Home რუბრიკები პოლიტიკა სარაევოდან ლატაკიამდე _ სირიაში მესამე მსოფლიო ომის აჩრდილი დაძრწის

სარაევოდან ლატაკიამდე _ სირიაში მესამე მსოფლიო ომის აჩრდილი დაძრწის

699

ვლადიმერ პუტინი: ეს იყო ზურგში დარტყმა. ეს ტრაგიკული მოვლენები სერიოზულ გავლენას იქონიებს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე

24 ნოემბერს სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვართან, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა რუსეთის ფედერაციის თვითმფრინავი СУ-24 ჩამოაგდეს. თურქეთის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსული თვითმფრინავი უსანქციოდ შევიდა თურქეთის საჰაერო სივრცეში. თვითმფრინავი 10-ჯერ გააფრთხილეს, რომ დაარღვია საზღვარი, რის შედეგადაც ის ორმა გამანადგურებელმა F-16-მა ჩამოაგდო. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, СУ-24-ს თურქეთის საზღვარი არ დაურღვევია, სირიის ტერიტორიის თავზე, 6000 კმ-ის სიმაღლეზე ფრენდა და მიუწვდომელი იყო გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსისთვის.

თურქეთის ხელისუფლების რეაქცია

თურქეთის პრემიერმინისტრი ახმეტ დავითოღლუ სასწრაფოდ შეხვდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელ ჰულუს აკარს. პრემიერმა საგარეო უწყების ხელმძღვანელს დაავალა, მომხდარზე კონსულტაციები გაემართა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და გაეროს წარმომადგენლებთან.

სირიაში რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თურქეთის თხოვნით, საგანგებო თათბირს გამართავს.

ეს ინციდენტი ძალიან გაართულებს ურთიერთობას რუსეთსა და თურქეთს შორის, რადგან რუსეთი აუცილებლად უპასუხებს თურქეთს და ეს პასუხი ძალიან მკაცრი იქნება. რუსი სამხედრო ექსპერტების აზრით, თურქეთმა დიდი სისულელე ჩაიდინა და, თუ ფიქრობს, რომ მას ნატო და აშშ დაეხმარება, ცდება.

რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ თურქეთი, ნატოს წევრი ქვეყანა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, F-16-ის პილოტი ვერ გაერკვია, ვისთან ჰქონდა საქმე, ანერვიულდა და ესროლა ბომბდამშენს, რომელსაც თავის დაცვა არც კი უცდია.

თუ თურქეთი ნატოს საბჭოს თათბირზე, სადაც სირიაში მომხდარ ინციდენტს განიხილავენ, დაამტკიცებს, რომ СУ-24-მა მისი საზღვარი დაარღვია და არ პასუხობდა მის სიგნალებს, ნატოს შეუძლია განაცხადოს, რომ თურქეთი მართალია და მისი დასჯის საბაბი არ არსებობს.

თუმცა ეს ყველაფერი მაინც რუსეთის რეაქციაზე იქნება დამოკიდებული. რუსეთის რეაქცია კი ძალიან მწვავე და დაუნდობელი იქნება, თუკი თურქეთისგან მხარდაჭერილი სირიელი თურქმენები მათ ხელში ჩავარდნილ რუს პილოტს მძევლად გამოიყენებენ ან სულაც მოკლავენ. ამ შემთხვევაში პილოტის სიკვდილზე პასუხისმგებლობა თურქეთს დააწვება მხრებზე.

ეს ინციდენტი თურქეთისთვის არამხოლოდ ეკონომიკურ დანაკარგებს გამოიწვევს, არამედ დიპლომატიური კავშირის გაწყვეტასა და მის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებასაც კი გახდის შესაძლებელს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთის (და არამხოლოდ) ეკონომიკური დანაკარგები საკმაოდ დიდი იქნება, რადგან სწორედ ლატაკიას, სირიასა და თურქეთის საზღვარზე გადის სანავთობე და არქეოლოგიური არტეფაქტების კონტრაბანდის გზა, თურქეთიდან კი “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს იარაღით ამარაგებენ. ეს მრავალმილიარდიანი ბიზნესია და მის განადგურებას თურქეთს არავინ აპატიებს.

ვის უჭერენ მხარს სირიელი თურქმენები, რომლებმაც

СУ-24-ის პილოტი ტყვედ აიყვანეს

ჩამოგდებული CУ-24-ის ორივე პილოტმა კატაპულტირება მოახერხა. ერთ-ერთი მათგანი, თურქულ გაზეთ Hurryet Daily News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სირიელმა თურქმენებმა დაატყვევეს, მეორე კი დაიღუპა. სირიელი თურქმენები რაოდენობის მიხედვით მესამე ხალხია სირიაში. მათი ენა ჰგავს აზერბაიჯანულს. ეს ხალხი სამოქალაქო ომში ისლამისტების მხარდამხარ იბრძვის სირიის პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ. ამით სარგებლობს თურქეთი და თავისი მიზნებისთვის იყენებს სირიელ თურქმენებს. ისინი ოფიციალურმა ანკარამ შეაიარაღა. სირიელი თურქმენების სამხედრო ძალები შედგება 12 დაჯგუფებისგან, რომლებსაც “თურქმენეთის მთის ბრიგადას” უწოდებენ, სწორედ მათი მეშვეობით ცდილობს თურქეთი სირიის ქალაქ რაკას (“ისლამური სახელმწიფოს” ე. წ. დედაქალაქი) ხელში ჩაგდებას, სანამ ამას სირიის სამთავრობო ძალები მოახერხებენ.

რუსეთის პრეზიდენტის რეაქცია

რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე კომენტარი იორდანიის მეფე აბდალა II შეხვედრისას გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსული თვითმფრინავი СУ-24 “ჰაერი-ჰაერის” ტიპის რაკეტით ჩამოაგდო თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორმა გამანადგურებელმა _ F-16-მა. СУ-24 კი თურქეთის საზღვრიდან 1 კმ-ით იყო დაშორებული და სირიის საჰაერო სივრცეში ფრენდა.

“რუსული СУ-24-ის ჩამოგდება სცდება ტერორიზმთან ბრძოლის ჩარჩოებს. ეს არის ტერორიზმის მხარდამჭერთა მიერ ზურგში დარტყმა. დღევანდელი ტრაგიკული მოვლენები სერიოზულ გავლენას იქონიებს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ თურქეთმა მას შემდეგ, რაც რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო, მიმართა არა რუსეთს, არამედ თავის ნატოელ პარტნიორებს. “თითქოს ჩვენ ჩამოვაგდეთ მათი თვითმფრინავი და არა _ მათ ჩვენი. მათ რა, სურთ, ნატო “ისლამური სახელმწიფოს” სამსახურში ჩააყენონ?!” _ გაკვირვებას ვერ მალავდა პუტინი.

“დიდი ხანია, ვიცით, რომ თურქეთის ტერიტორიაზე შედის “ისლამური სახელმწიფოს” მიერ მიტაცებული ნავთობპროდუქტები. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ამ ბანდას დიდძალი ფული აქვს. ახლა კიდევ ზურგში დარტყმა ჩვენს თვითმფრინავებზე, რომლებიც ტერორიზმს ებრძვიან. თანაც, ეს ხდება მაშინ, როდესაც ამერიკის პარტნიორებთან ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ჰაერში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად; თურქეთი კი, როგორც ცნობილია, მათ რიგებშია, ვინც თითქოს ტერორიზმს ებრძვის.

თუ “ისლამურ სახელმწიფოს” აქვს ამდენი ფული (როგორც დაიანგარიშეს, ასობით მილიონი, შეიძლება, მილიარდობით დოლარიც კი _ ნავთობით ვაჭრობიდან), პლუს მთელი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისგან დაცვა, მაშინ გასაგებია, რატომ იქცევიან ისინი ასე თავხედურად, რატომ ხოცავენ ადამიანებს სასტიკი მეთოდებით, რატომ აწყობენ ტერორისტულ აქტებს მსოფლიოში, მათ შორის ევროპის გულში”, _ დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

სარაევოდან ლატაკიამდე

28 ივნისი სერბეთში ეროვნული გლოვის დღეა. 1389 წლის 28 ივნისს კოსოვოს ველზე ბრძოლაში სერბთა ლაშქარი თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა. სწორედ ამიტომ ჩათვალეს სერბებმა გამიზნულ პროვოკაციად ავსტრია-უნგრეთის ერცჰერცოგის _ ფრანც ფერდინანდის ჩასვლა ავსტრია-უნგრეთის მიერ ანექსირებულ ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში და საიმპერიო ჯარის აღლუმზე დასწრება.

სერბულმა იატაკქვეშა ორგანიზაცია “შავმა ხელმა” გადაწყვიტა, თავს დასხმოდა ერცჰერცოგს. 1914 წლის 28 ივნისს 18 წლის სერბმა გავრილო პრინციპმა რამდენიმე ტყვია ესროლა ფრანც ფერდინანდსა და მის მეუღლეს, რომლებიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალნენ. ამის შემდეგ ავსტრია-უნგრეთის იმპერიამ სერბეთის სამეფოს ომი გამოუცხადა, რასაც პირველი მსოფლიო ომის დაწყება მოჰყვა.

ანალოგიური სიტუაციაა ახლაც, პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან 101 წლის შემდეგ _ ნატოსა და აშშ-ის შეგულიანებული თურქეთის მიერ ერთი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებამ მესამე მსოფლიო ომის დაწყება შეიძლება გამოიწვიოს.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. ნიკა ბატონს ყველაფერში ვეთანხმები,გარდა მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროების ხედვისა,რამეთუ პირველი მსოფლიო ომის დაწყება იმ ცნობილი მიზეზების გამო მაშინ არცთუ რთული გადასაწყვეტი იყო,ხოლო დღევანდელ ეპოქა ძირეულად განსხვავდება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის პერიოდისაგან,რამეთუ დღეს მსოფლიოში იმდენი სასიკვდილო იარაღია დაგროვილი,რომ თითქმის არავისთვისაა საიდუმლო,რომ აღიგვება პირისაგან მიწისა,როგორც მსოფლიო ომში ჩართული ქვეყნები,ისე მისი გამჩაღებლებიც,ასე რომ,მესამე მსოფლიო ომის დაწყების წინაპირობას მე ვერ ვხედავ…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here