტონი გააუმჯობესოს. მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილისერთიანი ნაციონალური მოძრაობისთითქმის ათწლიანი მმართველობის შემდეგ საქართველო გარდამავალი პოლიტიკური პერიოდის გამოწვევებისა და შიდაპოლიტიკური არასტაბილურობის გაზრდილი რისკის წინაშე დგას”.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდეგ, ყველა მოხსენებაში რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირება განიხილებოდა, როგორც სერიოზული საფრთხის შემცველი ფაქტორი, და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაიწყო საუბარი “ახალ იმედზე”. ყოველივე ეს “გადატვირთვის” მიწურულს ხდებოდა, თუმცა მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და უკრაინის კრიზისის ფონზე “ახალმა ცივმა ომმა” იფეთქა. ალბათ, საინტერესო იქნება იმის ნახვა, როგორ შეიცვალა ამერიკული დაზვერვის შეფასებები. ასე რომ, ახლო წარსულიდან აწმყოზე გადავიდეთ.

მოხსენებაში საქართველოს შემდეგი მონაკვეთი ეთმობა: მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეფორმების თვალსაზრისით პროგრესს განიცდის, პოლიტიკური კონკურენციის ზრდის გამო მისი პოლიტიკა თითქმის უდავოდ მერყევი იქნება. მთავარ პოლიტიკურ სისუსტედ მთავრობისთვის 2016 წლის არჩევნების წინ ეკონომიკური გამოწვევები იქცევა. მზარდი იმედგაცრუება საქართველოს ელიტებსა და საზოგადოებაში დასავლეთთან ინტეგრაციის ნელი ტემპის გამო და რუსული პროპაგანდის ეფექტიანობის ზრდა ამაღლებს იმის ალბათობას, რომ თბილისმა შეიძლება შეანელოს ან შეწყვიტოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები. რუსეთთან დაძაბულობა კვლავინდებურად მაღალი იქნება და, ჩვენი შეფასებით, მოსკოვი გაზრდის ზეწოლას თბილისზე, რათა მან უარი თქვას მჭიდრო კავშირზე ევროკავშირთან და ნატოსთან”.

ამ ტექსტის გავრცელების შემდეგ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილმა ვაშინგტონის სავარაუდო მინიშნებების გაშიფრვას არაერთი განცხადება დაუთმო, თანაც, ჩახლართული ინტერპრეტაციების ფონზე ერთი მარტივი აზრის გატარებას ცდილობდა, რომლის მოკლე შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო: “დედას ვფიცავთ, პროდასავლურ ორიენტაციაზე უარს არ ვიტყვით”. აჟიოტაჟმა რამდენიმე საათში პიკს მიაღწია, ზოგიერთი მოღვაწე ლამის კვაზირელიგიურ ექსტაზში ჩავარდა და, შესაძლოა, ამიტომ აშშის ელჩის მოადგილემ ნიკოლას ბერლინერმა საჭიროდ ჩათვალა, ხაზი გაესვა იმისთვის, რომ საუბარია სადაზვერვო ანალიტიკოსების შეფასებაზე, რომლის მიზანი აშშის ხელისუფლების ინფორმირებაა, ხოლო საქართველოს ხელისუფლების ევროატლანტიკურ მისწრაფებებში ეჭვი არავის ეპარება.

ალბათ, ზუსტად უნდა დავადგინოთ, რას წარმოადგენს “დასავლეთთან ინტეგრაცია”, რომელზეც ამერიკული მზვერავები წერენ. მასში, სხვა ყველაფერთან ერთად, ორი ძირითადი პროცესი შედის: ა) ინტეგრაცია ნატოში; ბ) ევროინტეგრაცია. პირველ პროცესს ბიძგი ამერიკელებმა მისცეს, მას ვაშინგტონი კურატორობს და მისი გამოყენებით საქართველოში საკუთარ ინტერესებს ატარებს; ხოლო მეორე პროცესი ევროკავშირის “ეპარქიას” მიეკუთვნება. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრების პროცესი ჩიხში შევიდა. საქართველოსთვის “მაპის” მინიჭება ვერ მოხერხდა, წევრობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. სამაგიეროდ, ევროპულ მიმართულებაზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია _ ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, შეიცვალა ვაჭრობის რეჟიმი, უქმდება ვიზები და ა.შ. საზოგადოდ კი, ევროპული გავლენა საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ქართველი პოლიტიკოსები ვაშინგტონისა და ევროპული დედაქალაქების ინტერესებს ერთმანეთისგან, როგორც წესი, არ განასხვავებენ, ერთიანიდასავლეთისფარგლებში განიხილავენ და მათ კონკურენციას რეგიონში თითქოს საერთოდ ვერ ხედავენ. იმისთვის, რომ კარგად გავაანალიზოთ აშშ-ისა და ევროკავშირის ურთიერთობა, სასურველია, დავაკვირდეთ ერთ საგულისხმო ინგლისურ ნეოლოგიზმს _ “ფრენემი”, რომელიც ორი სიტყვის შერწმის შედეგად წარმოიქმნა, “ფრენდ” _ მეგობარი და “ენემი” _ მტერი. ქართულად ეს, ალბათ, ისმის, როგორც “მტერგობარი”. ფრენემებმაშეიძლება შეინარჩუნოს გარეგნულად მშვენიერი ურთიერთობა, გაერთიანდნენ სხვების წინააღმდეგ, მაგრამ ეს ვერ გააუქმებს კონკურენციას მათ შორის.

საქართველოს ინტეგრაცია ნატოში დაბლოკილია “ძველი ევროპის” ქვეყნების მიერ (ამ თემაზე საუბრისას უნდა გავმიჯნოთ ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოები და აშშ-ის სატელიტები “ევროპერიფერიაზე”). მთავარ მიზეზად ტერიტორიული პრობლემები სახელდება, თანმდევად კი _ რუსეთთან უმწვავესი დაპირისპირების საფრთხე (იმავე მიზეზებზე მიუთითებენ უკრაინის შემთხვევაშიც). ამერიკელები მათი წინააღმდეგობის დაძლევას ვერ ახერხებენ. ევროპელებს კი, საქართველოში პოზიციების გასაფართოებლად, თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ ვარიაციები სამეზობლო პოლიტიკის თემაზე. ეს ხანგრძლივ პერსპექტივაზე ორიენტირებული სტრატეგიაა. თურქეთის დაახლოება ევროპულ სამყაროსთან (ევროკავშირთან და მის წინამორბედ გაერთიანებებთან) 50 წლის განმავლობაში გაგრძელდა და მასში სრულფასოვანი ინტეგრაციით არ დასრულებულა. 2015 წლის იანვარში პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას ევროკავშირში გაერთიანება აღარ აინტერესებს. ზოგიერთი კომენტატორი მიიჩნევს, რომ პრობლემები, რომლებიც მის მთავრობას ბოლო ხანს შინ და გარეთ შეექმნა, სხვა ყველაფერთან ერთად, ანტიევროპული პოზიციის შედეგია. საქართველოს ხელისუფლება თავიდანვე გააფრთხილეს, რომ ევროკავშირში გაერთიანება ძალზე შორი და ბუნდოვანი პერსპექტივაა, ის, ამ მხრივ, სიმშვიდეს ინარჩუნებს და მიღწეული შედეგით კმაყოფილდება; სამაგიეროდ, მოუთმენლად მოითხოვს, რომ ნატოში გააერთიანონ, და ყოველი სამიტის შემდეგ ცდილობს, საზოგადოების იმედგაცრუება გაანეიტრალოს. ნამდვილად სჭირდება თუ არაძველ ევროპელებს”, რომ ხელშესახებ პერსპექტივაში საქართველო ნატოში მიიღონ, ორგანიზაციაში, სადაც სწორედ რომ ამერიკელებსმიჰყავთ პარადიდა ამით ვაშინგტონს დამატებითი ბერკეტები საკუთარი ხელით მიაწოდონ? პლუს ამას მოსკოვთან სახიფათო დაპირისპირება დაიწყონ? თუ დასახულ მიზნებსევროდაახლოებისპროცესის ფარგლებშიც მიაღწევენ? ამ შემთხვევაში ტერმინი “ევროატლანტიკური ინტეგრაცია”, შესაძლოა, არაერთ წინააღმდეგობას ფარავს, როგორც ხალიჩა, რომლის ქვეშ ბულდოგები ჩხუბობენ და, ალბათ, მნიშვნელოვანია, მკაფიოდ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ევროინტეგრაცია და ინტეგრაცია ნატოში.

ბუშის ადმინისტრაციამ საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასა. მან ვერ მოახერხა ნატოს გაფართოება სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. სააკაშვილი ამ პერსპექტივამ ხომ საერთოდ გააგიჟა და ილუზიებში გადაასახლა. 2008 წლის აგვისტოში ყოველივე ეს საშინელი კრახით დაგვირგვინდა. საინტერესოა, რატომ დაურეკა ბუშმა სარკოზის მაშინ, როდესაც საქართველოს დედაქალაქში რუსული ჯარის შემოსვლას ძალიან ცოტა აკლდა, და ურჩია, მოსკოვსა და თბილისში სამშვიდობო მისიით არ გამგზავრებულიყო (სარკოზის მოგონებები ამ ეპიზოდზე თეთრმა სახლმა პირდაპირ არ უარყო და ბუნდოვანი “დამამშვიდებელი” კომენტარით შემოიფარგლა). იმისთვის ხომ არ დაურეკა, რომ ამერიკული პოლიტიკის წარუმატებლობით ევროპელებს არ ესარგებლათ? ევროპელებს იმ ომში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა, შესაძლოა, სწორედ მათ მიაღწიეს მასში ყველაზე დიდ გამარჯვებას, თანაც ისე, რომ, სუნ ძის დანაბარების თანახმად, “ქარქაშიდან ხმალი არ ამოუღიათ”.

“ძველი ევროპა” საქართველოზე სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დალაგება, ნელი ტემპის მიუხედავად, გრძელდება და კრემლი ამ პროცესის მიღმა მთელ რიგ პერსპექტივებს ხედავს. ჩინეთი უამრავ რეგიონულ პროექტში მონაწილეობს და სამხრეთ კავკასიაში პოზიციებს აფართოებს. ძია სემი კი შეჩერდა კედელთან, რომელსაც “ნატოში საქართველოს გაწევრება” აწერია, ვერც გვერდს უვლის, ვერც მარშრუტის შეცვლას ახერხებს. ევროპელი მოკავშირეები არ ეხმარებიან, რუსებსა და ჩინელებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. როდესაც ამა თუ იმ პოლიტიკის ფარგლებში პოზიტიური პერსპექტივა არ ჩანს და შედეგის მიღწევა შეუძლებელი ხდება, მისი გამტარებლის გავლენა და ავტორიტეტი მცირდება. ეს ჩიხია _ შესაძლოა, სწორედ მას აღწერს ამერიკული დაზვერვა კორექტული, “შემარბილებელიფორმულირებების გამოყენებით და ქვეყნის ხელმძღვანელობას ქვეტექსტში ახალი პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობაზე მიანიშნებს. აშკარაა, რომ თამაში პროცესის სხვა მონაწილეთა წინააღმდეგობებზე, თუნდაც საბედისწერო ესკალაციის ზღვარზე, წარმატებისთვის საკმარისი არ იქნება; თეთრ სახლს ახალი იდეები სჭირდება. მანამ, სანამ ის რეგიონში ახალი დღის წესრიგის ფორმირებას არ დაიწყებს, ევროპელები, ალბათ, კიდევ არაერთგზის დაამტკიცებენ, რომ გამოცდილება და გამჭრიახობა უფრო წონადი რესურსია, ვიდრე ძალა და ამბიციები. სასურველია, მათ მოქმედებებს ყურადღებით დავაკვირდეთ, რათა თანდათან აღვადგინოთ და განვავითაროთ ის პოლიტიკური უნარ-ჩვევები, რომლებიც ოდესღაც, ქართული სახელმწიფოებრიობის ოქროს ხანაში, გვქონდა.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. კარგი ანალიზია, მაგრამ ჩვენ სულგაყიდულ და მლიქვნელ ხელისუფლებას, არ სჭირდება.
    ამერიკანუმეები, დოლარების გულისთვის სამშობლოს კი არა ჩვენც გაგვყიდიან, მონების
    ბაზარი რომ არსებობდეს. უბატონოდ ყოფნა არ შეუძლიათ, ამ სულით დამპალ მონებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here