Home რუბრიკები საზოგადოება მალხაზ გველუკაშვილი: ჯერ სად ხართ, უარესი მოხდება _ წინ სოციალური კოშმარი გველის!

მალხაზ გველუკაშვილი: ჯერ სად ხართ, უარესი მოხდება _ წინ სოციალური კოშმარი გველის!

2826

მეტაფიზიკოსი, ყოფილი პოლიტპატიმარი მალხაზ გველუკაშვილი ქვეყანაში შექმნილ  ვითარებას მწვავედ აფასებს და ქართველ საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს:


_ სააკაშვილზე ჯერ კიდევ 2003 წელს ვამბობდი, ვინც იყო და რასაც გააკეთებდა. სამწუხაროდ, ყველაფერი ზუსტად ახდა. ფართო არენაზე გამოჩენისთანავე ივანიშვილის შესახებაც ვთქვი ჩემი მოსაზრება. მართალია, ივანიშვილი და სააკაშვილი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რადგან სააკაშვილისნაირ ხელისუფალს არც ერთ ქვეყანას არ ვუსურვებ, მაგრამ თავიდანვე ვთქვი, რომ ვერც ივანიშვილი გააკეთებდა ყველაფერს, რასაც ამბობდა. თუმცა მგონია, რომ ივანიშვილს დაპირებების შესრულება გეგმაში არც ჰქონდა. ამის ვარაუდის საშუალებას მისი ფიზიონომია იძლეოდა _ შეუძლებელი იყო, გვეფიქრა, ეს კაცი გულდამწვარი მამულიშვილიაო. სამწუხაროდ, ივანიშვილმა მისნაირები შემოიკრიბა გარშემო და ამ ხელისუფლებაში გულდამწვარი მამულიშვილი არც ერთი არ არის. არც ერთს აქვს უნარი, საკუთარ მეს და სურვილებს გადაახტეს და ხალხისთვის იღვაწოს. ეს კარგად ჩანს. პრეტენზია აქვთ დიდ ინტელექტზე, არადა, ვიწრო მსოფლმხედველობა ან გაფანტული აზოვნება აქვთ. ესეც კარგადაა აღბეჭდილი მათ სახეებზე.

 მახსოვს, წულუკიანზე თავდაპირველად ამბობდნენ, პრინციპული და კარგი მინისტრი იქნებაო. სამწუხაროდ, დღევანდელი მინისტრებიდან, არათუ წულუკიანი, არც ერთი არ არის პრინციპული. როდესაც პრინციპული ხარ და როდესაც რამეს ვერ აკეთებ, თანამდებობა უნდა დატოვო. მაგრამ დღევანდელ მთავრობაში ისეთი მდგომარეობაა, რომ, როგორი პრინციპულიც უნდა იყო, ვერაფერს გააკეთებ. მეორე და მესამე პირი არ მოგცემს სწორი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას იმიტომ, რომ მხოლოდ თავიანთი ინტერესების გამო არიან ხელისუფლებაში თავმოყრილი. არ ვიცი, ვის რა ცოდნა აქვს ამა თუ იმ საგანში, მაგრამ მეეჭვება, ვინმეს რამე ცოდნა ჰქონდეს საერთოდ. კანონების ცოდნა არ ნიშნავს, რომ ამ ყველაფერს აანალიზებ და ვითარების შესაბამისად მოქმედებ. ის, რომ ეკონომიკის კანონები იცი, არაფერს ნიშნავს, რადგან ქვეყანაში ვერ ვხედავ ეკონომიკურ წინსვლას. არც სამართლიანობა აღდგა. ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება ვერაფერს ან არაფერს აკეთებს.

_ ხელისუფლება ვერ აკეთებს თუ არ აკეთებს ქვეყნისთვის საკეთილდღეო საქმეს?

_ მოიწყო ცხოვრება და ქვეყანასაც მიხედო, ააშენო _ ეს ერთდროულად არ გამოდის. ხელისუფალმაც ისე უნდა იცხოვროს, როგორც მისი ხალხი ცხოვრობს. ასე რომ არ აკეთებენ, ცხადია. შეიძლება, აქვთ საკმარისი ცოდნა საიმისოდ, რომ კარგი საქმე აკეთონ, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამის სურვილი არ აქვთ. დააკვირდით თითოეულ ხელისუფალს სახეზე _ ცხადად ჩანს, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები არ აწუხებთ.

 რატომ არ აღადგინეს სამართალი? რატომ აპარპაშებენ მკვლელ სააკაშვილსა და მის ბანდას? თუნდაც აფრასიძეების ოჯახის ამოჟუჟვის ისტორიაც კმარა იმისთვის, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება გაესამართლებინათ. აკი სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა, მათი დახოცვის ბრძანება მე გავეციო. თვითონ სააკაშვილი ხალხს გაზეთში გამოქვეყნებული სტატიისა და გადაკრული სიტყვის გამო გვაპატიმრებდა და ამ ხელისუფლებამ რატომ არ დაიჭირა, რა, სამხილები არ ჰქონდათ? მაგრამ ხელისუფლებაში “ქოცების” მოსვლის პირველივე დღეებში გამოიკვეთა, რომ სამართლიანობის აღდგენას არ აპირებდნენ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სააკაშვილმა 2008-დან 2012 წლამდე რომ გაიხანგრძლივა საპრეზიდენტო ვადა, იმ ჯგუფების ბრალია, ოპოზიციონერობას რომ იბრალებდნენ და ქუჩაში მიტინგებს მართავდნენ. სწორედ მათ დატოვეს სააკაშვილი ხელისუფლებაში, რასაც ციხეების გავსება მოჰყვა. 2012 წლის შემდეგ ივანიშვილმა ისევ ეს ადამიანები მოიყვანა ხელისუფლებაში და გამოდის, შეცდომა დაუშვა ან დანაშაული ჩაიდინა _ ეს საზოგადოებამ განსაჯოს.

_ იური ვაზაგაშვილის თავხედურ მკვლელობაში საზოგადოებაქართულ ოცნებასადანაშაულებს, რადგან სამართლიანობის აღდგენაზე არ იზრუნა.

_ ის, რაც მოხდა, მოსამზადებელი პროცესი იყო და შემდეგ თვეებში უარესს უნდა ველოდოთ. რომ არა ე. წ. კოაბიტაცია, იური ვაზაგაშვილს ვერავინ მოკლავდა. ამიტომ “ნაცებიც” და “ქოცებიც” დამნაშავენი არიან. არც ერთ მხარეს არ აძლევდა ხელს ცოცხალი იური ვაზაგაშვილი, რადგან მას მოპოვებული ჰქონდა სამხილები და იმედოვნებდა, სამართლიანობას მიაღწევდა. ბოლოს, როდესაც ვესაუბრე, ამ ყველაფერზე მელაპარაკა, ოღონდ არ უთქვამს, რა სამხილები ჰქონდა. თქვა, ივანიშვილთან მსურს შეხვედრაო და ისიც, სიმართლისთვის ბოლომდე ვიბრძოლებო. ახლა ორივე მხარე _ “ნაცებიცდაქოცებიც” _ შეეცდება, ეს ტერაქტი მესამე ძალას გადააბრალოს.

_ მაინც ვის?

_ გამოძებნიან მესამეს, არ გაუჭირდებათ, ამის ნიშნები უკვე გამოიკვეთა. ამაზე მიუთითებს ირაკლი სესიაშვილისა და ნიკა რურუას ნათქვამი, საზღვრის გარედან მოხდა იური ვაზაგაშვილის აფეთქება ან, შეიძლება, დანაღმული იყო საზღვრის იქითა მხრიდანო. როდესაც ტერორისტულ აქტსსაზღვრის იქითამხარეს აბრალებენ, გამოდის, ამის ჩამდენი ან ოსია, ან რუსი; ანუ სესიაშვილი _ “ოცნებიდან”, ხოლო რურუა _ “ნაცმოძრაობიდანამტკიცებენ, რომ რუსეთს აძლევდა ხელს ვაზაგაშვილის სიკვდილი. ხომ ცხადია, რა თამაშიც მიმდინარეობს? რუსეთი რა შუაშია, საერთოდ, ამას ვერ ხსნიან. კოაბიტაცია ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და ამიტომაც არ აძლევს ხელს არც ერთ მხარეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება. ან წულიკიანი რომ ამბობს, დიახაც, იურას წამოწყებული საქმე სტრასბურგში ბოლომდე მივაო, გეკითხებით, მისი შვილის მკვლელობის საქმე სტრასბურგში რატომ უნდა წასულიყო? იქ უნდა გადაგვიწყვიტონ, ვინ იყო დამნაშავე? საქართველოში, რა, ნაკლები მტკიცებულებები გვაქვს? მაგრამ არც ერთ მხარეს არ აძლევს ხელს ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება, რადგან მაღალი ეშელონების წარმომადგენლები დაზარალდებიან. ვაზაგაშვილის საქმეს რომ გამოიძიებდნენ, შემდეგ რობაქიძისა და გირგვლიანის საქმეებიც უნდა გამოიძიონ. რატომ მივდივართ შორს, ბოლოს და ბოლოს, ემზარ კვიციანი დააპატიმრეს, რომელიც საქართველოს კბილებით უნარჩუნებდა კოდორს. რატომ ზის კვიციანი ციხეში, ვის აფარებენ ხელს? დავიჯერო, “ნაცმოძრაობისმიერ ჩადენილი დანაშაული მხოლოდ ახალაიას, უგულავასა და მერაბიშვილს აწევს კისერზე?!

_ თქვენ სოციალური ფონის გაუარესება ახსენეთ

_ ვინმემ დაიანგარიშა, რამდენი ლარია საარსებო მინიმუმი? შეამცირეს კომუნალური გადასახადები? რამე გააკეთეს ისეთი, რაც ხალხს ცხოვრებას შეუმსუბუქებდა? მხოლოდ საყოველთაო დაზღვევით ხალხი ვერ გადარჩება. რა შეიცვალა? კუბლაშვილი, რომელიც კრიმინალური ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, ორი წლის განმავლობაში ხომ ისევ წარმართავდა სასამართლოს? ისევ ის მოსამართლეები და პროკურორები არ ასამართლებდნენ ხალხს? _ აი, ეს გააკეთაქართულმა ოცნებამდა ჯერ სად ხართ, უარესიც მოხდება _ წინ სოციალური კოშმარი გველის. თუ ხელისუფლებამ გაზაფხულზე არ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, სამართლიანობის აღდგენა და ეკონომიკური პრობლემების მოგვარება არ დაიწყო, დიდი ალბათობით, ნიჩაბზე დაჯდება, რომელიც სანაგვისკენ იქნება მიმართული. მერწმუნეთ, 2-3 თვეში დიდი სოციალური ბუმია მოსალოდნელი. ეს, ერთი მხრივ, კარგი იქნება, რადგან ხალხი ნელ-ნელა დაიწყებს რაღაცების გაცნობიერებას. საქართველოში სოციალური უსამართლობაა. ყოველი დღის შემდეგ ხალხის მდგომარეობა უარესდება, ხელისუფლების წარმომადგენელთა ეკონომიკური მდგომარეობა კი უმჯობესდება. რომ გვაყვედრიან ყოფილ პატიმრებს, ხომ გაგათავისუფლეთო, ციხიდან გამოშვება არავისთვის მითხოვია. ციხიდან გამოსვლის შემდეგ უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ვიდრე იქ ვიყავი, რადგან, გარდა იმისა, რომ სოციალური პრობლემები მაქვს, ჩემ თვალწინ ისეთი რაღაცები ხდება, ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ. ციხეში უფრო კარგად ვგრძნობდი თავს, ვიდრე დღეს გარეთ, რადგან საქართველო კოშმარული ციხეა. ამ კოშმარიდან თავის დასაღწევად ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ხალხი გამოფხიზლდეს და იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობა _ ისეთი ადამიანები მოიყვანოს ხელისუფლებაში, რომლებიც გასვრილი არ არიან. ახლა ე. წ. ძველი ოპოზიციონერები ცდილობენ, ახალი ტალღა ააგორონ…

_ კონკრეტულად ვინ?

_ “გრეჩიხები”, “კორკოტა” და ის ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ქართველი ხალხი გადააგდეს. მაგრამ, რაც უნდა იხტუნონ, ჭკვიანი ადამიანი მათ აღარ გაჰყვება. სწორედ მათი უნიათობის შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში ივანიშვილი და ის ადამიანებიც მოიყვანა, რომლებიც მთელი ცხოვრება პოლიტიკურ ნაგავში იყვნენ გასვრილი. დავიჯერო, ზვიად ძიძიგურზე ჭკვიანი და განათლებული ვერავინ აირჩია პარლამენტისთვის? ან რომელი გამოირჩევა პრინციპულობით, განათლებითა და ჭკუა-გონებით?! კარგი რა, სირცხვილია!..

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here