Home რუბრიკები პოლიტიკა ოლიგარქი ოფსაიდში

ოლიგარქი ოფსაიდში

576

რესპუბლიკელები ივანიშვილს განუდგნენ. რისთვის ემზადება უსუფაშვილ-სააკაშვილისა და მარგველაშვილ-ალასანიას დაჯგუფება?

საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში აშკარად რაღაც დალპა. სიტუაცია ყარს. ამაზეა ნათქვამი, “უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო”, მაგრამ, როგორც ჩანს, აქ ახლა კატაც სანატრელია. ამ ცხოველს, ჩვენი პოლიტელიტისგან განსხვავებით, ერთი კარგი თვისება მაინც აქვს, _ თავის მოსაქმებულს მიწას მიაყრის და საგულდაგულოდ დამალავს ხოლმე

მილიარდერმა ივანიშვილმა თავის დროზე მყეფარად ვერ ივარგა და არც ის დასაფასებელი თვისება აღმოაჩნდა, რომელიც ზემოთ ვახსენე. ჰოდა, მისი დატოვებული “ავლა-დიდებაა”, ახლა პოლიტიკურ ასპარეზზე რომ ყარს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია…

წინა კვირას ყოფილმა პრემიერმა ერთ-ერთ ინტერვიუში ყველასათვის მოულოდნელად განაცხადა, _ კოალიციაში დემოკრატიულობაზე მეტად არაორგანიზებულობა და შეუთანხმებლობა იგრძნობაო: ისე, ერთს ვიტყვი: დემოკრატიულობა კარგია, მაგრამ გუნდს გუნდურობა უნდა ემჩნეოდეს და პროცესი ქაოსში არ უნდა გადაიზარდოს. დემოკრატიულობაზე მეტად იგრძნობა, რომ გუნდში არაორგანიზებულობა და შეუთანხმებლობაა…”

იმავე ინტერვიუში ოლიგარქმა თავის გაუხედნავ “ულაყს”, პრეზიდენტ მარგველაშვილსაც გადაჰკრა, საქმის კეთების ნაცვლად ინტრიგებს ხლართავსო, მაგრამ ეს, ალბათ, არავის გაჰკვირვებია. საკვირველი და გამაოგნებელი უფრო ის იყო, რომ “რუხმა კარდინალმა” თავის ფავორიტ რესპუბლიკურ პარტიასაც უკბინა, ე. წ. კაბელების საქმეზე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენო. აი, ეს განცხადებაც: რესპუბლიკელები, რომლებიც ვერ მალავენ და ალასანიას მხარს უჭერენ, ხელოვნურად აგორებულ თემებზე კომისიას რომ ქმნიან, შეამოწმონ პროკურატურა ამ ნაწილშიც. ამის ნაცვლად, მხოლოდ ზოგად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და პროკურატურას პირდაპირ ემუქრებიან. იმას კი არ ამბობენ, დაკავებულები დამნაშავეები არიან თუ არა, მთავარ პროკურორს დავიჭერთო, აცხადებენ”.

შეგახსენებთ, რომ კოალიციაში შემავალი სუბიექტებიდან სწორედ რესპუბლიკური პარტია იყო ის ძალა, რომელსაც ივანიშვილი იმთავითვე ფავორიტად მიიჩნევდა. ამას არც მალავდა და ერთ-ერთ კონფერენციაზე პირდაპირ განუცხადა ჟურნალისტებს, _ ვინც გინდათ, აკრიტიკეთ, მათ შორის, პატრიარქიც და საპატრიარქოც, ოღონდ რესპუბლიკელების კრიტიკას შეეშვითო. უსუფაშვილის მისამართით გაკეთებული სახოტბო განცხადებებიც გვახსოვს. მაგალითად: პოლიტიკაში გამოუცდელი მოვედი, ხალხს მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცნობდი და დიდი დახმარება, რომელიც აღმომიჩინა და დღესაც მეხმარება, ეს გახლავთ დავით უსუფაშვილი. ჩემთვის მას ძალიან დიდი ფასი აქვს…” ასევე გვახსოვს  მთლიანად პარტიის ქება-დიდებაც: ვინც საქმეს აკეთებს, შეუცდომელი არავინ არაა. მათ ქვეყნისთვის არასდროს უღალატიათ და მათ სიცრუეზე თავისი პოლიტიკა არასდროს აუგიათ…”  ან ეს განცხადება რად ღირს: “რესპუბლიკურ პარტიაზე თბილისში განსხვავებული აზრი დადის, რასაც ნაწილობრივ ვეთანხმები, მაგრამ ვიტყვი, რომ რესპუბლიკელები პრინციპული ხალხისგან შემდგარი პარტიაა. შესაძლოა, რაღაც ეტაპებზე მათი პრინციპული პოზიციის გამო გარკვეული მიუღებლობა ხდებოდა მათსა და საზოგადოების ნაწილს შორის, მაგრამ ისინი არასდროს არ ცრუობდნენ. ამიტომ ადამიანის ამ თვისებას დიდ პატივს ვცემ და რესპუბლიკელები ძირითადად ასეთები არიან”.

ამ ყველაფრის ფონზე, ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა _ რა შეიცვალა ბოლო ორ წელიწადში, რამ გამოიწვია ოლიგარქის იმედგაცრუება და რატომ აკეთებს იგი დღეს საპირისპირო განცხადებას მისსავე სათაყვანებელ რესპუბლიკელებზე? საკითხი მარტივია _ ივანიშვილი პოლიტიკაში “ქაჯი” და “ჰარიფია” (რასაც, სხვათა შორის, თვითონაც არ მალავდა) და, როგორც ჩანს, ახლა მიხვდა, რომ მისი ამ “ქაჯობით” ცხრა გრანტს გადამხტარმა “რესპებმა” კარგად ისარგებლეს. კერძოდ, რას ვგულისხმობ: თავის დროზე, როცა ივანიშჰვილი პოლიტიკიდან წავიდა, ეგონა, რომ ორ კურდღელს ერთად დაიჭერდა _ რესპუბლიკელებს “დაავერბოვკებდა” და პოლიტიკურ პროცესებს კულისებიდან მართავდა, მაგრამ მწარედ შეცდა: უსუფაშვილმა ოლიგარქის ავტორიტეტი კარგად გამოიყენა, ხელისუფლების სათავეში მოექცა, შემდეგ კი “კარდინალს” თითი დაუქნია. აი, სწორედ ეს თითდაქნეული “ლომია” ახლა ცოფს რომ ანთხევს, მაგრამ რაღა დროს, სახელისუფლო ვერტიკალში “ლიბერასტული” ფრთა კიბოს მეტასტაზებივითაა მოდებული. აქეთ ალასანია-მარგველაშვილის დაჯგუფებაა, იქით _ რესპუბლიკელები და “ნაცები,” მოკლედ, ოლიგარქი ოფსაიდშია და პოლიტიკურ პროცესებში ცხვირსაც არ აყოფინებენ.

“ნაცები” ვახსენე და, ამას წინათ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ამერიკელმა კონგრესმენმა მაიკლ ტერნერმა ინტერპოლს პირდაპირ მოუწოდა, არ დააკმაყოფილოს საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე. ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა და ამ პროცესში საერთაშორისო სამართალდამცავი სტრუქტურა არ უნდა ჩაერთოს…

მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ე. წ. პროდასავლური ლიბერალური ერთობა _ ალასანია, მარგველაშვილი, “რესპები” და “ნაციონალები” პოლიტიკური სპექტრის მონოპოლიზებას მოახდენენ და ყველა სხვა ძალა თამაშგარე მდგომარეობაში დარჩება. ამაში მათ დასავლეთის კოლოსალური მხარდაჭერა ექნებათ (აქვთ კიდეც), ხოლო ივანიშვილს, რომელიც დღეს დაბნეულია და “რესპებისგან” ამორტყმული ჭიტლაყის შოკი ჯერაც არ განელებია, ალბათ, კიდევ კაი ხანი დასჭირდება გონზე მოსასვლელად.

ისე, დასაწყისშიც ვთქვი და, თავის დროზე “კარდინალს” მიწა რომ მიეყარა მის მიერ დატოვებული პოლიტიკური “ავლა-დიდებისთვის”, დღეს ასეთი ამძაღებული სიტუაცია არ იქნებოდა.

რა გაეწყობა, ზოგი კატა ლომს ასწავლის ხეზე ასვლას, ზოგი კიდევ მისივე მოსაქმებულს ვერ ფარავს

ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ხალხმა უნდა მოითხოვოს სიმართლე ყველაფერზე და ყველაზე. ხალხს უფლება აქვს მუდმივად ინფორმირებული იყოს, თუ რას, როგორ და რისთვის აკეთებს მთავრობა, დეპუტატი, ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი. ბნელი საქმეები დაფარულში კეთდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here