თამაშის წესების დარღვევისთვის მსაჯს უფლება აქვს, ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენოს და მინდვრიდან გააძევოს. ამ ბარათების რაოდენობა ზოგჯერ საკმაოდ დიდია. მაგალითად, 1970-იანი წლების ბოლოს მექსიკური გუნდების _ “ატლეტიკოსა” და “ესპანიოლის” მოთამაშეები მსაჯმა გონსალესმა 26 წითელი ბარათით დასაჯა.
ფეხბურთის ისტორიაში ამ მხრივ ყველა რეკორდი მოხსნა არგენტინელმა მსაჯმა დამიან რუბიომ. მან ბუენოს–აირესში გამართული მატჩის დროს საფეხბურთო კლუბების _ “კლეიპოლესა” და “აურელიანო არენასის” მოთამაშეებსა და მწვრთნელებს 36 წითელი ბარათი უჩვენა. თამაშის წესებს ხშირად არღვევენ პოლიტიკოსებიც, თუმცა მათი უმრავლესობა, როგორც წესი, დაუსჯელი რჩება; მეტიც, ვინაიდან ჩვენში პოლიტიკა კვლავ სარფიან საქმედ მიიჩნევა, ბევრი _ მრავალი წლის განმავლობაში, ზოგიერთი კი სამუდამოდ კვლავ აქტიურ პოლიტიკოსად რჩება. საზოგადოების წარმომადგენელთა აზრით, რომელი პოლიტიკოსი იმსახურებს “პოლიტიკურ წითელ ბარათს”, ჩვენი რუბრიკიდან შეიტყობთ. რუბრიკის სტუმარია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
_ ბატონო დიმიტრი, ქართველი პოლიტიკოსებიდან ყველაზე მეტად ვინ გაგიცრუათ იმედი, ვის უჩვენებდით წითელ ბარათს?
_ წითელი ბარათი ვუჩვენო პოლიტიკოსებს, რომელთა მიმართაც ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს (და ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკოსები არსებობენ), ხოლო თავად მორალისტი გამოვჩნდე, ვფიქრობ, ჩემი მხრიდან უმართებულო იქნება, რადგან შეუმცდარი არავინაა.
საერთოდ კი, წითელ ბარათს ვუჩვენებდი ყველას, ვინც “ნაციონალური მოძრაობისა” და, საერთოდ, ნეოლიბერალური და ე.წ. ევრო–ამერიკული დაჯგუფების წევრად გვევლინება. ბევრი მათგანი სხვადასხვა კოალიციაში ყოფნისას თუ ინდივიდუალურად მხოლოდ სხვების დასანახავად ემიჯნებოდა “ნაციონალურ მოძრაობას”, სინამდვილეში კი მათ გვერდით იყო. როდესაც გიგი უგულავა 24 საათით ციხის გარეთ აღმოჩნდა, არაერთი პოლიტიკოსისა და “პროდასავლურად” მოაზროვნე გუნდის დასახელება მოასწრო და ყველაფერი ნათელი გახდა. უკვე ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და პოლიტიკური გუნდია ლუსტრირებული.
დღეს საქართველოში საზოგადოების აგრესიული გენდერიზაცია მიმდინარეობს, რომლის სათავეშიც “ნაციონალური მოძრაობა”, რესპუბლიკური პარტია, “თავისუფალი დემოკრატები” და ყველა ის პარტია დგას, რომლებიც ცდილობენ, რაღაც ფინანსები გამოსტყუონ დასავლეთს. ვფიქრობ, სწორედ ისინი არიან წარმომადგენლები იმ გუნდისა, რომლის მთავარი დონორიც ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ქადაგებს.
_ რატომ აღმოჩნდნენ თქვენთვის მიუღებელი ეს პოლიტიკოსები თუ პარტიები, ყველაზე მეტად რომელი ქმედება არ მოგეწონათ მათი?
_ შეიძლება ასე ითქვას: დღეს პოლიტიკური სპექტრი ორ ნაწილად იყოფა _ სოდომისტებად და ანტისოდომისტებად. სოდომისტებში ვგულისხმობ ყველა იმ პოლიტიკოსსა და პოლიტიკურ გუნდს, რომლებიც საერთაშორისო ლიბერალური ინტერნაციონალის ოჯახის წევრებისადმი, მათი ღირებულებებისადმი ერთგულების ფიცს დებს და რომელთა დღის წესრიგშიც გარდაუვალი ამოცანაა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება. შეიძლება ბევრმა თქვას, რომ პროდასავლური ორიენტაცია აქვს, მაგრამ მხარს არ უჭერს სოდომისტურ მისწრაფებებს, მაგრამ დღეს ეს შეუძლებელია.
ის პოლიტიკოსები, რომლებიც გულში მჯიღს იცემენ, ქართველობაზე და ეროვნულ ღირებულებებზე დებენ თავს და თან რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად ლიბერალურ ინტერნაციონალს უერთდებიან, რა თქმა უნდა, სოდომიზმის აპოლოგეტები არიან.
_ რამ განაპირობა, რომ ეს პარტიები წლების განმავლობაში რჩებიან პოლიტიკაში და საკმაოდ წარმატებითაც მოღვაწეობენ?
_ წარმატება ფარდობითი ცნებაა. თუ წარმატებაში იმას ვიგულისხმებთ, რომ შეტივტივებული ნატანის როლს ასრულებენ პოლიტიკაში, მე ამას წარმატებად არ ვთვლი. ძალიან სუსტი ეროვნული ცნობიერების კონგლომერატი განაპირობებს, რომ ისინი, წლებია, პოლიტიკაში არიან. ქვეყანაში ვერ და არ იზრუნა არავინ, დიდი წილი ფინანსური ინიექციისა სწორედ ეროვნული ღირებულებების ერთგული ორგანიზაციების განვითარებაზე რომ დახარჯულიყო. ვფიქრობ, ეს დრო უკვე დადგა. სხვათა შორის, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ იდეის გარშემო ირაზმება და ერთიანდება. ბოლო ორი–სამი კვირის განმავლობაში რამდენიმე ახალგაზრდული ორგანიზიაციაც დაფუძნდა, რაც იმედს მაძლევს, რადგან იქ, სადაც ახალგაზრდობა და სტუდენტობაა, 20 წლის ჩამყაყებული პარტიული წარმონაქმნების ადგილი ნამდვილად აღარ იქნება და ისინი პოლიტიკური სივრციდან თავისთავად განიდევნებიან.
რაც შეეხება სამართლებრივ საფუძვლებს, სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა, კერძოდ კი, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი, საშუალებას აძლევს ერთკაციან პარტიებს, ოპერირება მოახდინონ პოლიტიკურ სივრცეში და ძირითადი მოთამაშეებისთვის დემოკრატიული ანტურაჟის როლი შეასრულონ. ასეთი პარტიების რაოდენობა საქართველოში, როგორც ჩემთვის ცნობილია, 226-ია და, შესაბამისად, არჩევნების წინ ხან ერთი აქტიურდება, ხან _ მეორე…
_ სამი პარტია დაასახელეთ. შეგიძლიათ, თქვათ, რომ სამ პოლიტიკურ პარტიას – “ნაციონალურ მოძრაობას”, რესპუბლიკელებსა და “თავისუფალ დემოკრატებს” უჩვენებდით წითელ ბარათს?
_ დიახ, ამ სამ პარტიას ვუჩვენებდი წითელ ბარათს, ვინაიდან მათი ქმედებები უკიდურესად დექსტრუქციულია და ქართული ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგაა მიმართული. შესაბამისად, დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა ამ კარგად დაფინანსებულ, ფსევდოლიბერალური ღირებულებების მქონე პარტიებს ქმედითი წინააღმდეგობა გავუწიოთ.
“ნაციონალური მოძრაობა”, რესპუბლიკური პარტია, “თავისუფალი დემოკრატები” და კიდევ რამდენიმე პარტია, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებში გაერთიანდებიან. თუმცა რესპუბლიკელები შეეცდებიან, “ქართული ოცნებაც” გამოიყენონ და არჩევენებში “ქართული ოცნების” სახელით გავიდნენ, მხოლოდ შემდეგ გამოეყოფიან კოალიციას და პარლამენტში ახალი უმრავლესობის სახით წარდგებიან.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი