“იყო სტალინი, ჩემი წარმოდგენით, ძალიან ბევრს ნიშნავს მსოფლიოში. ის გენიალური ადამიანი გახლდათ… მასში თავმოყრილი იყო იულიუს კეისრის ჭკუა, მარკუს ოქტავიუსის ეშმაკობა, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავრული გენია, ციცერონის მჭევრმეტყველების დამაჯერებლობა და აზრთა გადმოცემის სისხარტე, მაგრამ ის მათზე მაღლა დგას, გაცილებით მაღლა. მასში არიან ისინი”. გენიალური მხატვრის _ პაბლო პიკასოს მხატვრულად ნათქვამ ამ ფრაზაში ზოგს შეიძლება ეჭვი შეეპაროს, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები და მკვლევარები სრულად წარმოაჩენენ სტალინის როლსა და ადგილს კაცობრიობის ისტორიაში, მათ შორის დიპლომატიის სფეროში.
ცნობილი ქართველი მეცნიერი, ლოს ანჯელესისა და ქუთაისის საპატიო მოქალაქე, პროფესორი ლევან სვანაძე თავის ახლაგამოცემული წიგნის _ “სტალინის დიპლომატიის” წინათქმაში მიუთითებს:
“ყველაზე მეტად გასაკვირი ისაა, რომ ჩვენში (და არა მხოლოდ ჩვენში) ძალიან ცოტა ან კიდევ საერთოდ არაფერი იციან სტალინზე, როგორც დიპლომატზე, მის ჭეშმარიტად განსაცვიფრებელ უნარზე _ საერთაშორისო ურთიერთობები თავისი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების სასიკეთოდ წარემართა. ეს ყველაფერი იმდენად დაუჯერებელია დროგამოშვებით, რომ გეგონებათ, სათავგადასავლო კინოს სცენარზეა საუბარი”.
მე ხშირად დამისვამს კითხვა, როგორც ტელეეკრანიდან, ისე პრესის ფურცლებიდან _ რატომ არის სტალინი დიდი? ან რატომ არის სტალინი უბედურების სათავე და ცუდი? პასუხი ერთმნიშვნელოვანია: სტალინის სიდიადეზე მის მიერ შექმნილი ზესახელმწიფო და მისი გამარჯვებები მეტყველებს, მის სიცუდეზე კი არ არსებობს დოკუმენტური მასალა, გარდა ყურმოკრული ამბებისა მასობრივ ტერორსა და შიმშილზე.
ამდენად, ბატონი ლევანის გაკვირვება, რომ საქართველოში სტალინის შესახებ არაფერი იციან, ხალხის ბრალი არ არის. ამ ამბავში ურევია ფარული მტრის ხელი, რომელიც გვისპობს ტრადიციას, ისტორიას, სარწმუნოებასა და მორალს.
ბატონმა ლევან სვანაძემ შექმნა უკვდავი პოლიტიკური ლიტერატურა, რომელსაც იცნობს მსოფლიოს დიდი სახელმწიფოების სამეფო ოჯახები, პრეზიდენტები და პოლიტიკური ელიტა, რომელსაც ნახავთ დასავლეთისა თუ აღმოსავლეთის დიდ წიგნსაცავებში.
ბატონი ლევან სვანაძის კალამს ეკუთვნის ენციკლოპედიური ნაშრომი ინგლისის ომის შემდგომ განვითარებაზე, აგრეთვე, ნაშრომები რუდოლფ ჰესის გადაფრენის საიდუმლოზე, უინსტონ ჩერჩილზე, მარგარეტ ტეტჩერზე, შარლ დე გოლზე, ადოლფ ჰიტლერზე, მუსოლინიზე, ნაპოლეონზე, უილიამ გლადსტონზე, ენტონი იდენსა და სხვებზე.
ბოლოს, როდესაც თეთრმა გედმა მოიარა ყველა ზღვა და ოკეანე, ნახა ათასი ქვეყანა და მსოფლიოს გიგანტი პოლიტიკოსები, საქართველოსაც ეახლა და ბაზალეთის ტბაში შეცურა, ტბის ძირში დადგმული ოქროს აკვანი ნისკარტით ამოიღო, რომელშიც იწვა ყრმა, რომელსაც კაცობრიობა ელოდა მხსნელად და მფარველად (ილია ჭავჭავაძე).
აი, რას წერს და მღერის თავის ბოლო სიმღერაში (გედი მხოლოდ ერთხელ მღერის) უამრავი პოლიტიკური ბიოგრაფიის ავტორი:
“ისინი იყვნენ წინა საუკუნის გოლიათები, რომლებმაც, თავიანთი ბუმბერაზობის მიუხედავად, ოდნავაც ვერ დაჩრდილეს კაცი, რომელიც არატრადიციული დიპლომატიის სამყაროდან წამოიმართა და, ფაქტობრივად, ერთადერთმა შექმნა ისეთი იმპერია, რომლის ნგრევის შედეგებს ახლაც კი, ლამის საუკუნის შემდეგ, თავსა და ბოლოს ვერ აბამენ. ეს სასწაულმოქმედი ადამიანი (სხვას ვერაფერს ვუწოდებთ) გახლდათ, ჩერჩილის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, “მეჩექმის შვილი” (გორელი მეჩექმის შვილი _ გრ. ონიანი) იოსებ სტალინი _ კაცი, რომლის პირამიდის დანგრევას, აი, უკვე ნახევარი საუკუნეა, ვერ ახერხებენ მსოფლიოს ყველა ჯურის ძალები _ პოლიტიკურ–მასონური წრეებით დაწყებული და რუსი ნაციონალისტებით დამთავრებული. მათი შოვინისტური ცდები არც ისე წარმატებულია, რამეთუ იმდენად დიდი და ცემენტირებულია ეს პირამიდა, რომ თავისი შეჭიდულობით უფრო მტკიცე გამოდგა, ვიდრე ცნობილი ეგვიპტური პირამიდები ხეოფსის პირამიდის ჩათვლით”.
ავტორი წერს 1931 წელს კრემლში გამართულ შეხვედრაზე ჯორჯ ბერნარდ შოუსა და ლედი ნენსი ასტორთან.
“ნენსი ასტორი ინგლისის პარმლამენტის პირველი ქალი დეპუტატი გახლდათ, დიდი პოლიტიკური და ინტელექტუალური წინაპრებით. ინგლისში მოპოვებული მასალების მიხედვით, ნენსი ასტორი პოლემიკაში ჩაბმულა სტალინთან. პირველივე საკითხში, რომელიც ინგლისში სოციალიზმის მშენებლობას ეხებოდა ლეიბორისტების აღორძინების შედეგად, სტალინმა მწარე დამარცხება აგემა ქალბატონ ნენსის.
დამარცხებულმა ნენსი ასტორმა უკან დახევას ისევ შეტევა ამჯობინა და სტალინს ურჩია, მიეწვია მასთან ინგლისის პრემიერმინისტრი ლოიდ ჯორჯი.
_ რატომ უნდა მოვიწვიოთ იგი ჩვენს ქვეყანაში, როდესაც სწორედ ის ხელმძღვანელობდა ინტერვენციას ჩვენ წინააღმდეგ?
_ ეს არ არის სწორი, _ თავმომწონედ განაცხადა ნენსიმ, _ ეგ იყო ჩერჩილი და არა ლოიდ ჯორჯი. იგი შეცდომაში სწორედ ჩერჩილმა შეიყვანა.
_ ვერ დაგეთანხმებით… იმის ცოდნა არ იქნებოდა ურიგო, რომ მთავრობის მოქმედებაზე პასუხს აგებს არა მინისტრი, არამედ პრემიერმინისტრი. ლოიდ ჯორჯი მემარცხენე იყო, პასუხისმგებლობაც მას ეკისრებოდა, ჩვენ კი მოჩვენებით მეგობრებს აშკარა მტრებს ვამჯობინებთ.
ნენსი ასტორი მეორეჯერაც სასტიკად დამარცხდა. ეს მისთვის წარმოუდგენელი ტრაგედია იყო, მაგრამ თავი შეიკავა და სტალინს შემრიგებლური სიტყვა შეაგება, _ იყოს ასეო და დასძინა, _ ყოველ შემთხვევაში ჩერჩილის საქმე უკვე დამთავრებულიაო.
_ ვერც მაგ შემთხვევაში დაგეთანხმებოდით. მე მწამს, რომ კრიტიკულ მომენტში (ესე იგი, თუ ახალი ომი დაიწყო) ინგლისელი ხალხი შეიძლება, კვლავ მოუბრუნდეს ამ ძველ მეომარ ცხენს, _ უპასუხა სატალინმა”.
1940 წლის 10 მაისს ჩერჩილი პრემიერმინისტრი გახდა.
ეს ყველაფერი სტალინმა 1931 წელს, თითქმის 10 წლით ადრე, თითქოს სარკიდან არეკლილი დაინახა.
“ჩერჩილის “მეორე მსოფლიო ომის ისტორია”, რომელიც მემუარული ხასიათისაა, ინგლისურ ენაზეა დაწერილი და ეკუთვნის კაცობრიობას, როგორც ნიმუში სტალინის უდიდესი პოლიტიკური გამჭრიახობისა, მისი თავისებური სუპერმენობისა, რომელმაც 10 წლით ადრე ივარაუდა, რომ ჩერჩილი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი გახდებოდა”, _ ასკვნის წიგნის ავტორი ლევან სვანაძე.
სტალინმა მსოფლიოს პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის პირველი ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი ენტონი იდენი მიიღო. ეს რევოლუციიდან 20 წლის შემდეგ მოხდა. ამ შეხვედრებზე იდენი თავის მოგონებებში წერს:
“როგორც კი კარი გაიღო, დავინახე იქ მდგომი დაბალი, ჩასკვნილი კაცი, რომელსაც თმები “ენპროსეს” ყაიდაზე დაეყენებინა. ეცვა ტანსაცმელი, რომლის გარეშეც იშვიათად მინახავს, მაგრამ იდეალურად სუფთა და გაწკრიალ-გაპრიალებული. ეს შეხვედრა პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სტალინი დასავლეთის წარმომადგენელს იღებდა, რაც ჩემი ტურის ცენტრალური კოზირი გახლდათ. სტალინმა პირველი შეხვედრისთანავე დამიპყრო. ეს ჩემი შეხედულება არასოდეს შერყეულა. მისი პიროვნება ყოველგვარი ძალდატანებისა თუ გადაჭარბების გარეშე ქმნიდა შთაბეჭდილებას. მას კარგი ბუნებრივი მანერები აქვს, შესაძლებელია _ ქართული წარმოშობისა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი მისი დაუნდობელი ხასიათის შესახებ, მაინც ყოველთვის პატივს ვცემდი სტალინის გონების მაღალ დონეს და, მიუხედავად დიდი სიმპათიისა, ვერასოდეს შევძელი მისი სრული ანალიზი. შესაძლებელია, ეს ხდებოდა მისი პრაგმატიზმის გამო. სრულიად არ იყო ძნელი იმისი გარკვევა, რომ თქვენ ესაუბრებოდით პარტიულ კაცს, რომელიც არასოდეს ახსენებდა კარლ მარქსს. ომის პროცესში, ჩერჩილთან ერთად თუ მარტო, ჩვენი არაერთგზის შეხვედრისას, ყოველთვის იძებნებოდა გამოსავალი დღის წესრიგის მძიმე ხასიათის მიუხედავად. მე კონფერენციებზე არასოდეს შევხვედრივარ უკეთესად წარმოდგენილ ადამიანს. საუკეთესოდ ინფორმირებული იყო ყველაფერზე, რაც საქმეს ეხებოდა. სტალინი გახლდათ წინდახედული, მაგრამ არა ზოზინა. ხმის ნაკლებად ამწევი, უცნაური, ირონიზებული იუმორის მიდრეკილების. უმშვიდესი დიქტატორი იყო მათ შორის, ვისაც ვიცნობდი. დიახაც, სტალინში იგრძნობოდა ძალა!”
სტალინმა იდენს ისიც უთხრა, რომ პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში ხანძრის მხოლოდ ერთი კერა არსებობდა გერმანიის სახით. 1931 წლის ნოემბერში გერმანია-იაპონიის ხელშეკრულების დადების შემდეგ ომის ორი კერა გაჩნდა _ ევროპასა და შორეულ აღმოსავლეთში. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მათ მალე იტალიაც შეუერთდება, ამით წარმოიქმნება ღერძი სახელმწიფოები სამკუთხედით _ ბერლინი-რომი-ტოკიო. ეს დაახლოებით ის პერიოდია, როდესაც სტალინი ფრიად მართებულ დასკვნებს აკეთებს საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში. და არის თუ არა ეს მსოფლიო დიპლომატიის ფენომენური ნიმუში? _ სვამს კითხვას ბატონი ლევან სვანაძე.
წიგნის ავტორი იხილავს ლოიდ ჯორჯის მემუარებს, რომელსაც კითხულობდა მოქმედი პრემიერმინისტრი სტენლი ბოლდუინი, როდესაც მას მეგობარი ეწვია. მეგობარმა ჰკითხა პრემიერმინისტრს, რა წიგნს კითხულობო.
“_ ეს ლოიდ ჯორჯის ახლახან გამოსული მემუარებია.
_ სხვათა შორის, მეც შევიძინე ეს წიგნი. ისე, საინტერესოა, როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?
პრემიერმა ღიმილით მიუგო მეგობარს: _ ვიცოდი, რომ ომი ლოიდ ჯორჯმა მოიგო, მაგრამ აქამდე არ ვიცოდი, რომ მან ეს მხოლობით რიცხვში მარტოდმარტომ გააკეთაო”.
ამ ამბავზე ბატონი ლევანის კომენტარი ასეთია:
“ი. სტალინს კიდეც რომ დაეწერა მემუარები მეორე მსოფლიო ომზე, დაბეჯითებით გვწამს, რომ მსგავსს არაფერს მიიწერდა საკუთარ თავზე. არადა, ბოლო ხანს მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ საქმე დაახლოებით ასე უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ნახევრად ხუმრობითაც ვამბობთ, თუმც მასში ჭეშმარიტების გარკვეული წილია”.
ბატონ ლევან სვანაძეს საფუძვლიანი ეჭვი აქვს გამოთქმული, რომ სტალინი უნდა ყოფილიყო დირიჟორი ჰიტლერის მიერ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მიმართ გამოვლენილი აგრესიისა, რომელმაც ერთგვარად გადაარჩინა არა მხოლოდ სსრკ, არამედ მსოფლიო და ევროპის ცივილიზაცია. რა აძლევს ამ ეჭვის საფუძველს წიგნის ავტორს?
საქმე ის არის, რომ ჰიტლერს “ბარბაროსას” გეგმის განხორციელება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ადრე გაზაფხულიდან უნდა დაეწყო. სტალინი დარწმუნებული იყო ჰიტლერის მზაკვრულ განზრახვაში, მაგრამ დროის დეფიციტს განიცდიდა. 1940 წლის შემოდგომაზე სტალინმა ფინანსთა მინისტრ ზვერევს დაავალა, დაედგინა ევროპისა და აზიის ყველა ბაზარზე ცხვრის ტყავის ფასები სხვადასხვა პერიოდში. ზვერევმა არც კი იცოდა, რისთვის დასჭირდა სტალინს ცხვრის ტყავის ფასების დადგენა, მაგრამ, როდესაც მოპოვებული მასალა მიუტანა, სტალინმა თავისთვის ჩაილაპარაკა:
_ ვერაგი. ზამთრის ომისთვის არ ემზადება (ე.ი. ჯარისკაცების ქურქებისათვის ცხვრის ტყავს არ აგროვებსო _ გრ. ონიანი).
1941 წლის აპრილიდან იუგოსლავიის მიერ წამოწყებული ავანტიურა, რომელიც საბერძნეთის პრობლემებს მიება, ძნელად წარმოსადგენია, სხვა გამომწვევი მიზეზით ყოფილიყო შესრულებული, რამაც “ბარბაროსას” გეგმის დაწყება 6 კვირით გადაუვადა ჰიტლერს.
სამხედრო ექსპერტები მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად თვლიან ომის 6 კვირით გადავადებას, შედეგად მოსკოვის მისადგომებთან მისვლა ჰიტლერს სწორედ 6 კვირით დააგვიანდა და მთავარსარდალთან ერთად მოსკოვის დაცვაში გენერალი ზამთარშიც აქტიურად ჩაება.
არავის შეეძლო ომის დაწყება გაეთვალა ისე, როგორც სტალინს. სწორედ ამას მიიჩნევს წიგნის ავტორი სტალინის პირველ დომინანტად და იქვე აღნიშნავს: “უპოვარ მორწმუნეს უფალი დახმარებას არ მოაკლებს”.
ომის დროს ჩერჩილის მორიდებულ შენიშვნას, _ ყურად რომ გეღოთ ჩემი გაფრთხილება, ზარალი ნაკლები იქნებოდაო, სტალინმა უპასუხა, რომ არავითარი გაფრთხილება არ სჭირდებოდა, რადგან სწამდა, ჰიტლერი ისეთი სულელი არ იყო, შეტევა ზამთარში წამოეწყო და ომის საფრთხე 1942 წლის გაზაფხულისთვის ჰქონდა გადაწეული.
სტალინის უდიდეს ინფორმირებულობას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიმდინარე პროცესებზე ბატონი ლევანი მიაწერს შემდეგ გარემოებას:
“მინდა, მკითხველს შევახსენო, რომ მსოფლიოს ისტორიაში არავის და არასდროს (არც ნაპოლეონს, არც ბისმარკს და ა.შ.) ჰყოლია ისეთი დაზვერვა, როგორიც საბჭოთა კავშირს. საბჭოთა დაზვერვამ ბერიას ხელმძღვანელობით ისეთ წარმატებებს მიაღწია, როგორზეც ვერ იოცნებებდა ვერც ერთი ქვეყნის უშიშროების სამსახური. მეტიც: გვინდა, ჩვენმა მკითხველა იცოდეს, რომ დასავლეთში წიგნებიც კი არის გამოცემული იმის მტკიცებულებით, რომ ომი შვეიცარიაში იქნა მოგებული. ამაში იგულისხმება იქ საბჭოთა რეზიდენტურის არსებობა (“დორას ფსევდონიმით”), რომელიც უპრეცედენტოა მსოფლიო დაზვერვების ისტორიაში. ამ ჯგუფის მიერ მოწოდებული ცინცხალი ინფორმაცია ნაცისტი ხელმძღვანელის საქმიანობაზე ყოველდღიურად იდებოდა სტალინის მაგიდაზე. რაც მთავარია, ჰიტლერმა და ნაცისტურმა ხელმძღვანელობამ იცოდა ამ ინფორმაციის გადინებისა თუ გაჟონვის თაობაზე და რა ზომებს არ მიმართა, მაგრამ წყაროს ვერ მიაკვლია. ოფიციალურად იგი არც დღეს არის მიკვლეული და, ალბათ, არც მომავალში გაიხსნება, თუ არ მოხდა რაღაც შემთხვევა. ერთადერთი მეკავშირე, რომელიც ამ ჯგუფსა (ე. ი. “დორას” ჯგუფის) და მაღალი დონის გერმანელ ინფორმატორს შორის მოქმედებდა, 1958 წელს გარდაიცვალა და თან წაიღო ეს საიდუმლო.
გვსურს, განვაცხადოთ, რომ ბოლო 30-40 წელია, ჩვენც ვიძიებთ ამ საკითხს. ინგლისსა და შეერთებული შტატებიდან ჩამოტანილი მასალების საფუძველზე მივედით დასკვნამდე, რომ ეს ინფორმატორი გახლდათ ძალზე მაღალი ჩინის გერმანელი ოფიცერი, არმიის გენერალი ერიხ ფელგიბელი _ ვერმახტის კავშირგაბმულობის ძალების უფროსი და პასუხისმგებელი პირი ხელმძღვანელობის კონტაქტებისა პირადად ჰიტლერთან და “ეს-ეს”-ის თავკაცობასთან. ერიხ ფელგიბელი, ამასთანავე, იყო წევრი ჰიტლერის წინააღმდეგ გენერალთა შეთქმული ჯგუფისა, რომელმაც განახორციელა ფიურერზე თავდასხმა 1944 წლის 20 ივლისს, როდესაც პოლკოვნიკმა კლაუს შტაუფენბერგმა ბომბი დადო ჰიტლერის მაგიდის ქვეშ მის შტაბ-ბინაში _ აღმოსავლეთ პრუსიაში (ვოლფშანცეში).
ბომბი აფეთქდა, დაიღუპა ბევრი დამსწრე, მაგრამ ჰიტლერი გადარჩა. დაიწყო რეპრესიები. არაოფიციალური ცნობით, დააპატიმრეს 7 ათასი ოფიცერი, მათ შორის სამი ფელდმარშალი. დაპატიმრებულთა შორის იყო ერიხ ფელგიბელიც, რომელიც ამ თათბირსაც ესწრებოდა. ვიღაცამ გასცა იგი. როდესაც ჰიტლერის ყურს მისწვდა ეს ინფორმაცია, მან იგი დახვრიტა (8 აგვისტოს), ყოველგვარი სასამართლოს გარეშე. ჩვენი აზრით, ჰიტლერმა ეჭვი აიღო, რომ ინფორმაციის გადინება ფელგიბელის საშუალებით ხდებოდა, ამიტომაც არ დაელოდა საქმის გამოძიებას”.
“დიპლომატიის უდიდესი უნარისა და ინფორმირებულობის უმაღლეს დონეს წარმოადგენს 1940 წლის 27 სექტემბერს ტოკიოში იაპონიის, გერმანიისა და იტალიის მიერ გაფორმებული სამხედრო პაქტი. მომდევნო წლის 25 მარტს ვენაში ჩავიდნენ იუგოსლავიის პრემიერმინისტრი დრაგიშა ცვეტოვიჩი და საგარეო საქმეთ მინისტრი ცინცარ–მარკოვიჩი, რომლებმაც ხელი მოაწრეს სამთა კავშირთან შეერთებას.
28 მარტს, როდესაც ისინი უკან ბრუნდებოდნენ, საზღვრის გადაკვეთისთანავე დააპატიმრეს იუგოსლავიის უშიშროების ორგანოებმა. წინა დღეს ბელგრადში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა ავიაციის გენერალ დუშან სიმოვიჩის ხელმძღვანელობით, რომელიც ჩაუდგა კიდეც სათავეში ხელისუფლებას. 5 აპრილს კი, გადატრიალებიდან ერთი კვირის თავზე, პრესაში გამოქვეყნდა საბჭოთა კავშირ-იუგოსლავიის მეგობრობისა და თავდაუსხმელობის ხელშეკრულება. კი მიხვდა ჰიტლერი, ვინ მოაწყო ანტიგერმანული გადატრიალება ბელგრადში, მაგრამ გვიანღა იყო, ამიტომ მისი ბრძანებით საბერძნეთის წინააღმდეგ მიმართულ ოპერატიულ გეგმა “მარიტას” დაუმატეს იუგოსლავიაც და 6 აპრილს ორივე ქვეყნის წინააღმდეგ დაიწყეს საომარი მოქმედება”.
ასე გადაიდო “ბარბაროსას” დაწყების თარიღი მთელი 6 კვირით, _ აზუსტებს პროფესორი ლევან სვანაძე.
ეს სტალინის პირველი დომინანტი გახლდათ. მეორე იყო 1941 წელს იაპონიასთან 5 წლის ვადით თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმება, რომლის ახსნა და გაგება ჯერ კიდევ ვერ შეძლო უამრავმა მეცნიერმა და მკვლევარმა. აი, როგორ აფასებს ბატონი ლევანი ამ ხელშეკრულებას.
“სტალინი გახლდათ პირველი თანასწორთა შორის, ის, უბრალოდ, შეუდარებელი და განუმეორებელი იყო. განა სხვას ამ რაკურსით დაუნახავს ან უთქვამს რამე? იგი ხომ უბრალო პაქტი არ იყო და, მით უმეტეს _ თავდაუსხმელობის? ყურადღება იმასაც მიაქციეთ, რომ ხელშეკრულება 5 წლის ვადით გაფორმდა, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი ადრე თითქმის ეძიებდა თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას იაპონიასთან.
სასწაულის ტოლია ისიც, რომ სტალინმა 1941 წელს იწინასწარმეტყველა, რომ ომი ევროპაში 1945-ში დამთავრდებოდა და მის ქვეყანას იურიდიული უფლება ექნებოდა, ცალმხრივად გაეუქმებინა ნეიტრალიტეტის პაქტი მე-4 წლის თავზე იაპონიის მხრიდან მისი შინაარსის დარღვევის შემთხვევაში.
საბჭოთა კავშირმა ასეთი დარღვევები ნავარაუდევი 4 წლის განმავლობაში იაპონიას 100-ზე მეტი “უპოვა”, 1945 წლის აპრილში (ოთხი წლის თავზე), ცალმხრივად გააუქმა ნეიტრალიტეტის ეს პაქტი, ხოლო 9 აგვისტოს ომი გამოუცხადა მას. ასე რომ, არც სამართალი დაურღვევია და არც მორალური მხარე”.
თეირანში, იმის მიუხედავად, რომ კანადაში თითქოს და საბოლოოდ შეთანხმდა 1944 წლის 1 მაისისთვის მეორე ფრონტის გახსნა, ჩერჩილი კვლავ შეეცადა ამ თემის წამოწევას, რაც სტალინმა აღარ აპატია და პირდაპირ დაუსვა კითხვა:
_ გინდათ თუ არა, გახსნათ მეორე ფრონტი?
კედელთან მიმწყვდეულმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ოდნავ გასაგონად ამოილუღლუღა: “როგორ არა, მაგრამ ბალკანეთის ვარიანტი ხომ არ აჯობებდა”.
მატარებელი უკვე დაძრული იყო ბაქნიდან. ნაცისტური გერმანიის ბედი საბოლოოდ გადაწყდა. ევროპის სრული ბატონ-პარტონი სტალინი გახდა. ეს სტალინის მესამე დომინანტი იყო”.
ბატონი ლევან სვანაძე თავის წიგნს “სტალინის დიპლომატია” ასე ამთავრებს:
“ზემოხსენებულ სამ დომინანტს დაუმატეთ სხვა ორი პოსტულატიც და ჯამში მივიღებთ ვერტიკალს, რომლის წვერი კოსმოსში იქნება ატყორცნილი და მის თავზე სტალინის პორტრეტი წარმოიდგინება”.
გრიგოლ ონიანი
სტალინის გენიალურ აზროვნებაზე და მოქმედებებზე ბევრი რამ წამიკითხავს მის თანამედრონე ადამიანთა წიგნებიდან და შეფასებებიდან. მაგრამ აქედან ბევრი რამ დაკონკრეტებულია ამ წიგნში . რაცძალიან მომეწონა. ვინც სტალინს აკრიტიკებს დღეს თბილ სავარძელში ჩამჯდარი და ამტკიცებს სტალინის შეცდომებს ომის მსვლელობაში მგონია უწიგნური ან სულგაყიდული. კიდევ ვიკითხავ – ნუთუ ნაპოლეონს არსად დასცდენია ფეხი / თუნდაც მოსკოვი ბრძოლები/ მაგრამ რომელიმე ფრანგს აზრად მოუვა დაჯდეს და ნაპოლეონის საქმიანობა – ბრძოლები ამოქექოს? რა ვართ ასეთი ეს ქართველები? მე პირადად სტალინისტი ვარ არ ვმალავ და არც არასდროს დავმალავ ამიტომ ვიზიარებ ოდესღაც ვახტანგ გოგიაძისეულ შეფასებას : სტალინი ღმერთზე დაბლა იდგა მაგრამ ადამიანზე – ბევრად მაღლაო…..
ძალიან მომეწონა