„კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ მთავარ პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ გამოძიებას მიაწოდა ყველა მტკიცებულება, რომლებითაც ელისაშვილისა და ქორიძის განცხადებები ბათილდება. მისი თქმით, ზვიად ქორიძემ გამოძიებას მისცა ცრუ ჩვენება, ამიტომ იგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს.
ნიკოლაძის განცხადებით, ანასტასია ზაუტაშვილი კატეგორიულად უარყოფს ზვიად ქორიძის განცხადებას, თითქოს ქორიძეს მსჯავრდებულმა უთხრა, რომ ეკა ბესელიას შეწყალების დაპირების სანაცვლოდ თანხა გადაეცა. ადვოკატი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა პასუხისგებაში არ მისცემს ალეკო ელისაშვილსა და ზვიად ქორიძეს, „კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებულები უკიდურესი ზომებით, მათ შორის თვითდაზიანებებით, იმუქრებიან. ადვოკატის განცხადებით, მსჯავრდებულები მოითხოვენ, რომ საქმე 1 იანვრამდე გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ.