Home რუბრიკები პოლიტიკა ირინა ვერეშჩუკი: ახლა უკრაინაში აღარც დგას ნატოში შესვლის საკითხი, რადგან ნატოში უკრაინას...

ირინა ვერეშჩუკი: ახლა უკრაინაში აღარც დგას ნატოში შესვლის საკითხი, რადგან ნატოში უკრაინას არავინ ელოდება

581

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე გვესაუბრება უკრაინელი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, უკრაინის ქალაქ რავა-რუსკაიას ყოფილი მერი ირინა ვერეშჩუკი, რომელიც 13-14 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში” გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ინიციატივითა და თაოსნობით გამართულ საერთაშორისო კავკასიურ მედიაფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

_ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა Politi­co.euსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინის პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავოს. როგორ შეაფასეს ეს განცხადება უკრაინაში? შესაძლებელია, სააკაშვილი მომავალში უკრაინის პრემიერად მოგვევლინოს?

_ დიახ, უკრაინაში ეს შესაძლებელია, რადგან, კანონით, ჩვენთან პრემიერს ხალხი არ ირჩევს, მას ნიშნავს პარლამენტი. ეს ერთგვარი კულუარული თამაშია და, ვისაც მოისურვებენ, პრემიერად იმას დანიშნავენ ისე, რომ ხალხს არავინ არაფერს ჰკითხავს. სხვა საკითხია, ეთიკური თუ არის ასეთი საქციელი, მაგალითად, ევროპაში უცხოელს პრემიერად არავინ დანიშნავს.

 უკრაინაში შეიქმნა არცთუ კარგი სიტუაცია _ ხალხს არ სჯერა მთავრობის, არ ენდობა მას. ამის მიუხედავად, არ ვიცი როგორ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა როგორღაც მოახერხა ხალხის გარკვეული ნაწილის ნდობის მოპოვება. რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის თქმა, რომ სააკაშვილს უკრაინელების დიდი ნაწილი ან თუნდაც ნახევარი უკრაინა ენდობა, მაგრამ თავისი ეპატაჟურობის წყალობით მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ნდობის მოიპოვება შეძლო. ის ხვდება ადამიანებს, ესაუბრება, აცნობს მათ თავისი მუშაობის შედეგებს, თუმცა მისი მრავალრიცხოვანი ინტერვიუების მოსმენის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილს არ ესმის, უკრანა სამართლებრივი სახელმწიფოა და, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კანონებზე, ცვლილებებზე, უნდა გვახსოვდეს, კანონი ყველასთვის ერთია. ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავს უფლებას აძლევს, გააკრიტიკოს უკრაინის პრემიერმინისტრი, რომელიც მისი ხელმძღვანელია. სააკაშვილი ხომ ხალხს არ აურჩევია, ის, უბრალოდ, დანიშნეს.

_ დღეს უკრაინაში სააკაშვილის თანამებრძოლი სხვა ქართველი პოლიტიკოსებიც იკავებენ მაღალ თანამდებობებს, რას ფიქრობენ ამაზე უკრაინელები?

_ უკრაინა დიდი ქვეყანაა და, ბუნებრივია, ყველას თავისი აზრი აქვს. არიან ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ეს ყველაფერი და მათ რიცხვს მეც მივეკუთვნები, რადგან მიმაჩნია, რომ 45 მილიონი უკრაინელიდან შეიძლებოდა ღირსეული კანდიდატების შერჩევა, მაგრამ უკრაინის უმაღლესი ხელისუფლება უკრაინის მთავრობაში თანამდებობაზე რატომღაც უცხოელებს ნიშნავს.

_ საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ მათ დასავლეთის მითითებითა და მხარდაჭერით ნიშნავენ

_ დიახ, ჩვენც ვფიქრობთ, რომ ეს გარედან ჩარევის შედეგად ხდება. ის, ვინც გვაძლევს ფულს, კრედიტებს, ასახელებს იმ გვარებსაც, რომლებიც უნდა დავნიშნოთ.

ჩვენ ისე გვიყურებენ, როგორც მესამე სამყაროს ქვეყანას; უკრაინას არავინ განიხილავს, როგორც სერიოზულ პოლიტიკურ მოთამაშეს. ასე რომ იყოს, ისინი მხარს დაგვიჭერდნენ და ყველაფერს გააკეთებდნენ უკრაინაში უკრაინელებით დაკომპლექტებული ნორმალური ხელისუფლების მოსასვლელად.

_ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშჩენკოს ცოტა ხნის წინათ წერილი გაუგზავნა და სთხოვა, ყურადღება მიაქციოს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საქართველოში რევოლუციის მოწყობას და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობს. მაგრამ ჩვენი პრემიერის მიმართვას უკრაინის ხელისუფლებამ დუმილით უპასუხა და ამით ერთგვარი უპატივცემულობა გამოხატა საქართველოს ხელისუფლებისადმი. როგორ აისახება ეს ვითარება უკრაინელი და ქართველი ხალხის ურთიერთობაზე?

_ დიახ, ეს ჩანს, როგორც უპატივცემულობა, რადგან რა გამოდის? საქართველოში სააკაშვილი დამნაშავედ ითვლება, უკრაინაში კი ის თანამდებობის პირია. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ უფრო მეტი უნდა იმუშაოს უკრაინის საინფორმაციო ველზე. ის, რომ თქვენმა ხელისუფალმა უკრაინის მთავრობას მიმართა, უკრაინაში მხოლოდ ადამიანთა ვიწრო წრემ იცის. ხალხს არ აქვს ინფორმაცია, ჩვენთან ტელევიზიებში ცენზურაა და ასეთ ინფორმაციას ტელეარხები არ გადასცემენ. ხოლო ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს უკრაინაში მოღვაწეობენ, აცხადებენ, რომ ისინი მართლები არიან და მათ წინააღმდეგ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას ახორციელებს. ხალხმა ეს დაიჯერა, რადგან ანალოგიური მაგალითები, როდესაც ახალი მთავრობა ყოფილი ხელისუფლებას პოლიტიკურად დევნის, უკრაინაშიც ბევრი ყოფილა. ამას გარდა, უკრაინელი ხალხი ახლა გადარჩენისთვის იბრძვის, მათ თავიანთი პრობლემები აქვთ და არ აქვთ საშუალება, გააანალიზონ, რა ხდება რეალურად.

რატომ არ ჩამოვა, მაგალითად, საქართველოს პრემიერი უკრაინაში და არ გამართავს პრესკონფერენციას, სადაც სიმართლეს იტყვის? საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რომ ჩამოსულიყვნენ უკრაინაში სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილებით, სადაც სააკაშვილი დამნაშავედაა ცნობილი და პირდაპირ ეთქვათ მისთვის _ თქვენ ხართ სახელმწიფო დამნაშავე და პასუხი აგეთ კანონის წინაშეო, სხვა საქმე იქნებოდა. ჩვენთან ფუნქციონირებენ ოპოზიციური ტელეარხები, მაგალითად, კოლომოისკის ტელევიზია, რომლებიც სიამოვნებით გააშუქებდნენ ამ ინფორმაციას.

_ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა უზარმაზარი ზარალი და მსხვერპლი მოუტანა ქვეყანას. ხომ არ ნანობს უკრაინის მოსახლეობა მაიდანზე განვითარებულ მოვლენებს?

_ რევოლუციიდან ნახევარი წლის გასვლის შემდეგ უკრაინის მოსახლეობას აპათია დაეუფლა. მაიდნის შემდეგ, როდესაც დონბასში სროლები დაიწყო, ხალხს შეეშინდა, მაგრამ მაინც მხნედ იყო. მაგრამ ახლა ხშირად მესმის, როგორ ნანობენ ადამიანები და ამბობენ, რატომ დავიწყეთ ეს ყველაფერი, რა შეიცვალა, პირიქით _ ყველაფერი უარესადააო. ბოლო სოციალური გამოკითხვების თანახმად, უკრაინის ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხიც საგრძნობლად შემცირდა. წარმოიდგინეთ, როგორი ენერგიითა და ცვლილებების სურვილით იდგნენ მაიდანზე ადამიანები, ახლა კი მათი განწყობა შეიცვალა.

_ როგორ ფიქრობთ, ვინ არის უკრაინაში სიტუაციის გამწვავებით დაინტერესებული?

_ გეტყვით, რას ამბობენ პოლონელები. ისინი ახლა არც უკრაინის და არც რუსეთის მხარეს არ არიან და ბარიკადების მიღმა დგანან. ამას წინათ, ვესაუბრებოდი ერთერთ პოლონელ რეფორმატორს, რომელმაც მითხრა, რომ უკრაინის ომი და საბოლოო შედეგი უკრაინელებზე არ არის დამოკიდებული. ისინი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ სიტუაციაზე, საჭიროა ორმა დიდმა სახელმწიფომ _ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა _ მოილაპარაკოსო. ანალოგიური სიტუაცია იყო საქართველოში 2008 წლის ომის დროს, როდესაც საქართველოში ომის ბედი, ფაქტობრივად, არ იყო ქართველებზე დამოკიდებული. თქვენ ხომ გესმოდათ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში წააგებდით ომს, რადგან საქართველო რუსეთზე გაცილებით პატარაა, გაცილებით ცოტა იარაღი აქვს, ამიტომ რუსებთან შეჯიბრება არ შეიძლება. რუსეთს შეიძლება, დიპლომატიაში შევეჯიბროთ, მაგრამ მასთან ულტიმატუმის ენით საუბარი არ გამოვა.

უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანებს, თორემ ვის რად უნდა ცარიელი მიწა ადამიანების გარეშე?! მაგალითად, ახლა ჩვენთან დონბასი დაბომბილი და მიწასთან გასწორებულია. ბევრი გაიქცა, ბევრიც მოკლეს. ეს უამრავი ადამიანის, მომავალი თაობების დამახინჯებულ ბედს ნიშნავს. რატომ? როგორ? რა მოვიგეთ? რას ვიყოფთ? მიწისთვის კი არა, ადამიანისთვის უნდა იბრძოლო

_ ცნობილია საქართველოსა და უკრაინის სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირისკენ, თუმცა, ასევე, ცნობილია პოზიცია რუსეთისა, რომელიც აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციებში საქართველოსა და უკრაინის გაწევრების წინააღმდეგია. ამ ფონზე როგორ გესახებათ უკრაინულრუსული და რუსულქართული ურთიერთობების განვითარება?

_ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი დიდი ქვეყანაა, ჩვენი მეზობელი და ამას ვერ შევცვლით. ეს რეალობაა და ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ საერთოდ არ უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ინტერესები, შეუძლებელია. ჩვენ დავინახეთ, რომ ევროპას არ შეუძლია ისეთი დახმარების გაწევა, როგორიც საჭიროა. თუნდაც 2008 წლის ომის დროს, როგორ დაგეხმარათ ევროპა? კი, ბატონო, ჩამოვიდა კაჩინსკი, სხვა ქვეყნების ლიდერებიც ჩამოვიდნენ, მაგრამ მათ რუსეთის წინააღმდეგ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლეს, რადგან ამ შემთხვევაში, საკუთარ ინტერესებზე უნდა ეთქვათ უარი. მართალია, უკრაინის შემთხვევაში, ევროპა უფრო აგრესიული იყო რუსეთის მიმართ, უფრო ეხმარებოდა უკრაინას, მაგრამ, ამის მიუხედავად, უკრაინისთვის საკმარისი არც ეს დახმარება აღმოჩნდა და კონფლიქტის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ უკრაინა მარტო აღმოჩნდა დიდი სახელმწიფოს _ რუსეთის წინაშე, რომელსაც არ სურს, რომ ნატო იყოს მისი საზღვრების სიახლოვეს. ჩემი სუბიექტური აზრით, ახლა უკრაინაში აღარც დგას ნატოში შესვლის საკითხი, რადგან ნატოში უკრაინას არც არავინ ელოდება

უნდა გააანალიზოთ, რას მოიგებს და რას წააგებს საქართველო ნატოში გაერთიანებით. თუ რუსეთი თქვენი ქვეყნის დაბომბვას დაიწყებს, დაეხმარება კი ნატო თავისი ჯარისკაცებით საქართველოს? აუცილებელია, ასეთი საკითხების გადასაჭრელად საერთო-სახალხო რეფერენდუმი ჩატარდეს და მნიშვნელოვანი საკითხები ხალხმა გადაწყვიტოს.

ამ ომმა ემოციები გააღვიძა ჩვენში, ამიტომ კარგად უნდა დავფიქრდეთ, ნუთუ შეგვიძლია ამდენი ხალხის სიცოცხლე შევწიროთ მსხვერპლად რომელიმე სამხედრო კავშირში შესაძლო გაწევრებას?! იქნებ უკეთესი იყოს, საქართველო და უკრაინა გაერთიანდეს რაღაც ალიანსში, ყოველგვარი ნატოს გარეშე?! აგრეთვე, არის მოლდოვა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნები, რომლებთანაც შეიძლება მოლაპარაკება და გარკვეული კავშირის შექმნა. თუნდაც ეს ნუ იქნება სამხედრო კავშირი, მაგრამ დავეხმაროთ ერთმანეთს.

ასე რომ, სერიოზული კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რისკები შევამციროთ და ისიც უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სიტუაციით ისარგებლებს. რატომაც არა?! ის ხომ მსოფლიო დონის მოთამაშეა. ამას კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ.

_ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მომხდარმა ტერაქტმა მსოფლიო შეაძრწუნა. რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოებამ ტერორიზმის წინააღმდეგ?

_ პარიზში მომხდარი ტერაქტი ნათელი მაგალითია იმისა, როგორი გლობალიზებულია დღევანდელი მსოფლიო და არავინ იცის, ხვალ რომელ სადარბაზოში მოხდება აფეთქება, არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი, ამიტომაა აუცილებელი გაერთიანება, ახალი გზების ძებნა.

ამ კონფლიქტის საფუძველიც ხომ წარსულში ჩაისახა? ამიტომ უნდა დაისვას კითხვები: როგორ მოხდა, რომისლამური სახელმწიფოასეთ ძლიერ მებრძოლ არმიად იქცა? როგორ მოხდა, რომ უკანონო არმიას ამდენი იარაღი აქვს? ვინ აფინანსებდა მათ? როგორ და რატომ დაუშვა ამერიკამ, რომ, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო ჩამოყალიბდა? მათ აქვთ გავლენა მსოფლიოზე და პასუხისმგებლები არიან იმაზე, რაც დღეს ხდება

აღმოჩნდა, რომ ევროპაში ადამიანების უსაფრთხოება დაცული არ არის. ეს საშინელებაა. სამყარო მესამე მსოფლიო ომისკენ ისწრაფვის და ვერ მოიძებნა ჭკვიანი ხალხი, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებს. ეს აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, უამრავი ადამიანი დაიღუპება.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here