როგორც “დოიჩე ველე” იტყობინება, ანტიისლამური მოძრაობა “პეგიდას” ორგანიზებულ მასობრივ მიტინგზე 1 ადამიანი მძიმედ დაშავდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს.
დრეზდენში გამართულ აქციაზე 40 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. ისინი ისლამისა და მიგრანტების საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაიძახოდნენ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულეს.
ორგანიზაცია “პეგიდა” შარშან ოქტომბერში შექმნა აქტივისტმა ლუც ბაჰმანმა. ორგანიზაცია “დასავლეთის ისლამიზაციის” მოწინააღმდეგე ევროპელებს აერთიანებს.
“პეგიდას” აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ისლამი ევროპულ კულტურაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, თუმცა აცხადებენ, რომ ორგანიზაცია რასისტული ან ქსენოფობიური არ არის.
“ბი-ბი-სი” წერს, რომ სულ უფრო მეტი გერმანელი გამოთქვამს შეშფოთებას ქვეყანაში მიგრანტთა გაზრდილი რაოდენობის გამო. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ამ გამოწვევას გაუმკლავდება, თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მერკელის პოლიტიკის მხარდამჭერთა რაოდენობა 9 პუნქტით შემცირდა _ 54%-მდე.