Home რუბრიკები პოლიტიკა “ამერიკული იმპერიალიზმის დედაც!”

“ამერიკული იმპერიალიზმის დედაც!”

551

საბერძნეთის რეფერენდუმმა ევროსკეპტიკოსები და ოპტიმისტები კვლავ დააშორა ერთმანეთს. ერთნი მხარს უჭერენ ერთმორწმუნე ქვეყანას, მეორენი სრულ გაკოტრებას უქადიან. ერთმორწმუნეობის გარდა, საქართველოსთვის საბერძნეთის მდგომარეობა იმიტომაც არ არის სულერთი, რომ ჩვენი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებით რუსეთის შემდეგ სწორედ საბერძნეთი ლიდერობს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქართული პოლიტიკური კლასი ქვეყნის მომავალს ევროკავშირს უკავშირებს, გასაგებია, რომ საბერძნეთის მოვლენები ჩვენთვის ერთობ საყურადღებო და მნიშვნელოვანია.

 

61:39 _ ასეთია რეფერენდუმის შედეგი კრედიტორების წინადადების მიმართ “არას” სასარგებლოდ. ათენში, სინტაგმას მოედანზე, ათასობით ადამიანი ტაშით შეეგება შედეგის გამოცხადებას. “სქაი ნიუსის” ჟურნალისტთან საუბარში ერთმა ათენელმა ქალბატონმა ხაზგასმით მიუთითა: – ბერძნებმა დაამტიცეს, რომ ისინი თავისუფალი ადამიანები არიან და არა _ მონები.

რეფერენდუმის შედეგებით ფრთაშესხმულმა პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა ერს მიმართა და მადლობა გადაუხადა “მამაცი არჩევანისთვის”. მან განაცხადა, რომ დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან, ხოლო რეფერენდუმის შედეგები არ ნიშნავს იმას, რომ ათენი აუცილებლად დატოვებს ევროზონას. პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებებზე პრიორიტეტი საბანკო სისტემის აღდგენა და ვალების რესტრუქტურიზაცია იქნება.

ევროზონის ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, განაგრძონ მოლაპარაკებები საბერძნეთთან, რათა განიხილონ კრიზისიდან გამოსვლის გზები, თუმცა, არც მათ შორის არის ერთსულოვნება. მაგალითად, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მოკავშირე დეპუტატები აცხადებენ, რომ საბერძნეთმა ევროზონა უნდა დატოვოს. კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერის _ კლაუსპიტერ ვილშის თქმით, რეფერენდუმის შედეგები იმას ნიშნავს, რომ საბერძნეთი ევროზონაში ვეღარ დარჩება.

“ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გაკოტრებული საბერძნეთის დაფინანსება უნდა შეწყვიტოს. ევროკავშირის ლიდერებმა საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის პროცედურები უნდა დაიწყონ. საბერძნეთს შეუძლია, დარჩეს ევროკავშირში, თუმცა ევროზონაში მას მომავალი არ აქვს. მათ ჩვენი დაშანტაჟება სცადეს. ისინი სხვა ქვეყნების გადასახადის გადამხდელების მძევლად აყვანას ცდილობენ”, _ აცხადებს ვილში.

საწინააღმდეგო თვალსაზრისი აქვს საფრანგეთის პარტია “ნაციონალური ფრონტის” ლიდერ მარინ ლე პენს: “ევროზონა უკვე არასიცოცხლისუნარიანია. ევროკავშირი გახდა დიქტატორული სექტა, რომელიც დაკავებულია ტვინის გამორეცხვითა და შანტაჟით. შეუძლია თუ არა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხალხს, კიდევ დიდხანს ითმინოს ეს ყველაფერი? საბერძნეთის რეფერენდუმმა აჩვენა, რომ არა”!

“სექტის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა კი განაცხადა: “ვფიქრობ, დღეიდან საბერძნეთს არა ფინანსური, არამედ ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში მოგვიწევს, ევროზონის სამიტზე განვიხილოთ საბერძნეთის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა. ჩვეულებრივი მოქალაქეები, ავადმყოფები, პენსიონერები და ბავშვები არ უნდა ისჯებოდნენ იმ დრამატული ვითარების გამო, რომელიც ციპრასის ხელისუფლებამ თავს მოახვია ბერძენ ხალხს”, _ განაცხადა მარტინ შულცმა.

საინტერესოა, რომ ყურისძირში, უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ შულცს არაფერი უთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ იქ ომია და ადამიანები, მათ შორის ბავშვები იღუპებიან, მოსახლეობა შიმშილობს და სამედიცინო დახმარებას არის მოკლებული.

რას ითხოვენ კრედიტორები საბერძნეთისგან ფინანსური დახმარების სანაცვლოდ?

მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, გადასახადების გაზრდას და სოციალურ პროგრამებზე სახელმწიფო ხარჯები შემცირებას, რაზეც საბერძნეთის ახალი მემარცხენე მთავრობა ვერ წავა, რადგან ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მის წინასაარჩევნო დაპირებებს. ბერძნები, საბედნიეროდ, ქართულ პოლიტიკურ პრაქტიკას არ იცნობენ, როცა ყველა დაპირება დასავლეთიდან მოსულ რეკომენდაციებსა თუ მითითებებს ეწირება. ციპრასმა, როგორც ჩანს, არ იცის, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლადუფროს ძმებსუნდა უსმინოს და არა საკუთარ ხალხს, თუმცა არც ბერძნები არიან ის ხალხი, რომელიც საპროტესტო აქციებზეფოთლის არჩამოვარდნითამაყობს და სულ ცოტაც ჰყოფნის, რომ მთავრობას გასაგებ ენაზე აუხსნას, რას ელის მისგან!

დღევანდელ ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში ყველაფერი ერთმანეთს ებმის და ისევე, როგორც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემთხვევაში, აქაც ევროპამ იზარალა; საბერძნეთის რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ევროს კურსი დოლარისა და იენის მიმართ დაეცა.

საბერძნეთი ევროკავშირს 1981 წელს შეუერთდა. ქვეყანა (ჩვენსავით) ფინანსურ პრეფერენციებს ელოდა საკუთარი წარმოებისა და ვაჭრობის გასავითარებლად, ასევე _ პოლიტიკურ დივიდენდებს ამ გავლენიან ერთობასთან ასოცირებით. სინამდვილეში ათენი ევროზონის პერიფერიად იქცა, დაწინაურების ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე. ევროზე გადასვლის შემდეგ მეტალურგია 30%-ით დაეცა, სოფლის მეურნეობაში კვოტები დაუწესეს ხორცპროდუქტებსა და ხილეულზე, მომსახურების სფერო წამგებიანი გახდა, საგარეო ვალმა კი მშპ სერიოზულად გადააჭარბა. პოლიტიკური თვალსაზრისით, ქვეყანამ ბევრი ვერაფერი მოიგო _ მის აზრს ევროპის წამყვანი ქვეყნები არასოდეს ითვალისწინებდნენ. ექსპერტთა ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ საბერძნეთის კრიზისს ანალოგიური პროცესების გამოწვევა შეუძლია იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთშიც კი. ამ ქვეყნების საგარეო ვალი, საბერძნეთის 320 მილარდთან შედარებით, შემზარავად გამოიყურება და უკვე 5 ტრილიონ ევროს აჭარბებს.

სხვათა შორის, 62 წლის წინათ საბერძნეთის მსგავს ვითარებაში იყო ომწაგებული გერმანია. 1953 წელს ლონდონის კონფერენციაზე სწორედ მისი ვალების შესახებ მსჯელობდნენ. თავის დროზე, გასული საუკუნის 30-იან წლებში გერმანიას, ვერსალის შეთანხმებით, 16 მილიარდი მარკის გადახდა დაეკისრა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ბანკების სასარგებლოდ. ერთი ამდენი კიდევ ის კრედიტები იყო, რომლებიც გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკის აღსადგენად აიღო იმავე ქვეყნებისგან.

მოლაპარაკება თებერვლიდან აგვისტომდე გაგრძელდა და გერმანიას ვალის (არა მხოლოდ სახელმწიფოების, არამედ კერძო ინვესტორებისაც) ნახევარი ჩამოაწერეს. ვალის ჩამოწერას, სხვა სახელმწიფოებთან ერთად, საბერძნეთიც დაეთანხმა. “გერმანული სასწაულის” ფორმულა სწორედ ეს იყო და არა გერმანელების უნიკალურ შრომისმოყვარეობა. კრედიტორებმა ვალის გადახდა 30 წელზე გაწერეს, გერმანიის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამ ვალების უკანასკნელი გადახდა კი გერმანიამ ახლახან, 2010 წელს დაასრულა, როცა დარჩენილი თანხა _ 69,9 მილიონი ევრო გადაუხადა კრედიტორებს. ალექსის ციპრასმა სწორედ ამ მაგალითზე დაყრდნობით სთხოვა კრედიტორებს ვალის რესტრუქტურიზაცია და ნახევრის მიტევება. პარადოქსია, მაგრამ სწორედ გერმანიამ გაუწია ამას წინააღმდეგობა.

რატომ გამწვავდა ასე საბერძნეთის ვალების საკითხი?

რეფერენდუმის ჩატარებისთანავე საფრანგეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 320-მილიარდიანი დახმარებიდან საბერძნეთამდე 10%-იც არ ჩასულაყველაფერი გერმანულ კრედიტორ ბანკებს გადაერიცხათ. “ევროკავშირი ბერძნებს კი არ უნდა ლანძღავდეს, გამოძიებას უნდა იწყებდეს გერმანული ბანკების წინააღმდეგ”, _ განაცხადა მან.

იმავეს ამბობდა ჯერ კიდევ რეფერენდუმამდე ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი: “მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი განუხრელად ასრულებდა კრედიტორთა რეკომენდაციებს, რეცესია არ შეჩერებულა, ხოლო უმუშევრობამ ახალგაზრდებში 60%- მიაღწია… “სამეულის” (ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი) მიერ 5 წლის წინათ საბერძნეთისთვის თავს მოხვეულმა ეკონომიკურმა პროგრამამ ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტი 25%-ით შეამცირაფული, რომელსაც ევროპა გამოყოფს, საბერძნეთის ეკონომიკამდე არ მიდის. პრაქტიკულად, ყველაფერი ბანკების კრედიტების დაფარვას ხმარდება. ამგვარად, ბერძნებისთვის ფულის გამოყოფით ევროკავშირი, პირველ რიგში, საკუთარ საბანკო სისტემაზე ზრუნავს ევროზონის პროექტი კი არასდროს ყოფილა დემოკრატიული. ევროპაში ბევრს არ მოსწონს ციპრასის მემარცხენე მთავრობა და მისი დამხობა სურთ, მიხედავად იმისა, რომ იგი დემოკრატიულად არის არჩეული… რეფერენდუმზე “არას” თქმა ძლიერი დემოკრატიული ტრადიციების მქონე საბერძნეთს აძლევს შანსს, რომ საკუთარი ბედი თვითონ გადაწყვიტოს”.

ყველაფერს ისიც ემატება, რომ საბერძნეთი ნატოს წევრიცაა, რომელიც მან ერთხელ უკვე დატოვა 1974 წელს. ევროზონიდან მისი გაძევება ნატოშიც გამოიწვევს რყევებს. ამიტომაც არის, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ევროკავშირისა და საბერძნეთის ლიდერებს კომპრომისისკენ მოუწოდებენ. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის _ ჯოშ ერნესტის განცხადებით, “ათენი და ბრიუსელი უნდა მივიდნენ შეთანხმებამდე რეფორმების პროგრამისა და დაფინანსების შესახებ, რომლებიც საშუალებას მისცემს საბერძნეთს, ვალის ეკონომიკური მისაღებობის, შემდეგ კი ეკონომიკის ზრდის გზაზე გავიდეს. მხარეებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რათა საბერძნეთი ევროზონაში დარჩეს”.

საყურადღებოა, რომ ამ განცხადებას იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი აკეთებს, რომლის საგარეო ვალიც დღეს 15 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, თუმცა რა ქნას ამერიკამაცსაკუთარ თავს ხომ არ დასჯის?! ნათქვამია, ზოგისა ბამბაც ჩხრიალებს, ზოგის _ კაკალიც არაო. ზუსტად ასე დაემართა საბერძნეთს _ მისი 320-მილიარდი ვალი აშშის 15-ტრილიონ ვალზე უფრო მეტადაჩხრიალდა”!

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა გადადგომამდე განაცხადა, რომ ევროპელი კრედიტორების ულტიმატუმი მიზნად საბერძნეთის დასჯას ისახავდა: მათ თავიდანვე ჰქონდათ დაგეგმილი ჩვენი ბანკების დახურვა, რათა ორ ფრონტზე დავემარცხებინეთ. ჩვენი დასჯა უნდათ იმისთვის, რომ ვაკრიტიკებდით მათ პროგრამებს. ეს იყო მათ მიერ 25 მაისს გამოცხადებული ულტიმატუმის მიზანი. ჩვენ გავუწვდით თანამშრომლობის ხელს პარტნიორებს, რათა გამოვნახოთ მათთან საერთო ენა. მივესალმები საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ საბერძნეთის ვალები რესტრუქტურიზაციას საჭიროებს”.

რეფერენდუმის შედეგებით გაცეცხლებული ანგელა მერკელი სასწრაფოდ გაფრინდა პარიზში და ფრანსუა ოლანდთან ერთად მოუწოდა საბერძნეთის მთავრობას, წარმოადგინოს საკუთარი წინადადებები. არადა, მისი წინადადება უკვე ცნობილია _ ვალების ნახევრის ჩამოწერა და რესტრუქტურიზაცია! სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკია, იქ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებიც პირველ ადგილზეა და, თუ გერმანელმა კრედიტორებმა იხეირეს საბერძნეთზე, მოგებას არც ისინი შეელევიან. ევროპა იძულებულია, ამერიკული ინტერესები გაატაროს და ეს ინტერესები, სხვასთან ერთად, ევროკავშირის შენარჩუნება, პოლიტიკური პროცესისა და ფინანსური ნაკადების კონტროლია. ამ კონტროლს სულ უფრო ხშირად აპროტესტებენ არა მხოლოდ ბერძნები, არამედ ფრანგებიც და გერმანელებიც.

ქართველებისთვის კარგად ნაცნობი გერმანელი პოლიტიკოსი ოსკარ ლაფონტენი ახლახან ისე გამოვიდა წყობიდან, რომ პირდაპირ და მოურიდებლად დაესხა თავს ამერიკელ პარტნიორებს: აშშის თავდაცვის მინისტრი, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამხედრო მინისტრი, ბერლინში იმყოფება. მან ევროპას მოუწოდა, წინ აღუდგეს რუსეთისაგრესიას”. სინამდვილეში კი ევროპა ამერიკულ აგრესიას უნდა შეეწინააღმდეგოს.

ამერიკული დიპლომატიის გროსმაისტერმა ჯორჯ კენანმა ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ყველაზე დიდ შეცდომად შეაფასა, რადგან ეს იყო გზა ახალი “ცივი ომისკენ”.

ამერიკელმა დიპლომატმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, ჩვენ 5 მილიარდი ევრო დავხარჯეთ უკრაინის დესტაბილიზაციისთვისო. მათ ცეცხლზე ნავთი დაასხეს და ევროპა ამის საფასურს ვაჭრობის შემცირებითა და სამუშაო ადგილების დაკარგვით იხდის. ნულანდი ამბობს: “ევროკავშირის დედაც!”, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკა, რომელიც ომის გამჩაღებელ ამერიკულ იმპერიალიზმს შეაჩერებს.

ამერიკული იმპერიალიზმის დედაც!”

ამ ისტორიიდან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, მოახერხებს თუ არა საქართველოს რომელიმე მთავრობა, ისწავლოსარასთქმა? ჯერჯერობით მხოლოდ კონსტიტუციაში ოჯახის განმარტებაზე ვთანხმდებით, თუმცა, ვიდრე ოპოზიციადნაციონალური მოძრაობაიწოდება, ღარიბაშვილის ამ შესწორებას პარლამენტში დამტკიცება არემუქრება”. მით უფრო, რომ ერთი სქესის პირთა ქორწინებისპატივისმცემლებისაპარლამენტო უმრავლესობაშიც არიან. იმედია _ თუ საქართველოს თავრობა ვერ ისწავლისარასთქმას, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისევ ხალხს მოუწევს თქვას – “არა”!

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here