Home რუბრიკები პოლიტიკა თემურ შაშიაშვილი: საბჭოთა საქართველო თუ კრემლიდან იმართებოდა, დღეს თეთრი სახლიდან ვიმართებით, ეს...

თემურ შაშიაშვილი: საბჭოთა საქართველო თუ კრემლიდან იმართებოდა, დღეს თეთრი სახლიდან ვიმართებით, ეს კი დამოუკიდებლობა არ არის…

534

მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერით საქართველომ 24 წლის წინათ ნანატრი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა წლების შემდეგ მაინც აქტუალურია კითხვა _ არის კი დღეს ქვეყანა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და თავისუფალი გარე ძალების ჩარევისგან? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და როგორ განვლო თავისუფლების 24 წელი 1990-იანი წლებიდან დღემდე? _ ამ საკითხებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩვენს რუბრიკაში ისაუბრებენ. რუბრიკის სტუმარია პოლიტიკური პარტიათეთრებისლიდერი თემურ შაშიაშვილი.

_ საქართველომ დამოუკიდებლობა 24 წლის წინათ მოიპოვა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველო მართლაც სუვერენული სახელმწიფოა?

_ დამოუკიდებლობა ქვეყნისთვის სანუკვარი, სანატრელი ოცნებაა და მისთვის ბრძოლას თაობები შეეწირნენ, მაგრამ ჯერ უნდა გავარკვიოთ, რას ნიშნავს ჩვენთვის დამოუკიდებლობა. თუ ჩვენთვის დამოუკიდებლობა მხოლოდ მოსკოვისგან დამოუკიდებლობასა და ამერიკის ქვეშევრდომობას ნიშნავდა, მაშინ გამოდის, რომ ეს ორივე მიზანი მიღწეულია, მაგრამ რეალურად ეს ხომ არ არის დამოუკიდებლობა? დამოუკიდებლობა ნიშნავს, როდესაც სხვის მიერ არ იმართები. თუმცა ისიც მესმის, რომ აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს (როგორც ფილოსოფოსები ამბობდნენ), მაგრამ შენს ხალხთან ერთად იმას მაინც უნდა წყვეტდე, სახელმწიფო რა დათმობებზე შეიძლება წავიდეს დიდი მიზნებისთვის. ჩვენ კი ისიც არ ვიცით, რა დავთმეთ და რას ვთმობთ… უბრალოდ, ვხედავთ, რომ საბჭოთა საქართველო თუ ადრე კრემლიდან იმართებოდა, დღეს თეთრი სახლიდან ვიმართებით. ეს კი დამოუკიდებლობა არ არის

გული მწყდება და ძალიან განვიცდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ავტორიტეტი იკარგება საქართველოში, რადგან ამერიკამ ისეთებთან შეკრა კავშირი, როგორიც არისნაციონალური მოძრაობა”, რაღაც ალიანსები და არასამთავრობოები. ამერიკამ ისეთი მოთხოვნები და ამოცანები დაუყენა საქართველოს, რომ მისი ავტორიტეტი ქვეყანაში დღითიდღე ნადგურდება. არადა, იყო პერიოდი, როცა მოსახლეობის 100% დარწმუნებული იყო, რომ ამერიკა გვიშველიდა. დღეს კი მხოლოდ 15-20%- შემორჩა ეს განწყობა და ისიც ისეთებს, რომლებიც ქვეყნის გარედან ფინანსდებიან და მატერიალურ სარგებელს იღებენ. რაც რუსეთმა 70 წლის განმავლობაში ვერ შეძლო, ამერიკამ მცირე პერიოდში მოახერხა და ასე დაკარგა ავტორიტეტი ხალხის თვალში. ეს არ არის კარგი არც ჩვენთვის და არც მათთვის, მაგრამ ეს რეალობაა. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეული წრეების წარმომადგენლებს ქართველი ხალხის აზრი ამერიკაზე არ აინტერესებთ. მათ მხოლოდ ის უნდათ, თავიანთი მონამორჩილი ხელისუფალი იყოს კარგად. და, თუ რომელიმე ხელისუფალი მათი მონამორჩილი არ იქნება, შეეცდებიან, შეცვალონ.

ჯერ კიდევ როდის ვამბობდი, რომ ქვეყნის გარეთ დაიწერა პროგრამა, როგორ დაამშიონ და დააუძლურონ ხალხი, რათა შემდეგ ადვილად მართონ. ასეც მოხდა. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში ჯერ დაამშიეს ხალხი, ხოლო შემდეგ სააკაშვილს ამართვინეს. ეს მთელი სისტემა იყო.

_ რამ განაპირობა ასეთი საგანგაშო რეალობა, მზად არ აღმოვჩნდით დამოუკიდებლობისთვის?

_ ტახტისთვის ბრძოლა საქართველოს ისტორიულად ახასიათებდა. ეს ყველა ქვეყნისთვის მეტ-ნაკლებად არის დამახასიათებელი, მაგრამ ქართველებისთვის, როგორც პატარა ერისთვის, ეს მომაკვდინებელია. ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის უბედურების მიზეზი არის ის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ქუჩიდან მოსული პოლიტიკოსები მართავენ. საქართველოში მხოლოდ ქუჩა აძლევს პოლიტიკოსს ხელისუფლებაში მოსვლის შანსს. ძლიერი და ეროვნული იდეებით დატვირთული იყო ზვიად გამსახურდია, მაგრამ ქუჩამ გაამარჯვებინა და ქუჩამვე დაამარცხა. შევარდნაძეც ქუჩის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში და ასევე ქუჩამ დაამარცხა. ქუჩიდან მოვიდა სააკაშვილი ავანტიურით და ასევე წავიდა. ქუჩის მეშვეობით მოვიდა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილიც, მაგრამ აქ უნდა დავსვათ წერტილი, რადგან ქუჩის მეშვეობით ხელისუფლების შეცვლა უნდა დასრულდეს. საქართველოში ქუჩის პოლიტიკოსების ერა უნდა დასრულდეს. ქვეყანას ეშველება, როგორც კი გონება ემოციაზე გაიმარჯვებს. ქალი თუ კაცი სატელევიზიო ეთერში იგინება და ეს ხალხს მოსწონს.

_ ბატონო თემურ, გამოდის, რომ პრობლემა ჩვენში, ჩვენს ეროვნულ ხასიათშია?

_ ასეც ვერ ვიტყოდი, სხვა ქვეყნებმაც გაიარეს ასეთი პერიოდები. ქართული ხასიათი ერთ-ერთ ძლიერ ხასიათად მიმაჩნია. ჩვენ ხომ დავით აღმაშენებლის ქვეყანა ვართ.

_ მაშინ რისი ბრალია, რომ, როგორც ბრძანეთ, მუდამ ქუჩიდან მოსული პოლიტიკოსები იმარჯვებენ?

_ ეს იმის ბრალია, რომ საქართველოს ქართული ტელევიზია არ აქვს. ჩვენმა ტელევიზიებმა იმაზე დიდი უბედურება მოუტანეს ჩვენს ქვეყანასა და ქართულ ცნობიერებას, ვიდრე ნებისმიერმა პოლიტიკურმა პარტიამ და პოლიტიკოსმა. ბევრ პოლიტიკოსს ამხელა სატელევიზიო მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა, ვინ იქნებოდა? _ არც არავინ! ტელევიზია რომ არ ყოფილიყო, ვერც სააკაშვილი გახდებოდა პრეზიდენტი.

ტელევიზიები რას ლაპარაკობენ, ყურება აღარ მინდა. ქალი გამოდის და კაცს ეუბნება, _ სადაც შეგხვდები, იქ გცემო. ტელეწამყვანი ან პოლიტიკოსი ასე უნდა ლაპარაკობდეს? ეს თამარ მეფის ქვეყანაა თუ შეშლილთა ქვეყანა?!

 ამას წინათ ვთქვი, ახლა საქართველოში, პოლიტიკოსებისა და პარტიების დრო კი არა, მოაზროვნე ადამიანების ერთობის დროა-მეთქი.

თუ ხელისუფლებაში ისევ ქუჩიდან მოსული პოლიტიკოსი მოვიდა, საქართველო აღარ იარსებებს. ამას ქვეყანა ვეღარ გაუძლებს. ნათქვამია, ვინც კარგ დროს ელოდება, ცუდს ახანგრძლივებსო. ვინც რაღაც მოგვცა, იმას მივეცით ხმა. არადა, ვინც ხმებს ყიდულობს, ის ქვეყანასაც გაყიდის და, ვინც ხმას ყიდის, ისიც ქვეყანას ყიდის, ამიტომაც გვექცევა საქართველო თავზე. ახლა მთავარია, ღირსება დავიბრუნოთ და ხელისუფლებაში ღირსეული ხალხი მოვიყვანოთ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here