Home რუბრიკები საზოგადოება შეურაცხყოფა “გამოხატვის თავისუფლების” სახელით

შეურაცხყოფა “გამოხატვის თავისუფლების” სახელით

790

მსოფლიო შეძრა საფრანგეთში 7 იანვარს ჟურნალ Charlie hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებულმა თავდასხმამ, რომელსაც 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. როგორც ცნობილია, ტრაგედია “ტვიტერზე” ჟურნალის მიერ “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის _ აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურის გამოქვეყნებას მოჰყვა, თუმცა ვითარება კვლავ დაძაბულია. “ალ ქაიდა” ახალი ტერაქტებით იმუქრება. “თქვენთვისვე უმჯობესია მუსლიმთა წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოთ, რათა უსაფრთხოდ იცხოვროთ”, _ აცხადებს “ალ ქაიდას” ერთ-ერთი ლიდერი _ ჰარით ალ ნადარი.


საფრანგეთში მომხდარ ტრაგედიას საქართველოში ცხარე დისკუსია მოჰყვა. რა თქმა უნდა, ტერორიზმს არ აქვს გამართლება, რა თქმა უნდა, იმის მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ არავის აქვს უფლება, სხვა ადამიანს სიცოცხლე მოუსწრაფოს, მაგრამსწორედაც რომ მაგრამ… (როგორც უნდა აგვიკრძალონ ამ სიტყვის თქმა იმ ადამიანებმა, რომლებიც, ერთი მხრივ, სიტყვის თავისუფლებაზე ქადაგებენ და, მეორე მხრივ, სხვებს აკრძალვებს უწესებენ).

ეს  მაგრამ ტერორისტების მხარდაჭერას არ ნიშნავს, პირიქით _ ახლა მხოლოდ ტერორიზმის დაგმობის კი არა, მიზეზებზე საუბრის დროა, რათა მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს

ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინათ მედრესეზე მიმაგრებულ ღორის თავს აღშფოთებით შეხვდნენ, ამ მართლაცდა ამაზრზენი კარიკატურების ავტორების საქციელს გამოხატვის თავისუფლება უწოდეს და უცებ დაავიწყდათ, რომ სხვის რწმენას, კეთილი უნდა ინებო და, პატივი სცე. ქვეყანაში, სადაც სიტყვაზანგისხსენებაც კი რასობრივ დისკრიმინაციად მიიჩნევა, ქვეყანაში, სადაც ჰომოსექსუალებზე უწყინარი ფრაზების გამო ადამიანებს სამსახურებიდან ყრიან, ღმერთისა და სიწმინდეების დაცინვას გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევენ. თვით ევროპაც კი, რომელიც ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ  ყველა ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული და რამდენიმე წლის წინათ ბრიტანეთში ჯვრისა და რელიგიური სიმბოლოების ტარებაც კი აკრძალეს სამსახურებში, რათა ვიღაცას თავი უხერხულად არ ეგრძნო, ამ ევროპაში მორწმუნეების უფლებების დაცვაზე რატომღაც არავის უფიქრია.

ორმაგი სტანდარტებით მოცულ მსოფლიოში, ალბათ, რთულია, განსაზღვრო, სად გადის ზღვარი შენს თავისუფლებასა და სხვის შეურაცხყოფას შორის და მაინც _ აქვს თუ არა ადამიანს დემოკრატიის სახელით ყველაფრის უფლება, თუნდაც სხვა ადამიანების რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფის უფლება, და როგორი პასუხი უნდა გასცეს მორწმუნემ ღვთის შეურაცხმყოფელ ქმედებებს.

საქართველო და მსოფლიომართლმადიდებელი სასულიერო პირების პოზიციით დაინტერესდა.

დეკანოზი დავითი (ქვლივიძე), მაცხოვრის ნათლისღების ტაძრის მღვდელმსახური:

_ ძალიან გამიკვირდა, რომ ეს კარიკატურები დაიბეჭდა საფრანგეთში, ევროპულ ქვეყანაში, სადაც მეგონა, რომ სხვა რელიგიური მიმდინარეობის შეურაცხყოფა აკრძალული იყო. საქართველოში, ევროკავშირის მითითებით, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება ხომ პირდაპირ გვაიძულეს და აქამდე ასე ვიცოდით, რომ აღნიშნული კანონი, ევროპის გარეთ, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების შეურაცხყოფას კრძალავდა. არადა, იმაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს, როდესაც ჟურნალში შიშველ იესო ქრისტეს, შიშველ მუჰამედს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობიარობას დახატავ? ეს არ არის თავისუფლება, ეს შეურაცხყოფაა. წარმოიდგინეთ, ჩვენ, ქრისტიანებმა, მუჰამედის კარიკატურები რომ დავხატოთ და მარნეულში, ხულოსა თუ პანკისში გავავრცელოთ, ხომ გვეტყვიან, ქსენოფობები და რელიგიური შუღლის გამღვივებლები ხართო და მართლებიც იქნებიან. ან მამათმავლებზე რომ დავხატოთ მსგავსი კარიკატურები, ჩაგვქოლავენ, როგორც კაცთმოძულეებს. მაშინ ახლა ევროპაში სხვა სტანდარტებით რატომ ზომავენ, რატომ ამართლებენ ამ ჟურნალის ქმედებებს?

_ ზუსტად ის ხალხი, რომელიც მედრესეზე ღორის თავი მიმაგრებას აღშფოთებით შეხვდა, ამ კარიკატურების ავტორების საქციელს გამოხატვის თავისუფლებას უწოდებს

_ როგორც ჩანს, ამ ხალხს ორმაგი სტანდარტები აქვს. ჯერ საკუთარ თავში გაერკვნენ. ეს ჟურნალი შეურაცხყოფს ქრისტიანებსაც _ მაცხოვრის შობაა გაშარჟებული. კარიკატურა დაცინვაა, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რელიგიური კარიკატურების გამოქვეყნება, მით უფრო, თუ ეს კარიკატურა უხამსიცაა, თუმცა ქრისტიანებმა ამ ყველაფერს ყურადღება არ მიაქციეს. მუსლიმანებმა ვეღარ მოითმინეს და ძალიან ცუდი რამ გააკეთეს. არ ვამართლებ მათ საქციელს. ყოვლად მიუღებელია ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, მაგრამ ასეთი რამ რომ აღარ განმეორდეს, უნდა შეწყდეს ადამიანების შეურაცხყოფა. უნდა დაისვას კითხვა: რატომ მოხდა ეს ტრაგედია პარიზში? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცები რელიგიურ ნიადაგზე ომის გაჩაღებას ცდილობენ. ფრანგული გამოცემის მიერ მუსლიმანური სიწმინდეების შეურაცხყოფა საეჭვოდ დაემთხვა საქართველოს პატრიარქის შეურაცხყოფას. როგორც ჩანს, ვიღაცებს დაძაბულობის გადმოტანა საქართველოშიც სურთ.

_ არსებობს საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე არეულობის დაწყების საშიშროება? მაგალითად, “იდენტობისყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი ვაჭარაძემ პატრიარქის ეპისტოლე ქალთა დისკრიმინაციად შეაფასა, რასაც მუქარაც მოჰყვა. ამას გარდა, გატეხეს ფრანგული ჰოპერმარეკეტების ქსელის _ “კარფურისვებგვერდი და მუქარის შემცველი წერილი დატოვეს.

_ ვაჭარაძის საქციელი არის მცდელობა, პროვოკაციაზე წამოაგონ ქრისტიანები, რათა მერე დაიწყონ ყვირილი, როგორ ჩაგრავენ და ავიწროებენ. ჩვენთვის მიუღებელია რელიგიური ნიშნით ადამიანების შეურაცხყოფა. ქართველები საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიანად ვცხოვრობდით სხვა რელიგიური მრწამის მქონე ადამიანებთან ერთად და ერთმანეთის რელიგიურ საკითხებში არ ვერეოდით.

_ საქართველოს პატრიარქის თხოვნით, 4 იანვარს საპატრიარქოსთან დატოვებული წარწერების ავტორები არ დააპატიმრეს, თუმცა ზოგიერთისთვის არც ეს ქმედება აღმოჩნდა მოსაწონი და ილია მეორე სახელმწიფოს საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს. რატომ აქვთ ამ ადამიანებს ასეთი დამოკიდებულება მართლმადიდებელი ეკლესიისა და პატრიარქისადმი?

_ ამ ხალხს არ უყვარს ღმერთი და თავისი სამშობლო. ისინი ყველაფერზე მიდიან, რათა ქულები დაიწერონ და კაპიკები მიიღონ. ერთ მაგალითს მოვიყვან: დედამიწაზე ორი უდიდესი წმინდანი იყო _ განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე და იოანე ნათლისმცემელი. ისინი განსხვავებული წესებით ცხოვრობდნენ. იესო ქრისტე ცოდვილებთან ერთად დადიოდა, მათთან ერთად ჭამდა და დააბრალეს, ცოდვილი კაცია, რადგან ცოდვილებთან ერთად დადისო და ჯვარზე გააკრეს. იოანე ნათლისმცემელი ცხოვრებას უდაბნოში ატარდებდა და დააბრალეს, ეშმაკეულია, არც ჭამს, არ სვამსო და თავი მოჰკვეთეს. ასეთი ადამიანების გულს ვერაფრით მოიგებ. ეს ხალხი საცოდავი ხალხია. პატრიარქმა გვითხრა ამას წინათ, დაანებეთ თავი ამ ხალხს, მათ ღმერთი მიხედავსო. ასეთია ამ დიდსულოვანი ადამიანის, პატრიარქის დამოკიდებულება ადამიანებისადმი.

ამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებმა, აბა, გაბედონ და მუსლიმანებზე რაიმე მსგავსი თქვან, რასაც მართლმადიდებლებზე და ჩვენს პატრიარქზე ამბობენ. მორწმუნე ადამიანმა სარწმუნოება უნდა დაიცვას სიტყვით და საქმით, ისე, როგორც ამას ჩვენი მამაპაპა აკეთებდა. ჩვენი წინაპრები ასე რომ არ მოქეულიყვნენ, დღეს ამ ადამიანებს ჩალმა ეხურებოდათ და ასე თამამად ვერ ილაპარაკებდნენ. სარწმუნოების გამო ქართველები თავს წირავდნენ, ამიტომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც რელიგიურ შუღლს აღვივებს, პასუხი უნდა მოსთხოვონ სწორედ იმ ანტიდისკრიმინაციული და სხვა კანონებით, რომლებიც რელიგიური მიმდინარეობების შეურაცხყოფას კრძალავს.

დეკანოზი დავითი (ლასურაშვილი), სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი:

_ სამწუხარო ფაქტი მოხდა საფრანგეთში და, როდესაც ვინმეს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა ხდება, არა მგონია, რომელიმე ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ამას ამართლებდეს, მაგრამ ეს ტერაქტი ძალიან ჰგავს რელიგიური ფაქტორით პოლიტიკის კეთების მცდელობას, რომელიც თავისთავად მიუღებელი და გაუმართლებელია.

_ რას გულისხმობთ _ მიზანმიმართულად იყო ეს ყველაფერი დაგეგმილი?

_ არ ვიცი, ვის მიერ და რა იყო მიზანმიმართულად დაგეგმილი, მე ვამბობ ჩემი, ერთი მართლმადიდებელი სასულეირო პირის, აზრს, ეს ყველაფერი არის რელიგიით მანიპულირება პოლიტიკაში, რომელიც ცეცხლთან თამაშის ტოლფასია.

 მართლმადიდებელი სარწმუნოება ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა და ადამიანებს შორის მშვიდობას ქადაგებს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, დაჯგუფება, პოლიტიკოსი, რელიგიურ მრავალფეროვნებას გაგებით უნდა მოეკიდოს და არავინ შეურაცხყოს. მართლმადიდებელი ეკლესია აქ, საქართველოშიმოღვაწეზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან ხშირად გამხდარა შეურაცხყოფის სამიზნე.

_ აგრესია, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ როგორი პასუხი უნდა გასცეს მორწმუნემ მისი სიწმინდეებისა და ღვთის შეურაცხმყოფელ ქმედებებს?

_ რა თქმა უნდა, მორწმუნეს უნდა ჰქონდეს ამგვარი ქმედების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება. ჩვენი რწმენის შეურაცხყოფის უფლება არავის აქვს და, თუ ვინმე ასე იქცევა, უნდა ვუთხრათ, შევაგონოთ სიტყვით, ავუხსნათ, პროტესტიც გამოვხატოთ ამის წინააღმდეგ. აღნიშნულ ჟურნალში ქარისტიანების შეურაცხმყოფელი კარიკატურებიც დაიბეჭდა, რაც მიუღებელი და ამაზრზენია. ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს შეურაცხყოფაა! ერთი ადამიანის თავისუფლება სრულდება იქ, სადაც იწყება მეორე ადამიანის უფლება. შეუძლებელია, ამ ყველაფერზე მწვავე რეაქცია არ ჰქონდეს ადამიანს. რა თქმა უნდა, ჩვენ, ქრისტიანები, არავის მოვუწოდებთ აგრესიული ქმედებებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფისკენ, მაგრამ ეს კარიკატურები არის კატასტროფა, ჭეშმარიტი ღმერთის შეურაცხყოფა, სიბილწე და ამის გასაღება გამოხატვის თავისუფლებად უარესი დაცინვაა კაცობრიობის. კანონი უნდა სჯიდეს ამ ადამიანებს. ანტიდისკრიმინაციული კანონი ხომ მიიღეს, ეს კარიკატურები ჩვენი დისკრიმინაცია და შეურაცხყოფა არ არის? უკიდურესად მიუღებელია ჩვენთვის ამ შეურაცხმყოფელი კარიკატურების გამოქვეყნება.

მართლმადიდებელი ეკლესია თავს არავის ესხმის, მაგრამ საქართველოს ეკლესია ვალდებულია, ჩვენი სიწმინდეების დაცვის სადარაჯოზე იდგეს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ჩუმად. ნურავინ ჩათვლის, რომ ეკლესიას რწმენის მეტი სხვა ვალდებულება არ აქვს, ვინაიდან ჩვენთვის ყველაზე მაღლა ჩვენი სარწმუნოება დგას და რწმენის შეურაცხყოფა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მიუღებელია.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

P.S. ევროპაში ტერაქტების ახალ სერიას ელოდებიან. მსოფლიოში საშიში პროცესი დაწყებულია. კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარი _ მშვიდობა საფრთხეშია. პატივი ვცეთ ერთმანეთის რწმენას და ღირებულებებს, რადგან მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა გადაარჩენს სამყაროს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here