Home რუბრიკები საზოგადოება ივანიშვილები სასწაულების ღამეს ამზადებენ

ივანიშვილები სასწაულების ღამეს ამზადებენ

588

ინფორმაცია, რომელიც ჩვენმა წყარომ მოიპოვა, მართლაც სენსაციურია, თუმცა მავანი მისი გახმაურებისგან თავს იკავებს. როგორც წყარო ამბობს, 13 იანვრის ღამეს სოლოლაკის შუშის სასახლესთან ნამდვილი სასწაული მოხდება.

“ბიძინას ჯადოსნური ღამე” _ ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი გეგმავს, და რომელიც უპრეცედენტო მასშტაბის იქნება.

წყარო ამბობს, რომ 13 იანვარს, ზუსტად 12 საათზე, ვინც რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიასთან გაივლის, მილიონის მფლობელი გახდება.

ბიძინა თეთრი ცხენით მიეგებება ყველა იქ მისულს, მნიშვნელობა არ აქვს, “ნაცი” იქნება თუ “ქოცი”, ამ ღამეს ყველანაირი პოლიტიკური შეხედულება გაქარწყლდება და მხოლოდ კეთილი სასწაული მოხდება.

სწორედ ამ ღამეს გაიხსნება ბიძინას სასწაულების ყუთი და ნებისმიერი მსურველი სანუკვარ ქართულ ოცნებას აისრულებს.

ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ანალოგიური ღონისძიების გამართვას გეგმავს ბერაც სახელწოდებითბერა და ანგელოზები”.

გარდა საქველმოქმედო ღონისძიებისა, ეს იქნება ნამდვილი ზღაპრის ღამე. ამ ღამით ყველას, ვისაც ბიძინა ივანიშვილთან უმუშავია და რამე დაუშავებია, ყველა ცოდვა ეპატიება.

ბიძინა მათ აძლევს კიდევ ერთ შანსს. ჩვენმა წყარომ ის დოკუმენტიც მოიპოვა, რომლებშიც ღონისძიების გეგმა და დეტალებია გაწერილი.

“13 იანვრის ღამეს მოხდება ნამდვილი სასწაული. ციდან დაეშვება ზებრებიანი მარხილი, რომელშიც ბიძინა, ეკა, მანანა და ირაკლი, თეთრ სამოსში გამოწყობილები, მიულოცავენ დამსწრეებს ძველით ახალ წელს.

ეს იქნება ერთადერთი ღამე, როცა ნებისმიერს, ვისაც ბიძინასა და ერის წინაშე ცოდვა მიუძღვის, მიეტევება და სამუდამოდ გათავისუფლდება შინაგანი მეს შეძახილისგან.

თვით მიხეილ სააკაშვილსაც კი ეძლევა შანსი, ჩამოვიდეს და ამ ღამის სასწაულის მომსწრე გახდეს”.

დოკუმენტის გეგმის თანახმად, რეზიდენციის მთელ პერიმეტრზე გაშლილი იქნება პურმარილი, გარშემო თეთრი ცხენები მოძოვენ ბალახს, ეკა და მანანა სათუთი ღიმილით დააპურებენ უპოვართ.

როგორც წყარო ამბობს, დიდი მზადებაა ოდესაში და ევროპის სხვა ქალაქებში. ბიძინა ივანიშვილს უკვე გადმოგზავნილი აქვს შესაწყალებელ პოლიტიკოსთა სია და ყველა, ვინც მის მცნებებს მიჰყვება, სამუდამო სიმშვიდეს მოიპოვებს და მთელი ცხოვრება ფუფუნებაში იცხოვრებს.

ელიკო სილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here