მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა საპროგრამო განცხადებით, რომლის არსი ასეთია: მას სურს, ოდესაშიც ის გააკეთოს, რაც საქართველოში. ახალგამომცხვარმა გუბერნატორმა საქართველოსა და ოდესის სიტუაციები ერთმანეთს დაუკავშირა და თითქმის ტირილით თქვა, რომ, თუ ოდესა დაეცემა, საქართველოსაც პირისაგან მიწისა აღგვიანო. სწორედ ამიტომაც არ უყვარს მიხეილ სააკაშვილს რუსეთი და რაღაც საშინელებებს იგონებს ამ ქვეყანაზე.
დავანებოთ თავი იმას, რომ მიხეილ სააკაშვილსა და მისთანებს _ ბევრ უკრაინელ და ქართველ პოლიტიკოსს _ ყოველთვის სურთ, ყველაფერი რუსეთს გადააბრალონ. დავივიწყოთ პირადი და თითქმის ბავშვური წყენა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ამჟღავნებს. რაღა რჩება? _ ტრადიციების ერთგულება. ტრადიციები კი მიხეილ სააკაშვილს მტკიცე აქვს. საქართველოში მუშაობის გამოცდილება ამას ზედმიწევნით ადასტურებს: ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის მუხლებით. ამით ხომ არ უნდა ექსპრეზიდენტს, ერთმანეთს დაუკავშიროს ყოფილი და ახალი სამშობლო?
როგორც ჩანს, ძველებურად ხელგაშლილად ცხოვრების სურვილი ისე ძლიერი აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისი გაზიარება გადაწყვიტა. და, რომ არავინ მიმხვდარიყო, რას გულისხმობდა ამ ნათქვამში, იმავე წუთს რუსეთით შენიღბა, _ ოდესის ოლქი საბრძოლო პოლიგონი უნდა იყოსო… გასაგებია, ვის წინააღმდეგაც. უფრო მეტიც _ ჩემი წარმატება გავლენას რუსეთზეც მოახდენსო. გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავი პლანეტარული მასშტაბის ფიგურად წარმოაჩინა. არადა, კარგად გვახსოვს მისი “საქმენი საგმირონი”. გავახსენებთ, ვისაც დავიწყებული აქვს.
ამ აბდაუბდით მიხეილ სააკაშვილს თავისი ამჟამინდელი ბოსი, უკრაინის პრეზიდენტი, შეცდომაში შეჰყავს. “ნებაყოფლობით დევნილმა” კორუფციასთან ბრძოლის პასაჟების მოყვანისას იმედი გამოთქვა, _ პეტრო პოროშენკო და მისი გუნდი მიხვდება, ძველებურად ცხოვრება აღარ შეიძლებაო. გამოდის, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ იყო, კიევის ხელისუფლება ძველებურად ცხოვრობდა და ქრთამის აღებას განაგრძობდა, ახლა კი იგი აჩვენებს, როგორ უნდა კორუფციასთან ბრძოლა… მართლაც კარგად აუწია ყური გამოცდილმა ლიდერმა გამოუცდელს. რა უნდა ექნა პოროშენკოს? წყენა გადაყლაპა. ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, ჯერჯერობით მშვიდად იძინოს: კორუფციასთან ბრძოლის მეთოდები უკრაინაში მას უკან არ მიუბრუნდება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება. თუმცა პეტრო ალექსეევიჩს ხელში კოზირი აქვს: ქართველი პროკურორების თხოვნა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე…
დიმიტრი გეერი
“РИА Новости” (რუსეთი)