Home რუბრიკები პოლიტიკა ანზორ მაისურაძე: “მხედრიონი” საქართველოს მთავრობამ დააფინანსა

ანზორ მაისურაძე: “მხედრიონი” საქართველოს მთავრობამ დააფინანსა

1765

უშიშროების გენერალ-მაიორი ანზორ მაისურაძე ამ სპეცსამსახურის ცოცხალი ისტორიაა. ისიც კი იცის, რაზეც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, მაგრამ რაც ნამდვილად იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ინტერვიუში, რომელიც წლევანდელ 19 იანვარს ჩამოართვა მას “საქართველო და მსოფლიომ”, ეს აშკარად გამოჩნდა. აღიჭურვეთ მოთმინებით, რადგან საუბარს იმ თემით ვიწყებთ, რომლითაც ქართულმა ტელევიზიამ ეს დღე, 19 იანვარი, ნათლისღება გაგვითენა _ უკრაინის სამოქალაქო ომში დაღუპული და დაჭრილი ქართველი მეომრების ამბავი ტოპინფორმაციად მოგვაწოდა.


_ ბატონო ანზორ, ვითომ ავღანეთი არ გვეყო და ახლა უკრაინიდან მოგვდის ეს სამწუხარო შეტყობინებები.

_ დიდად სამწუხაროა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის მაინცდამაინც ჩვენი დროის თავისებურება და მისი მახასიათებელი. საბჭოთა პერიოდში ჩვენი მოქალაქეების უცხო ქვეყნის ჯარში მსახურება მიჩნეული იყო ინტერნაციონალური მოვალეობის შესრულებად, რაც საბჭოთა პატრიოტიზმის რანგში იყო აღზევებული.

_ ჯარში სამსახური, საერთოდ?

_ არა. იგულისხმებოდა სამხედრო სამსახური შეიარაღებული კონფლიქტების პირობებში, როგორც წესი, სამოქალაქო ომის დროს. თანაც არა _ საერთოდ უცხო ქვეყნების არმიებში, არამედ ისეთი ქვეყნების ჯარებში, რომლებიც, საბჭოთა შეფასებით, ითვლებოდა “პროგრესულ”, “ანტიმილიტარისტულ”, “კომუნისტურ”, “სახალხო-დემოკრატიულ” ქვეყნებად, ხოლო შეიარაღებული დაპირისპირება მიმართული იყო იმპერიალისტური ძალების წინააღმდეგ, ანუ იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებმაც აირჩიეს განვითარების “არაკაპიტალისტური” გზა.

უფროსი თაობის თქვენმა მკითხველმა იცის, რომ ტროცკის პერმანენტული რევოლუციებისა და პროლეტარიატის მიერ სოციალისტური რევოლუციების ხანძრის აბრიალების ნაცვლად მსოფლიოში, სტალინმა წამოაყენა და დაასაბუთა დებულება ერთ, ცალკე აღებულ ქვეყანაში სოციალიზმის გამარჯვების შესახებ. საბჭოთა კავშირი ამ დებულების პრაქტიკული დადასტურება იყო, მაგრამ ბოლშევიკებს ხელი არ აუღიათ სოციალიზმის გამარჯვებაზე მსოფლიო მასშტაბით და ამ მიზნის მისაღწევად ეხმარებოდნენ სხვა ქვეყნებს, სადაც ამა თუ იმ დროს ხდებოდა ამბოხება არსებული რეჟიმების წინააღმდეგ. მათ შორის, სამხედრო ძალით დახმარება, იგივე ინტერნაციონალური მოვალეობის შესრულებაც იგულისხმებოდა. ამან ცოცხალი ძალის თუ ეკონომიკური შესაძლებლობების უზარმაზარი რესურსი წაიღო. ეს განსაკუთრებით აფრიკულ ქვეყნებზე ითქმის. დიდ ხარჯად დააწვა საბჭოთა ეკონომიკას, მაშასადამე, საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეებს, ჩვენ, ყველას. ხომ გახსოვთ ასეთი გამოთქმა: “ვივა, კუბა! ვავა ცხაკაია!” (ვიცინით).

_ ამერიკაც უზარმაზარ სახსრებს ხარჯავდა.

_ როცა მსოფლიო ორპოლუსიანია, როცა ორი ძალა ერთმანეთსაა დაპირისპირებული იდეოლოგიურად, ეკონომიკით, სამხედრო პოტენციალით, სხვანაირად არც შეიძლება, ყოფილიყო.

_ აშშ ახლაც განაგრძობსდემოკრატიის ექსპორტს ხიშტების მეშვეობით”…

_ მოქმედების ფორმასა და შინაარსშია განსხვავება, თორემ, მიზანი ფაქტობრივად, იგივეა _ მსოფლიოს დაპატრონება. მართალია, იდეოლოგიაში დიდი სხვაობაა, მაგრამ ამის ანალიზს რომ შევუდგეთ, შორს წავალთ. მოგვიწევს იმის გახსენება, რა გააკეთეს ლიბიაში, იუგოსლავიაში, ეგვიპტეში, რა ხდება სირიაში და ა. შ.

_ საბჭოთა კავშირი ამ მიმართულებით გააქტიურდა 1937 წელს, როცა ესპანეთის რესპუბლიკას დაუჭირა მხარი ფრანკოს ფაშისტური ამბოხის წინააღმდეგ სამოქალაქო ომში.

_ განსაკუთრებით ფართო მასშტაბი ამ “მოძრაობამ” მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიიღო: კორეა, ალჟირი, ვიეტნამი, ეგვიპტე, ლაოსი, იემენის არაბთა რესპუბლიკა, სირია, ანგოლა, მოზამბიკი, ეთიოპია, გვატემალა, კამბოჯა, ბანგლადეში, ლიბანი. ზოგიერთ ქვეყანაში რამდენიმეჯერ შევსულვართ დახმარების გასაწევად. დასასრულ _ ავღანეთი.

_ მაგრამ საბჭოთა ხელისუფლება ოფიციალურად არასოდეს აღიარებდა, რომ მისი ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობდნენ რომელიმე სამოქალაქო ომში.

_ ეგ კი არა, იაპონიის წინააღმდეგ ომში, რომელიც სამოკავშირეო შეთანხმებით საბჭოთა კავშირმა იკისრა, საბჭოთა სარდლები შეცვლილი გვარებით მონაწილეობდნენ.

_ მით უფრო გასაიდუმლოებული იყო სახელმწიფო უშიშროების სისტემის თანამშრომლების მონაწილეობა.

_ ეს გასაკვირი არც არის, ამ სისტემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე.

_ რა სპეციფიკური სამუშაოს შესასრულებლად იგზავნებოდნენცხელ წერტილებშიჩეკისტები?

_ ჯერ ის უნდა ვთქვა, რომ ამგვარ სიტუაციაში ჩვენი პროფესიონალები განსაკუთრებით უფრო სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, ვიდრე სხვა, თუნდაც სამხედრო სპეციალისტები, რომლებიც ობიექტურად შეზღუდულნი არიან თავიანთი პროფესიების ჩარჩოებით. ამასთანავე, ჩეკისტები, უმეტეს ვალდებულებას იღებენ თავიანთ თავზე. ამიტომ იყო, რომ უშიშროებაში მომუშავე ადამიანებს უფრო მეტად ენდობოდნენ. ძალიან რთულ დავალებებს აძლევდნენ.

_ ომის დროს?! შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადამწყვეტი სიტყვა ხომ სამხედროებს ეკუთვნით?!

_ გეთანხმებით. მაგრამ ომის დროს თუ ინფორმაცია არ გექნება, რა ხდება მოწინააღმდეგის ბანაკში, რა სიტუაციაა დაპირისპირების ხაზს იქით, გამარჯვება გარანტირებული არ გექნება. ხომ ასეა?

_ დიახ.

_ ინფორმაცია რომ მიიღო, უნდა გყავდეს პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ მტრის ზურგში მუშაობა. სხვანაირად სრულყოფილად ვერ დაგეგმავ ვერც ერთ ოპერაციას. ავღანეთში ჩვენგან სწორედ ამ საქმის ორგანიზებით იყვნენ დაკავებული თენგიზ ეპიტაშვილი (ღმერთმა აცხონოს!) და ვალერი ჩხეიძე, რომლებიც შემდგომ გენერლები გახდნენ. ვალერი ბევრ საინტერესო ამბავს მოგიყვებათ, როცა უცხოეთში მკურნალობის კურსს დაამთავრებს და საქართველოში დაბრუნდება. სხვებიც იყვნენ, ქართველებზე ვლაპარაკობ, რომლებიც სპეციალური დავალებით იყვნენ უცხოეთის ქვეყნებში მივლინებული.

ჩემი კოლეგები გეგმავდნენ და განახორციელებდნენ ოპერაციებს მოჯაჰედებთან ურთიერთობის, მათი გადმობირების, მათგან ინფორმაციის მიღების და ა. შ. მიზნით.

_ ავღანეთში ყოფნისას კუნდუზის ოლქის უშიშროების სამსახურის უფროსმა მითხრა, რომ მოჯაჰედებიდან ინფორმაციის მიღებას უმთავრესად მათი მოსყიდვით ახერხებდნენ, მაგრამ საინტერესო იყო ის, რომ ჩვენი მხარის მიერ მოსყიდულები კარგ საფასურად ამერიკელებს მიჰყიდიდნენ ხოლმე ინფორმაციას საბჭოთა საჯარისო კონტიგენტის შესახებ. ყველაფერი იყიდებოდა _ ინფორმაციით დაწყებული, ნარკოტიკით დამთავრებული. ეს ჩემი თვალით ვნახე.

_ ასეთები, რამდენიც გინდა, იმდენი იყვნენ: საბჭოთა დაზვერვასაც აწვდიდნენ ინფორმაციას და ამერიკელებსაც, კორექტულობა რომ დავიცვათ, ვთქვათ, საველე მეთაურებსაც. ავღანეთში, სადაც ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, სოციალური დაცვა და ა. შ. პრაქტიკულად არ არსებობს, ადამიანები ყიდვა-გაყიდვაზე იყვნენ გადასული. იდეური პრინციპები კი არა, ფული იყო ყველაფრის თავი და ბოლო. ინფორმაცია ნარკოტიკებივით კარგად საღდებოდა…

_ ავღანეთშისაბჭოთა შეზღუდული კონტიგენტისჯარისკაცები იბრძოდნენ. თქვენ გეცოდინებათ, შეეძლო თუ არა ნებისმიერ საბჭოთა მოქალაქეს იმ ქვეყანაში მოხალისედ წასვლაინტერნაციონალური მოვალეობისშესასრულებლად?

_ არა, რა თქმა უნდა, არა. იქ იბრძოდნენ სამხედრო მოსამსახურეები იმ ნაწილების, რომლებიც აღნიშნულ ქვეყანაში იყვნენ გადასროლილი; ხოლო ჩვენგან _ ის თანამშრომლები, რომლებსაც გავლილი ჰქონდათ უცხოეთში მუშაობის სპეციალური ერთწლიანი ან ორწლიანი სასწავლო კურსები და ჰქონდათ საკმარისი გამოცდილება, სამოქალაქო პირს იქ არაფერი ესაქმებოდა.

_ ცნობილი ქართველი იურისტი, მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი და, ამასთანავე, ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი უკრაინის კონფლიქტში ქართველების მონაწილეობის თემაზე საუბრისას აცხადებს: “უკრაინა ჩვენი მოძმე ქვეყანაა და მხარში უნდა ამოვუდგეთ, დავეხმაროთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებში. მაგრამ, როცა სამხედრო მხარდაჭერაზეა საუბარი, სიფხიზლეა საჭირო. საქართველო სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში არ უნდა ჩაერიოსეს ჩვენი საქმე არ არის”.

_ სახელმწიფომ რომ გაგზავნოს, მაშინ იქნება ჩვენი საქმე? ვიეტნამში რომ გზავნიდნენ, მაშინ ღირდა?! რამდენი ახალგაზრდა დაიღუპა თუნდაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში? თუ ადამიანი სხვა ქვეყნის ომში თავისი ნებით მიდის, მოხალისეა, რას შეაჩერებ? ამას ახლა ჩათვლიან ადამიანის უფლებათა ხელყოფად _ ეს ერთი, და მეორე: არავინ იფიქროს, ეს კაცი საომრად მიდის თუნდაც უმაღლესი პრინციპებისადმი ერთგულების გამო მოძმე ხალხის დასახმარებლად. ასეთები იშვიათი გამონაკლისი იქნება. მიდის იმიტომ, რომ ფულს უხდიან, საკმაოდ მნიშვნელოვან თანხას. ეკონომიკურად შეჭირვებული ადამიანები საქართველოში ცოტა როდია. სხვის ჯარში მსახურებით ვითომ იოლად ფულის შოვნა სიცოცხლის ფასად უჯდებათ.

_ ხოლო დასავლეთ უკრაინის პროფაშისტულ უკანონო სამხედრო გაერთიანებებში სამსახური სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება იმ კანონის თანახმად, რომელსაც 2015 წლის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

_ უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების თავაწყვეტილობა, რომელიც საქართველოში გადავიტანეთ, ძალიან ძვირად დაგვიჯდა.

1989 წელს, როცა დაზვერვის სამსახურიდან იდეოლოგიურში ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ დამაბრუნეს, ჩავიხედე ამ უკანონო გაერთიანებების საქმეებში და, არ დაგიმალავთ, იმან, რაც ვნახე, შემზარა.

_ ასეთი რა ხდებოდა?

_ პირდაპირ გეტყვით: უკანონო სამხედრო ფორმირება “მხედრონი” შეიქმნა, ჩამოყალიბდა და დაფინანსდა საქართველოს მთავრობის მიერ.

_ როდის, ბატონო ანზორ?

_ გივი გუმბარიძის ცკ-ს პირველი მდივნობის პერიოდში. ნოდარ ჭითანავა, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, შვებულებაში იყო, როცა მთავრობამ “მხედრიონს” სამი მილიონი მანეთი გამოუყო. “მხედრიონს” პერსპექტივაში უნდა ემოქმედა დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის ჩამოსაგდებად. ეს რომ ვნახე, შვილებს გეფიცები, ცუდად გავხდი.

_ დოკუმენტურად დასტურდება, რასაც ამბობთ?

_ რა თქმა უნდა! ეს ნიშნავდა, რომ პარტიის ცენტრალური კომიტეტი, მინისტრთა საბჭო და შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უშიშროებისთვის გვერდის ავლით, “შეკრულები” იყვნენ და “მხედრიონთან” ერთობლივად მოქმედებდნენ. ამ დროს ინაური უკვე წასულია სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობიდან.

თერთმეტჯერ გავაჩერე მანქანები, მხედრიონელების მიერ მილიციის განყოფილებებიდან გატაცებული იარაღით დატვირთული. თერთმეტჯერვე გაუშვეს.

კარების აჭედვების ეპიდემია ხომ გახსოვთ?

_ მახსოვს, როგორ არა.

_ დაურეკავდნენ პარტიის ცენტრალური კომიტეტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ამა და ამ რაიკომის მდივნისთვის ან აღმასკომის თავმჯდომარისთვის აეჭედათ სამუშაო კაბინეტის კარი. მილიციელები იმავე დავალებას აძლევდნენ ე. წ. ეროვნული მოძრაობის ადგილობრივ ლიდერებს და დილით მავან პარტიულ თუ საბჭოთა მუშაკს სამსახურში კარი აჭედილი დახვდებოდა.

“მხედრიონზე” დამუშავების საქმე პირველად რომ შევქმენი, ეს საქმე ვალერი ჩხეიძეს მიჰყავდა. სახელწოდებაც მახსოვს ამ საქმის “იგროკი” (“მოთამაშენი”) დავარქვით.

თავიდან არ მაძლევდნენ ამ საქმის შექმნის უფლებას. გენერალი ნოდარ მაისურაძე იყო მაშინ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. შევედი მასთან და ვუთხარი: უფლებას არ მომცემთ და ხვალიდან სამსახურში არ მოვალ-მეთქი.

რატომო, _ მკითხა. ვუპასუხე, რომ საქართველოში, ჩვენს ცხვირწინ მოქმედებს შეიარაღებული უკანონო ფორმირება, რასაც უნდა, იმას აკეთებს, ჩვენ არაფერს ვიმჩნევთ, მაგრამ გავა წლები, არც ისე ბევრი, დამიძახებენ და მკითხავენ: ანზორ მაისურაძე, მაშინ სად იყავი, რა გააკეთე “მხედრიონის” პარპაში რომ აღგეკვეთა? ეს ხომ შენი მოვალეობა იყოო და რა უნდა ვუპასუხო? დავბრმავდი თუ უსუსური ვიყავი-თქო? (ანზორ მაისურაძემ აქ უფრო მწარე სიტყვა იხმარა).

მომცეს უფლება და, რაც ვნახე, იმან გადამრია: უტყუარად მოქმედებდა ის სქემა _ ზოგს კარებს აუჭედავდნენ, ზოგს მიტინგებზე ათახსირებდნენ, რუსეთის აგენტებად და მოღალატეებად აცხადებდნენ.

ეს რომ ვთქვი და ვამხილე, ამითვალწუნეს და არცთუ დიდი ხნის შემდეგ წინ დამხვდა. იძულებული შევიქენი, სამსახურიდან წავსულიყავი.

_ ეს დეტალი ხომ არ არის ერთ წვეთ წყალში არეკლილი დიდი პრობლემა დიდი სახელმწიფოსი: ასე ინგრეოდა საბჭოთა კავშირი?

_ 1979 წელს დავბრუნდი უცხოეთიდან და განვაგრძე სამსახური სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში. მაშინ კვირაში ერთხელ თანამშრომლებისთვის ტარდებოდა ე. წ. ჩეკისტური მეცადინეობები. დილის 8 საათზე მივდიოდით კომიტეტში და ორი საათის განმავლობაში განვიხილავდით აქტუალურ თემებს.

ჩვენ, დაზვერვის თანამშრომლებს, სხვებზე უფრო მეტად გვქონდა აზრის გამოხატვის საშუალება. ერთმანეთს თავისუფლად ვუზიარებდით ჩვენს მოსაზრებებს. განსაკუთრებით, საზღვარგარეთ მუშაობისას.

ჰოდა, ვუსმინე, ვუსმინე ჩემი კოლეგების მსჯელობას ამ “ჩეკისტური მეცადინეობის” პროცესში. ისეთ რაღაცებს ამბობდნენ, რაც არ ჯდებოდა ქვეყნის შიგნით განვითარებულ პროცესებში, აცდენილი იყო რეალობას. ავდექი და ვთქვი, ერთმანეთს მაინც ნუ ვატყუებთ-მეთქი. დავასაბუთე ჩემი პოზიცია. მეორე დღეს მიბარებს ინაური. შევედი. მკაცრად მეუბნება (წლების განმავლობაში საბჭოთა ჯარში იყო ნამსახურები და უმეტესად რუსულად ლაპარაკობდა): _ Ты что охолаживаешь моих сотрудников?

გამიკვირდა. რა დავაშავე-მეთქი, _ ვკითხე. იმ მეცადინეობაზე რა ილაპარაკეო? _ სიმართლე ვილაპარაკე, ამხანაგო გენერალო, _ ვუპასუხე.

 ვის რა ჭირად უნდა შენი სიმართლეო! აქ ინაურმა უცენზურო რუსული გამოთქმა იხმარა.

ახლა რომ ვფიქრობ, ვხვდები რატომ მიპასუხა ამ დიდი გამოცდილების კაცმა ასე მწარედ და ხელჩაქნევით: იგი გრძნობდა (ეგებ, იცოდა კიდეც), რომ უკვე დაწყებული იყო საბჭოთა იმპერიის დაშლის პროცესი და ჩვენი სიმართლე და პრინციპულობა ვეღარაფერს უშველიდა.

აი, ასე _ სიმართლის დამალვით და ერთმანეთის მოტყუებით დაინგრა ის ქვეყანა _ საბჭოთა კავშირი.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. როგორც ირკვევა მხედრიონის შექმნა დააფინანს მაშინდელმა რესპუბლიკის აგროპრომმა,რომელსაც გურამ მგელაძე პატრონობდა და იყო მინსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.ნოდარ ჭითანავას კი სოფლის მეურნეობის მინისტრად ყოფნის პერიოდში მთავრობის სხდომაზე მიმავალს ორჯელ წაართვეს სამსახურებრივი ვოლგა და ფეხით გაუშვეს -ამბობდნენ მხედრიონელებმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here