მიმდინარე მოვლენებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება დაბა კაზრეთის წმინდა სამების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (ქიტუაშვილი).
_ მამაო არჩილ, ბოლო ხანს ქართველ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობა მძლავრობს და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეს ერთობ აშფოთებს. ხშირად კეთდება განცხადებები, რომ სახელმწიფომ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია რომ ჰქონდეს დასავლურ კულტურაზე, ღირებულებებზე. რა არის დღეს რეალურად დასავლური ფასეულობები, დასავლური დემოკრატია? რა იდეოლოგია დგას ამ ყველაფრის უკან?
_ მოდი, ასე ვთქვათ, ანტიდასავლური განწყობა იმიტომ იზრდება, რომ დღეს დასავლეთი ასოცირდება სიბილწესთან. ამ ყველაფერს თვითონ შეუწყვეს ხელი და, ბუნებრივია, მსოფლიოს რიგი ქვეყნებისა არ იღებს იმ გარყვნილებას, რომელიც იქიდან მოდის. ქართველი კაცი თავისი იდეოლოგიითა და ფასეულობებით ქრისტიანია, ქრისტიანული მსოფლმხედველობისთვის კი აღვირახსნილობა მიუღებელია. ეტყობა, ამას ვერ ითვალისწინებს ის ხალხი, რომელსაც ვერ გაუგია, რატომაა მოსახლეობაში ასეთი უარყოფითი განწყობა ე.წ. დასავლური “ნეოლიბერალური” იდეოლოგიისადმი. როგორც ჩანს, მათთვის სრულიად უცხო და გაუგებარია ქართული ეროვნული სულისკვეთება, როგორც ჩანს, ამ ადამიანებს არ ესმით ან ესმით, მაგრამ ერთობ დამახინჯებულად, ეროვნული ცნობიერებისა და იდენტობის მნიშვნელობა…
_ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ დასავლეთი არც ჩვენ და არც სხვა რომელიმე პარტნიორ სახელმწიფოს არაფერს აძალებს, ანუ საქართველოსგან არავინ ითხოვს ე.წ. სექსუალური უმცირესობების უფლებების გაზრდას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და ა.შ. რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე?
_ განცხადებები გასაგებია, მაგრამ, საუბედუროდ, ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად საპირისპირო სურათს. გვაძალებენ კიდეც და პირდაპირ გვეუბნებიან: ან შეასრულებთ ყველაფერს, რასაც ჩვენ გეუბნებით, ან ევროკავშირს და ნატოს დაემშვიდობეთო.
ჯერ ერთი, ვინ გვიღებს ან ევროკავშირში, ან ნატოში, მაგრამ ფაქტია: დირექტივები დირექტივებს მოსდევს… ზუსტად ასე იყო ძველათაც, როცა დიდ სახელმწიფოებს საქართველოს დაპყრობა სურდათ. იმხანად ჩვენს მეფეებს ტახტის შენარჩუნების სანაცვლოდ ქრისტიანობის უარყოფას და მტრის სარწმუნოებაზე გადასვლას სთხოვდნენ. ფაქტობრივად, დღესაც იგივეა…
_ რამდენიმე წლის წინათ, როცა ჯერ კიდევ არ იყო მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი და საზოგადოებას წარმოდგენაც არ ჰქონდა, მალე რა ნაბიჯების გადადგმას დაიწყებდა კოალიცია ე.წ. სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავად, “საქართველო და მსოფლიოში” გამოქვეყნდა ვრცელი ინტერვიუ პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიასთან, იგი ზედმიწევნით პროგნოზირებდა დღეს მიმდინარე პროცესებს. ამ ინტერვიუში რესპონდენტი ხაზგასმით აცხადებდა, რომ მალე საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზეც დაიწყებენ საუბარსო. როგორ ფიქრობთ, რეალურია ეს ყველაფერი?
_ საღად მოაზროვნე ადამიანები, რასაკვირველია, იმთავითვე მიხვდნენ, რა უბედურება მზადდებოდა, და ხალხს აფრთხილებდნენ, მაგრამ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა არც ეკლესიის აზრი და არც საზოგადოების. იმ საშინელი კანონის მიღებით, ფაქტობრივად, პირველი ნაბიჯი გადაიდგა. რაც შეეხება ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ამაზე, ალბათ, უკვე მუშაობენ გარკვეული ჯგუფები და დარწმუნებული ვარ, ახლო მიმავალში ეს საკითხი წინა პლანზე წამოიწევს. თავდაპირველად, ალბათ, რამე მიმანიშნებელი განცხადებები გაკეთდება, ძალას მოსინჯავენ და მერე დაიწყება პროცესი… ასე მოხდა თავის დროზე დასავლეთის ქვეყნებშიც. მაგალითად, საფრანგეთში ჯერ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს, შემდეგ ე.წ. სექსუალურ უმცირესობას კიდევ გაუზარდეს უფლებები, მერე აღლუმების ჩატარება დაიწყეს და ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის აყვანის უფლებაც მისცეს…
_ თუმცა არის ერთი მომენტი: თვით ამერიკაშიც და საფრანგეთშიც კი, სადაც “ნეოლიბერალური დემოკრატია” ზენიტშია, ათეული წლები დასჭირდა პროპაგანდას, რომ საზოგადოებაში ნიადაგი შეემზადებინა იმ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის. როგორ ფიქრობთ, საქართველოში რა დრო დასჭირდება, ანალოგიურმა პროპაგანდამ შედეგი რომ გამოიღოს?
_ ნათქვამია, წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო. ვფიქრობ, მათ საქართველოში გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდებათ, იმიტომ, რომ უკვე აქვთ გამოცდილება. პრინციპში, ჩვენთან უკვე მიმდინარეობს ეს პროცესი და თუნდაც ის, რომ ჩვენ ორი ახლა ამ საკითხზე ვსაუბრობთ, ამის დასტურია. მაგრამ მინდა, მჯეროდეს, რომ ქართველი საზოგადოება არ დაუშვებს უზნეობის დაკანონებას და ხელისუფლების ჯანსაღი ნაწილიც წინ აღუდგება ამ პროცესს.
_ ხშირად გვესმის, რომ ევროკავშირი და ევროატლანტიკური სტრუქტურები საქართველოს ისტორიული არჩევანია. სწორია ეს პოზიცია? და, როგორ ფიქრობთ, რა გვაკავშირებს ჩვენ იტორიულად ევროპასთან?
_ ერთადერთი, რაც ჩემთვის ისტორიულ არჩევანში შეიძლება იგულისხმებოდეს, ქრისტიანობაა. ვის რა კრიტერიუმით ჰგონია რომელიმე ქვეყანა ან ქვეყანათა გაერთიანება ისტორიული არჩევანი, გაუგებარია. რაც შეეხება ევროპას, თუ ის აირჩევს ჭეშმარიტ ქრისტიანულ მსოფლმხედველობას, მაშინ ცხადია, მასთან მეგობრობის საწინააღმდეგო არაფერი გვექნება, მაგრამ დღეს ევროპა უღმერთოდ ცხოვრობს და ევროპელების არჩევანი არის უღმერთობა; დასავლეთი თავს გვახვევს არაქრისტიანულ ცხოვრების წესს და ამის დაშვება არ შეიძლება, თორემ ქართველი ერი დაიღუპება. ჩვენ ვდგავართ ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე და ქართველმა ხალხმა ამ გზას არ უნდა გადაუხვიოს. სხვანაირად ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება, რადგან უღმერთოდ დარჩენილი საქართველო ვერც ერთ განსაცდელს ვერ გაუძლებს…
_ ფაქტია, რომ საინფორმაციო სივრცე და პროპაგანდის საშუალებები თითქმის მთლიანად დასავლური ძალების ხელშია, მათ აქვთ ყველანაირი ბერკეტი, რათა საზოგადოებრივი აზრი მართონ. ამ პირობებში რა ძალა შეიძლება მათი საპირწონე გახდეს, რა იდეოლოგია შეიძლება ამ ყველაფერს დაუპირისპირდეს?
_ ძალა არის ისევ და ისევ საზოგადოება. ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ვინ არის მეგობარი და ვინ _ დამპყრობელი.
დასავლეთს რაც შეეხება: თუ მათ პარტნიორობა და მეგობრობა უნდათ, კარგად უნდა ხვდებოდნენ, რომ მათი რიტორიკა ამ კონტექსტში ვერ ჯდება. თუ ადამიანმა დაგიმონა, ის უკვე მეგობარი არ არის, შენ მისი მონა ხდები და მონა კი ყოველთვის იბრძვის თავისუფლების მოსაპოვებლად…
_ რას გულისხმობთ მონობაში?
_ კიდევ ვიმეორებ, ჩვენ დღეს პირდაპირ გვეუბნებიან: ის კი არ არის სწორი, თქვენ რასაც ფიქრობთ, ჩვენ რომ ვფიქრობთ, ის და თქვენც ასე უნდა იაზროვნოთო. ზუსტად ამის საწინააღმდეგო განწყობა იზრდება საქართველოში და, ვიღაც–ვიღაცები რომ ამბობენ, ანტიდასავლურ განწყობას მიზანმიმართულად აღვივებენო, მათ ვეტყოდი, რომ მიზეზები საკუთარ თავში ეძებონ, ნაკლები ილაპარაკონ, ნაკლები დაგვაძალონ და ნაკლები იქნება ანტიევროპული განწყობაც.
_ ამ საუბრის შემდეგ დასავლეთიდან დაფინანსებულმა ნეოლიბერალურმა ძალებმა თქვენ წინააღმდეგ შეიძლება შავი კამპანია დაიწყონ და რუსეთის აგენტობა დაგწამონ. მსგავსი რამ უკვე არაერთი სასულიერო პირის წინააღმდეგ დაიწყეს. რას უპასუხებთ მათ?
_ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ არ ვართ არც პრორუსულები, არც პროდასავლურები და არც სხვა რომელიმე პოლიტიკური პოლუსის აპოლოგეტები, ჩვენ ვართ პროქრისტიანული… თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ დღეს ამერიკის ან ევროპის ცხოვრების წესი არის ქრისტიანული, ბოდიშს მოვიხდი და ვიტყვი, რომ ჩემი პოზიცია მცდარია, მაგრამ სინამდვილეში ხომ ყველამ ვიცით, ეს რა ძალებია…
ნეოლიბერალებს კი ვეტყოდი, რომ მათი პროპაგანდა, ვინც დასავლეთისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი, თითქოს ყველა პრორუსია, აღარ მუშაობს. პირიქით _ ამ პროპაგანდით ისინი თვითლუსტრირებას ახდენენ და კიდევ უფრო აღრმავებენ ანტიდასავლურ განწყობებს იმიტომ, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკვე ისედაც იცის, რა არის რეალურად დასავლური ე.წ. ნეოლიბერალური იდეოლოგია.
_ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ეკლესიაზე სერიოზულად ზემოქმედებდნენ, რომ სასულიერო პირებს ღიად არ გამოეხატათ თავიანთი პოზიცია ევროინტეგრაციაზე. თქვენი აზით, რა გავლენა მოახდინა ამ ყველაფერმა სამღვდელოებაზე?
_ ეკლესია ყოველთვის იდგა და მომავალშიც იდგება ხალხის გვერდით, სამღვდელოება ყოველთვის იტყვის სიმართლეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიღაცას შეიძლება არ მოეწონოს. კიდევ ვიმეორებ: ვერანაირი პროპაგანდითა და შავი პიარით ვერ გაგვაჩუმებენ და ნებისმიერი მცდელობა, რომ აგენტის იარლიყი მოგვაკერონ, არ გამოუვათ. მანამდე არაფერი ეტკინოთ, პირში წყალი ჩავიგუბო და ხმის ამოღების შემეშინდეს, როცა ვხედავ, რა უბედურებას გვიმზადებენ… ამას ეკლესია არ დაუშვებს, საქართველო არასოდეს მიიღებს იმ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომელსაც დასავლეთი გვახვევს თავს…
_ საქართველო მეტისმეტად მცირერიცხოვანი ქვეყანა ხომ არ არის იმისთვის, რომ ამ იდეოლოგიას მარტო დაუპირისპირდეს?
_ საქართველო მარტო არასდროს ყოფილა მტრის პირისპირ. ყოველთვის, როცა განსაცდელი დგებოდა და გამოსავალს ვეძებდით, ჩვენ გვერდით ღმერთი იყო. ასეა დღესაც, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, რა საფრთხეები გვემუქრება. თუ ღმერთს ავირჩევთ, მერწმუნეთ, ყველა განსაცდელიდან გამოვალთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველი კაცი თავს წააგებს. ვერანაირი კავშირები და ორგანიზაციები ვერ დაგვიცავს. ამიტომ სულ ვამბობთ ჩვენ, სასულიერო პირები, რომ საქართველოს გზა _ ეს არის ქრისტეს გზა, საქართველოს მომავალი _ ეს არის ქრისტე!
ესაუბრა ჯაბა ჟვანია