Home რუბრიკები პოლიტიკა “მარგველაშვილმა ბევრჯერ შელახა ქვეყნის ისედაც შელახული რეპუტაცია”

“მარგველაშვილმა ბევრჯერ შელახა ქვეყნის ისედაც შელახული რეპუტაცია”

512

უკვე მესამე წელიწადია, ხალხი სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია, მაგრამ ამ პროცესში, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს, ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს _ კოტე კუბლაშვილს ასახელებენ. 


დღეს კოტე კუბლაშვილს, როგორც იქნა, ამოეწურა თანამდებობაზე ყოფნის ათწლიანი ვადა და ქვეყანა ახალი თავმჯდომარის მოლოდინშია. საქართველოს მართლმსაჯულებას კი ბევრი ხარვეზი აქვს გამოსასწორებელი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დასახელების პროცესის დადებით და უარყოფით მხარეებზე ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე და ადვოკატი ირმა ჭკადუა გვესაუბრებიან.

პეტრე მამრაძე:

_ ბატონო პეტრე, პრეზიდენტმა ძალიან მოკლე ხანში დაკარგა ხალხის ნდობა. მის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დანიშნული კადრები მოსაწონი არავისთვის იყოდღეს ხალხი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინშია _ საქართველოში უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე უნდა დაინიშნოს, თანაც _ ათი წლით. როგორია თქვენი მოლოდინი _ სანდო იქნება პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი?

_ პირველ რიგში, დაგეთანხმებით, რომ მარგველაშვილმა ხალხის ნდობა დაკარგა. დღიდან გაპრეზიდენტებისა, გიორგი მარგველაშვილმა, რომელსაც ჯერ ბიძინა მარგველაშვილი შეარქვეს, შემდეგ _ პლასტელინი, არ შეასრულა თავისი პირდაპირი მოვალეობა და ფიცი გატეხა. მარგველაშვილმა ბევრჯერ შელახა ქვეყნის ისედაც შელახული რეპუტაცია. ის ეჭვმიტანილია სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მცდელობაში, მაგრამ ძალიან კარგია, რომ არ შეასრულებს პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის დავალებას. თავიდანვე გათვლილი იყო, რომ ღარიბაშვილს უნდა დამორჩილებოდა ხელისუფლება, მათ შორის, საკანონმდებლო; უნდა შესრულებულიყო ღარიბაშვილის ყველა მოთხოვნა ისე, რომ განხილვას არ დაქვემდებარებოდა, რაც კარგი არ არის და ახლა ამ მორჩილებას პრეზიდენტი არღვევს.

თუ ამ კუთხით განვიხილავთ მარგველაშვილის დამოუკიდებლობის სურვილს, მაშინ გამართლებული პოზიციაა. მარგველაშვილის გაბუტვა ივანიშვილთან, ირაკლი ალასანიას გუნდის გასვლა უმრავლესობიდან _ ეს ის საკითხებია, რომლებიც პლურალიზმისთვის აუცილებელია.

არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მარგველაშვილმა ყველასთვის მისაღები კანდიდატურა წარმოადგინოს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ძალიან რთული საქმეა.

_ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პრეზიდენტმა თავის ადმინისტრაციაში სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი იურიდიული საკითხების გადასაწყვეტად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე მიიყვანა, ხომ შეიძლება, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი ხალხისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს? პრეზიდენტმა ამ საკითხის გასარკვევად ეკა გიგაური, კახა კოჟორიძე და ნინო ლომჯარია დაიბარა

_ გვარებს მოვწყდეთ და შევხედოთ იმ კუთხით, რომ პრეზიდენტი არასამთავრობოებს ეკითხება აზრს და არა _ ღარიბაშვილს, რომელიც მას სხვა ადამიანის მეშვეობით გადასცემს თავის მოსაზრებას, რაც უკვე კარგია.

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვხედავდით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციიდან ხელისუფლებაში მოსული ადამიანები, პარლამენტში იქნებოდა ეს თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მყისიერად იცვლებოდნენ და ნაცვლად პრინციპულობისა და ფასეულობების დაცვისა, რეჟიმს ემსახურებოდნენ. გავიხსენოთ, სააკაშვილის მმართველობის პერიოდი და ის ადამიანები, რომლებიც მის ხელისუფლებაში არასამთავრობოებიდან იყვნენ მობილიზებული. თუმცა ასე შორს წასვლაც არ გვინდა, _ ამჟამინდელ პარლამენეტსაც რომ გადავხედოთ, ამის ნათელი სურათი დაგვიდგება თვალწინ. გახსოვთ, ალბათ, უახლესი წარსული, როგორ იცავდნენ პროკურორ ფარცხალაძეს “ქოცები”, რადგან ღარიბაშვილს ასე სურდა. სულ ვფიქრობდი, ეს ადამიანები პარლამენეტში რომ არ იყვნენ, მაშინ როგორი რეაქცია ექნებოდათ-მეთქი. დღევანდელ ხელისუფლებაში პრინციპულობის ფასი ნული თეთრია.

დამღუპველია, როდესაც ერთი ადამიანი ისე მართავს ქვეყანას, როგორც სააქციო საზოგადოებას, ანუ მართვის პაკეტი ერთი ადამიანის ხელშია, ამიტომ სწორია პოზიცია, როდესაც პრეზიდენტი პრემიერ ღარიბაშვილს წინააღმდეგობას უწევს.

არ იფიქროთ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი შეარჩევს ზუსტად იმ კანდიდატს, რომელსაც ხალხი ენდობა. ამის გარანტია არ გვაქვს. უზანაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა ურთულესი პროცესია, განსაკუთრებით _ საქართველოში, რადგან ძნელია, ჩვენს ქვეყანაში იპოვო ადამიანი, რომელიც თავის კეთილდღეობაზე მაღლა დააყენებს უზენაეს პრინციპს _ იყოს დამოუკიდებელი ხელისუფლების შტოებისა და ადამიანებისგან.

_ როგორც გატყობთ, მოგწონთ მარგველაშვილის პოზიცია, უფრო ზუსტად, სიჯიუტე ამ საკითხის მიმართხომ არ იცით, ვისი დასახელება სურს საპარლამენტო ოპოზიციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე?

_ “სეკვესრტირებულ” პრეზიდენტს დარჩა უფლება, _ დანიშნოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ის ამ უფლებით ისარგებლებს, რაც შეეხება “გაქოცებულ” “ნაცებს”, თუ პირიქით, განაცებულ” “ქოცებს”, ისინი შეეცდებიან, პრეზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატი ჩააგდონ და მხარი დაუჭირონ იმ ადამიანს, რომელიც ღარიბაშვილის ერთგული იქნება და მის ბრძანებებს უსიტყვოდ დაემორჩილება.

_ გამოდის, მარგველაშვილის კანდიდატის მომხრე უფრო იქნებით, ვიდრე ღარიბაშვილის?

_ მარგველაშვილი ძალიან არამყარი ადამიანია, ამიტომ შესაძლოა, ისეთი კანდიდატი წარმოადგინოს, რომ საზოგადოებამ პარლამენტს მისი ჩაგდებისკენ მოუწოდოს.

კოტე კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს ნომინალური თავმჯდომარე იყო, საზოგადოებამ შესანიშნავად იცოდა, რომ ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ჯერ გენპროკურორი იყო და შემდეგ _ იუსტიციის მინისტრი, ხელმძღვანელობდა სასამართლოს ყველა ინსტანციას. გამოცდილი სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ადეიშვილი კუბლაშვილთან დარეკვასაც კი არ კადრულობდა, თავის მოადგილეს აძლევდა დავალებას და კუბლაშვილის გვერდის ავლით ყველა საქმეს აწარმოებდა. ეს იყო სამარცხვინო ამბავი. საერთაშორისო ანგარიშებში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ხშირად წერდნენ: “საქართველოში არ არის უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლო”; “დასავლეთი საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნაში ეხმარებოდა, ხოლო მივიღეთ სასამართლო, რომლის გამოც ხალხი ქვეყნიდან გარბის”.

სამწუხაროდ, ჩვენთან სტრუქტურები ისე არ არის განვითარებული, რომ, თავისუფალ მასმედიასთან ერთად, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი აკონტროლოს, ამიტომ ასეთ შემთხვევაში პიროვნებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს, ძლიერი, დამოუკიდებელი ადამიანი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს არა მხოლოდ მაღალი კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს, არამედ იყოს პრინციპული და არავის დავალება არ უნდა შეასრულოს. თუმცა ადამიანი, რომელიც თავის კეთილდღეობაზე მაღლა პრინციპს დააყენებს, ძნელი მოსაძებნია.

სკეპტიკურად ვუყურებ ამ პროცესს, რადგან მეეჭვება, რომ ჩვენნაირ ქვეყანაში განხორციელდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. არსებობს სტატისტიკა: ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც მოსახლეობა უკიდურესად შეჭირვებულია, დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს.

სააკაშვილმა სასამართლო პროკურატურის მორჩილ ფილიალად აქცია, ეს დღემდე გრძელდება. მოსამართლე დღესაც ფიქრობს, რომ პროკურატურა მისი ზემდგომი ინსტანციაა.

მიუხედავად ყველაფრისა, უნდა ვაღიარო, რომ დღეს უფრო იმედიანად ვარ _ როგორიც უნდა იყოს ჩვენი პლასტელინი პრეზიდენტის მოტივაცია, სასარგებლოა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.

ირმა ჭკადუა:

_ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ათი წლით ვირჩევთ, ამიტომ უნდა დაინიშნოს ისეთი ადამიანი, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ იქნება ასოცირებული.

პრეზიდენტი იურისტი არ არის, მან აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია ყველა იმ ჯგუფთან, რომლებიც ამ საკითხში კომპეტენტური არიან. არასამთავრობო სექტორი უნდა შეჯერდეს რამდენიმე კანდიდატზე, სასურველია, პრაიმერიც ჩატარდეს. ადამიანი, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდება, დიდი ნდობით უნდა სარგებლობდეს ამ სფეროში, მას უნდა ენდობოდნენ მოსამართლეებიც, პროკურორებიც და ადვოკატებიც.

_ ხომ არ იცით, სავარაუდო კანდიდატები ვინ არიან?

_ კულუარული ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ლადო ჭანტურიასა და ანა დოლიძეს ასახელებენ. კანდიდატურები, ერთი შეხედვით, მისაღებია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ _ ადამიანმა, რომელიც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნება, უნდა იცოდეს, რომ ქვეყანაში, სულ ცოტა, 220 პოლიტიკური პატიმარი იყო და მათ დაპატიმრებაში 100 მოსამართლე მაინც არის დამნაშავე. უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს მოუწევს ძალიან ხისტი და არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა.

_ ანა დოლიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარეა, როგორ ფიქრობთ, მას ნდობას გამოუცხადებენ? პრეზიდენტის მრჩევლად კახა კოჟორიძის დანიშვნამ ხომ ხალხში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია?

_ დიდი ხანია, ანა დოლიძე ყველაფერს ჩამოშორდა და ამერიკაში წარმატებით მოღვაწეობს. თანაც, წინასწარ რაიმეს თქმა ძალიან ძნელია, რადგან, თუ წარმოდგენილი კანდიდატი პარლამენტისთვის მისაღები არ იქნება, ვერ დაინიშნება.

კადრების პრობლემაა, თანაც პრეზიდენტი ამ საქმეში ვერ ერკვევა. რაც შეეხება კახა კოჟორიძეს, მან ბევრი ისეთი ადამიანის ისტორია იცის, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან საპატიმროებში და უკანონო პატიმრები არიან, პრეზიდენტს კი შეწყალებაზე ექსკლუზიური უფლება აქვს და ვფიქრობ, ამ საკითხების გადაწყვეტაში კოჟორიძე დაეხმარება. პრეზიდენტმა ციხიდან უნდა დაიხსნას ეს ადამიანები, მაგალითად, გია გვიჩიანი ციხიდან აუცილებლად უნდა გამოიყვანონ.

ქვეყანაში ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს, შესაძლოა, ხარვეზები იყოს, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ პროცესი კარგია.

ისე, ადვოკატები ძალიან გულდაწყვეტილები ვართ ჩვენი ყოფილი კოლეგების მუშაობით პარლამენტში.

_ ალბათ, მანანა კობახიძესა და ეკა ბესელიას გულისხმობთ

_ და კიდევ _ შალვა შავგულიძეს. მანანა კობახიძე, ეკა ბესელია და შალვა შავგულიძე ჩვენთან ერთად იბრძოდნენ იმ ხარვეზების წინააღმდეგ, რომლებიც “ნაციონალების” პერიოდში იყო, მაგრამ დღეს აღარც კი ახსოვთ. არადა, პრობლემის მოგვარებას ერთი სასესიო კვირა სჭირდება. პარლამენტარები ხალხის ნებას არ გამოხატავენ, ნდობის მანდატი, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა, ვერ გაამართლეს.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here