საქართველოზე რუსეთის იმპერიის მფარველობის ხელშეკრულება
ქართული ტექსტის გაგების სირთულის გამო ვაქვეყნებთ რუსული პირის თარგმანს თანამედროვე ქართულ ენაზე. ამასთანავე, ზოგიერთი ტერმინი და გამონათქვამი გადმოტანილია 1783 წლის დოკუმენტის ქართული დედნიდან.
“სახელითა ღმრთისა ყოვლისა შემძლებელისა ერთისა სამწმინდაობასა შინა დიდებულისათა:
უძველესი დროიდან სრულიად რუსეთის იმპერია ქართველ ხალხთან ერთმორწმუნეობით წარმოადგენდა დაცვას, დახმარებასა და თავშესაფარს ამ ხალხისა და მისი უგანათლებულესი მფლობელებისთვის იმ ტანჯვათაგან, რომლებსაც ისინი განიცდიდნენ თავიანთი მეზობლებისგან. სრულიად რუსეთის თვითმპყრობელების მიერ, ქართველი მეფეებისთვის, მათი საგვარეულოსა და ქვეშევრდომებისთვის ბოძებულმა მფარველობამ წარმოქმნა უკანასკნელთა ის დამოკიდებულება პირველებზე, რომელიც ყველაზე უფრო სრულად ჩანს თავად რუსეთის საიმპერატორო ტიტულიდან. მისმა იმპერატორობითმა უდიდებულესობამ, აწ ბედნიერად მმეფობმა, საკმარისი სახითა და ნათლად გამოაცხადა ამ ხალხისადი თავისი მონარქიული კეთილგანწყობა და მისი სიკეთისათვის თავისი დიდსულოვანი განგებულების შესახებ თავისი ძლიერი მცდელობებით, რომლებიც გამოყენებულ იქნა ამ ხალხის გამოხსნისთვის მონობის უღლისგან და ჭაბუკებითა და ქალწულებით გადასახდელი საყვედრებელი ხარკისგან, რომლებსაც ერთი ნაწილი ქართველებისა სავალდებულოდ იხდიდა, და ასევე განაცხადა თავისი მონარქიული მზრუნველობის შესახებ მათი მფლობელების მიმართ. ამ განწყობილებით ყურად იღო რა სიმდაბლით მისი ტახტისადმი წარდგენლი თხოვნა ქართლისა და კახეთის უგანათლებულესი მეფის ერეკლე თეიმურაზის ძისა, მთელი მისი მემკვიდრეებითა და მენაცვალეებით, მთელი მისი სამეფოებითა და მხარეებით მისი უდიდებულესობისა და მის მაღალ მემკვიდრეთა და მენაცვალეთა მონარქიული მფარველობის ქვეშ მიღების შესახებ, სრულიად რუსეთის იმპერატორების ქართლისა და კახეთის მეფეებზე უმაღლესი ხელისუფლების აღიარებით, ყოვლად მოწყალედ ისურვა დაადგინოს და დადოს მოხსენიებულ უგანათლებულეს მეფესთან სამეგობრო ხელშეკრულება, რომლის მეშვეობითაც, ერთის მხრივ, მისი უგანათლებულესობა თავისი სახელითა და თავის მენაცვალეთა სახელით აღიარებდა რა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და მის მაღალ მენაცვალეთა უმაღლეს ხელისუფლებასა და მფარველობას ქართლისა და კახეთის სამეფოების მფლობელებსა და ხალხებზე, აგრეთვე მათ მფლობელობაში მყოფ სხვა ხალხებზეც, აღნიშნავდა საზეიმოდ და ზუსტად თავის ვალდებულებებს სრულიად რუსეთის იმპერიისადმი; ხოლო მეორეს მხრივ _ მის იმპერატორობით უდიდებულესობას ასევე შეეძლებოდა საზეიმოდ აღნიშვნა იმისა, თუ რა უპირატესობებსა და სარგებელს უბოძებდა იგი თავისი გულუხვი და ძლიერი ხელით მოხსენიებულ ხალხებსა და მათ უგანათლებულეს მფლობელებს”.
შემდეგ შესავალში ნათქვამია, რომ ტრაქტატზე ხელმოსაწერად რუსეთის მხრიდან დადგენილ იქნა რომის იმპერიის უგანათლებულესი მთავარი, მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ჯარების გენერალ-ანშეფი, რეგულარული და არარეგულარული მსუბუქი ცხენოსანი ჯარებისა და სხვა ბევრი სამხედრო ძალის მბრძანებელი, სენატორი, სახელმწიფო სამხედრო კოლეგიის ვიცე-პრეზიდენტი, ხელმწიფის მენაცვალე ასტრახანის, სარატოვის, აზოვისა და ნოვოროსიისკის მხარეებში, მისი უდიდებულესობის გენერალ-ადიუტანტი და ნამდვილი კამერჰერი… გრიგოლ ალექსანდრეს ძე პოტიომკინი, რომელმაც, თავის მხრივ, ამ უფლებებით აღჭურვა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის…არმიის გენერალ-პორუტჩიკი, ასტრახანის გუბერნიის ჯარების სარდალი, მისი უდიდებულესობის ნამდვილი კამერჰერი… პავლე პოტიომკინი; საქართველოს მხრიდან ტრაქტატზე ხელმოსაწერად არჩეულ იქნენ მათი ბრწყინვალებანი მარცხენა ხელის ჯარების სარდალი (ქართული ტერმინოლოგიით _ მემარცხენე სპასპეტი) თავადი იოანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონი (მუხრანბატონი) და ერეკლე მეფის მანდატურთუხუცესი (რუსული ტერმინოლოგიით _ გენერალ-ადიუტანტი) და ყაზახის სამთავროს ზედამხედველითავადი გარსევან რევაზის ძე ჭავჭავაძე.
“ხსენებულმა სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა, შეუდგნენ რა ღუთის შეწევნით საქმეს და გაცვალეს რა ურთიერთშორის თავიანთი უფლებამოსილებანი, მათი ძალით დაადგინეს, დაასკვნეს და ხელი მოაწერეს შემდეგ არტიკულებს.
არტიკული პირველი
უგანათლებულესობა მისი, მეფე ქართლისა და კახეთისა სახელითა თვისითა, თავისი მემკვიდრეებისა და მენაცვალეთა სახელით საზეიმოდ სამარადისოდ უარს ამბობს ყოველგვარ ვასალობაზე, ან სხვა რაიმე წოდებით ყველანაირ დამოკიდებულებაზე სპარსეთის ან რომელიმე სხვა სახელმწიფოსგან; და ამით აცხადებს მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ იგი არ აღიარებს თავის თავზე ან თავის მენაცვალეთა თავზე სხვა თვითმპყრობელობას თვინიერ სრულიად რუსეთის საიმპერატორო ტახტის და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და მისი მაღალი მემკვიდრეებისა და მენაცვალეთა უმაღლესი ხელისუფლების და მფარველობისა, ჰპირდება რა ამ ტახტს ერთგულებასა და მზადყოფნას შეეწეოდეს სახელმწიფოს სარგებელს ყველა შემთხვევაში, სადაც კი ამას მისგან მოითხოვენ.
არტიკული მეორე
მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა, ღებულობს რა მისი უგანათლებულესობის მხრიდან ასეთ გულწრფელ დაპირებას, მის თანაბრად ჰპირდება და თავისი იმპერატორობითი სიტყვით აიმედებს თავისგან და თავის მენაცვალეთაგან, რომ მათი წყალობა და მფარველობა ქართლისა და კახეთის უგანათლებულეს მეფეებს არასოდეს წაერთმევათ. რის დასამტკიცებლადაც მისი უდიდებულესობა აძლევს თავის იმპერატორობით თავდებობას მისი უგანათლებულესობის მეფე ერეკლე თეიმურაზის ძის ახლანდელი სამფლობელოიების მთლიანობის შენარჩუნებაზე, ვარაუდობს რა ასეთი თავდებობის გავრცელებას იმ სამფლობელოებზეც, რომლებიც დროთა განმავლობაში გარემოებების გამო შეძენილი და მტკიცედ მისდამი დაქვემდებარებული იქნება.
არტიკული მესამე
იმ გულწრფელობის გამოსახატავად, რომლითაც მისი უგანათლებულესობა ქართლისა და კახეთის მეფე აღიარებს სრულიად რუსეთის იმპერატორთა უმაღლეს ხელისუფლებასა და მფარველობას, დადგენილია, ხსენებული მეფეები მეფობაზე მემკვიდრეობით შედგომისას მაშინვე უნდა ატყობინებდნენ ამის შესახებ რუსეთის საიმპერატორო კარს, მოითხოვენ რა თავისი წარგზავნილების მეშვეობით იმპერატორის მიერ მეფობაზე დამტკიცებას ინვესტიტურით, რომელშიც იქნება სიგელი, დროშა სრულიად რუსეთის იმპერიის ღერბით, რომელსაც შიგნით ექნება მოხსენიებული სამეფოს ღერბი, ხმალი, მბრძანებლობის კვერთხი და მანტია, ანუ ყარყუმის მოსასხამი. ამ ნიშნებს ან მეფის მიერ წარგზავნილებს ჩააბარებენ, ან კიდევ სასაზღვრო უფროსობის მეშვეობით ჩაუტანენ მეფეს, რომელმაც მათი მიღებისას რუსეთის მინისტრის თანდასწრებით საზეიმოდ უნდა დადოს ფიცი რუსეთის იმპერიის ერთგულებასა და მისდამი გულმოდგინებაზე და მფარველობის აღიარებაზე იმ ფორმით, რომელიც თან ერთვის ამ ტრაქტატს.
არტიკული მეოთხე
იმის დასამტკიცებლად, რომ მისი უგანათლებულესობის განზრახვა სრულიად რუსეთის იმპერიასთან მის ასე მჭიდროდ შეერთებასა და ამ იმპერიის ყოვლადუგანათლებულესი მფლობელების უმაღლესი ხელისუფლებისა და მფარველობის აღიარებაში ყოვლად უზაკველია, მისი უგანათლებულესობა პირობას დებს, რომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მთავარ მოსაზღვრე უფროსთან და თავის კარზე აკრედიტებულ მინისტრთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ ექნება ურთიერთობები მის გარემომცველ მეზობლებთან. ხოლო როდესაც მათგან მოვლენ წარმოგზავნილები ან ჩამოტანილ იქნება წერილები, მათი მიღებისას რჩევები იქონიოს მთავარ მოსაზღვრე უფროსთან და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მინისტრთან ასეთი წარმოგზანილების უკან გასტუმრებისა და მათი მფლობელებისთვის შესაფერისი სტყვის მიგების საკითხებში.
არტიკული მეხუთე
რათა უფრო მოხერხებულად ჰქონდეს საჭირო ურთიერთობა და თანხმობა რუსეთის საიმპერატორო კართან, მის უგანათლებულესობა მეფეს სურს, იყოლიოს მის კარზე თავისი მინისტრი ან რეზიდენტი, ხოლო მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა, მოწყალედ ღებულობს რა ამას, ჰპირდება, რომ ამ პირს მის კარზე მიიღებენ მისი თანასწორი მდგომარეობის მქონე სხვა მფლობელი მთავრების მინისტრების თანაბრად, და მასთან ერთად სურვილს გამოთქვამს თავის მხრივ შეინახოს მისი უგანათლებულესობის კარზე რუსეთის მინისტრი ან რეზიდენტი.
არტიკული მეექვსე
მისი იმპერატორობითი უდიდებლესობა, ღებულობს რა წყალობით ქართლისა და საქართველოს სამეფოებზე მისი უმაღლესი ხელისუფლებისა და მფარველობის აღიარებას, თავისი სახელითა და თავის მენაცვალეთა სახელით ჰპირდება: 1. იმ სამეფოთა ხალხები მიაჩნდეს მჭიდრო კავშირსა და სრულ თანხმობაში მყოფად მის იმპერიასთან და, აქედან გამომდინარე, მათ მტრებს შერაცხდეს საკუთარ მტრებად; რისთვისაც ოტომანის პორტასთან, ან სპარსეთთან, ან სხვა სახელმწიფოსა და სამფლობელოსთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა ვრცელდებოდეს მისი უდიდებულესობის მფარველობაში მყოფ ამ ხალხებზეც. 2. უგანათლებულეს მეფეს ერეკლე თეიმურაზის ძეს და მისი სახლის მემკვიდრეებსა და შთამომავლებს უეჭველად ინარჩუნებდეს ქართლისა და კახეთის სამეფო ტახტზე. 3. შინაგან მმართველობასთან შეუღლებულ ხელისუფლებას, მსჯავრსა და სამართალს და გადასახადების აკრეფას მისცემს მის უგანათლებულესობას მეფეს “სრულსა შინა ნებასა და სარგებლობასა მისსა”, აუკრძალავს რა თავის სამხედრო და სამოქალაქო უფროსებს ამ მხრივ რაიმე განკარგულებების გაცემას.
არტიკული მეშვიდე
მისი უგანათლებულესობა მეფე, ღებულობს რა სათანადო კრძალულებით მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მხრიდან ასეთ მოწყალე დაიმედებას, თავისი და თავისი შთამომავლების სახელით ჰპირდება: 1. ყოველთვის მზად იყოს თავისი ჯარებით მისი უდიდებულესობის სამსახურისთვის. 2. რუსეთის უფროს მოხელეებს მიმართავდეს ყოველთვის ყველა საქმეში, რომლებიც შეეხება მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სამსახურს, აკმაყოფილებდეს მათ მოთხოვნებს და მისი უდიდებულესობის ქვეშევრდომებს იცავდეს ყველანაირი წყენისა და შევიწროვებისგან. 3. თანამდებობეზე პირების დანიშვნისა და მათი დაწინაურებისას საგანგებო პატივს მიაგებდეს სრულიად რუსეთის იმპერიის წინაშე მათ დამსახურებას, რომლის მფარველობაზეც არის დამოკიდებული ქართლისა და კახეთის სამეფოების სიმშვიდე და კეთილდღეობა.
არტიკული მერვე
მისი უგანათლებულესობის მეფისა და მისი ხალხებისადმი მონარქის განსაკუთრებული მოწყალების დასამტკიცებლად და ამ ერთმორწმუნე ხალხების რუსეთთან უმეტესად შეერთებისთვის მისი იმპერატორობითი უდიდებლესობა ინებებს, რომ მათი კათოლიკოსი ანუ უფროსი მთავარეპისკოპოსი რუსეთის იერარქების რიცხვში შედიოდეს მერვე ხარისხში, სახელდობრ ტობოლსკელის შემდეგ, და ყოვლადმოწყალედ უბოძებს მას სამარადისოდ უწმინდესი სინოდის წევრის წოდებას; ხოლო საქართველოს ეკლესიის მმართველობისა და იმ ურთიერთობის შესახებ, რომელშიც უნდა იყოს იგი რუსეთის სინოდთან, შედგენილ იქნება განსაკუთრებული არტიკული.
არტიკული მეცხრე
განფენს რა თავის წყალობას მისი უგანათლებულესობის მეფის ქვეშევრდომ თავადებსა და აზნაურებზე, მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა ადგენს, რომ ისინი სრულიად რუსეთის იმპერიაში ისარგებლებენ ყველა იმ უპირატესობითა და სარგებლით, რომლებიც მინიჭებული აქვთ რუსეთის კეთილშობილებს; ხოლო მისი უგანათლებულესობა, ღებულობს რა მადლიერებით მისი ქვეშევრდომებისადმი ასეთ მოწყალე დამოკიდებულებას, ვალდებულებას იღებს გაგზავნოს მისი უდიდებულესობის კარზე ყველა კეთლშობილი გვარების სიები, რათა მათი მიხედვით შესაძლებელი იქნას იმის ზუსტად ცოდნა, თუ ვის ეკუთვნის ასეთი განსხვავებული უფლება.
არტიკული მეათე
ვადგენთ, რომ ქართლისა და კახეთის ყველა მოსახლეს შეუძლია სახლდებოდეს რუსეთში, ჩადიოდეს იქ და მერე უკან ბრუნდებოდეს დაუბრკოლებლად; ტყვეებს კი, თუკი მათ იარაღით ან მოლაპარაკებებით თურქებისგან ან სპარსელებისგან გაანთავისუფლებენ, გაუშვებენ თავიანთ სახლებში სურვილისამებრ, მხოლოდ ეს უკანასკნელნი დააბრუნებენ მათი გამოსყიდვისა და გამოყვანის ხარჯებს; მისი უგანათლებულესობა მეფეც ამის წმინდად შესრულებას ჰპირდება რუსეთის ქვეშევრდომების მიმართ, რომლებიც მეზობლებთან ტყვეობაში ჩავარდებიან.
არტიკული მეთერთმეტე
ქართლისა და კახეთის ვაჭართა წოდებას შეუძლია თავისუფლად ეწეოდეს ვაჭრობას რუსეთში, ისარგებლებს რა იმავე უფლებებითა და უპირატესობებით, რომლებითაც რუსეთის ბუნებრივი ქვეშევრდომები სარგებლობენ; ასევე მეფე ჰპირდება მთავარ მოსაზღვრე უფროსთან ან მისი უდიდებულესობის მინისტრთან ერთად დაადგნოს რუსეთის ვაჭართა წოდებისთვის ვაჭრობაში ყოველმხრივი ხელის შეწყობა მის მხარეებში ან კიდევ სავაჭროდ მგზავრობისას სხვა ქვეყნებისკენ, ვინაიდან ასეთი ზუსტი დადგენილების გარეშე რუსეთის ვაჭრობის სარგებლიანობას ადგილი ვერ ექნება.
არტიკული მეთორმეტე
ეს ხელშეკრულება იდება სამარადისოდ; მაგრამ თუკი რაიმეს შეცვლას ან მიმატებას ჩათვლიან საჭიროდ ურთიერთ სარგებლიანობისთვის, ასეთ რამეს ადგილი ექნება ორმხრივი შეთანხმებით.
არტიკული მეცამეტე
რატიფიკაციები მოცემულ ტრაქტატზე გაცვლილი უნდა იქნას ექვს თვეში მისი ხელმოწერიდან ან უფრო ადრეც, თუკი ეს შესაძლებელი იქნება
რის დასადასტურებლადაც ქვემორე ხელისმომწერმა სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა, მათი სრული უფლებების ძალით, ხელი მოაწერეს ამ არტიკულებს და დაუსვეს მათ თავიანთი ბეჭდები წმ. გიორგის ციხესიმაგრეში 1783 წლის 24 ივლისს.
დედანზე ხელს აწერენ:
პავლე პოტიომკინი
თავადი იოანე ბაგრატიონი
თავადი გარსევან ჭავჭავაძე
სეპარატული არტიკულები
არტიკული სეპარატული პირველი
მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მტკიცე განზრახვაა, რომ მისი ერთმორწმუნე ხალხები, მის იმპერიასთან ასე მჭიდრო კავშირებით შეერთებულნი, იმყოფებოდნენ ურთიერთშორის მეგობრობასა და სრულ თანხმობაში, მათი მოშურნე მეზობლებისთვის შიშის მომგვრელად და შეერთებული ძალებით მათ თავისუფლებაზე, სიმშვიდესა და კეთილდღეობაზე ამხედრებული მტრების მოგერიებისთვის მზადმყოფად, ახალისებს და უბიძგებს მის უდიდებულესობას მისცეს მის უგანათლებულესობას ქართლისა და კახეთის მეფეს ერეკლე თეიმურაზის ძეს მეგობრული რჩევები და დარიგებები მეგობრობისა და კეთილი თანხმობის შენარჩუნებაზე იმერეთის უგანათლებულეს მეფესთან სოლომონთან და ყოველივე იმის დადგენის შესახებ, რაც შესაძლებელია მხოლოდ უწყობდეს ხელს სხვადასხვანაირი უთანხმოებების აღკვეთასა და ყველანაირი გაუგებრობების თავიდან აცილებას, ჰპირდება რა თავისი საიმპერატორო სიტყვით არა მხოლოდ ხელს უწყობდეს თავისი მონდომებითა და მცდელობებით ამ მეტად სასარგებლო საქმის აღსრულებას, არამედ ასეთ თანხმობასა და მშვიდობაზე თავისი თავდებობის მიცემასაც.
მისი უგანათლებულესობა მეფე ერეკლე, ღებულობს რა სათანადო მადლიერებით მისი უდიდებულესობის დიდსულოვან მზრუნველობას ერთიანი წარმოშობისა და კანონის მქონე ხალხებს შორის მეგობრობის დასაცავად და მის უმაღლეს თავდებობას, ამით აღიარებს, რომ უგანათლებულეს მეფე სოლომონთან მათ ურთიერთ საქმეებში აწ და მომავალშიც აღიარებს მის იმპერატორობით უდიდებულესობას სრულ არბიტრად, დაუქვემდებარებს რა ამ ორ მფლობელს შორის სრულიად მოულოდნელად წარმოქმნილ უთანხმოებებსა და გაუგებრობებს მის უმაღლეს გადაწყვეტას.
არტიკული სეპარატული მეორე
ქართლისა და კახეთის სამფლობელოების მეზობელთა მხრიდან ყოველგვარი შემოჭრისგან დასაცავად და მისი უგანათლებულესობის მეფის ჯარების თავდაცვის გასაძლიერებლად მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა ჰპირდება მის (მისი უგანათლებულესობის მეფის) მხარეებში ინახავდეს ქვეითი ჯარის ორ სრულ ბატალიონს ოთხი ზარბაზნით, რომლებსაც შტატებით დადგენილ პროვიანტსა და ფურაჟს მიაწვდიან ნატურით იმ მხარეებიდან მისი უგანათლებულესობის შეთანხმების მიხედვით მთავარ მოსაზღვრე უფროსთან შტატებით დადგენილი ფასის შესაბამისად.
არტიკული სეპარატული მესამე
ომის შემთხვევისთვის მთავარი მოსაზღვრე უფროსი მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მხრიდან უფლებამოსილი უნდა იყოს მის უგანათლებულესობასთან ქართლისა და კახეთის მეფესთან შეთანხმებასა და ზომების მიღებაზე აღნიშნული მიწების დაცვისა და მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მოქმედებების თაობაზე, რომელიც სხვანაირად არ შეიძლება იქნას მიჩნეული, თუ არა საერთო მტრად. ამასთან მხარეები ადგენენ, რომ თუ კი ქართლისა და კახეთის ჯარების ნაწილი გამოყენებული იქნება მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სამსახურში მათი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მაშინ მათ უნდა მიეცეთ სრული ანაზღაურება მისი უდიდებულესობის სხვა ჯარების თანაბრად.
არტიკული სეპარატული მეოთხე
მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა ჰპირდება ომის შემხთვევაში მიმართოს ყველანაირ მცდელობას იარაღით დახმარებისთვის, ხოლო მშვიდობიანობის დროს აყენებდეს მოთხოვნებს იმ მიწებისა და ადგილების დასაბრუნებლად, რომლებიც უძველესი დროიდან ქართლისა და კახეთის სამეფოს ეკუთვნოდა, რომლებიც დარჩება კიდეც იქაური მეფეების მფლობელობაში სრულიად რუსეთის იმპერატორების მათზე მფარველობისა და უმაღლესი ხელისუფლების შესახებ დადებული ტრაქტატის საფუძველზე.
ამ სეპარატულ არტიკულებს ექნებათ ისეთივე ძალა, როგორც რომ ისინი სიტყვა-სიტყვით თავად ტექსტში ყოფილიყო შეტანილი; რის გამოც რატიფიცირებაც მათზე იმავე ვადაში უნდა იქნას გაცვლილი.
რის დასადასტურებლადაც ქვემორე ხელის მომწერმა სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ამ არტიკულებს და დაუსვეს მათ თავიანთი ბეჭდები წმ. გიორგის სახელობის ციხესიმაგრეში 1783 წლის 24 ივლისს.
ფრიად საგულისხმოა!