
ცნობილი ქართული მულტიპლიკაციური ფილმის ასეთი პერიფრაზი ყველაზე კარგად გამოხატავს იმ მიდგომებს, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში მედიის მიმართ ხორციელდება. განსხვავება არის ის, რომ “სიზმარაში” ბოროტი მეფე მხოლოდ ცუდს უსჯის ხელქვეითებს _ ან “სიკვდილს”, ან “ჩამოხრჩობას”.
აი, თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსები კი მედიასაშუალებებს ერთმანეთისგან სრულიად საპირისპირო ვერდიქტს გამოუტანენ ხოლმე და, თუკი ერთის მიმართ აგრესიული განწყობით მის შეზღუდვას, შეჩერებას და “ჭკუის სწავლებას” ითხოვენ, მათივე მეორე კოლეგას შენიშვნაც კი რომ მისცეს ვინმემ, იმწამს ამ მედიასაშულების ჩაგვრაზე ალაპარაკდებიან და მისი “გამოხატვის” თავისუფლებას კბილებით იცავენ.
ამის ყველაზე ნათელი მაგალითი გასულ კვირაში მოხდა:
ყველას გვახსოვს, ზოგიერთი ვითომ ძალიან “ღირსეული” ქართველი “მოღვაწე” როგორი მონდომებით დასცინოდა კონკრეტულ ქართულ გამოცემებს. დაცინვის ძირითადი მიზეზი იყო, რომ ეს გამოცემები არიან “უზრდელები”, “კადრულობენ ყოველგვარ სიბინძურეს”, “იგინებიან და ილანძღებიან” და, ამავე “ღირსეულ მოღჰვაწეთა” აზრით, ეს იყო არა “სიტყვის თავისუფლების” გამოხატულება, არამედ ზღვარგადასული უკულტურობა, ჟურნალისტური ეთიკის ნგრევა, დაბალი დონე და სიბნელე…
და აი, ბოლო ერთ კვირაა, ზუსტად ამ ადამიანებს პორნოგრაფიული კარიკატურების დამბეჭდავი “შარლი ებდოს” მხარდამჭერი სტატუსები აქვთ გაშვანშვალებული სოციალურ ქსელებში საკუთარ “პროფილებზე” და ყველანი ერთხმად “შარლები” არიან!
არადა, ამ აშკარად უნიჭო და უზრდელ “შარლისთან” შედარებით, ზემოხსენებული ქართული პერიოდული გამოცემები, შემიძლია დავიფიცო, მსოფლიო ჟურნალისტიკის მეტრებად და აკადემიური ბეჭდური გამოცემების ეტალონებად ჩანან…
საზოგადოდ, რა თქმა უნდა, არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც ქართულ და, ალბათ, მსოფლიო სინამდვილეშიც უკვე მკვეთრად შესამჩნევ ორმაგ სტანდარტებზე ვწერ.
თუმცა რაღა “შესამჩნევი”, ასეთი ორმაგი სტანდარტი უკვე ისე თვალში საცემია რომ, როდესაც ვინმე დამსახურებულ “ორმაგსტანდარტოსანს” შესაბამის შენიშვნას აძლევ, ისინი აღარც კი აპროტესტებენ და პასუხად მხოლოდ “ბრძნული” ღიმილით შემოიფარგლებიან.
სხვათა შორის, არც ისე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ იმ ლიდერებსა და პოლიტიკოსებს, რომლებსაც “რუსეთუმეების” იმიჯი აქვთ შექმნილი და რომლებსაც “საბჭოთა” და “კომუნისტურ” აზროვნებაში “ამხელენ”, უფრო შესტკივათ გული ქართულ ეკლესიაზეც, ქართულ ენაზეც და სხვა ეროვნულ ღირებულებებზეც, ვიდრე “საბჭოთა მონობის” წინააღმდეგ თავდადებული “მებრძოლის” სტატუსით აღჭურვილ “ევროატლანტიკოსებს”…
პირველნი, ასე თუ ისე, მაინც მორიდებით ცდილობენ თავიანთი “კურსის” უპირატესობაში საზოგადოების დარწმუნებას, განსჯიან, ფიქრობენ და, ქვეყნისთვის თუნდაც მცირე პროცენტით მოსალოდნელი უარყოფით შედეგის მიღების შიშით, თავზეხელაღებით მაინც ვერ ბედავენ, გაიწიონ ჩრდილოეთისკენ.
ეს მაშინ, როდესაც “ევრო–ამერიკული” ვაზელინი იმდენია და მისი “მომხმარებლები” ისე ძალუმად ფართხალებენ, მასში უკვე, მხოლოდ თავით კი არა, ტან–ფეხიანად არის ამოსვრილი ზოგიერთი!
როგორც ჩანს, ამ უკანასკნელთათვის მთავარია, რუსული არავინ არაფერი “შემოგვაპაროს”, თორემ, თუ ინგლისურად გამოგვიყვანეს წირვა და აგვიგეს წესი, ეს მათთვის დიდი ტრაგედია არ იქნება!
აი, ამიტომაც იყო, ამას წინათ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განგაშით რომ გვაცნობა, ჩემი სამსახურიდან გაშვება საქართველოს ევროატლანტიკური კურსის დაკარგვას ნიშნავსო!..
მართალია, მას შემდეგ კაი სამი თვე გავიდა და კურსს ცვლილება არ ეტყობა, მაგრამ, სამაგიეროდ, დიდი “მოევროატლანტიკე” ისევ გვამარაგებს საინეტერესო მოსაზრებებით:
“ის მთავარი გამოწვევა, როლის განხორციელებასაც რუსეთი შეეცდება 2016 წლამდე, ანუ მომდევნო არჩევენებამდე, ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა მედიაში. ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია, საქართველოში არსებობდეს სტრუქტურა, რომელიც მკაცრად გააკონტროლებს მედიასაშულებებში წარმოებულ პროპაგანდას”. ეს ისეთი დაბეჯითებით თქვა ირაკლი ალასიანიამ “რუსთავი 2”-ის ერთ–ერთ “თოქ–შოუში” სტუმრობისას, გეგონებოდათ, რომელიმე საქონელმცოდნე უცხოეთიდან შემოსული საკვები პროდუქტების უვნებლობის შესახებ საუბრობსო…
ადამიანს, რომელიც ქვეყანაში ყველაზე “წონიანი ევროატლანტიკოსის” ტიტულის პრივატიზებას ცდილობს, ოდნავადაც არ გახსენებია “გამოხატვის თავისუფლება” და “თავისუფალი მედია”!
არადა, ეს, ფაქტობრივად, ე. წ. გამოცხადებული დიქტატის ქრონიკაა, რომლის ათვლაც უკვე შეგვიძლია დავიწყოთ და, თუკი 2016 წელს (თითქმის უშანსოა, მაგრამ დავუშვათ) ალასანიას გუნდმა არჩევნებში სერიოზულ შედეგს მიაღწია, ფაქტია, რომ ვერშემდგარი, მაგრამ მაინც მეტ-ნაკლებად “გასაოცარი დემოკრატიის” დასასრულის მომსწრენიც გავხდებით!
არადა, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, რუსეთისკენ ოდნავ მაინც “გადახრილ” რომელიმე პოლიტიკოსს რომ გაეკეთებინა ანალოგიური განცხადება “ქართული დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ფლაგმანის” ეთერში და ისეთ “მიუკერძოებელ” ჟურნალისტთან, როგორიც გიორგი გაბუნია გახლავთ!
დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ წამყვანი იქვე, იმწამსვე მიახლიდა რესპონდენტს მისი არაწორი დამოკიდებულების შესახებ მედიისადმი, ხოლო მეორე დილიდანვე ატყდებოდა “არასამთავრობოთა” განცხადებების კორიანტელი, რომ “აზრის გამოხატვის შეზღუდვა დაუშვებელია” და არავის აქვს უფლება, მედია აკონტროლოს ან უკარნახოს მას, რა ინფორმაცია გაავრცელოს და რა ინფორმაციის გავრცელება შეზღუდოს…
მოკლედ, მოხდებოდა ის, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში არაერთხელ გვინახავს!
თუნდაც ცნობილი “რკინის კაცი” გავიხსენოთ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ ეს სიტყვები საერთოდ სხვა კონტექსტით თქვა და სავსებით კონკრეტული პიროვნებების მისამართით, ხოლო მედიასაშუალებებმა მას იმწამს “საზოგადოების და ჟურნალისტების მიმართ მუქარა” დასწამეს და ისეთი ხმაური ატეხეს, რომ ქვეყანაში მინისტრთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაც კი მოჰყვა!
რაღა შორს წავიდეთ და აგერ, სულ რაღაც, ორიოდე წლის წინათ ქართული მედიის მიერ ხელზე და ენაზე დახვეული სიტყვა “მიჯირყვნა” ავიღოთ.
ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებისთვის იმის მეათედი არ უთქვამს და გაუბედია, რაც ზემოხსენებულ ეთერში ირაკლი ალასანიამ თქვა და, მიუხედავად ამისა, უსწრაფესი ტემპით აიწება “ჟურნალისტთა მჯირყვნელის” სახელი.
დარწმუნებული ვარ, იგივე ბედი ელოდა ალასანიასაც, გაბუნიას “არჩევანში” კვლავაც “ქართული ოცნების” კოალიციის წევრის სტატუსით რომ წამდგარიყო, მაგრამ ის, რაც არ ეპატიებოდა “ოცნების” ალასანიას, ხახვივით შერჩა “ევროატლანტიკურ კურსს შეწირულ” ალასანიას.
ვიცი, მონდომებული მკითხველი იტყვის, “კარგი, ეგ “რუსთავი 2”-მა შეარჩინა, მაგრამ სხვა ტელევიზიები და მედიასაშუალებები რაღას მიკეთებენო?”…
ამაზე ვრცელი პასუხი შემიძლია დავწერო, მაგრამ მოდი, მოკლედ მივმართავ სწორედ ამ “სხვა ტელევიზიებს” და ვიმედოვნებ, ამ მოკლე ფრაზიდან მკითხველისთვისაც ყველაფერი სრულიად გასაგებია გახდება:
სხვა ტელევიზიებო!
მინდა, იცოდეთ, რომ “კარგი ტელევიზია” სულაც არ ნიშნავს იმას, რომელი თქვენგანი მიბაძავს უფრო ზუსტად “რუსთავი 2”-ს!
მგონი, მოკლედ და გასაგებად ავხსენი ყველაფერი და, სიმართლე გითხრათ, ჩემი მკითხველის გარდა, ძალიან მინდა, რომ ეს იმ “სხვა ტელევიზიების” მესვეურებმაც გაიგონ და შეიგნონ!
თუ არადა, ელოდეთ მშვიდად, როდის გამოიტანს შესაბამის ვერდიქტებს რომელიმე ძალიან დემოკრატი “ევროატლანტიკოსი” _ ვის “მიესჯება” შეზღუდვა და ვის _ გამოხატვის თავისუფლება…
ჩვენ ხომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელშიც ზოგიერთ “ანტიბოლშევიკს” თურმე სამების ზარების რეკვაც ყურს ჭრის და აწუხებს, სხვა “ანტისაბჭოელები” სრულიად თავისუფლად უქცევენ ყბას “მონაზონთა კოლექტიური დაორსულების” თემას…
მაგრამ, თუკი მეზობელი აფროამერიკელის პატივსაცემად “ბუნგა-ბუნგას” ცეკვა არ ისწავლე და ლგბტ აბრევიატურის განმარტება სხაპასხუპით არ ჩამოარაკრაკე _ ქსენოფობი, ჰომოფობი და კიდევ ბევრი ფობი ხარ, ამიტომ ცივილიზებულ საზოგადოებაში შენნაირ ბნელსა და ჩამორჩენილს არაფერი ესაქმება!
ბაკურ სვანიძე






