Home რუბრიკები პოლიტიკა ატომური პილოტი

ატომური პილოტი

509

კინოსურათი დამთავრდა. ბერნსტაინი ტაშს უკრავს, პანტურა ყურები აღგზნებისაგან ლალისფერი გახდომია.

საცოდავი არტ ბერნსტაინი! ბედნიერი ბერნსტაინი! ორთქლის მანქანამ, რომელსაც ცხოვრება ჰქვია, გასრისა მისი გონება, წაართვა მეხსიერება და მხოლოდ უმარტივესი გრძნობები დაუტოვა. მისი მსგავსი შეშლილები ამერიკის შეერთებულ შტატებში მილიონ-ნახევარია. ამას დაუმატეთ 6,25 მილიონი ალკოჰოლიკი, _ ეს მოხალისე გიჟები.

სასაცილოა, ყველაფერი ომს დააბრალო, მაგრამ პატიოსან სიტყვას გაძლევთ, 1940 წლამდე ფსიქიკურად დაავადებულთა რაოდენობა სამჯერ ნაკლები იყო. ყოველ შემთხვევაში, სტატისტიკა ასე გვარწმუნებს.

წინა ოთხშაბათს ლარიმ მითხრა:

_ კლოდ, თქვენ გორდონზე გაბრაზებული ხართ. ამაოდ. იგი თვითონაც ცოტა შეშლილია; თქვენც ვერ გაძლებდით მის ადგილზე. ყოველდღე ერთ ქვაბში ხარშვა ისეთებთან ერთად, როგორიც კონოლი და ასტორია, თან ისე, რომ არ გაგიჟდეს, მხოლოდ ორანგუტანგს შეუძლია. შეხედეთ გორდონის თვალებს _ შუშისას მიუგავს; დილიდანვე ბარბიტურატები აქვს მიღებული და ნახევრად მძინარე დადის. ხანდახან მგონია, რომ მეც გავაფრენ…

მე მესმის ლარის. ის მართალია.

მეოთხე დღეა, ლარი არ ჩანს. სანიტრები ამბობენ, ლოთობსო.

რით და როგორ შეიძლება მისი შველა?

მისთვის უკეთესია, უკანმოუხედავად გაიქცეს აქედან.

მაგრამ ლარი ფარვანასავით ცეცხლისკენ მიისწრაფვის.

ოდესღაც მეც ასეთი ვიყავი. როგორც ყველა ჯარისკაცს, მინდოდა, გმირის სახელი მომეხვეჭა. ზეპირად ვიცოდი ცნობილი ამბავი, ნაპოლეონს რომ შეემთხვა ჯერ კიდევ არტილერიის ოფიცრად ყოფნისას. ტულონის ალყის დროს თავისი ბატარეა პოზიციასთან შედარებით ისე წინ დააყენა, რომ იფიქრებდი, ვერც ერთი ჯარისკაცი ვერ გაბედავს ქვემეხთან დადგომას. მაგრამ ნაპოლეონმა იქვე პლაკატი ჩამოკიდა: “მამაცთა ბატარეა” და მოხალისეებმა მისი სალაშქრო კარვის შესასვლელი აატალახეს.

ასორმოცდაათი წლის განმავლობაში ადამიანის ფსიქოლოგია დიდად არ შეცვლილა! იდიოტთა ბრბოები ისწრაფვიან, გახდნენ “მამაცნი” და კისერს იტეხენ ახალი ნაპოლეონების დიდებისთვის.

ასეთია ლარიც. მისი ნერვების პატრონი თვითონ არის სამკურნალო და არა მკურნალი, მაგრამ დაჩემებული აქვს, საავადმყოფოდან წასვლა დეზერტირობააო და, მგონი, მიაღწევს, რომ კონოლის ან ჩემ გვერდით დაიკავოს საწოლი.

ბერნსტაინი კმაყოფილი ხითხითებს. ეკრანზე მორიგი ოცდაათწუთიანი ეპიზოდია ყოველკვირეული სერიისა “ვერაფერი დაგვიფარავს”. თუ არ ვცდები, ეს “სტილეტია”: იტალიელი ყასაბი შანტაჟს უწყობს, შემდეგ კი სტილეტით კლავს სამ ქალს.

მოძველებულია!

მაგრამ ბერნსტაინი ბედნიერია. დიდტუჩა პირი წარმოუდგენლად მხიარულ სიცილში ებრიცება. გამხდარ თითებს უაზროდ ამოძრავებს.

ყასაბმა მორიგი მსხვერპლი მოკლა.

თავისი სიცოცხლის განმავლობაში რამდენი კაცი ჰყავს მოკლული ოკინავის ბრძოლების მონაწილე მედესანტე არტ ბერნსტაინს?

დღესტაიმსმაინტერვიუ დაბეჭდა რვა წლის მოსწავლესთან.

_ ვინ გინდა, იყო, როცა გაიზრდები?

ბიჭმა უპასუხა:

_ ცოცხალი…

4

პოლკოვნიკს ჩემი ნახვა სურს. ბარკერის თანხლებით, შენობის ადმინისტრაციული ნაწილის გავლით, მივდივართ უსასრულო დერეფანში ჩამწკრივებული კარების წინ, რომელთაც მუქ ფირფიტებზე აწერიათ _ “რენტგენი”, “ფიზიოთერაპია”, “ბალნეოლოგიური კაბინეტი” და კიდევ ბევრი სხვა, უფრო ძნელად გასაგები სამედიცინო დასახელებები. აქ ისეთი სისუფთავეა, როგორიც ეკლესიაში; ჰაერში წამლებისა და სიგარეტის სასიამოვნო სუნი ტრიალებს. კედლის გასწვრივ, კასრებში, ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულან პატარძლის ყვავილები და ბეგონიები თუ, რა ჰქვია, დიდი, მუქმწვანე ღეროებით. ესენი აქაურობისთვის ისევე არაა შესაფერისი, როგორც დაკრძალვის დროს ანეკდოტის მოყოლა.

ყვავილები პოლკოვნიკის დაგვიანებული ბებრული ვნებაა. კაბინეტში მათ უკავია მაგიდა, ფანჯრის რაფები, იატაკის დიდი ნაწილი და თითქმის ყველა სკამი. მოხუცი ამაყობს ამით და ბედნიერებისგან წითლდება, როდესაც მის რომელიმე ნერგს შეაქებ.

_ უკვე აყვავდნენ, _ ვეუბნები მისალმების ნაცვლად. რატომ არ უნდა ასიამოვნო ადამიანს?

_ დიახ, _ უხალისოდ მიპასუხებს ჰაქსლი, _ დაჯექით, მისტერ ემრიჩ.

ის ელოდება ჩემს დაჯდომას და დაბნეულად ისვამს ხელს მელოტ თავზე. რაღაცით შეშფოთებულია და, მგონი, არც ცდილობს, ეს დამალოს.

_ მისტერ ემრიჩ, _ განაგრძობს, _ თქვენით უკმაყოფილო ვარ; უფრო მეტიც _ რწმენა დავკარგე. ის, რაც თქვენ გააკეთეთ, არ ეკადრება ოფიცერს. ალბათ, ხვდებით, რაზეც გელაპარაკებით.

_ ვერა, _ ვეუბნები მე, _ თუ გორდონი გეჭორავათ ჩემზე…

_ რა შუაშია გორდონი. მხედველობაში მაქვს კონგრესმენ სმითთან გაგზავნილი წერილი.

ახლაღა ვხვდები საქმის ვითარებას. ეს ნამდვილად ფრედ მაკ-კორმაკის ნახელავია. შეხვედრისას რაღაც-რაღაცები მოვუყევი საავადმყოფოში არსებული წესების შესახებ. ვუთხრა ჰაქსლის, რომ არავითარი წერილი არ დამიწერია? არა, არ ღირს.

პოლკოვნიკის ხმაში უკმეხი ნოტები ისმის. იგი ფიცხდება.

_ თქვენ თავს თვითონვე ვნებთ, ემრიჩ, ნუთუ გგონიათ, რომ თქვენს ცილისწამებას ვინმე დაიჯერებს?

ეს ცილისწამება არ არის, _ ვეუბნები და მეც ვბრაზდები, _ სანიტრები კონოლის ყოველდღე სცემენ. გუშინ სველი პირსახოცი ურტყეს სახეში. ათი წუთის წინ ბერნსტაინი მიბეგვეს. წამოდით განყოფილებაში და თვითონვე დარწმუნდებით _ მთელი პერანგი სისხლით აქვს მოთხვრილი.

პოლკოვნიკი დაღლილად იქნევს ხელს.

_ იქნებ, ყველაფერი მართლაც ასეა, _ გაუბედავად ამბობს და ჩუმდება.

_ სამწუხაროდ, ასეა! _ ვეუბნები.

ჰაქსლი ჯიბეში იქექება, იღებს სიგარეტების კოლოფს, უკიდებს სიგარეტს, ღრმა ნაფაზს არტყამს და კოლოფს მიწვდის. პირში უცებ მიგროვდება ტკბილი ნერწყვი. სიგარეტს საოცრად არომატული სუნი აქვს, მე კი, უკვე ათი დღეა, აკრძალული მაქვს მოწევა! და მაინც უარს ვეუბნები.

პოლკოვნიკი გაკვირვებულია.

_ ჯანმრთელობას ვუფრთხილდები, _ ვეუბნები, _ დოქტორმა გორდონმა ბრძანა, ჩამოერთმიათ ჩემთვის თამბაქო, მაგრამ მე მიხარია კიდეც _ განყოფილებაში ისედაც საშინლად დახუთული ჰაერია.

პოლკოვნიკი წითლდება.

_ არ ვიცოდი, _ ამბობს იგი, _ მე ვუბრძანებ…

_ არ ღირს. საქმე თამბაქო კი არ არის, პოლკოვნიკო. მე მართლა გადავწყვიტე, რომ ჯანმრთელობას გავუფრთხილდე. თანაც, თუ მოვისურვებ, ყოველთვის შემიძლია ვიშოვო ერთი-ორი კოლოფი სიგარეტი.

_ პრინციპია?

_ ალბათ.

_ ო, კლოდ! _ ოხრავს პოლკოვნიკი. რა ჯიქურ მიძვრებით ყველგან. რა აზრი აქვს? ეჩხუბებით გორდონს, არ უშვებთ შემთხვევას, ბარკერიც დაწიხლოთ. თუნდაც ეს წერილის ისტორია აიღეთ. ნუთუ სერიოზულად ფიქრობთ, რომ კაპიტოლიუმში აინტერესებთ საგიჟეთში არსებული წესები? თქვენ ჭკვიანი ადამიანი ხართ; ჩვენ შორის, მგონი, ყველაზე საღად მოაზროვნე. მიპასუხეთ: რა გაიძულებთ, ასე უაზროდ გაირთულოთ ცხოვრება?

კითხვა მეტად სერიოზულია, ორი სიტყვით რომ ვუპასუხო. ვდუმვარ. ბოლო თხუთმეტი წელი პასუხს ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ. ეტყობა, ყველა ჩვენგანშია ჩადებული მეამბოხური საწყისი. ასე რომ არ იყოს, არ იქნებოდა არც აინშტაინი, არც ლობაჩევსკი, არც კოპერნიკი და მსოფლიო ისევ იმ რწმენით იქნებოდა, რომ დედამიწა სამ ვეშაპზე დგას და რომ პარალელები არ გადაიკვეთება. პროგრესი და სულიერი ამბოხი განუყოფელნი არიან. მათ შექმნეს ამერიკა.

_ კარგი, _ ამბობს შესამჩნევად გამხიარულებული ჰაქსლი, _ თუ გინდათ, ნუ მიპასუხებთ. ისევ თქვენ მოგხვდებათ!

5

მაკ-კორმაკმა, რა თქმა უნდა, სისულელე ჩაიდინა. კონგრესმენი სმითი, ყოფილი მაიორი იუჯინ ლი სმითი, არც კი იფიქრებს, ჩაერიოს ამ საქმეში. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. ორმოცდახუთი წლის გაზაფხულზე იგი ჩვენთან, იუტაში, უენდოვერის სასწავლო აეროდრომზე ჩამოვიდა. ჩვენმა რადისტმა ჯომ ის დანახვისთანავე შეიძულა.

_ აი, ნახავთ, _ პირქუშად იწინასწარმეტყველა მან, _ ამ გამოწკეპილ სოსისს ავი თვალი აქვს.

და, მართლაც, სმითის გამოჩენის შემდეგ საშინლად არ გვწყალობდა ბედი. ბომბის მაკეტები მიზანში ვერ ხვდებოდა. ჩვენ, სამყაროს მოწყვეტილები, გაზეთებს, წერილებსა და რადიოს მოკლებულები, ისედაც ვნერვიულობდით და ახლა ეს აცდენებიც!

ორი თვე იმას ვცდილობდით, რომ ოცდარვა ათასი ფუტის სიმაღლიდან ბომბების მაკეტები სამიზნის ცენტრს ხუთას იარდზე მეტად არ აცილებულიყო, ორი თვე ახალ ოპტიკურ სამიზნეებს ვუტრიალებდით და, აი, როდესაც თითქმის მივაღწიეთ წარმატებას, გამოჩნდა ეს კოხტაპრუწა მაიორი გენერალ გროვსის სარეკომენდაციო წერილით და ყველაფერი აირია.

სმითი პირველ ხანებში თითქმის სულ დუმდა. იშვიათად ავიაციაზე საუბრებში საოცარ უცოდინარობას ამჟღავნებდა. რამდენიმე დღე ბარში ვჭორაობდით მის პირად თვისებებზე, შემდეგ გავჩუმდით. მილიონერის ბანალური ბიოგრაფიის მქონე კონგრესმენი, თანაც, სადღაც ჰალვესტონში დაბადებული, ჩვენს გონებას დიდხანს ვერ შეაქცევდა.

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here