Home რუბრიკები პოლიტიკა თინა ხიდაშელი _ “ტროას ცხენი” აღმასრულებელ ხელისუფლებაში

თინა ხიდაშელი _ “ტროას ცხენი” აღმასრულებელ ხელისუფლებაში

729

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი, რომლებიც “კაბელების საქმეზე” 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს, თანამდებობებზე დააბრუნა. 

 

დაკავებულები იყვნენ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

მათ დაკავებას ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პოლიტიკურ დევნად აფასებდა: “ესენი არიან ივანიშვილის პირადი პატიმრები, ის ავალებდა პროკურორებს, სწრაფად დაეკავებინათ და ჩემზე პოლიტიკური ზეწოლა მომხდარიყო, ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიდევ უნდათ პროკურორებს პროცესის გადატანა და, თუ ეს დამტკიცდა, მოწმობს, რომ არ აქვთ მტკიცებულებები. უსაფუძვლოდ 5 ადამიანი, მერამდენე თვეა, ტყვეობაში იმყოფება, ისენი არიან ივანიშვილის პირადი ტყვეები”, _ ამბობდა ალასანია.

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ხმაურიან დაკავებაზე სამხედრო ექსპერტები წერდნენ:

“მოწვევა სს “სილქნეტთან” ერთად გაეგზავნა საქართველოში მოქმედ 9 კომპანიას, რომლებსაც წინადადებების წარმოსადგენად ვადა 5 სექტემბრამდე მიეცათ. ვინაიდან ხსენებული სამუშაოს შესასრულებლად თავდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი იყო არარეალურად მოკლე ვადა, ოთხმა კომპანიამ შეძლო მხოლოდ ზოგადი ხარჯთაღრიცხვის წარდგენა;

თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას მოხდა კომპანიების მიერ წარმოდგენილ წინადადებებში აღნიშნული მისაწოდებელი ფასის გამოცხადება, იმავე თარიღით შედგენილი იქნა შემოთავაზების გახსნის ოქმი, რომლის მიხედვითაც, თითქოს წინადადებები გაიხსნა ტრანსპარანტული წესების დაცვით და გადახედილი იქნა წარმომადგენლების თანდასწრებით, რეალურად წინადადებები უკვე გახსნილი იყო და პრეტენდენტებს, მიუხედავად მათი მოთხოვნისა, არ გააცნეს ერთმანეთის შეთავაზებები.

საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებმა მიიღეს ყველა ზომა სს “სილქნეტის” პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენების მიზნით, რაც გამოიხატებოდა სხვა კომპანიებისთვის ქონებასა და მომსახურებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში.

წინადადებების განხილვისას და შემდგომ ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა სხვა სახელმწიფო სამსახურებში შეგნებულად არ გაარკვიეს ანალოგიური ქონების შეძენის პირობები და ღირებულება, რადგან აღნიშნული მომსახურება და საქონლის შეძენა ბაზარზე შესაძლებელი იქნებოდა გაცილებით შეღავათიან ფასად შესყიდვაში მონაწილე სხვა კომპანიებისგან.

თავდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულებით სს “სილქნეტს” უნდა გადაუხადოს, ჯამში, 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი”.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავება მინისტრ ირაკლი ალასანიას საქართველოში არყოფნისას მოხდა. დაბრუნებისთანავე ის სამინისტროს თანამშრომლების თავდებში გამოშვებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით, პროკურატურას რამდენიმე პარლამენტარმაც მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. 8-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ სამხედრო ოფიცრები თავდებით მაინც გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლო პროცესი მაინც მიმდინარეობს და ჯერ კიდევ გაურკვეველია, ცნობენ თუ არა უდანაშაულოდ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც უკვე თანამდებობებზე დაბრუნდნენ.

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ადამიანებს მინისტრმა ასეთი პასუხი გასცა: “თავდაცვის სამინისტროს და პირადად მე, თავდაცვის მინისტრს, ქვეყნის, მისი ინსტიტუტების ფუნქციონირება მხოლოდ კანონის უზენაესობის პირობებში წარმოგვიდგენია და კანონის უზენაესობის ერთგული ვრჩებით. ამავე პრინციპის ერთგულია ქვეყნის მთელი ხელისუფლება.

ახლა _ საქმეზე.

1. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არასოდეს ყოფილან გათავისუფლებულნი.

2. გემახსოვრებათ, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩემი წინამორბედის ბრძანებით, სწორედ პატიმრობის გამო მათ ავტომატურად შეუჩერდათ უფლებამოსილება.

3. ასევე გემახსოვრებათ, სასამართლომ ამ ადამიანების აღმკვეთი ღონისძიება შეცვალა და პატიმრობა შეწყდა. ეს კი ნიშნავს, რომ საფუძველი _ ზევით ნახსენები აქტი, აღარ არსებობდა.

4. ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილებისა და კანონის მოთხოვნების შესაბამისად მათთვის შეჩერებული უფლებამოსილება აღვადგინეთ.

5. ვინმეს დამნაშავეობა ან უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის. ამას სასამართლო დაადგენს, ჩვენ კი კვლავაც კანონის უზენაესობის სამსახურში ვიქნებით.

თუ კიდევ რამეა გაუგებარი, მზად ვარ, კანონის მუხლებიც მივუთითო, აქ არ ჩამოვწერე, ისედაც მარტივი და ლოგიკური მეჩვენება”.

ხელისუფლებიდან თავდაცვის მინისტრს პასუხი მხოლოდ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გასცა, რომელმაც, როგორც ჩანს, ხიდაშელის ეს გადაწყვეტილება პროკურატურის იგნორირებად ჩათვალა.

“თუ კი თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროში არსებობს პრაქტიკა, რომელიც თითქოსდა შეიძლება კანონთან არ იყოს შესაბამისობაში, ძალიან შორს წასულა მისი ფიქრები.

მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება თავდებობით გამოშვებული ადამიანი აღდგეს ან არ აღდგეს თანამდებობაზე. ასეა იუსტიციის სამინისტროშიც, მაქვს ორი გზა. ორი გზა ჰქონდა მასაც. მე მას გადაწყვეტილებას არც ვუწუნებ, არც ვუწონებ, ეს არ არის ჩემი საქმე, მე მივდივარ ხოლმე მეორე გზით.

არ მომწონს, არ არის ასეთი ჩემი მმართველობის სტილი. როდესაც ჩემს თანამშრომელზე არსებობს ეჭვები, მირჩევნია, ეს თანამშრომელი შინ დაელოდოს განაჩენს”, _ განაცხადა წულუკიანმა.

შევეცადეთ, სამხედრო ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან ერთად გაგვერკვია, როგორი იყო თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება _ ჰუმანური, პოლიტიკური თუ, უბრალოდ, თავხედური?

ვახტანგ მაისაია, სამხედრო ექსპერტი:

_ როგორი იყო თქვენი რეაქცია თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებაზე, როცა თავდაცვის სამინისტროს დანაშაულში ეჭვმიტანილი თანამშრომლები თანამდებობებზე დააბრუნა?

_ თუ თინა ხიდაშელს განვიხილავთ, როგორც “დიდად ჰუმანურ” ადამიანს, მაშინ მისი გადაწყვეტილება, შესაძლოა, დადებითად შევაფასოთ…

თინა ხიდაშელი იურისტია და კანონები კარგად იცის, ალბათ, ახსნაც აქვს, რატომ დააბრუნა სამინისტროში ეს ადამიანები, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავდაცვის მინისტრი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. თუ მას სურდა სამართლიანობის აღდგენა, მაშინმუხროვანის საქმეზედაკავებული ოფიცრებიც დაებრუნებინა, მან ხომ ძალიან კარგად იცის, რომ თითოეული მათგანი სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლია და სამსახურებიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. ამ ადამიანების ბედი დღემდე ჰაერშია ჩამოკიდებული, არადა, ყველანი საჭირონი არიან, მათი გამოცდილება ქვეყანასა და თავდაცვის სამინისტროს ძალიან სჭირდება. თუ ხიდაშელს სამართლიანობის აღდგენა სურდა, სწორედ აქედან უნდა დაეწყო და ასეთ შემთხვევაში, ვიტყოდით, რომ ლოგიკა არსებობს და ახსნასაც მოვუძებნიდითკაბელების საქმეზედაკავებულთა დაბრუნებას თანამდებობებზე.

_ თინა ხიდაშელმა ირაკლი ალასანიას ხალხი დააბრუნა სამინისტროში, საზოგადოება აქცენტს სწორედ ამაზე აკეთებს.

_ “კაბელების საქმეზე” ბევრი კითხვა არსებობს. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც დაკავებულები იყვნენ, ოფიცრები არიან, სამხედროები და მათი ვინმესთან გაიგივება არ შეიძლება. ისინი დავალებას ასრულებდნენ. თანაც, “კაბელების საქმეზედაპატიმრებულები იყვნენ არა სათავეში მყოფები, არამედ ის ადამიანები, რომლებიც ბრძანებას ასრულებდნენ. დღემდე არ არის გარკვეული, გადაწყვეტილება ვინ მიიღო და ტენდერში კონკრეტულ ფირმას ვინ გაამარჯვებინა. ეს საკითხები დღემდე ღიად არის დარჩენილი. კორუფციის სათავე მაღალ ეშელონებში უნდა ეძებო. არასწორი იყო ქვედა რგოლის დაპატიმრება და დადანაშაულება. მინდია ჯანელიძე მოვიდა და სამინისტროს გაწმენდა გადაწყვიტა.

სამინისტროში დანაშაული ნამდვილად მოხდა, თუნდაც ის, რომ გრიფისაიდუმლოდაადეს მასალებს, რომლებიც დასამალი არ იყო, უკვე აჩენს კითხვის ნიშნებს.

_ ალასანია ამბობდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ეს თანამშრომლები ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან.

_ ალასანია მართალი არ იყო, როცა ამას ამბოდა, მას სურდა, პროცესი პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანა. მე ვიტყოდი, რომ დაკავებული ოფიცრები მინდია ჯანელიძის პატიმრები და მძევლები უფრო იყვნენ, რადგან სწორედ მისი მინისტრობის პერიოდში დააპატიმრეს ეს ადამიანები.

ვიმეორებ: თუ თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში არ დააბრუნებს იმ ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილის პერიოდში მართლაც რეპრესირებულები იყვნენ, მაშინ ვიტყვი, რომ თავდაცვის მინისტრი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.

_ “კაბელების საქმეძალიან ხმაურიანი იყო, დიდი ვაჟკაცობა სჭირდებოდა იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თავდაცვის მინისტრმა მიიღო, ის ფაქტობრივად, მთავრობის წინააღმდეგ წავიდა

_ იცით, არ მომისმენია პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება ამ საკითხზე. ასე რომ, შესაძლოა, ეს შეთანხმებულიც იყო. თანაც, პრემიერიცა და თავცდაცვის მინისტრიც სულ იმას გაიძახიან, რომ ერთი გუნდის წევრები არიან. პრემიერი უკმაყოფილო რომ იყოს, აუცილებლად იტყოდა, მას ხომ ასე სჩვევია, არაფერს მალავს. ჩვენ ვხედავთ, როგორ უპირისპირდება ის პრეზიდენტს და არ მგონია, თინა ხიდაშელი დაენდო.

ერთადერთი, რაც მოვისმინეთ, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადება იყო, რომელიც რომელ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს, პირადად ჩემთვის, გაურკვეველია.

_ როგორც ჩანს, ირაკლი ალასანია მართალი იყო, როცა ამბობდა, ჩემი თანამშრომლები უდანაშაულონი არიანო.

_ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან გარკვეული არაფერია. “კაბელების საქმეზე” სასამართლო პროცესები 3 სექტემბერს იწყება… ამის შედეგ გავიგებთ, თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო თუ ჰუმანური.

ტრისტან წითელაშვილი, სამხედრო ექსპერტი, გენერალი:

_ სწორად მიგაჩნიათ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება “კაბელების საქმეზე” დაპატიმრებული თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების თანამდებობებზე დაბრუნების შესახებ?

_ თუ ხიდაშელმა ამ საქციელით სამართლიანობის აღდგენა გადაწყვიტა, მაშინ ეს საქმე უნდა დაეწყო იმ 300 ოფიცრის დაბრუნებით, რომლებიც დავით კეზერაშვილმა და ბაჩანა ახალაიამ ერთ ღამეში გაათავისუფლეს. სამ წელზე მეტი გავიდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მეტად საჭირო ადამიანებმა სამართალს ვერ მიაღწიეს.

თინა ხიდაშელმა ამ საქციელით ყველა უარყო და ალასანიას საქმე გააკეთა.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა დანაშაული მართლაც ჩაიდინეს, ხელშეკრულება მართლაც გააფორმეს იმ კომპანიასთან, რომელმაც შემდეგნაციონალების” 2014 წლის ნოემბრის აქცია დააფინანსა. თინა ხიდაშელს, ვიდრე საქმე ძიებაშია, ამ ადამიანების სამინისტროში დაბრუნების უფლება არ ჰქონდა.

თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი საპატიმროდან თავდებით გამოუშვეს, სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარებს და არავინ იცის, რით დასრულდება.

_ ხიდაშელმა ახსნა, რატომ დააბრუნა ისინი სამსახურში და კანონიც მოიშველია.

_ სხვათა შორის, თინა ხიდაშელის განცხადების შემდეგ თეა წულუკიანმა კანონებით ისაუბრა და განმარტა, რომ თავდაცვის მინისტრს ამის უფლება არ ჰქონდა.

მოდი, პირდაპირ ვთქვათ: თინა ხიდაშელმა ამ საქციელით ირაკლი ალასანიას პარტია წაახალისა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რესპუბლიკელები, ალასანია დანაციონალებიპრეზიდენტთან ერთად ალიანსში გაერთიანდებიან.

თინა ხიდაშელის ამ საქციელს თავხედობა ქვია. მან უარყო კოალიციაქართული ოცნებადა კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი თავხედურად გადადგა.

ის კანონები, რომლებიც მან მოიშველია, იმ 300 ოფიცერზეც ვრცელდება, მაგრამ ეს არ აინტერესებს, რადგან ამ ადამიანების დაბრუნებით ალასანიასა და მისი პარტიის წევრებს ვერ წაახალისებს.

სოსო მანჯავიძე, თბილისის საკრებულოს წევრი:

_ რატომ დააბრუნა თინა ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროში ფინანსურ დანაშაულში ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნები?

_ მართალია, თავდაცვის მინისტრმა იურიდიული ახსნა მოუძებნა “კაბელების საქმეზე” დაპატიმრებულთა სამსახურში დაბუნებას, მაგრამ ახლა იურიდიულ ნიუანსებზე ლაპარაკი არც ღირს, რადგან ანტისახელმწიფოებივ აზროვნებასთან გვაქვს საქმე, რომლითაც რესპუბლიკელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ, ეს მათი სახეა. ისინი არ განიხილავენ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს.

როგორ შეიძლება, თავდაცვის სამინისტროში მაღალ პოსტებზე დააბრუნო ადამიანები, რომლებიც ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიჩნეულნი არიან ეჭვმიტანილებად? მათთვის ბრალდება ჯერ არ მოუხსნიათ.

“კაბელების საქმეზე” ბრალდებული ადამიანების უდანაშაულობის პრეზუმფციას არ ვარღვევ, მაგრამ, თუ ხიდაშელს მათი უფლებების დაცვა სურდა, მაშინ სახლში დაეტოვებინა და, თუ ბრალი მოეხსნებოდათ, ჯერ კომპენსაცია მიეცათ და შემდეგ დაებრუნებინა სამსახურში.

დაუშვებელია, ქვეყანაში, რომელიც ომის მდგომარეობაშია, თავდაცვის სამინისტროში მაღალი ჩინი ჰქონდეთ ბრალდებულებს. ამასთანავე, ეს ადამიანები განიხილებიან იმ პოლიტიკური გუნდის წევრებად, რომელიც ოპოზიციაშია ხელისუფლებასთან. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ თინა ხიდაშელს წარმოდგენა არ აქვს, რა არის სახელმწიფო.

თინა ხიდაშელი არისტროას ცხენისაქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. საზოგადოება სექტემბრიდან კიდევ ბევრ სიურპრიზს იხილავს რესპუბლიკური პარტიისგან.

_ რატომ აძლევს თინა ხიდაშელი თავს ამდენის უფლებას?

_ თინა ხიდაშელი ამერიკის ხელდასმულია და, საერთოდაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს არ ეკუთვნის, ეს არის სუროგატული სახელმწიფო სახელმწიფოში.

_ ხიდაშელის ეს გადაწყვეტილება თავხედური იყო? მან ხელისუფლებას გადააბიჯა?

_ ცხადია, გადააბიჯა. მან ამით აჩვენა, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელია სამთავრობო გუნდისგან. თუმცა ხიდაშელი თავიდანვე ამბობდა, რომ გადახედავდა “კაბელების საქმეს” და გაერკვეოდა ყველაფერში. ცხადი იყო, მან წინასწარ მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ახლა გააკეთა. აშკარაა, ყველაფერი ამერიკის საელჩოსთან შეთახმებით მოხდა, ყველამ ვიცით, რომ თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი ამერიკის ელჩის დანიშნულია.

_ რა მოხდება სექტემბერში?

_ სექტემბერში აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საინფორმაციო შეტევა დაიწყება. გამოქვეყნდება კომპრომატები, რომელთა მიზანიც იქნება მნიშვნელოვან თანამდებობებზე კადრების შეცვლა და დაკომპლექტება ისეთივე ორიენტაციის პოლიტიკოსებით, როგორც თინა ხიდაშელია.

_ კომპრომატებს ვინ გამოაქვეყნებს, “ნაციონალები”?

_ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც საინფორმაციო ტექნოლოგიებით იმართება ქვეყნები და განსაკუთრებით _ საქართველო.

სექტემბრის მეორე დეკადაში საინტერესო მოვლენების მომსწრენი გავხდებით და, სამწუხაროა, რომ მათ ხელისუფლება ძალიან მოუმზადებელი ხვდება.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here