Home რუბრიკები საზოგადოება ექსკლუზიური ინტერვიუ ლარის კურსთან

ექსკლუზიური ინტერვიუ ლარის კურსთან

609

მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე თვეა, ლარის კურსზე დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ლარის კურსის ცვალებადობას, უფრო ზუსტად კი, დაცემასა და გაუფასურებას, ზოგი რას აბრალებს და ზოგი _ რას.

თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთმა ფინანსისტმა ეს ვითარება “პანიკასა და პროპაგანდასაც” კი დააბრალა, ანუ, ასეთი ფინანსისტ-ეკონომისტების აზრით, ლარის კურსი რეალურად კი არ დაეცა, არამედ ხალხში არსებულმა პანიკამ კურსის ხელოვნური ვარდნა გამოიწვია. რამ გამოიწვია თავად პანიკა, თუკი არ იყო ვარდნა? _ ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არ არსებობს.

ამიტომაც მთელი გულით შევეცადე, ლარის კურსის ვარდნის რეალური მიზეზები პირველწყაროდან გამეგო და მოვახერხე ინტერვიუს ჩაწერა თავად ლარის კურსთან, რომელიც, მოგეხსენებათ, ვერ გამოიყურება მთლად ჯანსაღად და, ცოტა არ იყოს, ლაპარაკიც უჭირს. ამიტომ ინტერვიუც მოკლეა, მაგრამ ძალიან საინტერესო.

_ გამარჯობა, ბატონო ლარის კურსო, როგორ ბრძანდებით? _ დავიწყე გაუბედავად.

_ ერთი, თუ კაცი ხარ, ხელი მომაშველე, წამოვიწიო ცოტა… ძალიან დავარდნილი ვარ და ვერ გხედავ კარგად.

ნაღვლიანად ამომხედა.

_ უკაცრავად, თქვენ ჩემი დახმარება გესაჭიროებათ თუ ეროვნული ბანკის?

_ ვისი? ეგ რა არის საერთოდ? ა, მაგის უფროსზე “ნაციონალების” ხელის ბიჭიაო თვითონ ბიძინაც რომ იძახის და მაინც რომ იქ არის, სადაც იყო? ეჰ… ეგ რისი დამხმარეა…

_ ამბობენ, რომ სწორედ მაგან გკრათ ხელი და იმიტომაც დაეცით

_ ჰა, ჰა! ნუ დაიწყე ახლა შენ ჟურნალისტური “ზახოდები”! შენ ის გაინტერესებს, ხელი ვინ მკრა თუ ის სურვილი გაქვს, რომ ფეხზე წამოვდგე?

_ რა მაინტერესებს, იცით? ამბობენ, რომ დოლარი თქვენი ახლო მეგობარია და საუკეთესო ძმაკაცი

_ მერე?

_ მერე ის, რომ, რო დაკრა ფეხი და გავარდა, ცოტა ვერ დაგიცადათ ან ხელი მაინც ვერ წაგაშველათ?

_ ჟურნალისტო, შენ რამდენი წლის ხარ?

_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს?

_ რა და, მე აგერ, სულ რაღაც, 20 წლის შევსრულდი და უკვე ვიცი მაგდენი, რომ დოლარის იმედად დარჩენილ ლარს ან ევრო შეჭამს, ან ქუვეითური დინარი…

_ თუ გირვანქა სტერლინგი?

_ მაგას ვიღა დაეძებს, ლამის არის, სომხური დრამის დასაცინიც გავხდე!

_ ბოლო დღეებში, როგორც ვხედავთ, ცოტა კი მოითქვით სული. ასე აპირებთ გაგრძელებას თუ ისევ უნდა დავარდეთ?

_ ელაპარაკე ახლა ამას! მე რასაც ვაპირებ, შენ იმას ოცნებაშიც კი ვერ წარმოიდგენ, მაგრამ მხოლოდ ოცნება რის მაქნისია?

_ მხოლოდოცნება”, რა თქმა უნდა, ვერც ვერაფერს გააკეთებს. აკი, ამიტომაც დაიწყეს კოჰაბიტაცია დანაციონალებთანერთად ისინი შეძლებენ

_ ახლა შეგაწყვეტინო თუ შენით გაჩუმდები? მე ჩემი პირადი ოცნებების შესახებ გითხარი, თორემ აი, მაგის ოცნებებში, ვისზეც შენ მელაპარაკები, მე მილიარდობით ვიყავი ყოველთვის და ახლა უკვე რამდენიმე მილიარდი რეალობაშიც ვარ! შენ იკითხე, შე უბედურო, აქამდე რომ “მარშუტკით” მოხვედი და უკან წასასვლელი ლარიც აღარ გაქვს!

_ ჰმ! შენ ვის ეუბნები! “მარშუტკითკი არა ხოხვით ძლივს დადიხარ! _ გავბრაზდი!

_ აი, შენ რომ მაგ ბანკის კრედიტს ვერ გადაიხდი, რისთვისაც ახლა მაგ დოლარებს ყიდულობ, მერე ვნახავთ, ვინ იხოხებს და ვინ დარჩება უსახლკაროდ, _ გადავიდა აშკარა დაცინვაზე.

_ ამას უყურე! შენი ცანცარისა და ავარდნადავარდნის გამო ლამის არის ტვინში სისხლი ჩამექცეს და კიდევ აქეთ დამცინი, შე თავხედო?

_ როგორ გეკადრებათ, ბიძია, სულაც არ დაგცინით, მე, უბრალოდ, გკითხეთ, დოლარი გნებავთ თუ ევრო-მეთქი… _ მომესმა გოგონას ნაწყენი და ოდნავ ცრემლნარევი სასიამოვნო ხმა…

უცებ გამოვერკვიე. თვალი მოვწყვიტე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ჯავშნიან ფანჯარაზე გაკრულ ვალუტის კურსის აბრას და ორ რამეზე დავფიქრდი:

1. როგორ ამეხსნა ჩემი სიტყვები და როგორ მომეხადა ბოდიში ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურე, ლამის ჩემი შვილის ტოლი გოგონასთვის;

2. რით მეყიდა პური და როგორ გამომეკვება შვილები მას შემდეგ, რაც ეს გოგონა ჩემს უკანასკნელ 3 ცალ ასლარიანს გადამიცვლიდა დოლარში ბანკში მისატანად.

ებიჯო ქენირამე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here