Home რუბრიკები ისტორია ატომური პილოტი

ატომური პილოტი

707

ხუთი ადამიანის მკვლელობამ (როჩესტერელი სტუდენტი ბრევერმენი, ცოლქმარი ჯორჯ და ფლორენს ბლუმბერგები კინეივილიდან და ჰარშეთ ჰოსმანი და მისი მეგობარი გოგო _ აგნეს ბისტონი სპრინვოლენიდან) ფრედს მოუტანა… 58 დოლარი.

მადლობა ღმერთს, აირინი ართმევს ლუსის კომიქსებს!

სიწყნარეა.

აპარატები წყნარად ზუზუნებს.

ოთახში ალვის კვირტების სურნელი დგას.

ეს აპარატებისგანაა.

ნეტავ, აყვავდა ძველი ალვა ფერმაში? ზაფხულობით აირინის მოხუცები მის ძირში პატარა მაგიდას დგამენ და ჰაერზე საუზმობენ. ასე რომ, ბიფშტექსს ალვის ხის ღინღლთან ერთად მიირთმევდნენ.

შტატის სასამართლოში თუ გამიმართლებს, კიდევ ვიხილავ ალვის ხეს და მის ქვეშ ჩამოვჯდები.

რაზე ფიქრობდა ოპენჰეიმერი სასამართლოს წინ?

მოგვიანებით მან განაცხადა:

“ჩვენ ეშმაკის საქმეს ვაკეთებდით, მაგრამ ახლა ნამდვილ სამუშაოს ვუბრუნდებით… მძიმე დროება გიდგებათ, მაგრამ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვენიერების გრძნობა, უნარი _ შევქმნათ და აღმოვაჩინოთ იგი შორეულ, წარმოუდგენელ და უცნობ ადგილებში”.

ხვალ პარასკევია.

12.

როცა სამყარო ინგრევა, კოსმოსური მტვერი ვარსკვლავთაშორის სივრცეში მიმოიფანტება და კიდევ დიდხანს უნათებს სხვა პლანეტების მცხოვრებთ, იდუმალებისაკენ მიმავალ გზას უთითებს მათ.

როცა მთები ინგრევა, ადამიანები მოდიან და ქვასა და ღორღს აგროვებენ საკუთარი სახლებისთვის, რომლებშიაც ჩვეულებრივი მიწიერი საქმეები აღესრულება.

როცა იმედი იმსხვრევა, ადამიანს აღარაფერი რჩება.

სიცარიელეა.

_ რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე, _ ამბობს მაკკორმაკი, _ მაგრამ თავს ზევით ძალა არა მაქვს. მოსამართლეები უკვე თქვენს წინააღმდეგ იყვნენ განწყობილნი. მე მათ დავუნახე გაზეთები თქვენი ანტიატომური სტატიებით. არც კი ღირდა, დაგვეყოლიებინა ისინი ადრინდელი გადაწყვეტილების გადასინჯვაზე.

ჩვენ შეხვედრათა დარბაზში ვზივართ. პოლკოვნიკმა ჰაუსტონმა ნება დაგვრთო, ათი წუთით განმარტოებით გვესაუბრა. ფრედმა აუხსნა, რაშიც იყო საქმე. გორდონი ედავებოდა, მაგრამ ჰაუსტონმა იგი ეშმაკთან გაგზავნა.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ მე მშვიდადა ვარ. ალბათ, ეს სიმშვიდე ქარიშხალს მოასწავებს. თითქოს გვერდიდან მესმის ჩემი არაბუნებრივად მშვიდი ხმა.

_ როგორ მოხდა ეს?

ფრედი ნელა იწმენდს ხელებს ცხვირსახოცით.

_ უბრალოდ, _ მეუბნება იგი, _ მათ ვერ იპოვეს საფუძველი განაჩენის შესაცვლელად. მე იმაზე მივუთითე, რომ უეიკოში თქვენ ფსიქიკურად ნორმალურად გაღიარეს. პროკურორმა პროტესტი განაცხადა და იგი მიიღეს… აი, ყველაფერი…

_ გმადლობთ, ფრედ.

ათი წუთი ჯერ არ ამოწურულა, მაგრამ ჩვენ უკვე აღარაფერი გვაქვს სალაპარაკო. შტატის სასამართლომ გადაჭრა იმედების, რწმენისა და მისწრაფებათა გორდიას კვანძი. უმაღლესმა ორგანომ, კანონებს რომ ადგენს, უკანონობა განამტკიცა.

წასასვლელად ვტრიალდები, მაგრამ ვჩერდები, რადგან ფრედის სახეზე დაბნეულ ღიმილს ვიჭერ.

_ მაპატიეთ, ფრედ, _ ვამბობ და ხელს ვუწვდი, _ ნუ მიბრაზდებით: ახლა რაღაც ცუდად ვაზროვნებ. ყოველ შემთხვევაში, გმადლობთ. და ნუ მისწერთ ჯერჯერობით აირინს.

მაკკორმაკი წამოენთო.

_ იგი აქ არის, კლოდ _ ქუჩაში, მანქანაში. ის ჩამოვიდა. გუშინ დავურეკე; სხვანაირად არ შემეძლო _ იგი მთხოვდა… მან ეს გადმოგცათ, კლოდ…

პატარა ცისფერი კონვერტი და საბავშვო სათამაშო _ ყვითელი ბაჭია _ ჩამოხეული ყურით. იგი ჩემთან ერთად მიფრინავდა ხიროსიმაზე და აირინმა შეინახა. ოჯახური თილისმა და ამასთან ერთად დანაშაულის მოწმე. ბარათში ერთი სტრიქონია: “კლოდ! ჩვენ კიდევ ვიქნებით ბედნიერნი!”

ვედრებაა თუ ფიცი?

ლარიმ მომაკითხა.

გასვლისას ზურგზე ფრედის მზერას ვგრძნობ.

_ ხვალამდის, კლოდ!

კარი ყრუდ იხურება; გასაღები საკეტში ღრჭიალით ტრიალდება და კვლავ შევდივარ სამყოფელში, რომელშიც მისჯილი მაქვს ვიცხოვრო, მოვხუცდე და მოვკვდე.

პალატის თბილი სიმყრალე, დერეფანში უმიზნოდ მოყიალე ავადმყოფების დაძაბული სახეები. იზოლატორში დამწყვდეული ჯოს ბუტბუტი.

ბარკერის დაშაქრული ფიზიონომია.

_ არ გაგიმართლა, ემრიჩ?

_ არამზადა! _ გარკვევით ამბობს ლარი და ხელკავს მიყრის, _ წავედით, ძმობილო…

პალატა.

კონოლის მხიარული ხარხარი.

_ კლოდ, მე “როლს-როისი” ვიყიდე…

ვწვები, თვალს ვხუჭავ. ლარი, კონოლი, ბარკერი, სიცილი და მყრალი სუნი _ ყველაფერი ქრება. დარჩა სიბნელე და თავის ტკივილი. სიბნელეში იჭრება თვალისმომჭრელი მზის შუქი და მე ვხვდები, რომ ეს აირინი მიწვდის ხელს შორეთიდან.

მისმინე, აირინ! არ იფიქრო, გეთაყვა, რომ ყურები ჩამოვყარე. რა თქმა უნდა, მიჭირს, მაგრამ მე კაცი ვარმე იდეალისტი ვიყავი, ვიღიმებოდი, როგორც ამას ინსტრუქტორები მასწავლიდნენ სამხედრო ბანაკში. ახლა აღარ ვიღიმები. “გალეულმანამსხვრევებად აქცია ჩემი იდეალები, წამართვა სიმღერის, ყვავილების სიყვარულის, სიმშვიდით დატკბობის უნარი. იმ დღეს დაღუპულმა იაპონელებმა თან გაიყოლეს ჩემი სული და მიანდერძეს, აჰასფერის მსგავსად, დანაშაულის გამოსასყიდად მეხეტიალა ამ ქვეყანაზემე თავისუფალი ვარ. კედლებმა შებოჭეს ჩემი სხეული, მაგრამ ჩემი აზრები ვერა. ჯერ არ დაბადებულა იგი, ვისაც უწერია წაართვას ადამიანს ფიქრის უნარი. ფიქრობენ ისინიც კი, ვინც საზოგადოების აზრით გონებადაკარგულია, _ კონოლი, ასტორი, კანდინსკი. ყოველ წუთს ისინი უდიდეს აღმოჩენებს აკეთებენ და თავის ყოფაში რევოლუციებს ახორციელებენ. მეც გავაკეთე ჩემი აღმოჩენა: უნდა შემოვიარო მსოფლიო და ვუამბო ყველას, როგორ მოხდა ყველაფერი. ორ მილიარდნახევარი ადამიანი გაიგებს ჩემს ხმას _ ისტორიაში არგაგონილი მკვლელობის მხილველისა და თანამონაწილის ხმას.

მიმძიმს, ძალიან მიმძიმს, აირინ!

მაგრამ ცხოვრება გრძელდება.

ფანჯრის იქით გაზაფხულია. შეყვარებულებისა და პირველი ფოთლების გაშლის ხანა. იგი ჯერ კიდევ არ მოასწავებს არც ივლისს ალამოგორდოში, არც აგვისტოს _ ჰიროსიმაში. მაგრამ ვინ არის თავდები, რომ არ განმეორდება ივლისი და აგვისტო?

ქრისტიანებს სწამთ სამსახოვანი ღმერთი.

წარმართებს _ მზის ღმერთი.

მუსულმანებს _ მუჰამედი.

ჩვენ, რაციონალური საუკუნის ადამიანებს, უნდა გვჯეროდეს გონებისა. ბომბს მანქანა აგდებს, მანქანას კი ადამიანი მართავს.

ადამიანი ყოველთვის გაუგებს ადამიანს.

საჭიროა მხოლოდ მოინდომო.

უნდა შეგვეძლოს გაგება.

მისმინე, აირინ! ჯერ კიდევ ყველაფერი არ მითქვამს შენთვის. ჩვენ გვყავს ლუსი _ სასაცილო ქმნილება, ნაადრევად რომ წაართვეს ბავშვური გულუბრყვილობა, მაგრამ მაინც ძალიან ნორჩი და სუსტი. მე ვერ მოვასწარი მისთვის რაიმეს სწავლება. მე ცუდი მამა ვიყავი. თავის ერთ ბეწო გამოცდილებას იგი ჩვენგან არ იძენს. ადრე თუ გვიან, ის გაიგებს, რომ ფასეულობანი შედარებითია. მე მსურს, ეს ადრე მოხდეს. გზაზე, გულგრილობის გათელილ გზაზე, რომელიც მას და შენ გელით, ისე ადვილია დაღლა, ნუ მისცემ მას ამის საშუალებას, გესმის, აირინ! შენ დაგეხმარებიან. ჩვენ გვყავს ფრედი და მისი მეგობრები: არ მკითხო. რომელი წმინდანები სწამთ მათ _ იარე მათთან ერთად.

მე მშვიდად ვარ.

ჩვენ ბედნიერი ვიქნებით, აირინ!

ნაწილი II

და დაემხობიან მდუმარე კედლები

ჩვენ უცილობლად მიგვაჩნია შემდეგი ჭეშმარიტებანი: ყველა ადამიანი დაბადებით თანასწორია და ყველა მათგანს გამჩენმა მიანიჭა ხელშეუვალი უფლებები. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან: სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისაკენ სწრაფვა”.

“დამოუკიდებლობის დეკლარაცია”

1.

1964 წლის 6 ივლისი. ჰალვესტონი. ტეხასის შტატი.

ადრიანი დილა პატარა ქალაქში, რომელიც არაფრით გამოირჩევა. მილზის ღამის ბარი მალე დაიკეტება; აქაურობა ჭუჭყიანია და ბოლითაა სავსე; ბარმენმა დიდი ხანია თეთრი ქურთუკი გაიხადა და აჭიმით გადაჯვარედინებული პერანგით მუშაობს. როცა ის შეიკერს ანჯღრევს, იღლიებში ოფლის ლაქები მოუჩანს. სალაროში 6000 დოლარია _ სასმელის 12000 ულუფის ღირებულება, ღამის ჩვეულებრივი ნორმა.

დაიკეტება მილზის ბარი და ტოლჩას ჩახუტებული სარეკლამო ეშმაკუნა აინთება კუკისა და მაკკლოსკის ბარების თავზე, მოკრივისმხრებიანი ბარმენები სუფთა ქურთუკებს ჩაიცვამენ, სალაროები მელოდიურ წკრიალს გამოსცემენ პირველი დოლარების ყლაპვისას.

ჰალვესტონში 144 ბარია.

ხალხი ქალაქში ზომიერად სვამს; ნაკლებს, ვიდრე, ვთქვათ, ნიუ-იორკის ან ლოს-ანჟელოსის მცხოვრებლები. დღე-ღამის მანძილზე ბარებში რჩება 50000-60000 დოლარი. არც ისე ბევრია, თუკი ხარჯებსაც გავითვალისწინებთ.

მილზი კოპებს იკრავს და მრისხანებით კვნეტს სიგარას. ნამდვილი ძარცვაა! საარჩევნო კამპანიისათვის პარტიის საოლქო ლიდერის სასარგებლოდ გადარიცხვები; ყოველთვიური შესატანი _ რაკეტი _ შუშების ხელშეუხებლობისა და მოახლის წესიერი ყოფაქცევის გარანტიაა; სამასი დოლარი პოლიციის ინსპექტორს აზარტულ თამაშებთან ბრძოლის განყოფილებიდან; ამდენივე მის კოლეგას ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიუროდან. სულ ექვსასი. გარდა ამისა, კეთილი ინებე და გადაუხადე მოსამართლეს ლმობიერებისათვის, თუ არადა, ჯარიმები გაგაკოტრებს. რა რჩება კიდევ? _ ყოველდღე ხუთი დოლარი მორიგე კონსტებლს.

ყველა ეს ხარჯი გარდუვალია და მილზის ცხოვრებაში სიგარასთან, ჰარპერსის ყოველკვირეულთან და დილის აბაზანასთან ერთად შედის. და მაინც, ხანდახან ის ცოფდება. დაბადებით თავისუფალი ადამიანი ჩვევებისა და პირობითობების მონა გახდა. ვთქვათ, სიგარის სახეობის შეცვლა მას კიდევ შეუძლია, მაგრამ განა შეიძლება არ გადაუხადოს პარტიას, პოლიციასა და ბანდიტებს. შესატანი იცავს მილზის მშვიდი ძილისა და საკუთარი თავის პატივისცემის უფლებას.

 (გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here