Home რუბრიკები ისტორია სტალინის როლი ქართული საგანძურის საქართველოსთვის დაბრუნებაში

სტალინის როლი ქართული საგანძურის საქართველოსთვის დაბრუნებაში

2222

ღრმად მოხუცებულ ექვთიმე თაყაიშვილს არათუ პედაგოგიური მუშაობა (იგი 90 წელს იყო მიღწეული), გადაადგილებაც უჭირდა, როდესაც თბილისის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ პროფესორად მუშაობა შეუჩერა და საათობრივ ანაზღაურებაზე გადაიყვანა, ეს იყო 1952 წლის აპრილში, თუმცა ექვთიმე თაყაიშვილი, როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, თვიურ განაკვეთს (ხელფასს) _ 3500 მანეთს უკლებლივ იღებდა გარდაცვალების დღემდე, თუ ამ 3500 მანეთს დავუმატებთ იმ თანხასაც, რომელიც მან უნივერსიტეტში მუშაობის 7 წლის განმავლობაში აიღო ხელფასის სახით _ 404 850 მანეთს, ესე იგი, თვეში 5 000 მანეთს, ღვაწლმოსილ პროფესორსა და აკადემიკოსს გაჭირვებასა და სიღარიბეში არ უნდა ეცხოვრა, თუ, რა თქმა უნდა, თავისი ახლობლები და შინაურები ფარულად თუ ხილულად ფულს არ სძალავდნენ.

სრულიად გასაგებია, რა ბედნიერ დღესაა მოსწრებული საფრანგეთში ულუკმაპუროდ მიტოვებული მოხუცი, რომელსაც წელზე თურმე ძონძები ჰქონდა შემოხვეული შიშველი ტანის დასაფარავად, ხოლო თავი იმ თხის რძით გაჰქონდა, რომელიც ასე ამაყად არის წარმოდგენილი ლევილის მამულში ექვთიმე თაყაიშვილთან გადაღებულ ფოტოსურათში. მტკნარი სიცრუეა თვალსაზრისი, რომ ექვთიმე თაყაიშვილს, ერთი ნივთიც რომ გაეყიდა, საფრანგეთშიც შეეძლო ბედნიერად ეცხოვრა. ექვთიმეს იმ განძზე, რომელიც მართლაც ძვირად გაიყიდებოდა, ხელი არ მიუწვდებოდა, ხოლო მენშევიკურ მთავრობას რომელზედაც ხელი მიუწვდა, გაყიდა კიდეც. რაც არ გაიყიდა (მაკულატურა და ჯართი) დღესაც ლევილში მდებარე დანგრეული ორსართულიანი სახლის დერეფნებსა და ოთახებში ყრია, რომლებიც რამდენიმე ხნის წინათ თვითონ დავათვალიერე.

 საქართველოს მენშევიკური მთავრობის წევრების ურთიერთმტრობა და სიძულვილი ამჩნევია დღესაც ლევილის მამულს, რომელიც ათეულობით ჰექტარ პირველხარისხოვან მიწას მოიცავდა. მენშევიკების მიერ ნაკუწ-ნაკუწ გაყიდული ლევილის მიწების უდიდესი ნაწილი ყვავის და ბაღნარად არის ქცეული, ხოლო საქართველოს კუთვნილი 5 ჰექტარი მიწა, რომელიც 4-მეტრიან ქვის გალავანშია მოქცეული, ერთხანს რომ ბრწყინავდა და აუზებში “ოქროს თევზები” ლაპლაპებდნენ, მენშევიკების ხელში ნაგვის ბუდედ იქცა და დღესაც ასეა შემორჩენილი უახლეს ისტორიას, როგორც მისი პატრონი _ უნიათო მენშევიკური მთავრობა.

კომუნისტების ეპოქაში ყველა წოდების, ღირსების, დიდებისა და ორდენის კავალერი, საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძე თავის ავტორიტეტულ აზრს გამოთქვამს ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ:

 “ერთხელ მითხრა სესილია თაყაიშვილმა: “როდესაც ნათესავებმა გავიგეთ, რომ ექვთიმეს მიესაჯა შინაური პატიმრობა, შევიკრიბეთ და გავინაწილეთ _ ვის კვირის რომელ დღეს უნდა მიგვეტანა საჭმელი, აბა, მთლიანად შინსახკომის საჭმელზე ხომ არ გვეყოლებოდა?! ერთ მშვენიერ დღეს მე და დედაჩემი მივედით, დავრეკეთ ზარი, გამოვიდა უცხო მამაკაცი, გამოგვართვა სავსე ჩანთები და თხოვნაზე “შემიშვიო”, მიიკეტა კარი. ჩვენ ვიდექით და ველოდით, გამოვიდა, გამოგვიტანა ცარიელი ჩანთები და ქვაბები. დედამ სთხოვა, შემიშვით ერთ-ორ წინადადებას ვეტყვი, ვაკოცებ და გამოვალო. არ შეიძლებაო, _ უპასუხეს, მაშინ დედამ უთხრა: არაფერს ვეტყვი, მარტო ვაკოცებო. “არც ეგ შეიძლებაო!”; მაშინ დედა ცუდად გახდა, აუვარდა ტირილი და ძლივს მივიყვანე სახლში”.

“გარდაცვალების დღეებში გამოვიდა ხმა, რომ ბ-ნი ექვთიმე უკვე ავადმყოფი, ლოგინად ჩავარდნილი, საკაცით ღამით წაიყვანეს “ჩეკაში” და იქ ხელითაც კი შეეხენ. შევიდა ოთახში მინისტრი და მიხვდა რა, რომ ექვთიმეს სასიცოცხლო პირი აღარ ჰქონდა, თქვა, წაიყვანეთო. მას არ უნდოდა, რომ “ჩეკას” შენობაში დაელია სული. აღარ მახსოვს როდის _ ან მეორე, ან მესამე ღამეს, მაგრამ მე უფრო მეორე ღამე მახსოვს _ ექვთიმე თაყაიშვილი გარდაიცვალა…” (“დიდი ექვთიმე”, 2014 წელი. გვ. 666).

ამ ტექსტში ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძის არც ერთი სიტყვა სიმართალეს არ შეესაბამება, ის მხოლოდ შურისძიებით არის გაძეძგილი და მზადაა, გადმოანთხიოს გესლი და შხამი, თუ რამ ადამიანის ორგანიზმს შეუძლია გამოიმუშაოს და დააგროვოს სხვის დასაგესლად, ამის პოტენციალი ხომ ზოგიერთ ადამიანში განუსაზღვრელად დიდია. იმის დასამტკიცებლად, რომ მეცნიერი სისულელეს ამბობს, წარმოგიდგენთ მიუკერძოებელი მკვლევარის _ ნინო მამარდაშვილის მიერ მოპოვებულ და გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც ეწინააღმდეგებადიდიმეცნიერის მონაჩმახს.

“წარმოგიდგენთ ექვთიმე თაყაიშვილის დაკითხვის ოქმს, რომელიც დათარიღებულია 1952 წლის 24 თებერვლით. ვფიქრობთ, აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროება სინტერესო იქნება საზოგადოებისთვის. დაკითხვა შედგა საქ. სსრ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში. დაკითხვას აწარმოებდნენ საქ. სსრ სახელმწიფო უშიშროების მინისტრი გენერალ-ლეიტენანტი ნ. რუხაძე. საქ. სსრ სახელმწიფო უშიშროების მეორე განყოფილების თანამშრომელი პოდპოლკოვნიკი სირაძე, სტენოგრაფისტი უმცროსი სერჟანტი აირაპეტოვა. ექვთიმე დაიკითხა მოწმის სტატუსით. დაკითხვა დაიწყო 13 სთ-სა და 10 წთ-ზე და დასრულდა 15 სთ-სა და 30 წუთზე. დაკითხვა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. დაკითხვის დროს დაცულია თავაზიანი ტონი და კორექტულობა.

კითხვა: _ ჩვენ თქვენთან გვაქვს რამდენიმე შეკითხვა.

პასუხი: _ მზად ვართ, მოგისმინოთ და გიპასუხოთ თქვენს კითხვებზე.

კითხვა: _ ჩვენ გვაინტერესებს საფრანგეთიდან საქართველოში სამუზეუმო განძის ჩამოტანის ისტორია.

პასუხი: _ როგორც ცნობილია, საქართველოს სამუზეუმო განძი საფრანგეთში იქნა გატანილი 1921 წელს, გადაეცა საფრანგეთის მთავრობას შესანახად და დასაცავად. საფრანგეთში ჩემი ყოფნის დროს მე ვმუშაობდი, განძი არ გაბნეულიყო და ვიღებდი ზომებს საქართველოში მისი დაბრუნებისათვის. როგორც მახსოვს, ჯერ კიდევ 1935 წელს წერილით მივმართე პროფესორ ვუკოლ ბერიძეს, რათა გამოეგზავნათ დეპუტაცია საფრანგეთში და დაეყენებინათ საკითხი საფრანგეთის მთავრობასთან საქართველოს კუთვნილი განძის დაბრუნებასთან დაკავშირებით. როგორც ვფიქრობ, ჩემი წერილის დასტურად, იმავე 1935 წელს საქართველოდან წარმოგზავნეს ვიქტორ კვიტაშვილი, რომელსაც შევხვდი რამდენიმეჯერ, შემდეგ ის დაბრუნდა საქართველოში.

კითხვა: _ ვისი სახელით ჩამოვიდა ვიქტორ კვიტაშვილი?

პასუხი: _ ვფიქრობ, რომ კვიტაშვილი გამოგზავნილი იყო საფრანგეთში მთავრობის მიერ, იმ დეპუტაციის სანაცვლოდ, რომელსაც მე ვითხოვდი. როგორც მაგონდება, კვიტაშვილი მოდიოდა ჩემთან საბჭოთა საელჩოს წარმომადგენელთან ერთად. უნდა აღინიშნოს, რომ ის ცუდად ერკვეოდა სამუზეუმო ღირებულებებში და მეც არ მქონდა იმედი იმისა, რომ ამ ვიზიტს შედეგი მოჰყვებოდა. მართლაც, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კვიტაშვილი აღარ გამომხმაურებია და საკითხი განძის დაბრუნების შესახებ ამით დასრულდა.

კითხვა: _ გააგრძელეთ.

პასუხი: _ შემდეგ, როდესაც გერმანელები განდევნეს საფრანგეთიდან და საბჭოთა საელჩო დაბრუნდა საფრანგეთში, სავარაუდოდ, 1944 წელს, კვლავ მივმართე ელჩ ბოგომოლოვს იმავე საკითხზე _ სამუზეუმო განძის საქართველოში დაბრუნების შესახებ. ჩემი მიმართვა დაემთხვა ბოგომოლოვის ვიზიტს მოსკოვში საფრანგეთის მთავრობის ხელმძღვანელ დე გოლთან ერთად, ჩემთან, სახლში ინახება ზოგიერთი დოკუმენტი ამ საკითხთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში ასლებს წარმოგიდგენთ.

კითხვა: _ გთხოვთ გამოგზავნოთ.

პასუხი: _ კეთილი. ცხადია, ჩემი განცხადების პასუხად 1945 წელს პარიზში ჩამოვიდნენ შარია და ამირანაშვილი, უნდა ვთქვა, რომ მათ ჩამოსვლამდე საფრანგეთის მთავრობის მიერ მიღებული იყო ნებართვა სამუზეუმო განძის რუსეთის საელჩოში გადატანის შესახებ. ამ საქმეში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საბჭოთა კონსული საფრანგეთში _ გუზოვსკი, ემიგრანტი გეგელია და საბჭოთა არმიის ყოფილი ტყვეები _ ნიჟარაძე და მელაძე.

კითხვა: _ რამდენი წერილი მისწერეთ ვუკოლ ბერიძეს?

პასუხი: _ პირველი წერილი ვუკოლ ბერიძეს 1935 წლის 26 მაისს მივწერე, საქართველოს მთავრობის მიერ საფრანგეთის მთავრობასთან დეპუტაციის გამოგზავნის საკითხზე, რომლის შედეგადაც, ჩემის აზრით, ჩამოვიდა კიდეც კვიტაშვილი, რომელიც აღმოჩნდა ნაკლებად გაცნობიერებული სამუზეუმო საქმეში და, რასაკვირველია, მოლაპარაკების საწარმოებლად საფრანგეთის მთავრობასთან შეუფერებელი აღმოჩნდა. როგორც უკვე აღვნიშნე, ვიქტორ კვიტაშვილი ელჩ პოტიომკინის მდივანთან ერთად (მდივნის გვარი არ მახსოვს) თითქმის ყოველდღე მაკითხავდა პარიზში, მაგრამ მისი ძალისხმევა უშედეგოდ დასრულდა.

კითხვა: _ როგორ შეხვდა ემიგრაციის ხელმძღვანელობა, კერძოდ, ნოე ჟორდანია და ევგენი გეგეჭკორი განძის საქართველოში დაბრუნებას?

პასუხი: _ გულახდილად უნდა გითხრათ, რომ ამ ამბავმა ისინი გაახარა, მათ მიეცათ შესაძლებლობა, განძის დაბრუნებით საქართველოსთვის ერთგვარად სუფთად გამოჩენილიყვნენ ქართველი ხალხის თვალში. იყო დრო, როცა ისინი გაემიჯნენ და ხელი დაიბანეს, დაწერეს ოფიციალურად, რომ მათ არაფერი იცოდნენ განძის თაობაზე და მთელი პასუხისმგებლობა მე დამაკისრეს, როგორც საქართველოს მუზეუმების წარმომადგენელს, უფლებამოსილს დამეცვა განძი. ამ საკითხთან დაკავშირებით 1935 წელს მოწვეულ იქნა მენშევიკების უცხოეთის ბიუროს სპეციალური სხდომა, რომელზეც გამოიტანეს დადგენილება, რომ მე ვიყავი ერთადერთი წარმომადგენელი საქარველოს მუზეუმებისა და მეკისრება მოვალეობა განძის დაცვისა. ამ სხდომას ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გეგეჭკორი, ზურაბიშვილი, ჩხენკელი, კანდელაკი. ეს დოკუმენტი მე მაქვს და შემიძლია, ასლი წარმოგიდგინოთ.

კითხვა: _ პირადად, თქვენ ამ საკითხზე საუბრობდით ნოე ჟორდანიასა და გეგეჭკორთან 1945 წელს?

პასუხი: _ დიახ, ამ საკითხზე მე მესაუბრა ნოე ჟორდანია და მომილოცა, რომ მივიღე უფლება განძის საქართველოში დაბრუნებისა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათ ამის სურვილი გაუჩნდათ დიდ სამამულო ომში სსრკ-ის ისტორიული გამარჯვების შემდეგ. გეგეჭკორიც მესაუბრა ამ საკითხზე და, როგორც ჟორდანია, ისიც მოხარული იყო განძის დაბრუნების გამო.

კითხვა: _ გქონდათ მიწერმოწერა შალვა ამირანაშვილთან?

პასუხი: _ შალვა ამირანაშვილთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოწაფეა, მიწერ-მოწერა არ მქონია და 1921 წლიდან საქართველოში დაბრუნებამდე არ მინახავს. დაბრუნებისას, 1945 წლის აპრილში, რა თქმა უნდა, შევხვდით.

კითხვა: _ ვისგან მოდიოდა ინიციატივა საფრანგეთში განძის საკითხზე პეტრე შარიასა და შალვა ამირანაშვილის წარმოგზავნასთან დაკავშირებით?

პასუხი: _ ეს ჩემთვის უცნობია. ვვარაუდობ, რომ ისინი საბჭოთა მთავრობამ გამოგზავნა.

კითხვა: _ ხომ არ მოდიოდა ინიციატივა პარიზის ემიგრანტთა წრიდან და ნაწილობრივ _ ნოე ჟორდანიასა და გეგეჭკორისგან?

პასუხი: _ არ ვიცი, ვფიქრობ, არა. ვიცი, რომ ამერიკელები ძალიან დაინტერესებული იყვნენ სამუზეუმო განძის შეძენით და სოლიდურ თანხასაც სთავაზობდნენ, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

კითხვა: _ საიდან ჰქონდათ ცნობა ამერიკელებს საქართველოს სამუზეუმო განძის შესახებ?

პასუხი: _ საქართველოს სამუზეუმო განძის შესახებ იცოდნენ არა მხოლოდ ამერიკელებმა, არამედ ინგლისელებმაც. მე არ ვიცი, საიდან იცოდნენ.

კითხვა: _ ხშირად ხვდებოდით შარიასა და ამირანაშვილს?

პასუხი: _ შალვა ამირანაშვილი ჩემთან ხშირად დადიოდა, შარია ერთხელ იყო და თვლიდა, რომ მისთვის დამამცირებელი იყო ჩემისთანა უბრალო ადამიანებთან შეხვედრა. როდესაც მჭირდებოდა, მე თავად დავდიოდი შარიასთან. რამდენადაც ვიცი, შარია ხვდებოდა ევგენი გეგეჭკორსა და სხვებს.

კითხვა: _ საქმის კურსში ხართ შარიასა და ემიგრაციის ხელმძღვანელების შეხვედრებზე?

პასუხი: _ ვიცი, რომ შარია აწარმოებდა მოლაპარაკებას ემიგრაციის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ რა ხასიათის მოლაპარაკება იყო, არ ვიცი. ერთი კი ცნობილია, რომ იმ პერიოდში ემიგრანტთა შორის იყო მასობრივი სურვილი საქართველოში დაბრუნებისა და თავიანთ ყოფნას ემიგრაციაში უსაგნოდ მიიჩნევდნენ. ამას დიდწილად ხელს უწყობდა სსრკ-ის გამარჯვება გერმანიაზე.

დაკითხვის ოქმს ეთანხმება და ხელს აწერს ექვთიმე თაყაიშვილი. (“დიდი ექვთიმე”, გვ. 652, 653, 654, 655).

 როგორც ირკვევა, ექვთიმე თაყაიშვილი დაჰკითხეს 1952 წლის 24 თებერვალს, ყოველგვარი ინციდენტისა და გაუგებრობის გარეშე. რა საკითხებზეც კითხვებს უსვამდნენ ღრმად მოხუცებულ მეცნიერს და რასაც ის პასუხობდა, გაცილებით ზუსტად იცოდა “ჩეკამ”, მით უმეტეს _ სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა, რომელიც დამუშავებულ და შემოწმებულ ინფორმაციას იღებდა დაზვერვის პარიზის რეზიდენტურიდან და პირადად მისი ხელმძღვანელისგან _ გუზოვსკისგან, რომელთანაც თვეების განმავლობაში ცხოვრობდა და მკურნალობდა ავადმყოფი ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც გადარჩენისათვის უღრმეს მადლობას უხდის გუზოვსკის მეუღლეს _ რეზიდენტურის თანამშრომელს. ასე რომ, ქალბატონო მარიამ, ამ კითხვა-პასუხში საჩხუბარი და ფეხქვეშ გასაგები არაფერი იყო, გარდა თქვენი ახირებული მოსაზრებებისა. რაც შეეხება ექვთიმე თაყაიშვილის შინაპატიმრობას, ესეც თქვენი და თქვენნაირების მონაჭორია, თორემ თვითონ ექვთიმე თაყაიშვილი დიდ აღშფოთებას და გულისტკივილს გამოთქვამდა იმ ჭორებისა და ხმების დაყრაზე, თითქოს მას შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან აკაკი მგელაძის სახელზე გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ

“ხმა დამიყარეს, რომ მე მაქვს შინაპატიმრობა და ისე დააშინა მეცნიერები, რომ მათ შეწყვიტეს ჩემთან სიარული”.

რაც შეეხება ექვთიმეს სახლიდან საკაცით წაყვანას “ჩეკა”-ში და ნაცემ-ნაწამები მოხუცის მეორე თუ მესამე დღეს გარდაცვალებას, ამაზე ნათელ წარმოდგენას გვაძლევს იოსებ მეგრელიძის მოგონება:

(1953 წლის 1 იანვარი) _ “ივანე ნიჟარაძე და მე ვიყავით ექვთიმესთან, მხოლოდ ოდნავ მოძრაობს, გონება ნათელი აქვს, _ არ მიმატოვოთო, _ იხვეწება”.

ქალბატონ მარიამ ლრთქიფანიძეს თუ დავუჯერებთ, ექვთიმე თაყაიშვილი უნდა გარდაცვლილიყო დაკითხვიდან პირველ თუ მეორე ღამეს, ანუ 1952 წლის 24 ან 25 თებერვლის ღამეს. მაგრამ არის თვითმხილველი და ექვთიმე თაყაიშვილის ყველაზე პატივისმცემელი და მასზე გადაყოლილი კაცი იოსებ მეგრელიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ მან და ივანე ნიჯარაძემ 1953 წლის 1 იანვარს მოინახულეს ლოგინად ჩავარდნილი ავადმყოფი ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც ძლივს მოძრაობდა. ამასვე ადასტურებს გაზეთ “კომუნისტში” გამოცხადებული ნეკროლოგიც, რომელიც იუწყება, რომ 1953 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა დიდი მეცნიერი და მამულიშვილი ექვთიმე თაყაიშვილი. ასე რომ, მტკიცება, თითქოს ექვთიმე თაყაიშვილი შინაპატიმრობაში იყო და მერე წაიყვანეს “ჩეკა”-ში, სადაც ცემით ამოჰხადეს სული, მხოლოდ აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის ფანტაზიის ნაყოფია. ასეთი შურისძიება მხოლოდ გაბოროტებულ ქალს შეუძლია _ მედეას მოდგმას, რომელიც თავისი სურვილის შესასრულებლად მზად არის, გაწიროს ყველა და ყველაფერი. ადამიანისათვის რთულია სინდისის ფეხქვეშ გათელვა ადამიანური სისუსტის დასაძლევად. შეიძლება, ეს სისუსტე მიეტევოს ყველას, მაგრამ არამც და არამც ჟამთააღმწერელს! როგორ დავუჯერო აკადემიკოსს “სუმბატ დავითის ძის ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა”, როდესაც უახლესი ისტორიის გაყალბების ისეთი ფაქტების წინაშე გვაყენებს მკითხველს, რომ თმა ყალყზე გვიდგება?!

მაშ, სწორი არ იყვნენ რომაელები! როდესაც ისტორიის გამყალბებლებს ისევე სწვავდნენ ცეცხლზე, როგორც ყალბი ფულის მჭრელებს და გამყალბებლებს!

ვამთავრებ რა ჩემი არაპროფესიული საქმიანობის ერთ თემას, რომელსაც “ქართული ეროვნული საგანძურის გატაცება-დაბრუნების ქრონიკები”, ანუ “სტალინის როლი საქართველოსთვის ქართული საგანძურის დაბრუნებაში” დავარქვი, მინდა, შემოგთავაზოთ ზოგიერთი ცნობილი ადამიანის გამონათქვამი ამ თემაზე:

სიმონ ჯანაშია: “ვერც ერთი პიროვნების კეთილი განზრახვა და ვერც მის განკარგულებაში არსებული ძალა ამ ძეგლებს საქართველოს ვერ დაუბრუნებდა, თუ არა საბჭოთა ხალხის დიდი ბელადისა და მისი ძლევამოსილი წითელი არმიის გამარჯვებული პოლიტიკა” (“დიდი ექვთიმე”, 2014 წელი. გვ. 519).

ექვთიმე თაყაიშვილი: “განძეულობის დაბრუნების საკითხი გადასწყვიტა ამხ. სტალინის უმაგალითო გამარჯვებამ, რის შემდეგ გერმანელებმა მიატოვეს პარიზი და ფრანგებმა სული მოითქვეს, ამ გამარჯვებამ დიდი სახელი გაუთქვა სტალინს საფრანგეთში. ფრანგები მასზე ლოცულობდნენ და ამბობდნენ, ჩვენ მას ოქროს ძეგლს დავუდგამთო. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ სტალინი ქართველია ტომით, მაგრამ ამას ეჭვის თვალით უყურებდნენ: საქართველო პატარაა და ასეთ გენიოსს ვერ წარმოშობდაო” (გ. ჟორდანია, “დაბრუნებული საუნჯე”, გვ. 134).

ნინო მამარდაშვილი: “ეს იყო შედეგი წითელი არმიის იგავმიუწვდომელი გამარჯვებისა ფაშისტურ გერმანიაზე და სტალინის უდავო როლზე ამ საქმეში. სტალინი აღმოჩნდა გენიალური მოღვაწე, რომელმაც გაათავისუფლა ევროპა და იხსნა მსოფლიო ცივილიზაცია. სკეპტიკურად მოაზროვნე ფრანგებმაც კი აღიარეს სტალინის სიდიადე, ოღონდ უკვირდათ ასეთმა მცირერიცხოვანმა ერმა როგორ შეძლო, ეშვა ამგვარი ბუმბერაზი”.

მეცნიერი, ისტორიკოსი (გვარს არ დავასახელებ): “მენშევიკურმა მთავრობამ 1921 წელს განძი ექვთიმეს ხელშეწყობით გაიტაცა. 1921-1932 წლებში ექვთიმეს მხოლოდ მორალური უფლება ჰქონდა განძის პატრონობის. 1932 წლიდან ექვთიმეს განძთან არაფერი ესაქმებოდა, განძი საქართველოს სტალინმა დაუბრუნა”.

მეცნიერი, ისტორიკოსი (გვარს არ დავასახელებ): “ექვთიმე საფრანგეთიდან არა თუ განძს, თავის ავტოკალამსაც ვერ ჩამოიტანდა, განძის დაბრუნება ერთპიროვნულად სტალინს მიეწერება”.

გრიგოლ ონიანი

P.S. აქ ვასრულებ თემას და ბოდიშს ვუხდი ყველა მკითხველს საკითხისადმი არაპროფესიონალური მიდგომისთვის, მაგრამ სათქმელი უნდა მეთქვა და ვთქვი კიდეც. თუ ვინმეს სურვილი გაგიჩნდებათ ამ საკითხზე ჩემთან პოლემიკისა, მზად ვარ, შეგხვდეთ, როგორც ბეჭდურ, ისე ელექტრონულ მედიაში. იმედია, დაინტერესებულები ჩემს საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ადვილად დაადგენთ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here