Home რუბრიკები საზოგადოება მამა თეოდორე: არც “შარლი” ვარ და არც _ ტერორისტი!

მამა თეოდორე: არც “შარლი” ვარ და არც _ ტერორისტი!

1454

7 იანვარს პარიზში მომხდარ სასაკლაოზე გვესაუბრება თბილისის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:


_ მამაო, როგორ შეაფასებთ მართლმადიდებლური შობის დღეს პარიზში მომხდარ სისხლიან მოვლენას?

_ ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელსაც გამართლება არ აქვს! აგრეთვე, არ აქვს გამართლება მოკლული ფრანგი ჟურნალისტების მოღვაწეობასაც!

_ ქრისტიანის თვალსაზრისით, სად ხედავთ მიზეზებს, რომელმაც ეს სისხლისღვრა გამოიწვია?

_ მინდა, იგავური სიუჟეტი დავხატო: ვთქვათ, მეტროპოლიტენის ვაგონში ან რომელიმე დაწესებულებაში შემოგვივარდა შეიარაღებული ადამიანი. მისი ფსიქიკა არაჯანსაღ მდგომარეობაშია. ეს ადამიანი რაღაცას მოითხოვს და თანაც სროლით გვემუქრება. წარმოიდგინეთ, რომელიმე ჩვენგანი ადგეს და იმის ნაცვლად, რომ ეს ეგზალტირებული თავდამსხმელი დაამშვიდოს, დაუწყოს მას გინება, შეურაცხყოფა, დამცირება და ა. შ., ანუ, ფაქტობრივად, ცეცხლზე ნავთი დაასხას. შეიარაღებული აღგზნებული ადამიანი აუცილებლად დაიწყებს სროლას, მოკლავს შეურაცხმყოფელსაც და იქ მყოფ სხვა ადამიანებსაც, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ. ვსვამ კითხვას: ვისი ბრალია ადამიანების დაღუპვა? ვიღაც იტყვის, მკვლელის ბრალიაო. რა თქმა უნდა, მკვლელის ბრალია, მაგრამ არა მხოლოდ მისი, არამედ მსხვერპლის ბრალიცაა, რომელმაც ასეთი არაადეკვატური პიროვნება შეურაცხყო და არ გაითვალისწინა, მის თავშეუკავებლობას  რა ტრაგიკული შედეგი მოჰყვებოდა. ანუ, ქრისტიანული თვალსაზრისით, ეს მოკლული ადამიანი ითვლება არა ვაჟკაცად, არამედ თვითმკვლელად! ამ ადამიანის ცოდვით მკვლელის ცოდვა არ მართლდება, მაგრამ მოკლული არანაკლებ დამნაშავეა მკვლელზე!

ახლა, ამ იგავურ ამბავს თუ მივუსადაგებთ პარიზის მოვლენას, უცნაურ რამეს წავაწყდებით.

_ მაგალითად, რას, მამაო?

_ ვიცით, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ მრავალი სარჩელი შეიტანა სასამართლოში, ამ ჟურნალის უგვანი მოქმედება რომ აღკვეთილიყო, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. შარლი ებდოსჟურნალისტებს არ ეშინოდათ ქრისტიანების, რომლებსაც, სხვათა შორის, ყველაზე მეტად ამცირებდნენ. არ ეშინოდათ იმიტომ, რომ კარგად იცოდნენ, ქრისტიანული რელიგია კრძალავს ნებისმიერ ძალადობას. ქრისტიანობის თვალსაზრისით, ღმერთი შეურაცხყოფილი ვერ იქნება. მზეს რამდენიც უნდა აგინო, მზედ რჩება. შეურაცხყოფილები ვართ ჩვენ _ ქრისტიანები.  გვეცოდება ეს ადამიანები და შეიძლება, ვილოცოთ კიდეც მათთვის.

_ რატომ არის შესაცოდი ეს ხალხი?

_ წარმოიდგინეთ, რა საშინელ მდგომარეობაშია ახლა სული იმ ადამიანისა, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა ღმერთის ლანძღვა-გინებას…

_ ისლამი ვერ მიუტევებს ამგვარ შეურაცხყოფას?..

_ ისლამი კი არა, ვერ მიუტევებს ის ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც ისლამს ამოეფარნენ, ანუ ისლამის სახელით სჩადიან დანაშაულს! მაგ ორგანიზაციებს ოღონდ საბაბი მიეცი… ეს მშვენივრად იცოდნენ ფრანგმა ჟურნალისტებმა; და მათი ქმედება იყო ისეთივე პროვოკაცია, როგორც იმ ადამიანისა, ზემოთ თქმულ იგავში. “შარლი ებდოს” ჟურნალისტები, ფაქტობრივად,  იყვნენ თვითმკვლელები, რადგან თავიანთი შემოქმედებით გააღიზიანეს ტერორისტები და აიძულეს, სასტიკი დანაშაული ჩაედინათ!

_ მაინც რომელი მხარეა უფრო დამნაშავე?

_ ქრისტიანული თვალსაზრისით, მომხდარში თითქმის ერთნაირი დანაშაული მიუძღვით მკვლელებსაც და მოკლულებსაც. ერთნი ფიზიკურად ანადგურებენ ადამიანებს, მეორენი _ სულიერად!.. კიდევ ერთი იგავი: მაგალითად,  ჩვენ ვართ რომელიღაც რედაქციის თანამშრომლები და გადავწყვიტეთ, მასხრად ავიგდოთ, დავამციროთ, გავაშარჟოთ, ანუ სულში ჩავაფურთხოთ საქართველოში მცხოვრებ ისლამის მიმდევრებს, ებრაულ თემს, სომეხ მონოფიზიტებს ან, გნებავთ, კათოლიკებს. დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე ნომრის შემდეგ, ჩვენს საქმიანობაში ჩაერევა საქართველოს უშიშროება და  გამოცემა დაიხურება. და ეს იქნება სრულიად სამართლიანი ქმედება უშიშროების მხრიდან, რადგან ჩვენი ე. წ. მოღვაწეობა არის ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება რელიგიური და ეროვნული შუღლის გაღვივება, რომელიც უზარმაზარ ზიანს მიაყენებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, და მის მოქალაქეებს.

_ მაგრამ, მამაო, ეს ჟურნალი ხომ იუმორისტული იყო?!

_ იუმორი, სატირა, გროტესკი, თავისთავად, ცუდი არ არის, მაგრამ ადამიანი ვალდებულია, იქონიოს მცირე სულიერი კულტურა მაინც და ესმოდეს, რომ არის ისეთი რამ, რაზეც ხუმრობა კატეგორიულად დაუშვებელია! ადამიანი ვალდებულია, არ გადააბიჯოს ზნეობის ზღვარს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ემსგავსება პირუტყვს, ან, რაც გაცილებით უფრო უარესია, ემსგავსება ეშმაკს! აქვე მიჩნდება კითხვა _ სასაკლაოს თავიდან ასაცილებლად საქმეში რატომ არ ჩაერია საფრანგეთის უშიშროება?! მაგ ქვეყანაში, თუ არ ვცდები, რამდენიმე მილიონი მუსლიმანი ცხოვრობს. რატომ არ აიკრძალა ეს ჟურნალი, რომლის მკრეხელური, რელიგიური გრძნობის შეურაცხმყოფელი პროპაგანდა დიდ საფრთხეს შეიცავდა? რატომ შეექმნა სამსახურში პრობლემები ერთ ფრანგ პროფესორს, როდესაც მან განაცხადა: “მე არ ვარ შარლი”? ან კიდევ _ რატომ დააკისრეს დიდი ჯარიმა ერთ ფრანგს, როდესაც მან არასახარბიელოდ მოიხსენა ეს ჟურნალი? თუ სიტყვის თავისუფლებაა, რატომ არ მაქვს უფლება, ვთქვა: მე არ ვარ “შარლი”?! თუ მუჰამედის ან ღვთისმშობლის, ან ქრისტეს _ განკაცებული ღმერთის _ შეურაცხყოფა დასაშვებია, რატომ არ შემიძლია, რომ “შარლი” ცუდად მოვიხსენიო?! რატომ არის აქ ორმაგი სტანდარტი?! რატომ უქმნიან ადამიანს ისეთ ვითარებას, რომ, თუ მან საჯაროდ არ “აღიარა”, “შარლი” ვარო, ტერორისტად თუ არა, ტერორისტების მომხრედ გამოაცხადებენ? მე არც “შარლი” ვარ და არც ტერორისტი! ერთიც მიუღებელია ჩემთვის და მეორეც!

_ კი მაგრამ, მამაო, 1920-იანი წლების საბჭოთა კავშირში ასევე აშარჟებდნენ ღმერთს, წმინდანებს

_ დიახ, არსებობდა ორგანიზაცია “მუკ”-ი _ “მებრძოლ უღმერთოთა კავშირი”, რომლის წევრები სიწმინდეებს შეურაცხყოფდნენ, კარიკატურებსაც ხატავდნენ; მაგრამ, უბედურება არის ის, რომ “შარლი” არ აქვეყნებდა უბრალო კარიკატურებს, ეს იყო პორნოკარიკატურები, რომლებზეც ჩანდა გენიტალიები, ასახავდნენ გაუკუღმართებულ სექსუალურ აქტს… როცა ამბობენ: “მე ვარ “შარლი”, ეს იგივეა, თქვა: “მე ვარ პორნოს მხატვარი”. ის ადამიანი კი, რომელიც პორნოგრაფიას ხატავს, არ არის ფსიქიკურად ჯანმრთელი. ან როგორ შეიძლება, ნორმალური ფსიქიკის მქონედ ჩავთვალო ის მხატვარი, რომელიც ადამიანის ბუნებრივ, ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს ნატურალისტურად ასახავს ფერწერაში ან ქანდაკებაში _ ეს ხომ ადამიანის ცხოვრების ფარული მხარეა, რომელსაც ის საკუთარ თავსაც უმალავს?! ანუ ადამიანი, რომელიც თავის თავში ღვთიურს ატარებს, ამ ცხოველურს მალავს, ინტიმურ მხარეს უწოდებს, საპირფარეშოში კეტავს. აი, პირუტყვი კი, მაგალითად, ღორი, ასე არ იქცევა…

_ აბა, სიტყვის თავისუფლებაო, პირადი თავისუფლებაო და, საერთოდ, თავისუფლებაო?

_ სიტყვა არ უნდა იყოს ბინძური! ვინ მოგცა ადამიანის შეურაცხყოფის უფლება?! როდესაც ლიბერალური “ინტელიგენციის” წარმომადგენლები ბევრს გაიძახიან ადამიანის თავისუფლებაზე, მახსენდება, თუ არ ვცდები, დიდი ფრანგი ფილოსოფოს-ეგზისტენციალისტის _ ალბერ კამიუს სიტყვები: “ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვა ადამიანის უფლებები”. ამას ვერაფერს დავუმატებ!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. მათ რაც დათესეს ისვე მოიმკეს, ეს არის ის რაც მათ დაიმსახურეს.

  2. ”ქრისტიანული თვალსაზრისით, მომხდარში თითქმის ერთნაირი დანაშაული მიუძღვით მკვლელებსაც და მოკლულებსაც. ერთნი ფიზიკურად ანადგურებენ ადამიანებს, მეორენი _ სულიერად!..”

    ………………
    ამ სიტყვებით ხომ გამოაშკარავეთ რომ დაზეპირებული გაქვთ სახარება და არსებითად ვერ ერკვევით ქრისტიანობაში და მხოლოდ ლოგიკას ეყრდნობით რომელსაც სულიერი სიღრმე არ გააჩნია ცოდნის კოპირების გარდა… და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება თკვენს თავს რომ ქრისტეს გამო საკუთარ თავში არ განგიცდიათ სიკვდილი რომ ჭეშმარიტ აზროვნებას ეზიაროთ ღვთაეებრივი სიყვარულის აღქმით და არა საკუთარი ლოგიკით, რისი საშუალებითაც სულიერად გაუნათლებელ ხალხში მქადაგებლად გაღიარებენ, და რისი მეშვეობითაც ემსახურებით არა ქრისტე ღმერთს არამედ ეკლესიის გამიწიერებულ ავტორიტეტს! – და განა იმდენს ვეღარ ხვდებით თქვენივე ლოგიკით რომ ამის გამო ათჯერ მეტი მოგეთხოვებათ??? და თუ ჭეშმარიტი სიტყვის გამოვლენა გაშინებთ გამიწიერებულ ეკლესიის წინააღმდეგ რომელსაც ემსახურებით მაშინ რისთვის ატარებთ ანაფორას??? მოძებნეთ რამე სამსახური რაც დაგაპურებთ და უფრო მეტად მიგეტევებათ ვიდრე საკუთარი ლოგიკით კოპირებული სახარისებული ცოდნის გამოვლენით თქვენი გამიწიერებული ეკლესიის განდიდედბა და მისი მსახურება რომელმაც სულიერად გააუბედრა და დააქცია საქართველო!

  3. ზურა, "სულიერი სიღრმის" მიხედვით, როგორ შეაფასებთ "შარლის" კარიკატურისტების "შემოქმედებას"?

  4. გიორგი საერთოდ ათეისტები და მათი ორგანიზაცია თუ პრესა მეტად ღატაკია და ილუზიური წმინდა ესტეტიკურ აღქმაში. სწორედ ამ ‘შარლის’ კარიკატურები (ქრისტიანული რელიგიის უზნეობასთან მიმართებაში) სულიერი დაცემის ფსკერიდან არის აღორძინებული რასაც აზრობრივი გაბითურება და განადგურება სჭირედება ქრისტიანული ეთიკის და ესტეტიკის პოზიციიდან (ესეიგი სიტყვის აზრობრივი გამოვლენით)რაშიც მოიკოჭლეს დღეს თანამედროვე მსოფლიო…(განსაკუთრებით ჩვენი მართმადიდებლობა რომელიც მხოლოდ პრეტენზიებს აცხადებს ჭეშმარიტ ღირებებულებზე მაგრამ რეალობაში მოწყვეტილია ქრისტე ღმერთის სამყაროს და უფრო მეტად საფრთხობელას ემსგავსება ვიზუალრი და გარეგნული ფორმების მიმბაძველობით ქრისტისანოაბასთან მიმართებაში და სახეზეა მათ მხრიდან სახარების სიტყვის ცარიელი მანიპულაცია… რის გამოც უბედურების მეტს არაფერს ვიმკით ქვეყანაში…(და გჯეროდეს საქართველო მათ ხელში ვერასოდეს ვერ გაბწყინდება!) ხოლო იარაღით დაპირისპირება ‘შარლის’ თანამშრომლებზე თავისთავად ხაზს უსვამს დემონური ძალაუფლების დემონსტრირებას და ეშმაკთა ზეიმს. შეგახსენებ ქრისტეს სიტყვებს: იქ სადაც ეშმაკი ეშმაკეულს უპირისპირდება ჭერი ინგრევა!

  5. მიხარია, რომ დღეს, ამდენ ფანატიკოს და არაკომპეტენტურ მღვდლებს შორის, არიან ასეთი განათლებილი და გონებაგახსნილი მღვდლები, როგორიც მამა თეოდორეა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here