Home რუბრიკები პოლიტიკა “ზაქარეიშვილი ჩამოყალიბებული ბრიყვია, მაგრამ, ვინც დანიშნა თანამდებობაზე, ისიც პასუხისმგებელია!”

“ზაქარეიშვილი ჩამოყალიბებული ბრიყვია, მაგრამ, ვინც დანიშნა თანამდებობაზე, ისიც პასუხისმგებელია!”

570

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებამ, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არასდროს ყოფილა, ქართული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. რა საფრთხის შემცველია სახელმწიფო მინისტრის ამგვარი გამონათქვამი? პაატა ზაქარეიშვილის განცხადების შეფასება პოლიტოლოგ ჯუმბერ კირვალიძესა დაპატრიოტთა ალიანსისწარმომადგენელ ადა მარშანიას ვთხოვეთ.

სააკაშვილი და რესპუბლიკელები არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მათ ერთი იდეოლოგია აქვთ!”

ჯუმბერ კირვალიძე:

_ პაატა ზაქარეიშვილს სერიოზულად არასდროს აღვიქვამდი. მას ექსპერტადაც არ მივიჩნევ, არათუ მინისტრად. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ, როდესაც ზაქარეიშვილი ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშნა. როგორ შეიძლება, მინისტრი იყოს ადამიანი, რომელიც ასე აზროვნებს და მეტყველების კულტურა არ აქვს?! რამდენიმეჯერ უნდა მოუსმინო, რომ გაიგო, რისი თქმა უნდა. პიროვნულად არ შეურაცხვყოფ, მაგრამ მიუღებელია, ასეთ პიროვნებას საჯარო სივრცე დაუთმო. მართალია, ზაქარეიშვილი ახლა თავს იმართლებს, მხედველობაში სულ სხვა რამ მქონდა და ვგულისხმობდი, აფხაზეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ყოფილა საქართველოს შემადგენლობაშიო, მაგრამ, ასეც რომ იყოს, სახელმწიფო მინისტრი, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. რატომ უნდა თქვა ასეთი სისულელე და რატომ უნდა მისცე საფუძველი ავის მოსურნეს, არ მესმის

 ამას მხოლოდ ქვეყნის მტერი ან ბრიყვი თუ იტყვის. ზაქარეიშვილი ჩამოყალიბებული ბრიყვია, მაგრამ, ვინც დანიშნა თანამდებობაზე, ისიც პასუხისმგებელია. ზაქარეიშვილი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან. მართალია, ზოგიერთი ახლა თავს იქებს, აფხაზეთის ომის დროს ასე და ისე ვიქცეოდიო, მაგრამ, კარგად მახსოვს, ვინ რას აკეთებდა. მეც მყავს ბევრი ქართველი გადარჩენილი, რადგან აფხაზებს ახლოს ვიცნობდი და ერთად ვსწავლობდით, მაგრამ ამით არასდროს მიტრაბახია. ეს არ არის სალაპარაკო. სხვათა შორის, მე აფხაზეთში საომრად არ ჩავსულვარ, რადგან, როგორც ქართველს ვერ ვესროდი, ვერ ვესროდი ვერც აფხაზს. ასე რომ, თუ რამ კარგი გაუკეთებიათ, ღმერთმა არ დაუკარგოთ, მაგრამ თავის ქება საჭირო არ არის.

რესპუბლიკელებს საერთოდ ახასიათებთ მსგავსი განცხადებები. მაგალითად, დღეს თინა ხიდაშელია ქვეყნის პრემიერმინისტრი თუ ირაკლი ღარიბაშვილი, ვერ გაიგებ. ქვეყანას ორი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს, რადგან ხიდაშელს კვირიკაშვილის უფლებამოვალეობებიც აქვს შეთავსებული, ისეთ განცხადებებს აკეთებს და ისე იჭრება მის კომპეტენციაში. ამიტომ, ვინც ეს რესპუბლიკელები “გააჯეჯილა”, იმასაც უნდა მოეთხოვოს პასუხი, ყოფილი პრემიერი იქნება ეს თუ ახლანდელი.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ, რა მიზნით აკეთებენ რესპუბლიკელები ასეთ განცხადებებს?

_ ეს სტრატეგია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და გაყინული კონფლიქტების მიმართ არის შემუშავებული და ასეთი ვერსიაც განიხილებოდა: თუ ქართველებს სურთ ნატო და ევროინტეგრაცია, რაც ტერიტორიული პრობლემების გამო შეუძლებელია, საქართველომ უნდა დათმოს ეს ტერიტორიები.

_ ანუ ყველაფერი იქით მიდის, რომ ამ ტერიტორიებზე უარი ვთქვათ?

_ არ არის გამორიცხული. სხვათა შორის, ისინი ამას გარკვეულ წრეებსაც სთავაზობდნენ, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებსო. იმავეს აკეთებდა ჟვანია-სააკაშვილის ჯგუფი, როდესაც დასავლეთთან კონტაქტი დაამყარეს და ამით მოაწონეს თავი შევარდნაძეს. ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ ეს ადამიანები საქართველოს დაღუპავდნენ და მიიყვანეს კიდეც ქვეყანა უფსკრულის პირას. რა მივიღეთ ცალმხრივი პოლიტიკით, როდესაც შეგვეძლო გონივრული, მრავალვექტორიანი პოლიტიკის წარმოებით რუსეთთან ომამდე მაინც არ მივსულიყავით და აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებლ რეგიონებად არ ეღიარებინა? მაგრამ ასეთი ცალმხრივი პოლიტიკური სტრატეგია რესპუბლიკელებისთვის თავიდანვე დამახასიათებელი იყო.

მე ასეთი განცხადებებიც მახსოვს: ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთი საერთოდ არ არსებობს, ვითომ ოკეანეა მის ადგილზე და არ მივაქციოთ ყურადღებაო. არადა, როგორ შეიძლება, ყურადღება არ მიაქციო ამხელა სახელმწიფოს, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია?! სააკაშვილი და რესპუბლიკელები დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ერთი იდეოლოგია აქვთ. ასეთი განცხადებები კი ძალიან საშიშია.

თუნდაც ნატოს საკითხი ავიღოთ. ნატომ მოწვევა გაუგზავნა მონტენეგროს, რომელსაც 2 ათასი სამხედრო ჰყავს, 25 წელია, ერთი პრემიერი მართავს და არანაირი დემოკრატია იქ არ არის. ამ მხრივ ჩვენ გაცილებით წინ ვართ, მაგრამ მონტენეგროს არ აქვს საზღვარი რუსეთთან.

ზაქარეიშვილი და მისნაირები ისე იოლად საუბრობენ საქართველოსთვის სასიცოცლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, თითქოს ეს მათი ქვეყანა არ იყოს.

_ რუსეთის გენერალური შტაბის ბრიფინგზე წარმოდგენილ რუკაზე აფხაზეთი დასამხრეთ ოსეთისაქართველოს შემადგენლობაშია. ეს იყო, უბრალოდ, შეცდომა, რაც ნაკლებ სავარაუდოა, თუ გარკვეული გზავნილი საქართველოსთვის?

_ გენშტაბი ასეთ შეცდომებს არ უშვებს. გაგახსენებთ სოჭის ოლიმპიადას, სადაც საქართველოს რუკაზე ვერ გაარჩევდი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საზღვრებს. ამით თითქოს არც სეპარატისტები გაანაწყენეს და არც _ ქართველები. არც ერთი ფაქტი შემთხვევითი არ არის.

_ ამით რუსეთს რისი თქმა სურს?

_ არ ვიცი, გენშტაბს რისი თქმა სურდა, მაგრამ მე მახსოვს რუსეთის პრეზიდენტის _ ვლადიმერ პუტინის განცხადება: ვიცით, ამ ორი რეგიონის დაკარგვას ქართველები არასდროს შეურიგდებიან, მაგრამ ჩვენც მძიმე მდგომარეობაში ვართ, უკან წაღება არ შეგვიძლია ამ აღიარების, ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, დაილაპარაკონ აფხაზებმა, ოსებმა და ქართველებმა და ჩვენ მზად ვართ, შუამავლის როლი ვიკისროთო. საუბარია საჭირო. კარგია, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა აღვადგინეთ, ეს ივანიშვილის დამსახურებაა, მაგრამ კიტრსა და პომიდორზე არ უნდა გავჩერდეთ. როდემდე უნდა ისაუბრონ კარასინმა და აბაშიძემ? უფრო სერიოზული საკითხებია გადასაწყვეტი. პირველი პირების შეხვედრაა საჭირო.

_ საქართველოს ხელისუფლება რატომ არ დგამს ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს?

_ იმიტომ, რომ ეშინია. თანაც ამ ყველაფერს ცოდნა და გამბედაობა სჭირდება. ქვეყანაში არ არსებობს სტრატეგიული გეგმა, როგორ უნდა გაერთიანდეს ქვეყანა.

_ რისი ეშინია ხელისუფლებას?

_ ხელისუფლებას ეშინია, არ დაბრალდეს, რომ რუსეთისკენ მიჰყავს ქვეყანა და კურსი შეიცვალა. ელემენტარულია: დასავლეთი გვეუბნება, დაალაგეთ რუსეთთან ურთიერთობაო. ხომ უნდა მიხვდე, როგორ მოიქცე. ხომ უნდა მიხვდე, რომ კომპრომისის გარეშე ეს საკითხი არ გადაწყდება?! რუსეთთან ერთად საერთაშორისო კონფერენცია მოვიწვიოთ ან სამუშაო ჯგუფები შევქმნათ. ისეთი არაპროფესიონალები და უვიცები არიან ამ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ ხშირად მოჰყავთ გერმანიის მაგალითი. სტრატეგიული მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ, აი, გერმანია ხომ გაერთიანდა, ჩვენც ნუ ვიჩქარებთო. ისიც არ იციან, რომ გერმანიაში ეთნიკური სეპარატიზმი არ ყოფილა, იქ სულ სხვა ვითარება იყო, შედარებაც არ შეიძლება. ჩვენ შემთხვევაში დრო, ყოველი დღე, ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს. აფხაზეთში თაობები იზრდებიან, რომლებიც ქართველებს საერთოდ არ იცნობენ.

ზაქარეიშვილი ისეთი განცხადებებით გამოდის, რომლებიც რადიკალურად განწყობილ აფხაზებს უფრო მოეწონებოდა

ადა მარშანია:

_ პაატა ზაქარეიშვილი ხშირად აკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც გაუგებარია ჩვენი საზოგადოებისთვის და ეს მისი ბოლო განცხადებაც მავნე და წინდაუხედავია. მეტიც, სიცრუეა. უკვე სერიოზულად განსახილველია მისი განცხადებები, ვინაიდან, ის, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი არა, მინისტრია. ასეთი ქმედება დასასჯელია, მაგრამ ვინ დასჯის ზაქარეიშვილს?

 ზაქარეიშვილის განცხადებები დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე უნდა განიხილონ და მან კონკრეტული და ვრცელი განმარტება უნდა გააკეთოს საზოგადოების წინაშე.

_ მსგავსი განცხადებები რეპუბლიკური პარტიის სხვა წევრებისგანაც არაერთხელ მოგვისმენია. მაგალითად, სოჭში 2011 წელს ქართულაფხაზურ კონფერენციაზე თინა ხიდაშელმაც განაცხადა, რომ აფხაზეთს, ფაქტობრივად, საქართველოს ნაწილად არ მიიჩნევდა. მოგეხსენებათ, ნატოში გაწევრება ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყნისთვის პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ხომ არ არის ამგვარი განცხადებების მიზანი ის, რომ უარი ვთქვათ დაკარგულ ტერიტორიებზე, რათა ნატოში მიღების შანსი გაგვიჩნდეს?

_ არ ვიცი, რა არის ამ განცხადებების მიზანი, მაგრამ ნატოში გაწევრების შანსი ჩემთვის არ არის პრიორიტეტული, პრიორიტეტული დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და ქვეყნის გამთლიანებაა. პაატა ზაქარეიშვილი ობიექტურ ადამიანს თამაშობს, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის ის ობიექტურობა, რომელიც დღეს აფხაზეთის საკითხს მოერგება. ასე ვიტყოდი, ზაქარეიშვილი ისეთი განცხადებებით გამოდის, რომლებიც რადიკალურად განწყობილ აფხაზებს უფრო მოეწონებოდათ და, სხვათა შორის, ის ასე პირველად არ იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის უპირველესია, საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა ძალიან ცუდად იციან ან საერთოდ არ იციან აფხაზეთის საკითხი. ჩვენთან როგორც წესი, ისტერიკა და ემოციაა წინა პლანზე და მსჯელობა და ფიქრი მერე მოდის.

_ საქართველოსა და აფხაზეთს შორის ამჟამად ურთიერთობა გაყინულია და, რაც დრო გადის, ვითარება კიდევ უფრო რთულდება. თქვენ კარგად იცნობთ აფხაზების ბუნებას, როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ამ ეტაპზე?

_ დღეს ამ მიმართულებით, შეიძლება ითქვას, არაფერი კეთდება. მთავარი ახლა ნდობის აღდგენაა. პირველ რიგში, ძალიან ფრთხილი და გაწონასწორებული განცხადებებია საჭირო. ზოგიერთ ქვეყანაში ინსტიტუტები მუშაობენ, როგორი განცხადება უნდა გააკეთოს პირველმა პირმა და ჩვენს ხელისუფლებას, ნეტა, მრჩევლების პატარა ჯგუფი მაინც თუ ჰყავს?! სიფრთხილეა საჭირო და, პირველ რიგში, პრიორიტეტად გამოვყოფდი ახალგაზრდების შეხვედრას. ის ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები, რომლებიც ომის შემდეგ დაიბადნენ, საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს, რაც ძალიან ცუდია, რადგან არასწორი და გამრუდებული თვალსაზრისი აქვთ შექმნილ სიტუაციაზე, იმაზე, რა მოხდა სინამდვილეში.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

1 COMMENT

  1. ჯუმბერ კირვალიძე:\\\”დღეს თინა ხიდაშელია პრემიერმინისტრი,თუ ირაკლი ღარიბაშვილი,ვერ გაიგებ .ქვეყანას ორი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს,რადგან ხიდაშელს კირიკაშვილის უფლაბა-მოვალეობებიც აქვს შეთავსებული…\\\”დიდი ხანია ასეთი სიმართლე არ წამიკითხავს არსად.რაც შეეხება ზაქარეიშვილს.ეს მინისტრი რომ შესაცვლელია,ამაზე ორი აზრი არ არსებობს,მაგრამ შესაცვლელია ხიდაშელიც,საგარეო საქმეთა მინისტრიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია,განათლების მინისტრიც.მაგრამ ვის აინტერესებს ხალხის აზრი.ასე უნდათ და ასე იქნება,თუ არ ვიბრძოლეთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here