Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი უბილავა: დარწმუნებული ვიყავი, რომ ივანიშვილი დაპირებებს ვერ შეასრულებდა

ირაკლი უბილავა: დარწმუნებული ვიყავი, რომ ივანიშვილი დაპირებებს ვერ შეასრულებდა

1059

არასოდეს გაგჩენიათ კითხვა _ როდემდე უნდა მიბაძონ ქართველმა პოლიტიკოსებმა იტალიელი მწერლის პერსონაჟს _ პინოკიოს, რომელიც რეგულარულად იტყუება და ყოველი ტყუილის შემდეგ ეზრდება ცხვირი? მიბაძვაცაა და მიბაძვაცო, იტყვის მავანი, მაგრამ მაშინ ოქროს გასაღები სადღაა, რომლითაც რძისა და თაფლის მდინარეებს გვპირდებოდნენ რამდენიმე წლის წინათ? აღსანიშნავია ერთი ფაქტი, პინოკიოს დაუდგეს ძეგლი, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა: “უკვდავ პინოკიოს. მადლიერი მკითხველი (ოთხიდან შვიდ წლამდე)”. განსხვავებაც სწორედ ისაა, რომ ტყუილად ელიან ქართული პოლიტიკისგმირებიასეთ პატივს. ისინი საბოლოოდ დაკარგავენ იმ გასაღებს, რომლითაც წინასაარჩევნოდ მოიმადლიერეს მოსახლეობა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართული ოცნება” მოსახლეობას ჰპირდებოდა:

1. “აუცილებლად აღვადგენთ სამართლიანობას”.

ეს დაპირება არ შესრულდა. ქართველი ამომრჩეველი დღემდე ელის კომპენსაციას მორალური ზიანისა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაუმსახურებლად მიადგა; ელის იმ პირების დასჯას, რომლებმაც ახალგაზრდები ქუჩაში დახოცეს, დაანგრიეს განათლების სისტემა, მეცნიერება და ადამიანებს ქონება და ბიზნესი წაართვეს.

2. “ჩვენი მოსვლისთანავე გადასახადები გაგინახევრდებათ”.

ეს დაპირება არ შესრულდა. გადასახადები შემცირდა კი არა, მოქალაქეებს პრობლემები ექმნებათ გადასახადების მატების გამო.

“დავადგენთ საარსებო მინიმუმის ზღვარს, რომელიც 220 ლარი იქნება”.

ეს დაპირებაც არ შესრულდა. დღეს პენსია 160 ლარია, რომელიც პენსიონერებს ტრანსპორტით გადაადგილებასა და პროდუქტების შესაძენადაც არ ჰყოფნით.

3. “გავხსნით 1000-ზე მეტ საწარმოს, რომლებიც უმუშევრობის პრობლემას შეამცირებს”.

ეს დაპირება შესრულდა კი არა, ამ რაოდენობის ნახევარი საწარმოც არ გახსნილა.

ფაქტია, ნატვრად გვექცა დაპირებები, რომლებსაც იმედის თვალით უყურებდა საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი. ამოსვრილები ვართ ლაფში, საიდანაც, კაცმა არ იცის, როდის ამოვალთ. დროთა განმავლობაში ჩვენიქართული ოცნებაიქცააუხდენელ ოცნებად”, რომელსაც შეიძლება ოქროს გასაღებმაც ვეღარ უშველოს.

ოცნებად გვექცა “აყვავების წლები”, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მოსვლის დღიდან გვპირდებოდა. მან თქვა, რომ პირველი წელი იქნებოდა რთული მომდევნო წლებთან შედარებით. სინამდვილეში ეკონომიკური ვითარება მძიმდება ლარის კურსის დაცემის გამო. ბატონი ბიძინა ასევე ამბობდა, რომ არ ჩაერეოდა პოლიტიკაში, თუმცა გვაქვს საპირისპიროდ მოქცევის არაერთი მაგალითი. ჯერ იყო და ქართველ ამომრჩეველს განუცხადა, აუცილებლად მარგველაშვილი აირჩიეთ პრეზიდენტადო, უფრო მეტიც, 60%-ზე მეტი ხმა თუ არ მიიღო, პოლიტიკიდან წავალო, მაგრამ ორიოდე თვის შემდეგ მარგველაშვილის საქციელით შეცბუნებულმა განაცხადა, შევცდიო. ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის “ჩაურევლობამ” გავლენა იქონია ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაზე, როდესაც ის ივანიშვილისა და აშშ-ის ელჩის _ რიჩარდ ნორლანდის შეხვედრისა და “ყავის სმის” შემდეგ აიძულეს, ორპროცენტიანი რეიტინგის მქონე რესპუბლიკელების წარმომადგენელი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დაენიშნა.

ზემოაღნიშნულ პრობლემებზე ვესაუბრებით პოლიტოლოგთა კლუბის ხელმძღვანელ ირაკლი უბილავას.

_ ბატონო ირაკლი, როგორ შეასრულა კოალიციაქართულმა ოცნებამწინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები ოთხი წლის განმავლობაში?

_ შევარდნაძიდან მოყოლებული, სააკაშვილით გაგრძელებული და დღევანდელი ხელისუფლებით დამთავრებული, ყველა ხელისუფალი თითქმის ერთი და იმავე ლოზუგნებითა და საარჩევნო დაპირებებით მოდის ხელისუფლებაში, მაგრამ წინსვლა არც ერთ სფეროში არ ჩანს. აქედან დასკვნა: პრობლემა არა პოლიტიკურ ფიგურებში, არამედ იმ კურსშია, რომელიც აირჩიეს ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტებმა. დღეს არსებული საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის პირობებში და მისი გაგრძელების შემთხვევაში, მერწმუნეთ, ვინც უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას არ ექნება არავითარი წარმატება და მინდა ვუთხრა ამომრჩეველს, რასაც დაჰპირდებიან, მათ არ უნდა დაუჯერონ.

 რაც შეეხება, კოალიცია “ქართულ ოცნებას”, პოლიტიკაში მისი გამოჩენის პირველივე დღიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ივანიშვილი დაპირებებს ვერ შეასრულებდა, თუ არ ჩავთვლით სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებას. მახსოვს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც პარლამენტში მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის ვოტუმის მინიჭების საკითხი იხილებოდა, პრემიერობის იმჟამინდელი კანდიდატის, ბატონი ივანიშვილის დაახლოებით 30-სიტყვიან საპროგრამო გამოსვლაში წინადადებებს შორის ბმა სრულიად მოკლებული იყო ლოგიკას. თუ ერთ შემთხვევაში, მისი პრემიერობის დაახლობით 4-წლიან ვადაში, სხვადასხვა სფეროს განვითარებას ჰპირდებოდა დეპუტატებს, რამდენიმე წინადადების შემდეგ აცხადებდა, რომ ერთ წელიწადში აპირებდა წასვლას. პარლამენტში ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო გამიმყარდა ეჭვი, რომ “ქართული ოცნება” დაპირებების შესრულებას არ აპირებდა და სააკაშვილის ჩანაცვლება მხოლოდ გეოპოლიტიკური ფანდი იყო ამერიკელების მხრიდან და მეტი არაფერი.

_ ამომრჩევლის მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენა იყო, რომელიც დღემდე შეუსრულებელია.

_ ქართველი პოლიტიკოსების მიერ წარმოებული პოლიტიკის არსი ამერიკის გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებაა და არა საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ისტორიულად ფორმირებული ინტერესების დაცვა. საქართველოს ბოლო წლების სამივე ხელისუფლება მხოლოდ შეერთებული შტატების ინტერესების გატარებით იყო დაკავებული. ამ მხრივ სააკაშვილის ხელისუფლება ყველაზე წარმატებული იყო. იგი არის “ძაღლისშვილი”, მაგრამ ამერიკელთა “ძაღლისშვილი”, ისინი კი თავიანთ “ძაღლისშვილებს” ყოველთვის იცავენ. ის უსამართლო პოლიტიკური სისტემა, რომლის ფორმირება მოხდა საქართველოში 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ამერიკელების შექმნილია. მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები კი სისტემის ფორმირების პროცესში მხოლოდ ამერიკელთა დავალებებისა და დირექტივების შემსრულებლები იყვნენ, ამიტომ ამერიკელების მოქმედების შედეგად დღევანდელმა ხელისუფლებამ მისი წინამორბედი დამნაშავე ხელისუფლების მიმართ არათუ კანონით გათვალსიწინებული ზომები ვერ გაატარა, არამედ დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაციანაციონალური მოძრაობაქართველ ხალხს თავზე დაასვა, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, მათი რამდენიმე ლიდერი კი ამერიკელებმა უკრაინაში გადასხეს ისეთივე პოლიტიკური სისტემის ფორმირებისთვის, როგორიც ჩვენთან ჩამოაყალიბეს. როგორც ჩანს, ამერიკელებმა ჩათვალეს, რომ მიხეილ სააკაშვილი მათი მარიონეტების უთვალავი რაოდენობიდან ყველაზე “გამოცდილი კადრია”, რომელმაც დახმარება უნდა გაუწიოს “გამოუცდელ” უკრაინელ კოლეგებს.

ზემოთ ჩამოყალიბებული ფაქტების გათვალისწინებით, სამართლიანობის აღდგენა, რომელსაც ქართველი ხალხი დამნაშავე “ნაცმოძრაობის” მიმართ სამართლებრივი ზომების გატარებას უკავშირებს, არ მოხდება. შეიძლება ვინმე მეორე ხარისხოვანი ფიგურების მიმართ გაატარონ სამართლებრივი ზომები, მაგრამ ესეც მეეჭვება. რაც შეეხება მერაბიშვილის, ახალაიასა და უგულავას დაკავებას, ეს, უბრალოდ, ხალხიდან წამოსული მინიმალური სოციალური დაკვეთის შესრულებაა. მაქსიმუმის, ანუ დანაშაულებრივი სისტემის ნგრევა კი არ მომხდარა და არც მოხდება, ვინაიდან არსებულის შენარჩუნებით ყველაზე მეტად ამერიკელები არიან დაინტერესებულნი. სისტემის ნგრევა და სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება: თუ დაინგრევა შეერთებული შტატების მიერ სამხრეთ კავკასიაში დამყარებული წესრიგი, და მერწმუნეთ, სისტემის ნგრევის შემთხვევაში, სამართლიანობის აღდგენაც არ დააყოვნებს.

_ რა მიგაჩნიათ დღევანდელი ხელისუფლების მთავარ შეცდომად?

_ ძნელია რომელიმე შეცდომის გამოყოფა. სიმართლე გითხრათ, არ მახსენდება რომელიმე ცალკე აღებული შემთხვევა, ალბათ, იმიტომ, რომ ვთვლი, მათი პოლიტიკა (როგორც საშინაო, ისე საგარეო) კომპლექსურ შეცდომებზეა აგებული და მერწმუნეთ, თუ ასეთ პოლიტიკურ თამაშებს კვლავაც განაგრძობენ, საქართველოს ახლო მომავალში ბევრი უბედურება დაატყდება თავს.

_ ივანიშვილმა განაცხადა, რომ აღარ დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში, თუმცა დღეს მზადაა, კიდევ ერთხელ ამოუდგეს მხარში კოალიციას. რამ განაპირობა ივანიშვილის დღევანდელი პოზიცია და რა შედეგები მოჰყვება მის გადაწყვეტილებას?

_ დღეს ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ განცხადებებს რომ აკეთებს, განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ მის მიერ დატოვებული ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ ჩამოდის, ხოლო ლეგიტიმაციის დაცემა პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული გაცემული დაპირებების შეუსრულებლობაზე. ბატონმა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებაზე გაკეთებული განცხადებით კიდევ ერთხელ ირიბად აღიარა, რომ მას და მის გუნდს არაფერი გაუკეთებიათ გაცემული დაპირებების შესასრულებლად. ამიტომაც ბატონი ივანიშვილი ცდილობს, ჯერ კიდევ არსებული ავტორიტეტიდან გამომდინარე, სათავეში ჩაუდგეს კოალიციაქართულ ოცნებასდა, როგორც 2012 წელს გააკეთა, არაფრის მომცემი პოლიტიკური ფიგურების ხელისუფლებაში ხელახლა აღსაზევებლად მეორედ შეასრულოს ერთგვარი ლოკომოტივის ფუნქცია.

თუ იგი კვლავ შემოვიდა პოლიტიკურ სისტემაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, “ქართულ ოცნებას” არაფერი დაემუქრება და, დიდი ალბათობით, არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს კარს უმრავლესობის რანგში შეაღებს. მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, რის საფუძველსაც ქართულ პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვება მაძლევს, ამის მიზეზი იქნება არა ივანიშვილის მაღალი ავტორიტეტი, რომელიც მას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა, არამედ პოლიტიკურ ველზე ალტერნატიული პოლიტიკური ძალის არარსებობა. ანუ, ელექტორატს არჩევანის გაკეთება მოუწევს ცუდსა და უფრო ცუდს შორის, მაგრამ სრული პასუხიხმგებლობით ვაცხადებ, თუქართული ოცნებაიმავე პოლიტიკას განაგრძობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, მერწმუნეთ, სავალალოდ დაასრულებს მოღვაწეობას.

_ რა თვალსაზრისი გქონდათ ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკაში მოსვლამდე და რას ფიქრობთ ახლა?

_ არსებული საერთაშორისო სისტემის პირობებში არც ერთი სერიოზული კაპიტალის მქონე პიროვნება არ არის დამოუკიდებელი. ისინი ყოველთვის იმ ქვეყნის ინტერესების დამცველები არიან, რომლებიც ამ სისტემის სათავეშია და ეს ქვეყანაა ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ ყოველთვის ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ საქართველოს უნდა მართავდეს არა რომელიმე ქვეყნის დასმული და მათი ინტერესების გამტარებელი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, არამედ ისინი, ვინც ნებისმიერ დიდ მოთამაშესთან მხოლოდ საქართველოს ინტერესებით იხელმძღვანელებს.

_ რა სახელს შეურჩევდითქართულ ოცნებასგანვლილი ოთხი წლის მოღვაწეობის შემდგომ?

_ ამ კითხვაზე პასუხს მოკლედ გავცემ: კოალიცია “ქართული ოცნება” “ქართული ბლეფი” აღმოჩნდა, ვინაიდან, როგორც აღვნიშნე, დაპირებები თითქმის არ შეუსრულებია და, რაც მთავარია, სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხები არ გადაუწყვეტია. მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ იმედგაცრუება კი 2-3 წელიწადში კიდევ უფრო მოიმატებს.

მოამზადა ქრისტინე ტოგონიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here