Home რუბრიკები პოლიტიკა “ქართულ ოცნებაში” დაპირისპირებაა, რესპუბლიკური პარტია ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს

“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირებაა, რესპუბლიკური პარტია ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს

588

მმართველი კოალიცია “ქართული ოცნება”, უკვე კარგა ხანია, მძიმე პირობებში მართავს ქვეყანას, თუმცა, მიუხედავად სირთულეებისა, მაინც ვაჟკაცურად ინარჩუნებს მთლიანობას, მაგრამ რის ფასად? _ საკითხავი, აი, ესაა. თურმე კოალიციაში დაპირისპირებული ბანაკებიც არსებობენ და ე. წ. მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს… “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე.

_ ბატონო ომარ, ბოლო ხანსქართულ ოცნებაშიდაძაბულობა შეინიშნება _ უკვე გამოიკვეთენ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი დაჯგუფებები, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ თავიანთი ინტერესებიც და ისიც, რას ერჩიან მოწინააღმდეგე ბანაკს, ასეა?

_ კოალიციას გულისხმობთ თუ პარტიას? მგონი, პარტია “ქართულ ოცნებას” გულისხმობთ, რადგან კოალიციაში, კარგა ხანია, დაპირისპირებაა. რესპუბლიკელები ნახევრად ოპოზიციაში არიან და ა. შ. რაც შეეხება პარტია “ქართულ ოცნებას”, ჩვენ უფრო იმას განვიცდით, რაც პარტიის შიგნით ხდება და რაც უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს უკავშირდება. დიახ, ჩვენ, 22 დეპუტატმა, მის წინააღმდეგ გავილაშქრეთ. იყო დაპირისპირება რაც უნდა ვმალოთ, შუბი ხალთაში არ დაიმალება, მაინც გამოჩნდება, ამიტომ ვაღიარებ _ “ქართულ ოცნებაშიდაპირისპირებაა. ამ დაპირისპირებას პიროვნულს ვერ ვუწოდებ, მას სხვა მიზეზები აქვს. გუნდი ვერ შეიკრა, დიახ, რასაც გუნდი ჰქვია, და ეს ხდება მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგის ძალიან შეკრული გუნდი გვიპირისპირდება.

პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატების გარეშე ბევრი ისეთი საკითხი წყდება, რომლებიც ჩვენთან ერთად უნდა იყოს განხილული. ბევრ საკითხს პოსტფაქტუმ ვიგებთ. არადა, მხოლოდ ღილაკზე თითის მიმჭერები ხომ არ ვართ, ჩვენც ხომ გვაქვს თვალსაზრისი?! ეს უნდა ესმოდეს საგანელიძეს. და როდესაც სხვის თვალსაზრისს გვახვევენ თავს, არასწორია. თუმცა არის საკითხები, რომლებზეც შეიძლება, დათმობაზე წავიდეთ და კომპრომისული გადაწყვეტილება მივიღოთ, ოღონდ უნდა დაგვარწმუნონ, რომ ეს ნამდვილად ასეა საჭირო. მაგრამ ყველა საკითხზე მსჯელობისგან ჩვენ, ფაქტობრივად, გარიყული ვართ. მაგალითად, საკადრო საკითხებზე არავინ არაფერს გვეკითხება, მერე კი ვიმტვრევთ ცხვირს, როდესაც ჩვენს აზრს არ ითვალისწინებენ. ასეთ საკითხებს ორი-სამი კაცი კი არ უნდა წყვეტდეს, არამედ გუნდი. სასწრაფოდ უნდა შეკრას გუნდი მან, ვისაც ხელეწიფება. სჯობს, მოაგვარონ ეს პრობლემა, თორემ, თუ ვიფეთქე, მტერს! საშინელი აფეთქება ვიცი ხოლმე, მაგრამ, ახლა ეს რომ გავაკეთო, კატასტროფა იქნება.

_ ამბობენ, რომ ყველაფერს საგანელიძე წყვეტს და ენა მიაქვს ივანიშვილთან. თამაშგარე მდგომარეობაში რომ გტოვებთ არ უნდა გააპროტესტოთ?

_ არ მგონია, ენა მიჰქონდეს, თუმცა ვაღიარებ, ბატონი დავითი არის პირველი კომუნიკატორი ყოფილ და დღევანდელ პრემიერთან, აგრეთვე, პრეზიდენტთანაც. ჩვენ იშვიათად ვხვდებით მათ, არადა, აუცილებელია კომუნიკაცია და შეხვედრები. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში შევხვდებით პრემიერს, დარწმუნებული ვარ, მოიცლის და ამ საკითხებზე ვისაუბრებთ. არ არის გამორიცხული, შევხვდეთ ყოფილ პრემიერსაც.

 ჩვენ ვერ ვიქნებით რადიკალები, რადიკალიზმმა დაღუპა საქართველო. ყველაზე ანტიეროვნული, ანტინაციონალური ხელისუფლება იყო “ნაცმოძრაობა”. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის თამაშს თამაშობდნენ და თამაშობენ დღესაც.

_ ჰოდა, ამბობენ, რომ ეს ყველაზე ანტიეროვნული მოძრაობა ალასანიასთან, რესპუბლიკელებსა და პრეზიდენტთან ერთად . . მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავს გია ხუხაშვილის ხელით. თქვენ თუ გსმენიათ ამის თაობაზე?..

_ ხუხაშვილი ისეთი გამოხუხული პიროვნებაა, არ გამიკვირდება, თუ ამაში იქნება გარეული. არ ვიცი, რას გეგმავენ, გეტყვით, მე რა როგორ მესახება. მომავალ არჩევნებში, ცხადია, ერთად იქნებიან ე.წ. ლიბერალები, რომლებიც ამ შემთხვევაში ერთად არ იყრიან კენჭს, მაგრამ ერთად იქნებიან. შეიძლება კოალიციაში გაერთიანდნენ “თავისუფალი დემოკრატები”, რესპუბლიკელები და პრეზიდენტიც. მეორე ლიბერალური მხარე იქნება “ნაცმოძრაობა” და, რა თქმა უნდა, ეს ორი მხარე პარლამენტში ბევრ თემატურ საკითხზე ითანამშრომლებს. ეს უკვე გარკვეულია. იცით, რა ხდება პარლამენტში, ერთხელ მოვკიდე ჩემს მობილურს ხელი და მინდოდა, მათთვის სურათი გადამეღო, მაგრამ თავი შევიკავე.

_ ვისთვის გინდოდათ ფოტოს გადაღება?

_ რესპუბლიკელებისა და “ნაციონალებისთვის”. ნაციონალებირესპუბლიკელებთან ისე არიან ჩახუტებულნი, გაგიჟდებით. და აღარც მალავენ. ჩახუტებულები არიან გოგორიშვილთან, რატიანთან და სხვებთან. საკითხებს ერთად გადიან, _ ეს ასე იქნება, ის _ ისეო, და მიდის სიცილკისკისი.

მაგალითს გეტყვით: თერჯოლის რაიონში ვერ მოვახერხეთ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაც კი, რესპუბლიკელები მოწინააღმდეგე ბანაკში არიან და შეკრება ჩაგვიშალეს. წარმოგიდგენიათ, რას სჩადიან _ საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აგვირჩევია?! აშკარაა, რომ რესპუბლიკური პარტია ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს, “ქართული ოცნების” ოპოზიციაა. ადრე ერთ-ერთ ჩვენს მეგობარზე ვამბობდი, ცალი ფეხი “ნაცებისკენ” აქვს-მეთქი და ამათ ორივე ფეხი იქით ჰქონიათ, ვეღარ გამიგია, რა ხდება!

_ კოალიციიდან წასვლას აპირებს ელისო ჩაფიძე ტრიპოლსკისთან დაპირისპირების გამოო. იმასაც ამბობენ, მუშტიკრივსა და ცემატყეპაზე მიმდგარა საქმეო

_ ფრაქციის თუ უმრავლესობის სხდომა იყო, მაგრამ მე არ ვესწრებოდი იმ სხდომას და დეტალები არ ვიცი, თუმცა მითხრეს ჩემმა კოლეგებმა, რომ დაპირისპირება მომხდარა. მგონი, ტრიპოლსკის უთქვამს, ვიღაცისთვის თქვენი მომავალი მაჟორიტარი ესა და ეს იქნებაო. ამაზე ძალიან განაწყენებულა ქალბატონი ელისო და რეაქცია ჰქონია, მაგრამ ცემა-ტყეპის ამბავი არ გამიგია. მუშტი-კრივზე არაფერი მსმენია და, დაპირისპირება რომ იყო, ვადასტურებ. აი, ამ დაპირისპირებების აღსაკვეთად საჭიროა ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან მეტი სიმკაცრე, ასეთი სიტუაციის დალაგება მხოლოდ პირველ კაცს შეუძლია.

_ ღარიბაშვილს პარტიაში ვითარების დალაგება იმთავითვე საგანელიძისთვის დაუვალებია, თუმცა ამ კაცს, როგორც ჩანს, მხოლოდ არევა შეუძლია

_ პირველი პირი, ვისთანაც საკითხები განიხილება ხოლმე, რა თქმა უნდა, ბატონი დავით საგანელიძეა, სხვა ვისთან უნდა განივიხილოთ თუ არა უმრავლესობის ლიდერთან, მაგრამ მხოლოდ მასთან არა. პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც თავს გაწირავენ ქართული საქმის გამო და რატომ არ გვენდობი? შენიანი ვარ, რატომ არ გვენდობი, კაცო? აი, სწორედ ეს არის გულდასაწყვეტი, სად იხედები, აგერ ვართ ჩვენ, დაგვავალე რამე, ჩაგვაბარე რამე.

_ თქვენ ვინ რას ჩაგაბარებთ, ბატონო ომარ, ყველაფერი საგანელიძემ ჩაიბარა და დაივალა

_ ჰოდა, კარგად რომ არ არის საქმე, ვხედავთ. მაშინ მან დაიკისროს პასუხისმგებლობა. არ შეიძლება, ერთ კაცს ებაროს ყველაფერი _ ეს დააქცევს ქვეყანას. ამიტომ პრემიერმა უნდა ითავოს ჯერ გუნდის შეკვრა და შემდეგ _ ფუნქციების გადანაწილება. თუ არაფერი დამავალე, არ გაანაწილე ფუნქციები, რა გამოდის? რა, ვერ ვისწავლი და ვერ მოვაბამ თავს რამეს?! ჩემს თავზე რომ ავიღო ზედმეტი, მერე “ყურს ამიწევენ” და არ მინდა, ამ ხნის კაცი ახლა ვიღაცას შევეტენო. მაგრამ მე გავაკეთებ ჩემს საქმეს, თუგინდ წყალმა წამიღოს, ოღონდ ჩემი ქვეყანა იყოს კარგად!

ესაუბრა ქეთი ხომერიკი

1 COMMENT

  1. ბატონ ომარ ნიშნიანიძეს შევახსენებთ, რომ იმ სხდომას რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე უნდა აერჩია, ესწრებოდა 33 დეპუტატი.მათ შორის 20 დეპუტატი კოალიციიდან. ერთი "ბურჯანაძე–დემოკრატებიდან",12–"ნაციონალური მოძრაობიდან"."ქართული ოცნების"კანდიდატმა ავთანდილ ჩუბინიძემ მიიღო 15 ხმა. ასარჩევად კანდიდატს ჭირდებოდა 18 ხმა.საკრებულოში სამი რესპუბლიკელია.აქედან გამომდინარე დასკვნა თავად გააკეთეთ.ისე ბატონ ომარს შევახსენებ რომ,როცა საკრებულოს პირველ სხდომაზე რესპუბლიკელი მოადგილე ირჩეოდა ,არცერთმა ნაციონალმა ამ კანდიდატს ხმა არ მისცა.საკითხი მეორედაც დადგა კენჭისყრაზე.ნაციონალებმა საერთოდ არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.აქედანაც დასკვნა თავად გააკეთეთ თუ როგორ არიან ნაცები და რესპუბლიკელები შეკრულები.ისევ შევახსენებ ბ.ნ ომარს, რომ დიდად ნუ დაინტერესდება თერჯოლის ამბებით,რადგან მას თერჯოლასთან დაკავშირებით ,ჯერ კიდევ,2012 წელს გამოუტანა ვერდიქტი ბიძინა ივანიშვილმა.

  2. ნიშნიანიძემ გაიხსენოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისის წევრად არჩევისას მერაბ ქათამაძეს ვინ არ დაუჭირა მხარი.ეტყობა არ ახსოვს,ან მალავს,შევახსენებთ პოლიტსაბჭოს მხარდაჭერილ ქათამაძის კანდიდატურას მისი "გუნდის" ნაწილმა და ნაცმოძრაობის დეპუტაციამ არ დაუჭირა მხარი.უფრო მეტიც ნიშნიანიძემ და ნაცმოძრაობის დეპუტაციამ ხმა სიხარულიძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი,ასე იყო დანარჩენ ორ ჭყვილთან მიმართებაშიჩ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here