Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ დიდი მხედართმთავარი

სტალინი _ დიდი მხედართმთავარი

2360

10 სტალინური დარტყმა

დარტყმა # 9-10 (ევროპა)

გერმანიიდან გამოქცეულმა კარლ შაპერმა (ასოთამწყობი) და ბაუერმა (ხარაზი) ლონდონს შეაფარეს თავი, მოლთან (მესაათე) შეკრეს კავშირი და განაგრძეს გერმანიაში დაწყებული რევოლუციური მოძრაობა. 1944 წელს ეს სამი პროლეტარრევოლუციონერი გაიცნეს მარქსმა და ენგელსმა. ხანგრძლივი კამათის შემდეგ პროლეტარრევოლუციონერებმა შექმნესკომუნისტთა კავშირიდა პროგრამის დასაწერად მარქსი და ენგელსი მიიწვიეს

1847 წელს გამოქვეყნდა მოცულობით მცირე, მაგრამ შინაარსით კაცობრიობის იდეათა მომცველი “კომუნისტური პარტიის მანიფესტი”.

“მანიფესტი” ასე იწყება: “აჩრდილი დადის ევროპაში _ აჩრდილი კომუნიზმისა, მის სადევნელად შეერთდა ძველი ევროპის ყველა ძალა: პაპა და მეფე, მეტერნიხი და გიზო, ფრანგი რადიკალები და გერმანელთა პოლიცია”.

აქ ვასრულებ მკითხველისთვის მანიფესტის გაცნობას, მაგალითი კი იმიტომ მოვიყვანე, რომ ასი წლის შემდეგ ხარაზი ბაუერის შორეულმა მემკვიდრემ, ხარაზი ბესარიონ ჯუღაშვილის შვილმა _ იოსებმა, ევროპამდე ჩააღწია და ქვეყნიერებას, კომუნიზმის აჩრდილად კი არა, პოლიტიკურ დინოზავრად მოევლინა, რომლის წინაშეც უძლური იყო ყველა პაპი და მეფე, ყველა რჯულისა და ქვეყნის მეტერნიხი. მას მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოების მეთაურები _ პოლიტიკური გრანდები, ხელისბიჭებად ჰყავდა გადაქცეული.

ევროპაში თავს ისე გრძნობდა, როგორც გლეხი თავის ბოსტანში, რომელიც სურვილისამებრ აძრობს თალგამს მიწიდან საზამთროდ დასამწნილებლად. სტალინიც ასევე იოლად აძრობდა გერმანული კოალიციიდან ნებისმიერ სახელმწიფოს და თავის მოკავშირედ აქცევდა.

ჩერჩილი და სხვა დასავლელი პოლიტიკოსები სტალინს მრავალნაირ სათაგურს უგებდნენ, რათა როგორმე გაებათ მახეში, მაგრამ ვერ ითვალისწინებდნენ, რომ დინოზავრები სათაგურში არ ებმებიან და არც უფასო ყველის ნაჭრისთვის შედიან შიგ (ვერც შეეტევიან _ გრ. ონიანი).

სტალინის სიდიადესა და უძლეველობაში დარწმუნებული მოკავშირეები მიხვდნენ, რომ მისთვის რაღაცით უნდა ეამებინათ და ისტორიაში უმაგალითო დესანტი გადასხეს ნორმანდიაში. მეორე ფრონტი გაიხსნა, მაგრამ უკვე გვიანი იყო _ ბებერი ევროპა უკვე გაუპატიურებული იყო და კარის დაკეტვას ან გაღებას აზრი აღარ ჰქონდა.

სულითხორცამდე შეძრული ჩერჩილი ეხვეწება რუზველტს, შესთავაზოს სტალინს შეხვედრა, რათა ცოტა რამ მაინც ერგოს “მოკლული დათვისგან”.

ნორმანდიაში გადასხმული დესანტი კი დაკავებული იყო მხოლოდ ბელგიის ნაწილისა და ნამცეცა ლუქსემბურგის აღებით. ეს მაშინ, როდესაც სტალინის ნება-სურვილს ემორჩილებოდა მთელი უკრაინა, ბელორუსია, ყირიმი, ბალტიისპირეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ფინეთის ნაწილი და ნორვეგიის ათეულობით ქალაქი.

ევროპა ბოლომდე გათავისუფლებული არ იყო, მაგრამ სტალინი არ ჩქარობდა ისევე, როგორც არ ჩქარობდა ბერლინის აღებას.

1944 წლის 19 ივლისს ამერიკის პრეზიდენტმა რუზველტმა ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა სტალინს:

როგორც მოვლენები გვიჩვენებს, რომელიც ასე ნაყოფიერად ვითარდება, ვფიქრობ, სასურველი იქნება, უმოკლეს დროში მოეწყოს ჩვენი სამეულის შეხვედრა”.

მეორე დღესვე ამავე შინაარსის წერილით მიმართა სტალინს ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ჩერჩილმა.

მოკავშირეთა თხოვნას სტალინმა ასე უპასუხა:

ასეთ შეხვედრას სასურველად ჩავთვლიდი, მაგრამ არსებულ პირობებში, როდესაც ფრონტი დიდ მანძილზეა გადაჭიმული, არ მაქვს საშუალება, ერთი წუთითაც მივატოვო ფრონტები და მათი ოპერატიული ხელმძღვანელობა. არ შემიძლია, დავტოვო საბჭოთა კავშირის ტერიტორია თუნდაც მცირე დროით”.

მოკავშირეები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სტალინი აზრს არ შეიცვლიდა და გადაწყვიტეს, შეხვედრა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გამართულიყო _ ყირიმის ნახევარკუნძულზე, იალტაში, 1945 წლის 3 თებერვალს.

სტალინს ევროპაში სხვა საქმეები უფრო აწუხებდა, ვიდრე მოკავშირეებთან მასლაათი. არც ერთ ფრონტის სარდალს ან სამხედრო საბჭოს წევრს არ შეეძლო დამოუკიდებლად წარმატების მიღწევა, რადგან უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშლილი ფრონტი ათასგვარ გადაადგილებას და ყოველწამიერ კორექტირებას მოითხოვდა, ხოლო ცალკეულ სარდლებს ფრონტების საერთო ხედვა, რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ და არც შეიძლებოდა ჰქონოდათ.

ვისაც ერთ მთლიან პრიზმაში შეეძლო დაენახა ფრონტების საერთო სურათი, იყო მხოლოდ სტალინი, რომელიც თითქოს ჯადოსნურ სარკეში იყურებოდა, ნათლად ხედავდა, სად იყო გასატარებელი აუცილებელი ზომები, სად _ დასაწყები შეტევა ან თავდაცვა. სწორედ ამიტომ 1944 წელს ჩატარებულ ყველა დიდ და გადამწყვეტ ოპერაციას სამართლიანად ეწოდა 10 სტალინური დარტყმა.

იუგოსლავიის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰიტლერი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ძალებს, მაგრამ პარტიზანული ნაწილები სახალხო არმიასთან ერთად, რომელსაც იოსებ ბროზ ტიტო ხელმძღვანელობდა, მოსვენებას არ აძლევდნენ ჰიტლერელებს. იუგოსლავიელ პარტიზანებს ომის პერიოდში მუდმივი რადიოკავშირი ჰქონდათ მოსკოვთან.

1942 წლის 29 ნოემბერს, როდესაც საბჭოთა არმია ჯერ კიდევ არ იყო ფართომასშტაბიან შეტევაზე გადასული, სტალინმა ტიტოსაგან დეპეშა მიიღო:

იოსებ ბესარიონის ძე სტალინს, სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს!

იუგოსლავიის ანტიფაშისტური ეროვნული ვეჩეს დამფუძნებელი კრების სახელით მოგმართავთ თქვენ, დიდ მხედართმთავარსა და ორგანიზატორს, მშვიდობისმოყვარე ხალხის ფაშისტური უღლისგან განმათავისუფლებელს. იუგოსლავიელი და საბჭოთა ხალხების მეგობრობა ბრძოლებში გამოიწრთო და არ არსებობს ძალა, რომელიც დაშლის ამ ნდობას და მეგობრობას”.

1944 წლის აპრილში იუგოსლავიის მისიის სახელით მოსკოვს ეწვია იუგოსლავიის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და ლიტერატორი, წარმოშობით ჩერნოგორიელი მილოვან ჯილასი, რომელმაც მოგვიანებით თავის მემუარებში დაწერა:

სტალინი წარმოგიდგებათ, როგორც ლიდერი თავისი იდეებით, რომლებიც მისთვის ყველაზე ძვირფასი და წმინდაა. სტალინი მარშლის ფორმაში იყო. არავითარი ნიშანი, გარდა ერთი ოქროს ვარსკვლავისა, არ ეკეთა, ხელოვნური არაფერი ჰქონდა, იყო სრულიად ბუნებრივი და არა ისეთი, როგორსაც სურათებიდან და კინოქრონიკებიდან ვუყურებთ _Y მკაცრი გამოხედვით. ის ხელში ათამაშებს თავის ჩიბუხს, რომელსაც ამშვენებს თეთრი წარწერადანჰილ”. ზოგჯერ ხელში მწვანე ფანქარი უჭირავს და ფურცელზე განხილულ საკითხებს ჯვარედინი ხაზებით აღნიშნავს.

სტალინს მოვახსენე: ჩამოსულები ვართ იმისათვის, რომ საბჭოთა კავშირმა იუგოსლავიას გაუწოდოს დახმარების ხელი და სესხად მისცეს 200 000 დოლარი, რითაც დააკმაყოფილებს უცხოური მისიების თხოვნას იარაღის შეძენაზე. სესხი კი აუცილებლად დაბრუნდება ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით.

როცა ჩემი თხოვნა მოისმინა, სტალინი გულწრფელად გაბრაზდა:

_ თქვენ შეურაცხმყოფთ! თქვენ სისხლს ღვრით მტრის წინააღმდეგ და ამაში ფული უნდა გამოგართვათ?! მე ვაჭარი არ ვარ. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რისთვისაც თქვენ, ეს საერთო საქმე და მოვალეობაა. გაგიკეთებთ ყველაფერს, რისი საშუალებაც გვაქვს”.

ჯილასი სტალინს კუნცევოს აგარაკზე შეხვდა მეორედ. სტალინმა დაწვრილებით განიხილა იუგოსლავიის საკითხი, როგორც ომის მიმდინარეობის დროს, ისე ომის შემდგომ ევროპულ სივრცეში, დარიგებები მისცა ინგლისში დაბანაკებული იუგოსლავიის ემიგრაციული მთავრობის შესახებ და ვრცლად ისაუბრა იუგოსლავიის ყოფილ მეთაურ ბენეშზე, რომელიც პოლიტიკურ მოლაპარაკებებს მართავდა ჩერჩილთან. სტალინმა გარკვევით და გასაგებად განუმარტა ჯილასს, ვინ ვინ იყო და თავისებური შეფასებები მისცა მათ:

_ შეიძლება, თქვენ ფიქრობთ, რომ რადგან ბრიტანელებთან ან ამერიკელებთან ვთანამშრომლობთ, დავიწყებული გვაქვს მათი მტრული საქმიანობა და დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის მიმართ! მათთვის მოკავშირის მოტყუებაზე სასიამოვნო არაფერია. კარგად ვიცით, ვინ არიან ისინი, ვინ არის ჩერჩილი. პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანელები რეგულარულად ატყუებდნენ, როგორც რუსებს, ისე ფრანგებს.

ჩერჩილი ისეთი მოდგმის კაცია, თუ სულ თვალებში არ უყურებ, ჯიბიდან ამოგაცლის თუნდაც ერთ კაპიკს, დიახ, ერთ კაპიკს. რუზველტი ასეთი არ არის. ის ჯიბეში ხელს ჩაგიყოფთ უფრო მსხვილი კუპიურებისთვის.

“სტალინმა ვახშამზე მიგვიწვია. როდესაც დერეფანში მივდიოდით, სტალინი გაჩერდა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკასთან, რომელზეც საბჭოთა კავშირის ტერიტორია წითელი ფერით იყო აღნიშნული, ხელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიას დაადო და განაცხადა: “ამერიკელები და ინგლისელები არასოდეს შეეგუებიან იმ აზრს, რომ ასეთი დიდი ტერიტორია მსოფლიო რუკაზე წითლად იყოს შეღებილი. არასოდეს, არასოდეს შეეგუებიან!”

ცოტა ხნის შემდეგ კი დასძინა:

_ ინდუსტრიალიზაცია რომ არა, ჩვენ ვერც ამ დიდ ქვეყანას შევინარჩუნებდით და ვერც ომს მოვიგებდით. სწორედ ამისთვის გვქონდა ბრძოლა ტროცკისთან და ბუხარინთან”.

1944 წლის 17 ივლისს სტალინმა გასცა განკარგულება, იტალიის ქალაქ ბარიში გაეხსნათ საბჭოთა ავიაბაზა, საიდანაც დაიწყებოდა იუგოსლავიელი პარტიზანების იარაღით მომარაგება, სურსათით უზრუნველყოფა და დაჭრილთა ევაკუაცია.

მალე მოსკოვში ჩაფრინდა და სტალინთან შესახვედრად მოემზადა იუგოსლავიის პარტიზანული და სახალხო არმიის მეთაური იოსებ ბროზ ტიტო.

“სტალინს პირისპირ არასოდეს შევხვედრივარ, გარდა იმისა, რომ მინახავს კომინტერნის სხდომებზე პრეზიდიუმის მაგიდასთან. Pპირველი საკითხი, რომელიც ერთად განვიხილეთ, იყო ჩვენი და წითელი არმიის ერთობლივი ბრძოლა იუგოსლავიის გასათავისუფლებლად. სტალინს განვუცხადე, რომ დიდი დახმარება იქნებოდა, თუ იუგოსლავიელებს მოახმარდა ერთ სატანკო დივიზიას, რაც გაუადვილებდათ მტერთან ბრძოლას და დააჩქარებდა ბელგრადის გათავისუფლებას ფაშისტებისგან.

სტალინი დათანხმდა ჩემს თხოვნას და მომმართა:

_ ვალტერ (ასე მეძახდნენ მოსკოვში), მოგცემ არა დივიზიას, არამედ სატანკო კორპუსს.

ამის შემდეგ ვისაუბრეთ იუგოსლავიის რომელ ნაწილს გაათავისუფლებდა წითელი არმია და რომელს _ იუგოსლავიელი მებრძოლები”.

სტალინი ერთი სატანკო კორპუსის დახმარებით არ დაკმაყოფილებულა, იუგოსლავიელებს გადასცა ერთი სატანკო ბრიგადა ლეგენდარული ტ-34-ითა და 500 ტანკისტით. ამას გარდა, იუგოსლავიელების განკარგულებაში გადაიყვანა მოიერიშე საავიაციო დივიზია და ქვეითთა მოიერიშე ნაწილები.

სტალინმა იუგოსლავიის საკითხის უსწრაფესად მოსაგვარებლად ყველაფერი გააკეთა და 1944 წლის 5 ოქტომბერს ხელი მოაწერა დირექტივას ბელგრადის აღების შესახებ.

გენერალური შტაბი მთავარსარდალს რეგულარულად აწვდიდა ცნობებს იუგოსლავიაში მიმდინარე ბრძოლებზე, რომლითაც სტალინი აშკარად კმაყოფილი იყო. 1944 წლის 22 ოქტომბერს წარმატებით დასრულდა ბელგრადის ოპერაცია და იუგოსლავია სრულიად გაწმენდილ იქნა ჰიტლერელთა ნარჩენებისგან.

ევროპაში სტალინის ტრიუმფის გამო ძილდაკარგულმა ჩერჩილმა კიდევ ერთხელ სთხოვა სტალინს, მიეღო კრემლში. სტალინი დათანხმდა.

14 ოქტომბერს, როდესაც უკვე თითქმის გადაწყვეტილი იყო ევროპის ბედი, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კრემლში იჯდა სტალინის პირისპირ და განუწყვეტლივ აბოლებდა თავის საყვარელ სიგარას, მას ასევე აქტიურად უბამდა მხარს სტალინი თავისი ლეგენდარული ჩიბუხით. ორივე მოსაუბრე თამბაქოს ბოლში იყო გახვეული.

გენერალური შტაბის უფროსი დაწვრილებით ყვებოდა ევროპის ქალაქებში მიმდინარე საომარი მოქმედებების, აგრეთვე, ბერლინის მიმართულებით ოპერაციის მზადების შესახებ.

ჩერჩილმა შეშფოთებით იკითხა: “რამდენი გერმანული დივიზია დგას ეიზენჰაუერის ჯარების წინააღმდეგ?” ამ კითხვას სტალინმა პასუხი აბსოლიტური სიზუსტით გასცა.

საღამოს სტალინმა ჩერჩილი დიდ თეატრში დაპატიჟა. ლოჟაში ჩერჩილის გამოჩენას დარბაზი ხანგრძლივი ტაშით შეხვდა, ჩერჩილის უკან სტალინის დანახვამ კი ოვაცია გამოიწვია. ხალხი აღტაცებული იყო, რადგან ომის დაწყების შემდეგ სტალინი თავის ლოჟაში პირველად გამოჩნდა. ჩერჩილს ძალზე მოეწონა დიდი თეატრის ბალეტისა და ოპერის ვარსკვლავები, მაგრამ მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც უსმენდა ალექსანდროვის ცნობილ გუნდს, რომელიც სხვა სამხედრო სიმღერებთან ერთად რუსულ ხალხურ სიმღერებსაც ასრულებდა.

მეორე დღეს ჩერჩილს მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია “ტემპერატურის აწევის გამო”. სტალინი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა სტუმრის მიმართ და, როდესაც შეიტყო, რომ, ჩერჩილი მეორე დღესაც ვერ შეძლებდა კრემლში მისვლას, გადაწყვიტა, თვითონ მისულიყო ბრიტანეთის საელჩოში (რაც ერთობ სენსაციური საქციელი იყო) და მოენახულებინა კოლეგა. საუბარი ჩერჩილთან გათენებამდე გაგრძელდა. ჩერჩილი თავის მემუარებში წერს:

ეჭვი არ არის, რომ საუბრისას ჩვენ ვიყავით მართლები, თავისუფლები და გულწრფელები. ასეთი შეხვედრა ჩვენ შორის არასოდეს არ შემდგარა”.

შემდეგ შეხვედრაზე ჩერჩილი მიუახლოვდა საკითხს, რომლისთვისაც იყო მოსკოვში ჩასული.

_ ხომ არ შეიძლება მარშალო, განვიხილოთ და დავარეგულიროთ ბალკანეთის საკითხი?

და მან სტალინს რამდენიმე სახელმწიფოს წილობრივი გაყოფა შესთავაზა. სტალინმა ხანგრძლივი პაუზა გააკეთა, რომლითაც ისარგებლა ჩერჩილმა და ფურცელზე ჩამოწერა:

რუმინეთი _ რუსეთს 90%, სხვებს _10%.

საბერძნეთი _ ინგლისს, ამერიკასთან შეთანხმებით, _ 90%, რუსეთს _10%.

იუგოსლავია _ 50%-50%.

უნგრეთი _ 50%-50%.

ბულგარეთი _ რუსეთს 75%, დანარჩენებს _ 25 %”.

ჩერჩილმა სია სტალინს გადასცა. სტალინმა აუღელვებლად ჩაიკითხა ევროპის განაწილების სია და ცოტა ხნის შემდეგ ხელი ფანქრისკენ გასწია, ხელში აიღო და სიას თავზე დიდი “პტიჩკა” გაუკეთა, შემდეგ კი მაგიდაზე დადო. სტალინი შოკირებული იყო ჩერჩილის საქციელით, რაც აშკარად გამოეხატა სახეზე.

ჩერჩილი მიხვდა, რა უმძიმესი შეცდომა დაუშვა სტალინის წინაშე და თვითონაც ძალზე შეწუხებულმა სტალინს თხოვნით მიმართა:

_ მოდი, დავწვათ ეს ქაღალდი!

მაგრამ სტალინმა მტკიცედ განუცხადა: “არა, დაანებე თავი!”

სტალინი ევროპის განმათავისუფლებელი იყო და არა დამპყრობი, მან რევოლუციის პირველ წლებშივე მტკიცედ გადაწყვიტა, რომ დაუშვებელია რევოლუციის ექსპორტი, რომ მსოფლიო რევოლუცია არა პროგრესი, არამედ კატასტროფა იქნებოდა. სტალინის სახეზე ჩერჩილმა მისი განვლილი და მომავალი პოლიტიკური კარიერა დაინახა და, როგორც ჩანს, მაშინ გაუელვა გონებაში, რომ:

იდგა გაღიმებული ნიანგის წინაშე, რომელიც იღიმოდა იმიტომ, რომ გემრიელ ლუკმას გადაყლაპავდა, ან იმიტომ, რომ შეიცოდებდა”.

 ვიდრე თემას დავასრულებდე, მინდა, დავუბრუნდე შეწყვეტილი ამბის თხრობას ავიაციის მარშალ ალექსანდრე გოლოვანოვზე.

შეწყვეტილი თემის მოკლე შინაარსი:

სტალინის უსაყვარლეს ადამიანზე, მარშალ გოლოვანოვზე ცენტრალურ კომიტეტში შევიდა საჩივარი, რომელიც სტალინმა წაიკითხა. საჩივრის ავტორი იყო შორსმოქმედი ავიაციის პოლკის მეთაური, ქალბატონი გვარად გრიზოდუბოვა. საჩივრის შემოწმება სტალინმა ცეკას მდივან მალენკოვს დაავალა.

გრიზოდუბოვა ჩიოდა, რატომ არ მიაკუთვნეს მის პოლკს გვარდიულის სახელწოდება, რატომ არ მიანიჭეს მას გენერლის წოდება, რატომ არ აჯილდოებენ მთავრობის ჯილდოებით და სხვ.

მარშალმა გოლოვანოვმა ცეკას მდივანს მოახსენა, რომ, რადგან არც ერთი ეს საკითხი მას პირადად არ ეხებოდა, ქვეშევრდომებთან გაარკვევდა და ზუსტ პასუხს მოახსენებდა, ამისთვის დრო ითხოვა.

მარშალმა ადგილზე მისვლისთანავე გამოიძახა კორპუსისა და დივიზიის მეთაურები, რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდა გრიზოდუბოვას პოლკა, და მოსთხოვა, დაწვრილებითი ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რომლებიც მას ცენტრალურ კომიტეტში ბრალდებად წაუყენეს.

სარდლებმა ოფიციალურად წარადგინეს გრიზოდუბოვას პოლკისა და თვით პოლკის მეთაურის დახასიათება, რომელიც სავსე იყო უამრავი ბრალდებითა და შენიშვნით. მარშალი განრისხდა და თავისი დივიზიისა და კორპუსის სარდლების დასჯა გადაწყვიტა იმის გამო, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფ პოლკში ასეთი უწესრიგობა იყო.

ჩიხში მოქცეულმა სარდლებმა ბოლოს სიმართლე აღიარეს და მარშალს განუცხადეს, რომ გრიზოდუბოვას პოლიტბიუროს მთელი შემადგენლობა იცნობს და მის პოლკს თვითონ სტალინი აკონტროლებს.

სტალინის სახელის ხსენებამ მარშალს მკაცრი ზომების მიღება გადააფიქრებინა, მაგრამ ნირწამხდარი გაემართა ცენტრალურ კომიტეტში. ცეკას მდივანმა მალენკოვმა მარშლის მიღებისთანავე თანაშემწეს დაავალა, კაბინეტში გრიზოდუბოვა შემოეყვანათ.

მარშალმა მოხსენება დაიწყო:

 _ როგორც მაცნობეს, გენერლის წოდების მისანიჭებლად არ კმარა პოლკის მეთაურის თანამდებობა, დივიზიის მეთაური მაინც უნდა იყოს თანამდებობით.

 _ კეთილი, ინებეთ, გადაიყვანეთ დივიზიის მეთაურად და მიანიჭეთ გენერლობა! _ მკაცრად განუცხადა მარშალს მალენკოვმა.

ასეთი ტონით ბრძანება მარშალ გოლოვანოვს ჯერ არავისგან მიუღია. მიხვდა, რომ ეს მხოლოდ მალენკოვის გაბედულება კი არა, ცეკას ბიუროს გადაწყვეტილებაც იყო, ამან კიდევ უფრო გააღიზიანა მარშალი.

_ ვინ მოგახსენათ, რომ პოლკში ასეთი ცუდი მდგომარეობაა? _ გაბრაზებით ჰკითხა მარშალს ცეკას მდივანმა.

_ პოლკში შექმნილ ვითარებაზე მომახსენეს კორპუსის მეთაურმა და დივიზიის მეთაურმა, _უპასუხა გოლოვანოვმა.

_ პოლკს უნდა მიანიჭოთ გვარდიის სახელწოდება და თქვენი მოვალეობაა, ეს სასწრაფოდ გააფორმოთ! _ გასცა განკარგულება ცეკას მდივანმა.

_ მე ვენდობი დივიზიის მეთაურ კარტუკოვსა და კორპუსის მეთაურ ნესტორენკოს, ამიტომ პოლკის წარდგენა გვარდიის სახელწოდების მისაღებად არ მიმაჩნია სწორად, _ უპასუხა მარშალმა.

_ პოლკს მიანიჭებთ გვარდიის სახელწოდებას! _ ხმას აუწია მალენკოვმა.

_ მე ამას არ გავაკეთებ, ამხანაგო ცეკას მდივანო, იმიტომ კი არა, რომ არ მინდა, არ ეკუთვნის და იმიტომ.

_ თქვენთვის თუ არის ცნობილი, რომ “თქვენი” კარტუკოვი ღამღამობით ხშირად უკაკუნებს კარზე გრიზოდუბოვას და თანხმობის მიუღებლობის გამო მტრობს მას?

_ ამხანაგო მდივანო, კარტუკოვი “ჩემი” რატომ არის? ის ცოტა ხნის წინათ გავიცანი. არის საუკეთესო მეთაური და გაბედული მეომარი.

_ კარტუკოვის ცოლი შენი ცოლის მკვიდრი დაა და ამიტომაც არის “თქვენი” და ამიტომაც იცავთ მას თავგამოდებით.

გოლოვანოვმა ხმამაღლა გაიცინა და მალენკოვს გახედა.

_ რა უცნაურია, ასეთივე ბრალდებით შორეულ აღმოსავლეთში პარტიიდან მრიცხავდნენ, რადგან ჩემი ცოლის და იყო თითქოს ცოლი კაცისა, რომელიც სამშობლოს ღალატისათვის დახვრიტეს. არადა, ჩემი ცოლი საერთოდ არ იცნობდა არც იმ კაცს და არც მის ცოლს, ვის დობასაც აბრალებდნენ, არც გვარები ჰქონდათ ერთნაირი. კარტუკოვს, როდესაც გავიცანი, მეუღლეც ჰყავდა და სტუდენტი შვილებიც, ხოლო ჩემს მეუღლეს არც კარტუკოვი უნახავს და არც მის ცოლს იცნობს. ამიტომ გამეცინა, ცეკას მდივანო, როგორ დაემთხვა ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს.

მალენკოვმა გაკვირვებული შეხედა გოლოვანოვს და სასწრაფოდ ჩაიხედა საქაღალდეში, რამდენიმე ფურცელი გადაშალა, წამოდგა და ოთახიდან სასწრაფოდ გავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი მალენკოვის თანაშემწემ გოლოვანოვს უთხრა, რომ თავისუფალი იყო.

“მეორე დღეს სასწრაფოდ მალენკოვთან გამომიძახეს, როგორც კი კარი შევაღე, მალენკოვმა შემომძახა:

_ მობრძანდით, ალექსანდრე ევგენის ძევ.

მთხოვა, დავმჯდარიყავი და თანაშემწეს ტელეფონით დაუკავშირდა:

_ შემოვიდეს გრიზოდუბოვა.

როგორც კი პოლკის მეთაური გრიზოდუბოვა მაგიდასთან დაჯდა, მალენკოვი ფეხზე წამოდგა, საქაღალდე ხელში აიღო და დაიწყო კითხვა:

_ მე დავალებული მაქვს, პოლიტბიუროს სახელით გადმოქცეთ თქვენი საჩივრის პასუხი, _ მიმართა მალენკოვმა გრიზოდუბოვას და განაგრძო:

_ უშუალო უფროსებისადმი ცილისწამებისთვის, ავიაციის მარშალ გოლოვანოვის ცილისწამების მცდელობისათვის, რომელსაც ენდობა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, მთავრობა და მისი შეიარაღებული ძალები, სამშობლოსათვის თავდადებული სარდლის სახელის გატეხვის მცდელობისათვის საბჭოთა კავშირის პარტიისა და მთავრობის წინაშე, პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, გადაგცეთ სამხედრო ტრიბუნალს, სადაც გადაიგზავნება თქვენი საჩივრის საფუძველზე მოპოვებული ყველა მასალა.

ახლა კი შედით პარტიული კონტროლის თავმჯდომარესთან თქვენი პარტიულობის საკითხზე”.

ასე დასრულდა ავიაციის მარშალ გოლოვანოვის წინააღმდეგ დაწერილი საჩივრის განხილვა, რომელსაც, გარდა მალენკოვის კომისიისა, კიდევ ორი კომისია იძიებდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.

ეს მაგალითი აქ იმიტომ მოვიყვანე, რომ სტალინისთვის სულერთი იყო მარშალი და რიგითი ჯარისკაცი, ქალი თუ კაცი, თუკი ის დამნაშავე იყო. ასე მოითხოვდა ის უმკაცრესი ეპოქა და საქმე”, _ იგონებს მარშალი გოლოვანოვი.

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. \\\”1944 წელს…გაიცნეს მარქსმა და ენგელსმა\\\” უკაცრავად, თარიღში ხომ არ ცდებით?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here