Home რუბრიკები პოლიტიკა თინას სიზმრები და “შინაგანი რწმენა”

თინას სიზმრები და “შინაგანი რწმენა”

812

საგარეჯოში არჩევნები დასრულდა, მაგრამ ყველაფერი ახლა იწყება. რაიონმა არ დაუშვა უთინაობა და მისი ბედი თამარს გადაულოცა. ისტორია მეორდება _ ქვეყანა თამარის ეპოქას უბრუნდება! საგარეჯო ნამდვილ ევროპულ გზას დასდგომია. უჯარმა, იორმუღანლო, უდაბნო, კაკაბეთი… _ რაიონის ყველა სოფელი ერთხმად ითხოვს ევროპულ მომავალს და თამარ ხიდაშელში ევროკავშირის დროშის ვარსკვლავებს ხედავს.

საგარეჯომ გაიღვიძა, მას სურს არა სამზოლიანი ქვეყანა, არამედ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, რისი ნათელი გარანტი მხოლოდ თამარია. ასეთი განწყობით შეხვდნენ სოფლის მცხოვრებლები ხიდაშლების სამემკვიდრეო ჯაჭვის გაგრძელებას. ისტორიულად, საგარეჯოს ადრე “სახიდაშლო” რქმევია, თინას ბაბო-პაპაც ევროპასთან დაახლოების ბრძოლაში დაცემულა. როგორც ჩვენი ფარული ისტორიკოსი ყვება, საგარეჯო ოდითგანვე ხიდაშლებისა ყოფილა და ჯერ არ დამდგარა ჟამი, სხვა გვარს ეხაროს აქ. ჯერ კიდევ 20-იან წლებში, რაიონის თავკაცი (თუ თავქალი), თინას დიდი ბებო _ ზინა ხიდაშელი ყოფილა და სახელიც დიდი ჰქონია. მოსახლეობა მის დანახვაზე კრძალვით ხრიდა თურმე თავს და დიდ პატივშიაც ჰყავდათ.

წინაპრებს უთქვამთ, _ ვინც ხიდაშელის გვარი შაარცხვინოს და მის ადგილზე სხვა გვარის კაცი დააყენოს საგარეჯოში, ის არ გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრიო. მას მერე ეს წყევლასავით მოსდევს რაიონს.

სოფელ იორმუღანლოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ევროპისა და ნატოს ძველი დროშაც უპოვიათ სისხლის გამხმარი ნაკვალევითურთ, რომელიც ექსპერტიზის შედეგად ხიდაშელების გენის აღმოჩნდა.

ეს _ რაც შეეხება საგარეჯოს ევროატლანტიკურ წარსულს. ახლა იმაზეც ვისაუბროთ, როგორ წარიმართა არჩევნები. ამ შემთხვევაშიც ჩვენი ანონიმი წყარო გვეხმარება, რომელიც გვიყვება, რა მოხდა 31 ოქტომბერს.

მაშ, ასე:

დიდი გნიასი და გაწი-გამოწევა ყოფილა იმ დილას საგარეჯოში. თინა და მისი სადაქალო იქ დილაადრიან, მამლის დაყივლებამდე ჩასულან და 5 პირი ტანსაცმელიც წაუღიათ. გზად ჩხაკუნა პაპას დუქანში შეუვლიათ, ცოტა გრადუსიც მიუღიათ და დღის სამოქმედო გეგმაც დაუწყვიათ.

თამრო მოგვიანებით ჩასულა, _ იქ პარიკმახერი არ იქნება და თმას თბილისში დავისწორებო.

თინას უპასუხია, _ თუ გინდა, საერთოდ ნუ ჩამოხვალ, საქმე მაინც ჩემი გასაკეთებელიაო, _ და თვალი ჩაუპაჭუნებია თამროსთვის, დამაცა, მე ვიცი და ჩემმა გუმანმაო.

ოქროს გოგო ხარო! _ უპასუხია თამროს და დაქალებთან ერთად სილამაზის სალონისკენ გაუწევია.

დილის 6 საათი იყო, რომ თინა უკვე საგარეჯოში გრუხუნ-გრუხუნით მიაბიჯებდა რაიონის გზაზე და გაოცებულ ხალხს ხელს უქნევდა, _ საგარეჯოვ, უძღები შვილი ჩამოგივიდაო.

სად იყო და სად არა, ჰორიზონტზე ირმა გამოჩენილა რეზო ამაშუკელთან ერთად, თინასთვის დაუსტვენია და უთქვამს, საგარეჯო ჩემია და აქვე დამნებდიო, რაზეც თინას თმები გაუშლია, _ საგარეჯო მას შემდეგ გახდება შენი, რაც ჩემ გვამს გადაუვლიო.

გადარეულა რეზო ამაშუკელი და უთქვამს, _ დედას გიტირებო, კრიალოსანი დაუტრიალებია და იორმუღანლოსკენ გადაუხვევია ირმასთან ერთად.

8 საათზე საარჩევნო უბნები გაიხსნა. ერთ-ერთ უბანში თინა გამაგრებულა, ოჯახურად გამოწყობილა და მოსაგებად განწყობილა, _ აბა, ჩემო ზონდერებო, თქვენ იცით და თქვენმა გუმანმაო და საქმეს შედგომია. გიგლა აგულაშვილიც იქვე ჰყოლია.

თინას მისთვის კამუფლიაჟი გადაუცმევია და ვენახებში გაუშვია,_ იქიდან გააკონტროლებო, ვინც ინაშვილის მხარეს წამოვა, ფეხი დაუდე და დააწვინეო. გიგლას უთქვამს, არდამდების დედაცო, და საქმეს შესდგომია. თინა კი თავქუდმოგლეჯილი უბანზე გავარდნილა და კარში დამდგარა თვალების აქეთიქით ცეცებით. მაინც არ იყო მთლად დარწმუნებული, რომ ჯარისკაცები, რომლებიც საგულდაგულოდ დაარიგა _ 41 შემოხაზეთ, თამარ ხიდაშელიო _ რამეს არ აურევდნენ და სხვა ნომერს არ შემოხაზავდნენ.

თინას გაახსენდა, როგორ ააგდო ნამუსზე ყაზარმაში ჯარისკაცები: ბოლოს და ბოლოს, თქვენი თავდაცვის მინისტრის გვარი როგორ ვერ უნდა დაიმახსოვროთო.

რაზეც ჯარისკაცებს ირონიული ღიმილით უპასუხიათ: ვისი, ვისიო?

საშინლად გაბრაზებულა თინა, _ უჰ! ასეთ დებილ ჯარისკაცებს რას შეაგნებინებ, ნეტავ, შეიძლებოდეს, პირდაპირ საარჩევნო ბიულეტენებს ვუბრძანო რამეო!

და უცებ მოხდა სასწაული: საარჩევნო ბიულეტენები თითქოს გაცოცხლდნენ, თინას წინ სწორ ხაზზე განლაგდნენ, გაშლილი ხელისგული საფეთქელთან მიიტანეს და ბრძანებას დაელოდნენ. თინა დააკვირდა _ ყველა მათგანზე ნომერი 41 იყო შემოხაზული _ თამარ ხიდაშელი! გაუხარდა თინასარდალს და დასჭექა: “სწორდი! სმენა! საარჩევნო ყუთისკენ იარ!”.

და ბიულეტენებმაც იწყეს მარშით სვლა და საარჩევნო ყუთში თავით გადაშვება! სარდალი-თინა სიამოვნებით ადევნებდა თვალს ამ მსვლელობას და სწორედ ამ მომენტში დარეკა “ვაიბერმა”. თინამ დახედა და კელი იყო, ამერიკის ელჩი! აუფ, ამას რაღა უნდა ახლაო, ანერვიულდა თინა… “ვაიბერი” კი რეკავდა და რეკავდა… და უცებ თინას გამოეღვიძა… გამოეღვიძა და გაიფიქრა, _ ეჰ! რა იქნება, მართლაც ჩემი ჯარისკაცები რომ იყვნენ საარჩევნო ბილეტენებიო…

ჩასძინებია კაბინეტში გადაღლილს და ნამოღვაწარს. როგორც კი კაბინეტიდან გამოვიდა თინა, დერეფანში ჟურნალისტები შეხვდნენ და “რუსთავი 2”-ის საქმეზე, როგორც საკონსტიტუციო, ასევე საქალაქო სასამართლოს განჩინებების შესახებ ჰკითხეს…

თინამ ყელი მოიღერა, მხრები შეახუნტრუცა და სრულიად უცოდველი, ნამუსთან მართალი ადამიანის ტონით დაიწყო: ორივე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ჩუმად, მოპასუხე მხარის დასწრების გარეშე. რაც ძალიან არასწორია. მართალია, კანონის წინაშე ორივე _ საკონსტიტუციო სასამართლოც და მოსამართლე ურთმელიძეც აბსოლუტურად პირნათელია, მაგრამ მარტო ეს ხომ არ წყვეტს? ჩვენს კანონში იმიტომ წერია, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე, რომ ზოგჯერ, კანონთან ერთად, სწორედ, აი, იმ შინაგან რწმენასაც უნდა მოუხმოს ადამიანმა…”

აქ უცებ თინას ხმა ჩაუწყდა…

გაახსენდა, არც ისე დიდი ხნის წინათ როგორ წარადგინა ის პრემიერმინისტრმა თავდაცვის მინისტრად. როგორ არ დაელოდა იგი მისი კანდიდატურის დამტკიცებას პარლამენტის მიერ და როგორ შევარდა უმალ კაბინეტშიჟურნალისტებს, რომლებმაც მაშინ მას ამ თემაზე კითხვა დაუსვეს, თინამ უპასუხა: “კანონით არანაირი პარლამენტის დამტკიცება არ მჭირდება! მინისტრი ვარ მე, უკვე მინისტრი ვარ. მთავარი ის არის, რომ კანონი არ დამირღვევია, დანარჩენი მეორეხარისხოვანია”.

ისიც გაახსენდა თინას, როგორ ჩახუნტრუცდა საგარჯოში შუალედურ არჩევნებზე. როგორ მივარდა საარჩევნო შტაბში და პირადად დაიწყო ბიულეტენების თვლა… ჟურნალისტებს, რომლებმაც ასევე ჰკითხეს, სწორი თუ იყო თავდაცვის მინისტრის მიერ არჩევნების პროცესის უშუალო კონტროლი, თინამ ანალოგიურად უპასუხა: “თავდაცვის მინისტრს კანონი არ უკრძალავს საარჩევნო შტაბში მისვლას და ხმების დათვლას! არც ერთი კანონი ამას არ კრძალავს! მე ამით კანონი არ დამირღვევია! ეს არის მთავარი და დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია”.

გაახსენდა ეს ყოველივე თინას ახლა, როდესაც წამოროშა, რომ საკონსტიტუციოს მოსამართლეებსა და საქალაქოს მოსამართლეს თურმე, კანონის გარდა, “შინაგანი რწმენითაც” უნდა ეხელმძღვანელათ და ინატრა, ნეტა, ესეც სიზმარი იყოსო!

თინამ მაგრად იჩქმიტა მარჯვენა ბარძაყზე და მაგრადაც ეტკინა! სამწუხაროდ, ეს ნამდვილად არ იყო სიზმარი და თინამ თითქმის იგრძნო, როგორ უყურებდა ტელევიზორის მიღმა მილიონობით მაყურებელი…

გაწითლდა თინა? _ არა! თინას ბავშვობიდან უკვირდა კიდეც, რანაირად და როგორ წითლდება ხალხი…

მხოლოდ სადღაც გულის სიღრმეში დაფიქრდა: “სხვებს რომ შინაგანი რწმენისკენმოვუწოდებ, იქნებ მეც მემოქმედა ხანდახან ჩემიშინაგანი რწმენით”?!

მერე კიდევ უფრო კარგად დაფიქრდა და მიხვდა: ის, როგორც მოქმედებდა, რა სამარცხვინოდ იქცეოდა და რა განცხადებებსაც აკეთებდა, იყო კიდეც სწორედ მისი “შინაგანი რწმენა”!

თინას სწორედ ასეთი შინაგანი რწმენა აქვს და რა ქნას?! ყველას კარგი და კეთილი შინაგანი რწმენა ხომ არ ექნება, ბოლოს და ბოლოს?!

ეგრე ხომ სამყაროც ძალიან მოსაწყენი იქნებაო, _ გაიფიქრა თინამ, დამშვიდდა და ამაყად, თავაწეულად, თვითკმაყოფილებით და ძალიან ღრმაშინაგანი რწმენითგაუყვა თავდაცვის სამინისტროს დერეფანს

ელიკო სილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here