
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ–ში ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქართული ემიგრაციისთვის ორმაგი მოქალაქეობა პრობლემა აღარ იქნება. ამჟამად, აშშ–ის მოქალაქეობის აღების შემთხვევაში, ქართველი ემიგრანტები ავტომატურად კარგავენ საქართველოს მოქალაქეობას და ამიტომ პრეზიდენტს კანონში ცვლილებების გატარება სთხოვეს.
“როდესაც იღებ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, ავტომატურად კარგავ საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ ავტომატურად ღიაა კარი ორმაგი მოქალაქეობისთვის. ეს არის კანონი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვმუშაობთ და, რომლის ფარგლებშიც ქართული ემიგრაციისთვის კარი ორმაგ მოქალაქეობაზე გახსნილია. შესაძლებელია, თქვენ მიგაჩნიათ, რომ კანონი სხვანაირად უნდა იყოს, კი, ბატონო, შესაძლებელია, ამაზეც ვიფიქროთ, როგორ შეიძლება სხვანაირად იყოს ფორმულირებული კანონი”, _ განაცხადა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ვისაც უნდა ორმაგი მოქალაქეობა, პროცედურების გავლის შემდეგ მიიღებს.






