Home რუბრიკები პოლიტიკა გია მეფარიშვილი: საქართველოს მოქალაქეს უცხო ქვეყნის სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობის უფლება არ უნდა...

გია მეფარიშვილი: საქართველოს მოქალაქეს უცხო ქვეყნის სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეს!

846

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ახალი, 312-ე პრიმა მუხლი დაემატება, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა, ამგვარი მონაწილეობისთვის წვრთნა ან მოწოდება, თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. 


კანონპროექტი მთავრობამ განსახილველად პარლამენტს უკვე გაუგზავნა. დღეს საკმაოდ ბევრი ქართველი იბრძვის უცხო ქვეყნებში, არის თუ არა მართებული და დროული მთავრობის გადაწყვეტილება, კონკრეტულად რომელ ქვეყანაში წასულ მებრძოლებს შეეხება სასჯელი და რატომ არასდროს შესრულებულა უკვე არსებული 410- მუხლი, რომელიც პირდაპირ კრძალავს დაქირავებული მებრძოლის უცხო ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში მონაწილეობას? ამ საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსსამართლის დოქტორი, პროფესორი, ორი მოწვევის პარლამენტის წევრი და ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი ესაუბრება:

_ ეს საკანონმდებლო ნოვაცია, ალბათ, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში და სხვადასხვა სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობამ განაპირობა. მხედველობაში მაქვს სირია და უკრაინა, ვინაიდან, როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში, მოგეხსენებათ, ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, მას ამის შესახებ პანკისის ხეობის მოსახლეობამაც სთხოვა. თუ ასეა, მაშინ მესმის, რა აიძულებდა კანონმდებელს, ასეთი საკანონმდებლო ცვლილება მიეღო, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქიზი საკითხია, ამიტომ გააზრებულ მიდგომას მოითხოვს, რათა არ დაირღვეს ის ბალანსი, რომელსაც ქვეყანა ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ვალდებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში უკვე არსებობს სპეციალური ნორმა, რომელიც ეხება შეიარაღებულ კონფლიქტებსა და საომარ მოქმედებებში დაქირავებულების მონაწილეობას. 410- მუხლის თანახმად, დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით. ამას გარდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 310- მუხლით, საქართველოს მოქალაქეებს ეკრძალებათ, შევიდნენ უცხო ქვეყნის ან უცხოეთის ორგანიზაციის სამხედრო სამსახურში (ან სხვა დაიყოლიონ) და აღნიშნული ქმედებაც თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ქართველი კანონმდებელი, როგორც ჩანს, ტოვებს 310- მუხლს და ქმნის ახალ ნორმას, რომელიც ითვალისწინებს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობას. გარკვეული ლოგიკა აქ წყდება. ალბათ, ამიტომ კანონპროექტის დამტკიცებამდე კიდევ უნდა ავწონდავწონოთ და კარგად დავფიქრდეთ. მაგალითად, მიმაჩნია, რომ 312- მუხლის მიღების აუცილებლობა არ იყო, ამას სჯობდა, კიდევ უფრო დახვეწილიყო 310- მუხლი, რომლის შესაბამისად, უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სამსახური საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ შეუძლია.

_ თუმცა, საქართველოს სისხლის სამართლს კოდექსის 410- მუხლის თანახმად, დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით _ 5-დან 7 წლამდე. დაქირავებულად კი ითვლება ნებისმიერი, ვინც არ არის შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქე, მოქმედებს გასამრჯელოსთვის, მუდმივად არ ცხოვრობს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ოფიციალურად გაგზავნილი არ არის მოვალეობის შესასრულებლად. 410- მუხლით ოდესმე ვინმე თუ დასჯილა?

_ არა, ასეთი შემთხვევის შესახებ არ მსმენია. ტექსტის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბებამდე ზუსტი დასკვნის გამოტანის საშუალება არ გვაქვს, მაგრამ მე მინდა, ჩემი პოზიცია გამოვხატო: დიახ, საქართველოს მოქალაქეს უცხო ქვეყნის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის უფლება აქვს, მაგრამ, ასეთი სურვილის შემთხვევაში, მან უნდა დათმოს საქართველოს მოქალაქეობა, ვინაიდან საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, პირველ რიგში, სამშობლოს დაცვაა ყველაზე წმინდა ვალდებულება. ჩვენ ვალდებული ვართ, საკუთარი ქვეყანა დავიცვათ და კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, საერთაშორისო ვალდებულებები შევასრულოთ. სხვა გამონაკლისს ჩვენი კანონმდებლობა არ უნდა ითვალისწინებდეს. ეს ჩემი აზრია. ვფიქრობ, ყოველგვარი წახალისება დაქირავებულთა მონაწილეობისთვის არ უნდა იყოს სწორი. სხვათა შორის, ეს პრობლემა ბევრ ევროპულ ქვეყანას აწუხებს.

 თუ ამ საკითხს სერიოზულად არ მივუდექით და მწვავე შეფასებები არ გავაკეთეთ, მართალი არ იქნება. თუ კანონმდებელი აღნიშნულ კანონს მიიღებს, ეს მისი ნებაა, მაგრამ არ დავარღვიოთ საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართალი, რის საფრთხესაც ვხედავ და არა მგონია, ამ კანონმა იმუშაოს. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი კრძალავს დაქირავებულების არსებობის შესაძლებლობას და მძიმე საერთაშორისო დანაშაულად მიიჩნევა. მინდა, შეგახსენოთ, რომ 1970-იანი წლების ბოლოს ანგოლაში სპეციალური საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალებიც კი ჩატარდა, სადაც ის დაქირავებული მებრძოლები გაასამართლეს, რომლებიც იქ ევროპიდან ჩადიოდნენ და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდნენ. ყოველგვარი დაქირავებულის მონაწილეობა გამორიცხულია, ეს დაუშვებელია, იქნება ეს ოფიციალური სტრუქტურა თუ არაოფიციალური. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება საერთაშორისო ვალდებულებებს და ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. საქართველოს კონსტიტუციის 98- მუხლში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად, ასევე ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენტიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად საქართველოს ჰყავს შეიარაღებული ძალები.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეს უცხო ქვეყნის ოფიციალურ სტრუქტურებში, მაგალითად, თავდაცვის, შს სამინისტროსა და სხვა დანაყოფებში, მონაწილეობის უფლება არ აქვს, ასეთი რამ დაუშვებელია და წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

საქართველოს მოქალაქემ, თუ ის მიიჩნევს, რომ გარკვეული ვალდებულება უნდა შეასრულოს უცხო ქვეყანაში, საქართველოს მოქალაქეობა უნდა დათმოს. საერთოდ, “დაქირავებულების თემა” ახალი არ არის, ეს საკითხი შუა საუკუნეებიდან არის აქტუალური. ეს პრობლემა განსაკუთრებით მტკივნეულად დადგა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, ელემენტარული საარსებო წყარო რომ ჰქონოდათ, სხვადასხვა კანონიერ თუ უკანონო სამხედრო ფორმირებაში შედიოდნენ.

_ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უცხო ქვეყნის ოფიციალურ სტრუქტურებს დაქვემდებარებულ სამსახურში მონაწილეობაც დანაშაულად ითვლება. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებული ცვლილება ეხება როგორც სირიასა და ერაყში, ასევე უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებსაც. თუმცა, როგორც შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განმარტა, აღნიშნული ცვლილება კიევის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ქართველებს არ შეეხება. ჩნდება კითხვა _ ვის შეეხება ეს ცვლილება და სწორად თუ მოხდება ოფიციალური და არაოფიციალური სტრუქტურების გამიჯვნა?

_ როგორც ჩანს, ზუსტად ამისთვის კეთდება ახალი ნოვაცია. ეს ყველაფერი პოლიტიკური გემოვნების საკითხია. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, დაისჯება მხოლოდ და მხოლოდ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა. მაგალითად, სირიაში, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებად ჩაითვლებიან, ვინაიდან ისინი არ ექვემდებარებიან ოფიციალურ სტრუქტურას, მაგრამ, მაგალითად, უკრაინაში წასული მოხალისეები, ასეთი პასუხისმგებლობის სუბიექტები არ გახდებიან.

 თუმცა მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ! ჩემი აზრით, ბალანსის დარღვევა არ ღირს და ეს არ არის ასე ადვილად გადასაწყვეტი საკითხი. მე მაინც ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეს უცხო ქვეყნის სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ეს მისი საქმე არ არის. საქართველო მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, მას ჰყავს სამხედრო ძალები, შეუძლია, დაიცვას თავი და საერთაშორისო ვალდებულების შესასრულებლად მიიღოს გარკვეულ სამხედრო მისიებში მონაწილეობა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს მხოლოდ ოფიციალურ დონეზე. ჩვენი კანონმდებლობა გამონაკლისს არ უნდა ითვალისწინებდეს. სხვათა შორის, სწორედ უკრაინაში უკვე სამი ქართველი მოხალისე დაიღუპა, ორი მათგანი უკრაინის ოფიციალურ შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, ერთიც _ ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო შენაერთში იბრძოდა. ამას გარდა, საქართველოდან სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში უკვე ათი კაცი დაიღუპა. ეს ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here