Home რუბრიკები ისტორია ატომური პილოტი

ატომური პილოტი

624

_ ფრედ, _ ვეუბნები, _ ფრედ მეტი აღარ შემიძლია! გუშინ ბერნსტაინმა თავი ჩამოიხრჩო. საჭიროა რაიმე ვიღონოთ, ფრედ!

_ გამოაგდე საღეჭი რეზინი, _ საქმიანად მირჩევს მაკ-კორმაკი, ის ხელს გიშლის. უჰ! როგორ ცხელა თქვენთან.

მაკ-კორმაკის დახრილ შუბლზე ოფლის მსხვილი წვეთები ბრწყინავს. იგი სულს ითქვამს, ცხვირსახოცით იწმენდს შუბლს: მოურიდებლად იხდის პიჯაკს და სკამის ზურგზე ჰკიდებს.

ის სულაც არ არის ისეთი უგრძნობელი, როგორადაც თავს გაჩვენებს. ცდილობს დამაწყნაროს, ყურადღებას მიფანტავს.

_ ბერნსტაინი _ აი, ის პატარა, ყურპანტურა? რამ აიძულა?

_ ვინ იცის, _ ვპასუხობ მე.

ფრედი ჩაფიქრებული ისრესს ნიკაპს.

_ ცუდია…

მეზობლად კონოლები მოეწყვნენ. მისის კონოლი, პატარა, ნაოჭებიანი იტალიელი ქალი, ცდილობს შვილს პირში ღვეზელის ნაჭერი ჩასჩაროს. ბილი ენით უკან აგდებს მას და ხარხარებს. მისის კონოლი საცოდავად იღიმება და ცდას იმეორებს. არაფერი გამოსდის. სხვანაირადაა საჭირო.

_ მაიორი კონოლი! _ ვღრიალებ.

ბილი თვალებს აჭყეტს.

_ დიახ, სერ!

_ თვითმფრინავი უნდა გავმართოთ. ჩვენ ესენისკენ მივფრინავთ.

_ დიახ, სერ!

ბილი გაცხარებით იღეჭება. მისის კონოლი მე და ფრედს მადლიერ მზერას გვაპყრობს და ჯიბიდან ვაშლს იღებს. ცხვირსახოცით წმენდს მას და ელოდება მომენტს, რომ პირში ჩაუდოს შვილს.

_ ჰოო… _ გაბმით ამბობს ფრედი. იგი ოდნავ დაბნეულია.

_ და ასეა ყოველდღე, _ ვამბობ, _ ასე დიდხანს ვერ გავძლებ. ნუთუ არავითარი იმედი არ არსებობს?

თანდათან ვღიზიანდები. მაკკორმაკს რა უჭირს. იგი აქ მხოლოდ სტუმარია, მე კი _ მცხოვრები. მე რომ გამიგოს, უნდა გარდაისახოს. ფრედი ძალზე დინჯია, მას ფანტაზია არ ჰყოფნის.

კონოლი ვაშლს ახრაშუნებს და ყელში ეჩხირება.

_ იცით, კლოდ, _ ამბობს მაკ-კორმაკი, _ ძალიან მიჭირს თქვენთან საუბარი. თქვენ საძაგელი ხასიათი გაქვთ.

_ ეს ვის, მე?

_ თქვენ, თქვენ ინტელიგენტი ხართ. აირინი თქვენზე მტკიცეა, ის თქვენ ას ქულას მოგცემთ წინდაწინ. მას ახლა უჭირს, მაგრამ ჩემთან შეხვედრისას მხოლოდ თქვენზე ლაპარაკობს, კლოდ. თქვენ კი არც გიკითხავთ, როგორაა მისი საქმეები.

_ ის გაემგზავრა, ლარიმ ბარათი მომიტანა.

_ ეს გამართლება არაა. ნუთუ არ შეგიძლიათ, იყოთ სულ ცოტათი ნაკლებად ეგოისტი?

_ რა შეიძლება მოსთხოვო ინტელიგენტს? ლარი მირჩევს ზნეობრივი სრულყოფით დავინტერესდე, თქვენ გინდათ, რომ რობოტი გავხდე…

_ სრულიადაც არა. კლოდ, უბრალოდ, იყავით მხნედ. თქვენი საქმეები არც ისე ცუდადაა.

_ გმადლობთ ნუგეშისცემისათვის.

ფრედი იღუშება, მაგრამ არ მედავება. თანდათან სირცხვილის გრძნობა მეუფლება, მაგრამ სიჯიუტე მაიძულებს განვაგრძო.

_ ისღა გვაკლია, ღვეზელით კვება დამაწყებინოთ… მაგრამ გარწმუნებთ, ცოტა კიდევ და კონოლის, ასტორს ან კანდინსკის დავემსგავსები.

_ ციხე ჯობია? _ მკაცრად მეკითხება ფრედი.

_ დიახ, ათასჯერ.

ფრედი მსუქან მხრებს იჩეჩს.

_ იცით, _ მეუბნება იგი, _ ლარი მართალია: თქვენ მაინც ფსიქოპათი ხართ.

მაკ-კორმაკს კამათში ვერ აჯობებ. როგორც ყოველთვის, ის მოხერხებულად გაურბის კითხვებს და ყველაზე მტკივნეულ ადგილას გირტყამს. მე თითქმის ვყვირი:

_ გაგაჩნიათ კი რაიმე წმიდა?

_ გვაქვს, _ მპასუხობს ფრედი, _ აბა, რისთვის ვწვალობ, თქვენთვის? _ თქვენ ჩამოყალიბებული ინდივიდუალისტი ბრძანდებით და არ ხართ იმის ღირსი, რომ თქვენი უკვდავი სულისთვის ვიბრძოლოთ…

ასეა ყოველთვის. ახლა ჩემს დაცინვას დაიწყებს, თეთრ ცხელებამდე მიმიყვანს, შემდეგ კი, შეშინებული, დამშვიდებას დამიწყებს. ასეთი მანერა აქვს. ნეტავ, რისთვის ჩავები ამ უაზრო დავაში?

მჭიდროდ მიწყობილ სკამებს შორის დავიარებით, ჩვეენკენ გზას იკვლევს ლარი. მაკკორმაკს შორიდან უქნევს ხელს.

_ მიეცით კლოდს ვალერიანის წვეთები, _ ამბობს მაკ-კორმაკი, ლარი იცინის.

_ უკვე?

თავს ვერ ვიკავებ და ვიღიმები.

_ ვალერიანის წვეთები მოიცდის, _ ასკვნის ლარი, _ თუ სასწრაფოდ დაგჭირდებათ, დამიძახეთ. მე დარბაზში ვიქნები.

ფრედი თავს აქნევს და მძიმედ ტრიალდება ჩემკენ. ხელს მადებს მუხლზე.

_ კლოდ, ხელში აიყვანეთ თავი და თუ დაიწყებთ სიხარულისაგან ხტუნვას, როცა ჩემს ნათქვამს მოისმენთ. პარასკევს შტატის უმაღლესი სასამართლო განიხილავს თქვენს კასაციას…

_ ფრედ…

ჩემი გული სადღაც ქვევით მიექანება _ უძირო უფსკრულში.

_ მერე, მერე, _ ხმას იბოხებს მაკ-კორმაკი და ცხვირის მოხოცვას იწყებს. იგი ამას საფუძვლიანად აკეთებს; საგულდაგულოდ იწმენდს სათითაოდ ორივე ნესტოს. შემდეგ კეცავს ცხვირსახოცს და ნაღვლიანად იღიმება.

წარმოგიდგენიათ, კაცს უხარია, რომ ციხეში ამწყვდევენ.

_ სამუდამოდ ხომ არა!

_ ოციდან ოცდაათ წლამდე.

_ ოცდათვრამეტისა ვარ. კიდევ მოვესწრები.

_ სევდისმომგვრელი არითმეტიკაა.

_ მაგრამ, იქნებ არის რაიმე შანსი?

_ ძალზე მცირე. თქვენ გაგასამართლებენ როგორც განგსტერს, მაგრამ პოლიტიკური დანაშაულისათვის. მოსამართლეები თქვენს წინააღმდეგ არიან განწყობილნი. ასეთ პროცესებზე განაჩენი წინასწარ არის გამოტანილი. გახსოვს ელიზაბეტ ფლინი?

_ ბუნდოვნად… ის, ვგონებ, კომუნისტია?

_ და ძალზე ცნობილიც. მე ვიყავი ფოლისკვერზე, როცა ისმენდნენ მის საქმეს. მოსამართლე დიმოკი და პროკურორი ლეინი ისე იქცეოდნენ, თითქოს ლინჩის წესით ასამართლებდნენ. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ფლინს ისინი დიდი ხნით ჩაამწყვდევდნენ.

_ მე კომუნისტი არა ვარ.

_ მაგრამ არც ჩვეულებრივი მძარცველი ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში გუბერნატორი ადრე თუ გვიან შეგიწყალებდათ. განგსტერებს ლიბერალურად ექცევიან. აქ არაფერია გასაკვირი. პროკურორი ლეინი, როცა ელიზაბეტს დებდა ბრალს, სამთითა ბრაუნის კმაყოფაზე იყო. და, არა მხოლოდ ის, არამედ ნიუიორკის მერი ვინსენტ იმპელიტერი, მოსამართლე ირვინ საიროლი და ფედერალური მოსამართლე თომას მერფიც. თქვენ ეს სახელები არაფერს გეუბნებათ, მე კი მერფისთან ერთად ვსწავლობდი კოლეჯში. იგი ჩემი მეგობარი იყო. სამთითა ბრაუნმა მოსამართლის ადგილი უყიდა. ეს ადგილი ასი ათასი დაუჯდა.

რაც უნდა ის უქნია ამ მერფის. მისი ისტორია ნაკლებად მაღელვებს. მოსყიდული მოსამართლეც არცთუ ისეთი იშვიათობაა, რომ ღირდეს მასზე ამდენი ლაპარაკი. უფრო მნიშვნელოვანია, რომ არსებობს საავადმყოფოდან თავის დაღწევის იმედი. ციხე არ მაშინებს. “განუსაზღვრელი ვადა” და ოცი წელი _ სხვადასხვა ცნებაა, რატომღაც მინდა დავიჯერო, რომ მოსამართლე უმცირეს სასჯელს გამოიტანს.

ვიღაც გაუბედავად მეხება მხარზე. ვტრიალდები.

მისის კონოლი თვალებში ჩამცქერის.

_ მისტერ ემრიჩ, _ მეუბნება იგი, _ ო, მისტერ ემრიჩ…

ის მზადაა აქვითინდეს, მაგრამ ჯერ თავს იკავებს; მისი უზარმაზარი თვალები მოხუცის ჩამუქებული უპეებით, ცრემლით ივსება.

_ თქვენ ისეთი კეთილი ხართ ბილის მიმართ, _ მეუბნება იგი, _ ღმერთი არ გაგწირავთ, ღვთისმშობელ მარიამს შევევედრები თქვენს ბედნიერებას.

რატომ ლაპარაკობს ყველაფერ ამას? ისედაც მცირე მხნეობა შემრჩენია. თუ იგი ახლა არ წავა, ეშმაკმა იცის რა მოხდება?

_ გმადლობთ, _ ძლივს ვამბობ და ბოღმა ყელში მებჯინება.

მისის კონოლი ხშირ-ხშირად ახამხამებს თვალებს, პირჯვარს მწერს და ცუნცულით ბრუნდება ბილთან. ბილი ისევ იღეჭება.

_ არ შეგიძლიათ, რომ მეგაზეთეები გორდონს მივუსიოთ? _ ვეკითხები ფრედს.

მაკ-კორმაკი დაეჭვებული აქნევს თავს.

_ არა მგონია. გაზეთები ისეა დაკავებული ჰარამშელდითა და დოკებში მომხდარი უკანასკნელი ხანძრით, რომ საგიჟეთებისთვის აღარ სცალიათ. ომის ვეტერანები აღარ არიან მოდური. მე მივწერე სმიტს, _ იგი ჰერსტთანაა დაკავშირებული, _ მან კი პასუხის გაცემაც არ ინება.

_ ვიცი.

_ ერთადერთი გაზეთი, რომელიც დაინტერესდება, “უორქერია”.

_ ისევ კომუნისტები.

_ თქვენ ისინი არ გიყვართ, კლოდ? რატომ?

_ ასე არ ვიტყოდი. მე გულგრილი ვარ მათ მიმართ… რისთვის უნდა მიყვარდნენ? ისინი რუსეთზე ლოცულობენ, კრემლი კი წყალბადის ბომბებს აგროვებს. ორმოცდაცხრაში მათ თავიანთი “ჯო-ერთი” ააფეთქეს; ორმოცდაცამეტის აგვისტოში _ მშრალი წყალბადის სუპერი; ახლა ცდიან სამმაგი დაყოფის ბომბს. თუკი მე მძულს ჩვენი ბომბი, რატომ უნდა ვიყო სიმპათიით განწყობილი რუსულის მიმართ? ერთიცა და მეორეც უნდა აიკრძალოს.

_ კომუნისტები სწორედ ამას ცდილობენ.

_ გვეყოფა, ფრედ. მე არ ვაპირებ რწმენის შეცვლას.

ცოტა ნაწყენი ვარ. მაკკორმაკმა დაარღვია ჩვენი ძველი შეთანხმება _ არ შევხებოდით მსგავს თემებს. ფრედს ერთხელ და სამუდამოდ ვუთხარი, რომ არ მჯერა წითელი შპიონაჟის შესახებ მითებისა, თუმცა არც კომუნისტების დოგმატიზმი მეპრიანება. კმარა. ჩვენ ადრეც საკმაოდ ვიკამათეთ, მართალია, დიდი ჯოს სიკვდილის მერე ისინი უფრ მოქნილნი გახდნენ, მაგრამ ეს რას ამტკიცებს? მხოლოდ ერთს _ მათ არ სურთ გამანადგურებელი ომი. კრემლში საკმაოდ გონიერი ხალხი ზის _ ამას ვერ დავუკარგავ. მაგრამ _ კომუნიზმი? უტოპიაა.

ფრედმა მირჩია წამეკითხა მარქსი.

ეკონომიკური მონაცემები, ყველა ეს ბაზისები, ზედნაშენები, ზედმეტი ღირებულებანი _ ძალზე მშრალია, ძალზე სპეციალური. ეს ტერმინები ჩემთვის ისევე ნაკლებადაა გასაგები, როგორც, ვთქვათ, საჰაერო ბრძოლის თეორია პრინსტონელი ფეხბურთელებისათვის.

მე მიყვარს დრაიზერის ნაწარმოებები. დრაიზერი კომუნისტი იყო, მაგრამ მე ჰოვარდ ფასტის რომანებიც მომწონს. ის კი კომუნისტებს განუდგა.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here