ვაჟა–ფშაველას მშობლიურ კუთხეში ჩვენი გენიალური პოეტის მოთხრობების ქართულ–ინგლისური კრებული მაჩუქეს, მაგრამ, როგორც კი დავხედე ყდას, რომელიც, პირდაპირ უნდა ითქვას, ტექნიკურად უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული, გულზე შემომეყარა – ისევ არ დაუმახინჯებიათ ვაჟა–ფშაველას გვარი ინგლისურად?!
რა უბედურებაა, მე და ჩემმა ღმერთმა! გადის წლები, თქვენ წარმოიდგინეთ, საუკუნეებიც (დიახ, დიახ, საუკუნეები, რადგან ზოგჯერ წინა საუკუნეშიც ასე ამახინჯებდნენ ვაჟა-ფშაველას გვარს!) და ვერ იქნა და ვერ შევიგნეთ, რომ ინგლისურად უნდა ვწეროთ არა Vazha – Pshavela (ვაჟა-პშაველა), არამედ _ Vazha-Phshavela (ვაჟა-ფშაველა), ისევე, როგორც არა Pshavi (პშავი), არამედ _ Phshavi (ფშავი). იგივე ითქმის აქვე მოხმობილ კიდევ ერთ გვარზე _ მამფორია, ინგლისურად იქნება არა Mamporia (მამპორია), არამედ _ Mamphoria (მამფორია).
არანაირ ლინგვისტურ შეგონებებს არ მოვყვები იმის თაობაზე, რომ ქართული ენის ოცდამეერთე ასო-ბგერა “ფ” (“ფარ”) ინგლისურში ერთ მარცვლად შერწყმული ორი თანხმოვნით (PH) გადმოიცემა (გავიხსენოთ: ფრაზა _ Phrase, ფოტო _ Photo, ფოტოგრაფი _ Photograf, თანაც, დააკვირდით, ამ სიტყვაში “ფ” ორჯერაა და ა.შ.), მხოლოდ იმაზე მივუთითებ, რომ აქვე, ჩვენი შესანიშნავი მხატვრის, ქალბატონი რუსუდან ფეტვიაშვილის გვარი, როგორც მოსალოდნელი იყო, PH-ით გადაუტანიათ (Phetviashvili) და რა მოხდა _ ქართული “ფ” აქ თუ, მაპატიეთ და, “ფუობს”, ზემოთ რატომ “გააპუეთ”, გამომცემლობა “წიგნი +ერის” მესვეურებო?!
ახლა იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ტირე დეფისისაგან ვერ გაგირჩევიათ, მაინტერესებს, რომელმა ნათლიამ დაგარქვათ “წიგნი+ერი”? თავფურცელზე ქართულად ტირეთი რომ დაგიწერიათ “ვაჟა_ფშაველა” და შემდეგ, ანოტაციისა თუ შესავლის სათაურადაც ასე დაგიტოვებიათ (გვ. 8), მაგრამ იქვე, თავფურცელზე ინგლისურად დეფისი გაქვთ, როგორც უნდა ყოფილიყო (“Vazha-Pshavela”) და ანოტაციისა თუ შესავლის პირველივე ქართული სიტყვაც დეფისითაა (“ვაჟა-ფშაველა”), ამას რატომ არ მიაქციეთ ყურადღება? ვაჟას დაბადება-გარდაცვალების თარიღებშიც რატომღაც დეფისი გაქვთ გამოყენებული (1861-1915) და არა ტირე, როგორც უნდა ყოფილიყო…
იმანაც გამაოცა, თვით სათაური წიგნისა (“მოთხრობები”) რატომ გითარგმნიათ, როგორც Short Stories (თანაც აქ მთავრული იყო საჭირო)? ეს ხომ არის “მოკლე მოთხრობები” და არა _ “მოთხრობები”. ამასთანავე, ოცგვერდიანი “შოტ სტორი” ნამდვილად არ გამიგონია, ღმერთმანი! გამომცემლობის სარეკვიზიტო რეკლამაზე კი ისეა, როგორც უნდა ყოფილიყო _ stories, თუმცა მთავრული, სამწუხაროდ, აქაც დაგვიწყებიათ… ამასთანავე, ავტორის გვარ-სახელი და წიგნის სათაური, რომ იტყვიან, მიგიტყუპებიათ. ისინი ისევე მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, როგორც ქართულ სათაურშია: ავტორი ერთ ხაზზეა და თან მსხვილი ასოებით, ხოლო წიგნის სათაური _ მეორეზე და შედარებით წვრილი შრიფტით, თქვენ კი ერთ წინადადებასავით (Vazha-Pshavela short stories) ჩაგიწიკწიკებიათ…
ყოველივე ამას არაპროფესიონალიზმი ჰქვია, ძვირფასო “წიგნი+ერო”, არაპროფესიონალიზმი!
გოგი დოლიძე