Home რუბრიკები საზოგადოება 23 წელი ხოჯალის ტრაგედიიდან

23 წელი ხოჯალის ტრაგედიიდან

706

რამდენიმე დღის წინათ აზერბაიჯანის მილი მეჯლისში (პარლამენტი) გაიმართა სხდომა თემაზე “ადამიანის უფლებები აშშ-ში. საგარეო პოლიტიკის პარადოქსები”. სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანელი დეპუტატები ამერიკის ხელისუფლებას აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული სტრატეგიული ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებდნენ, _ იუწყება აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო TREND-ი.

“აშშ-ში არსებობს რასობრივი პრობლემა. ბარაკ ობამას კანის ფერმა, ფაქტობრივად, ვერ აღმოფხვრა რასობრივი დისკრიმინაცია ამერიკაში და ეს პრობლემა დღემდე არსებობს ქვეყანაში.

ამერიკას არავითარი საფუძველი არ აქვს გააკრიტიკოს აზერბაიჯანი ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ”, _ განაცხადა დეპუტატმა ზაჰიდ ორუჯმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორის ფარხად მამედოვის თქმით, დემოკრატიის მხარდამჭერი ფონდი (NED) 1983 წელს შეიქმნა აშშ-ის ე. წ. რბილი პოლიტიკის გასატარებლად მსოფლიოში. თუმცა პოლიტიკას, რომელსაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო 25 წლის წინათ საიდუმლოდ ატარებდა, ამჟამად დემოკრატიის მხარდამჭერი ფონდი ახორციელებს.

“აშშ სამხედრო დახმარების გაწევის საბაბით 45 ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაერია. დევნილთა საკითხებში გაეროს კომისრის ანგარიშის მიხედვით, 10,5 მლნ დევნილიდან ნახევარი აშშ-ის ჩარევის შედეგად გაჩნდა. რაც მთავარია, აშშ ორმაგ სტანდარტს იყენებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ და ეხმარება სეპარატისტებს აზერბაიჯანული სახელმწიფოს წინააღმდეგ”, _ განაცხადა ფარხად მამედოვმა.

დეპუტატმა მუსა გასიმლიმ კი აღნიშნა, რომ ცივი ომის პერიოდში ბევრი ქვეყანა და ხალხი პატივს სცემდა აშშ-ს, სჯეროდა მისი და თვლიდა ავტორიტეტად, ახლა ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. მიზეზი კი აშშ-ის მიერ ორმაგი სტანდარტის გამოყენებაა, რაც ნათლად ჩანს აშშ-ის მოქმედებებში აზერბაიჯანის მიმართ, აგრეთვე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში.

ამერიკამ აკრძალა თავისი პროდუქციის გაყიდვა ყირიმში, მაგრამ ყარაბაღელ სეპარატისტებს ყოველწლიურად ეხმარება ფინანსურად. როგორ გავიგოთ ეს?

ამერიკა აღიარებს . . სომხების გენოციდს, მაგრამ არ ცნობს გენოციდს ხოჯალიში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე სომხებს მძევლად აჰყავთ აზერბაიჯანელები, მაგრამ აშშ ამაზე არ რეაგირებს. სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს ორპირობაა. და, ვიდრე ამერიკა განაგრძობს ორმაგ თამაშს, მისი იმიჯი მსოფლიოს ხალხების თვალში სულ უფრ დაეცემა!” _ განაცხადა მუსა გასიმლიმ.

რა ტრაგედია დატრიალდა ხოჯალიში 23 წლის წინათ, რის გამოც ასე აღშფოთებით ლაპარაკობენ აზერბაიჯანელი დეპუტატები?

1992 წლის 25-26 თებერვლის ღამე აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიის შავი ფურცელია. იმ ღამით სომხურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა, ჯავშანტექნიკის გამოყენებით, რომლებიც სსრკ-ის პერიოდიდან ქალაქ ხანკენდში (სტეფანაკერტი) იყო დისლოცირებული, მიწასთან გაასწორეს მთიანი ყარაბაღის დასახლებული პუნქტი ხოჯალი. ეთნიკური აზერბაიჯანელების წინააღმდეგ განხორციელებულ  ხოცვაჟლეტას 613 ადამიანი შეეწირა, მათ შორის: 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი. ერთ ღამეში მთლიანად ამოწყდა 8 ოჯახი, 25 ბავშვი დაობლდა; დაიჭრა 487 ადამიანი, 1275 მშვიდობიანი მოსახლე ტყვედ აიყვანეს, 155-ის ბედი დღემდე უცნობია. განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს 56 ადამიანი, ცოცხლად დაწვეს 3 კაცი, გვამებს სკალპი ახადეს, ანაწევრებდნენ სხეულებს, კვეთდნენ თავებს, თხრიდნენ თვალებს, ფეხმძიმე ქალებს კი მუცელში შუბს უყრიდნენ.

ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ქმედება, რომლის მიზანს წარმოადგენდა ეროვნული ნიშნით ადამიანების ჟლეტა.

1993 წელს, აზერბაიჯანის ხელისუფლებაში ჰეიდარ ალიევის დაბრუნების შემდეგ, ტრაგედიას პირველად მიეცა პოლიტიკურსამართჰლებრივი შეფასება, 1994 წელს სწორედ მისი ინიციატივით გამოაცხადა აზერბაიჯანის პარლამენტმა 26 თებერვალი ხოჯალის გენოციდის დღედ.

ამ საშინელ ტრაგედიას ყოველწლიურად ტკივილით აღნიშნავენ, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები, აგრეთვე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები აზერბაიჯანელები და მათი მეგობრები. მოიგონებენ და პატივს მიაგებენ ხოჯალის ტრაგედიის მსხვერპლთ, ტარდება მიტინგები და პიკეტები, ეწყობა იმდროინდელი მოვლენების ამსახველი ფილმების ჩვენება და ფოტოების გამოფენა. მსოფლიოს გავლენიან გაზეთებში იბეჭდება სტატიები, ტელევიზიებითა და რადიოთი გადასცემენ მასალებს ტრაგიკული მოვლენების შესახებ. ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა აზერბაიჯანელები” ატარებენ ღონისძიებების სერიას ქართველი საზოგადოების ინფორმირებისთვის იმ ეთნიკური წმენდების შესახებ, რომლებსაც ადგილი ქონდა ამიერკავკასიაში.

დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლება მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ცდილობს, რომ მსოფლიოს საზოგადოებრიობამ სიმართლე შეიტყოს ხოჯალის ტრაგედიაზე და აღიაროს გენოციდად.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here