Home რუბრიკები პოლიტიკა ატომური პილოტი

ატომური პილოტი

692

ისინი, ახლო ნათესავები ვუნდერკინდისა, რომელიც ესეს არის დაიბადება, ქირურგები, ბებიაქალები, დიპლომირებული მეანები, ექიმბაშებიესენი არიან: გენერალმაიორი ლესლი რიჩარდ გროვსი, დოქტორი ენრიკო ფერმი, სამეცნიეროკვლევითი სამუშაოების სამმართველოს ხელმძღვანელი ვანევარ ბუში, ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ჯეიმს . კონანტი, ტექნიკური განყოფილების თანამშრომელი კარსონ მარკი.

ცოტა მოშორებით დგას შავსაწვიმრიანი, წელში მოხრილი ადამიანი, რომელიც გულგრილი, ზრდილობიანი ღიმილით იყურება წინ _ სივრცეში. დღეს იგი უნდა იღიმოდეს, რადგანაც ისაა მამა. მას ჰქვია იულიუს რობერტ ოპენჰეიმერი.

ისიც ფიქრობს, მაგრამ არა მომავალზე. იგი მეხსიერებაში აღიდგენს დიდი ხნის წინათ მომხდარ ამბებს: 1939 წლის 11 ოქტომბერს ბანკირმა ალექსანდრე საქსმა ფეხების ტკივილისგან გაწამებულ პრეზიდენტ დელანო რუზველტს დილის სიმშვიდე დაურღვია და მაგიდაზე დაჭმუჭნილი კონვერტი დაუდო.

_ რა ბრწყინვალე აზრი მოგსვლიათ თავში, ალექს, რა დრო დაგჭირდებათ მის ჩამოსაყალიბებლად?

_ მინდა, ერთი ისტორია მოგიყვეთ, _ თქვა საქსმა, _ ნაპოლეონის ომების დროს საფრანგეთის იმპერატორთან გამოცხადდა ახალგაზრდა ამერიკელი გამომგონებელი და შესთავაზა, აეგოთ ორთქლის გემების ფლოტი, რომლის საშუალებითაც ნაპოლეონი შეძლებდა ინგლისში ჯარის გადასხმას. უიალქნო გემები. ეს დიდ კორსიკელს ისე უჩვეულოდ მოეჩვენა, რომ მან ფულტონი გააგდო… ნაპოლეონს იმხანად მეტი შორსმჭვრეტელობა და თავშეკავება რომ გამოეჩინა, მეცხრამეტე საუკუნის ისტორია შეიძლებოდა სხვანაირად წარმართულიყო.

რუზველტს უყვარდა სიმბოლიკა. ნაპოლეონისდროინდელი ფრანგული კონიაკი მოიტანეს. პრეზიდენტმა მშვიდად ჩამოასხა ორი ვიწრო ბოკალში, საქსს მიუჯახუნა და დალია. წყნარ, უცნაურ, მეტსახელ “პა”-ს მქონე გენერალ უოტსონს უთხრა:

_ პა, უნდა ვიმოქმედოთ!

რუზველტმა 16 ივლისამდე ვეღარ იცოცხლა და არ იცოდა, რომ მის ფრაზას ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის სახელმძღვანელოებში ეწერა შესვლა.

ოპენჰეიმერი ამ ფრაზაზე ფიქრობს და იღიმება. იგი თავის ფრაზას ამზადებს _ ზუსტს, ნატიფს, ისეთს, რომელიც შეიძლება სიცოცხლეში დადგმული ძეგლივით იყოს.

დარჩა ათი წუთი!

წვიმამ გადაიღო, მაგრამ ცა ისევ შავადაა მოკუპრული, ელვის ზიგზაგები მას ტეხილ ნაწილებად ჰყოფს. ეს ნაწილები ცის კამარას სწყდება და გორაკის ძირას იმსხვრევა. ადამიანები სდუმან. ადამიანის მეტყველება მეტისმეტად არასრულყოფილი ინსტრუმენტია მათი გრძნობების გამოსახატავად. უკეთესია, კბილი კბილს დააჭირო და პულსის ცემას, სისხლით სავსე ძარღვების ცემას ადევნო თვალყური, დააკვირდე.

დარჩა ხუთი წუთი!

მაინც როგორი ყოჩაღია დოქტორი საული კ. ალისონი, რკინის ნერვები აქვს. ნეტავ, სად და როდის დაუმზადეს? შორს წავა დოქტორი ალისონი.

5 საათი და 27 წუთია.

თავშესაფარში ტევა არ არის. აქედან, საოპერაციოდან 17000 იარდის მოშორებით, მშობლები, სპეციალისტები და სტუმრები თვალყურს ადევნებენ “ბღენძის” გამოჩენას. მათთან არის რამდენიმე ჯარისკაცი, ორი-სამი საზღვაო და ქვეითი ოფიცერი. კაცუნები, რომელთა სახელები მომავალს არ სჭირდება.

წამებიღა დარჩა.

ოპენჰეიმერის შეხედვისაც კი შეგეშინდებათ. იგი ბოძს ჩასჭიდებია წონასწორობის დასაცავად; სახე ულურჯდება, სუნთქვა უჭირს.

ჯერ არაფერი მომხდარა; ჯერ კიდევ შეიძლება საათის გაჩერება. დოქტორი ოპენჰეიმერი პირდაპირ იყურება. დამცავი შავი სათვალე მისი თვალების გამომეტყველებას ფარავს.

უსიცოცხლო ტუჩები ღიმილს განაგრძობენ.

ბღენძსდაბადების დღეს ბრწყინვალე და დიდმნიშვნელოვანი სახელი უწოდეს: “ტრინიტი” _ სამება. იგი ორი მილიარდი დოლარი დაჯდა. ამ ფულით შეიძლება ახალი ფინანსური იმპერია დააარსო ან გაანადგურო ნებისმიერი, უკვე არსებული. შეიძლება ააშენო ქალაქი, შეიძლება ნაცარტუტად აქციო.

2 000 000 000!

_ დროა!

ცა ელვას მოუცავს. იგი ეცემა კლდეებს, ფარავს ქედის კალთებს, კაშკაშა ბურთი ღრუბლებსაც შთანთქავს.

_ ღმერთო დიდებულო! _ კვნესის ქვეითი ოფიცერი.

ქარიშხალმა იგი მიწას გააკრა. დაბალი, შემზარავი გუგუნი ამოვარდა დაჭრილი პლანეტის წიაღიდან. ცა ფერს იცვლის _ ოქროსფერი, მეწამული, იისფერი, ნაცრისფერი, ცისფერი…

5 საათი და 30 წუთი იყო.

ოპენჰეიმერი დოქტორ კისტიაკოვსკის გადაეხვია.

_ აგერ ისიც!

ისტორიკოსები ვერ ეღირსნენ ზუსტსა და ნატიფ ფრაზას, რომელიც შეიძლებოდა გენიოსისადმი სიცოცხლეში დადგმული ძეგლივით ყოფილიყო ან გუშინდელი დღის ეპიტაფიად ქცეულიყო.

გორაკზე მდგარი ადამიანები ჩქარობდნენ, რათა დაემოწმებინათ დაბადებაში თავიანთი მონაწილეობა. ხვალ მათი სახელები მსოფლიოს უნდა სცოდნოდა.

ხვალ.

გუგუნს მთელი პლანეტა მოეცვა, ხვალინდელ დღეს აღვიძებდა. ამ დღეს კაცობრიობისთვის მოჰქონდა ჰიროსიმა და ნაგასაკი, რადიოაქტიური წვიმები ენივეტოკის ატოლზე, სასამართლო პროცესები, გუშინდელი “ღმერთების” დაცემა და გაუნელებელი შიშის ზარი.

გორაკზე მდგარი ადამიანები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-მექსიკოს შტატში, ალბუკერკეს სამხრეთ-აღმოსავლეთით 120 მილის დაშორებით, ატომური ბომბის დაბადებას ზეიმობდნენ.

2

მე არ ვარ შეშლილი.

ომის ყოფილი მონაწილეებისათვის განკუთვნილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მე-10 განყოფილების შეფი დოქტორი გორდონი საღად მოაზროვნე შიზოიდს მიწოდებს. ამასთანავე, იგი კრეჩმერს, ფროიდსა და სხვა მედიცინის ავტორიტეტებს იმოწმებს. გორდონს სახე ქრცვინს, მანერები კი ესპანელ გრანდს მიუგავს. ავადმყოფებს მისი ეშინიათ, განსაკუთრებით არტ ბერნსტაინს _ პატარა საზღვაო ქვეითს პანტურა ყურებით. არტი ჩვენს შფოთიან განყოფილებაში ყველაზე წყნარია; მას თითქმის არასოდეს აცმევენ დამაწყნარებელ პერანგს. მეოცნებეა, საკუთარ თავშია ჩაფლული და სამყაროს უყურებს ფართოდ გახელილი, ნათელი, გამჭვირვალე თვალებით, რომლებშიც ძველი, დაუძლეველი შიში გაყინულა. იგი ხანდახან უმიზეზოდ ტირის; ამ დროს განყოფილება ბედლამს ემსგავსება: ოცდაექვსივე ავადმყოფი ყვირის, ფაციფუცობს, დარბის ვიწრო დერეფანში; სანიტრები გაჭირვებით ახერხებენ წესრიგის ამყარებას; ყველაზე შმაგებს საწოლზე აბამენ; დოლის ბაგაბუგივით ისმის სილის გაწვნის ხმა. ბოლოს გამოჩნდება ხოლმე რომელიმე ექიმთაგანი; საპროცედუროში სასწრაფოდ ხარშავენ შპრიცებს და ყველა ჩვენგანი იღებს რეზერპინის, ამინაზინის ან სტრეპტოზოლის რიგგარეშე ულუფას.

დღეს სიწყნარეა. შემოვლა ეს-ესაა დამთავრდა. დოქტორმა გორდონმა, ღმერთივით მოწყალემ, შემოიხედა ჩვენს პალატაში, ზიზღით შეისუნთქა ჰაერი, რაღაც ჩაიბუზღუნა ვენტილაციისა და ჩვენი უსუფთაობის თაობაზე და გაგვშორდა.

გორდონი მართალია, ოთახში მძიმე ჰაერია. ბილი კონოლს, რომლის საწოლიც ჩემს მარჯვნივ დგას, ფეხები აქვს პარალიზებული. იგი ქვეშ ისვრის, ზეწრებს კი მხოლოდ კვირაში ერთხელ უცვლიან. ჩვეულებრივ, ეს შაბათ დღეს ხდება, როდესაც ნათესავები მოდიან, _ ამ დღეს მაიორი კონოლი, “მეწამული გულისა” და ოქროს მედლის _ “სიმამაცისათვის” _ კავალერი, რიგიანად უნდა გამოიყურებოდეს.

კონოლი ყველაზე ადრე იღვიძებს. მას საკუთარი ყვირილი აღვიძებს, ნალების ბრახუნით პალატაში შემოვარდება გაღვიძებული მორიგე სანიტარი. ლაწ, ლაწ! _ წითელი ზოლები აჩნდება კონოლის გაფითრებულ ლოყებს. თავი უმწეოდ უვარდება ერთი მხარიდან მეორეზე _ მშვენივრად გამოქანდაკებული თავია ადრე გაჭაღარავებული გრუზა თმით. მისი ფოტოები ორმოცდახუთ წელს მთელი კვირის განმავლობაში არ ჩამოდიოდა გაზეთებიდან.

ბილი კონოლი ჩემსავით მფრინავია. იგი ესენთან ჩამოაგდეს. ფოლკშტურმისტებმა მეხჩერ ტყეში დაიჭირეს და ქალაქის მთელი ქუჩები მოატარეს. კონოლი საღეჭ რეზინს ღეჭავდა; ქვებს ესროდნენ, გესტაპოს შენობის წინ ხერხემალი გადაუმტვრიეს.

ახლა ბილი ყველაზე მდიდარი ადამიანია მსოფლიოში. მას აქვს ათასი სასახლე, მსახურთა პოლკები ჰყავს; მანქანებს იცვლის და ყოველთვის მე მეკითხება, რომელი ამოირჩიოს _ ნაცრისფერი “კადილაკი” თუ ცისფერი “ისპანოსიუზი”.

_ “როისი” იყიდეთ, ბილ, _ სერიოზულად ვურჩევ მე, _ ინგლისელები თავიანთ რეკლამებში წერენ, რომ ესაა ყველაზე ძვირი და ყველაზე არაეკონომიური მანქანა მსოფლიოში. ჩემი აზრით, ეს ჩინებულია.

ბილი მადლიერებით მიქნევს ჭაღარა თავს.

_ გმადლობთ, კლოდ, მოვიფიქრებ.

იგი ფიქრობს. ტუჩებს აცმაცუნებს და ეს ცმაცუნი შეიძლება ნებისმიერ დროს გააფთრებულ ყვირილში გადაიზარდოს. ესენი მანქანის შესახებ ყოველგვარ ფიქრს გადაავიწყებს. ესენი ფოლადის ხელს ჩასჭიდებს გულზე; იგი კრეჭს კბილებს და პირიდან საშინელი ღმუილი აღმოხდება:

_ ოოო-ოო-ოოო ოო!…….

ყურებში თითებს ვიცობ. არავინ მოდის და ბილი ნელ-ნელა წყნარდება. იგი იცინის და სავსებით ნორმალურად ამბობს:

_ გეხუმრებით, კლოდ.

_ არა უშავს, ბილ, _ ვეუბნები, _ ყველაფერი რიგზეა.

ბილი გულუხვია. უბეში იქექება; იღებს ტუალეტის ქაღალდის ნაგლეჯს და ჩემს საწოლზე აგდებს. ეს მილიონი დოლარის ჩეკია.

_ იყიდეთ “ლიბერეიტორი”, _ მეუბნება ბილი, _ ერთად დავბომბოთ ესენი…

სანიტარს ჩემთვის და ბილისთვის საუზმე მოაქვს. ლოგინში ვჭამ, მუცელზე მწოლიარე. გუშინ პუნქცია გამიკეთეს და ადგომა ამიკრძალეს. გორდონი დარწმუნებულია ან თავს იკატუნებს, რომ სჯერა, თითქოს სიფილისით ვიყო ავად. მასთან კამათი უაზრო და სახიფათოა.

გორდონს ჯეროვნად უნდა მივუზღათ: პუნქცია უნაკლოდ გამიკეთა. ვერც კი ვიგრძენი, როგორ შევიდა წვრილი ნემსი ხერხემლის მალებს შუა ხრტილში.

_ საუცხოოა, ემრიჩ, _ მითხრა გორდონმა, _ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ზურგის ტვინის სითხის ანალიზი სამ ჯვარს მაინც უჩვენებს. თუ ასეა, ვცადოთ მალარიის საწინააღმდეგო აცრა და ამით თქვენს პროგრესულ დამბლას ნოკაუტში ჩავაგდებთ.

_ ამინ, _ მისივე ტონით ვუპასუხე და საკაცით პალატისკენ გავემართე.

საწყენია: სამი დღე _ ლოგინში, ბალიშში ცხვირჩარგული. თუმცა რაა სამი დღე ადამიანისათვის, რომელიც უეიკოს საოლქო სასამართლომ “განუსაზღვრელი ვადით” შეაგდო ამ “სამკურნალო” დაწესებულებაში.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here