Home რუბრიკები საზოგადოება ლალი მოროშკინა: ამ ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი დანაშაული ემზარ კვიციანის დაპატიმრებაა!

ლალი მოროშკინა: ამ ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი დანაშაული ემზარ კვიციანის დაპატიმრებაა!

592

პუბლიცისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა 2014 წელს მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს აფასებს:


_ 2014 წელი საქართველოსთვის, გარკვეულწილად, წინსვლის წელი იყო, თუმცა ბევრი კითხვის ნიშნით. ვხედავ, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ კრიტიკაზე აქვს მყისიერი რეაქცია, რაც “ნაცმოძრაობის” მმართველობის პერიოდში წარმოუდგენელი იყო. სააკაშვილის ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით კი არა, ქუჩაში ვიდექით, ვყვიროდით და ამის გამო გვაპატიმრებდნენ.  ამ ხელისუფლებას არ უვარგა პიარის სამსახური და, შესაბამისად _ პიარი. როგორც ამ სფეროს სპეციალისტი, ვამბობ, რომ ეს სფერო ჩავარდნილია. ნაცმოძრაობა”  ფასადურ ქვეყანას აშენებდა, მაგრამ ხალხის მოტყუებას პიარით ახერხებდა. ახალმა ხელისუფლებამ კი საყოველთაო დაზღვევის რიგიანად გაპიარებაც ვერ შეძლო. გარდა ამისა, დღეს უსამართლოდ აღარავის იჭერენ  და არც ერთ გადაცდომას სისტემური ხასიათი არ აქვს სასჯელაღსრულების სისტემაში, პოლიციასა თუ სხვა უწყებაში, მაგრამ ამ ხელისუფლებას დადებითი მომენტები წინა პლანზე ვერ გამოაქვს. ამის უამრავი მაგალითი არსებობს, რომელსაც უშუალოდ შევესწარი. მაგალითად, თბილისობის ბოლო დღესასწაულზე, “რაკია ჯგუფთან” ერთად, შევუთანხმდით მერიას და მოვიწვიეთ სუხიშვილების ანსამბლი, მოვიყვანეთ ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული 200-ზე მეტი ბავშვი და ვანახეთ სუხიშვილების კონცერტი. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მომთხოვა იმ ყველაფერის სია, რაც ამ ბავშვებს სჭირდებოდათ. ორასივე ბავშვისთვის მოიტანეს უამრავი ძვირფასი საჩუქარი, მაგრამ ეს ყველაფერი არც ერთ ტელევიზიას არ გაუშუქებია და არც მერიის პიარსამსახურს.

_ განაცხადეთ, უმიზეზოდ აღარავის აპატიმრებენო. ამ ხელისუფლების მიერ თენგო ერისთავის უკანონოდ დაპატიმრებას თქვენც აპროტესტებდით

_ ნამდვილად ასე იყო. და თუ რამე გადაცდომა მოხდა, ეს არ იყო სისტემური დანაშაული. თენგო ერისთავის უკანონოდ დაპატიმრებას ჩვენი პროტესტი მოჰყვა და მალევე გაათავისუფლეს. გაიხსენეთ, 9 წლის განმავლობაში რამდენი ქართველი ბიჭი ამოალპეს ციხეში და ჩვენს პროტესტს ერთხელ მაინც თუ მოჰყოლია რეაგირება. ამ ხელისუფლებას ვურჩევ, განცხადებები წინდახედულად გააკეთონ. არ შეიძლება, ჯერ განაცხადო და შემდეგ იმართლო თავი, _ უი, ასე არ უნდა მეთქვაო. კვალიფიციური კადრები უნდა შეარჩიონ, რათა სახელმწიფო სტრუქტურიდან არ გავიდეს არც ერთი ისეთი განცხადება, რომელიც უამრავ შეკითხვას გააჩენს. არ არის სასიამოვნო, როდესაც ხელისუფლება ბოდიშის მოხდის რეჟიმში იმყოფება. უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვას მოჰყვა თავდაცვის სამნისტროს უგვანი განცხადება და შემდეგ თავის მართლება,_ მსგავსი რამ არ დაგვიწერიაო. ასეთ შემთხვევაში თავის მართლება საქმეს არ შველის _ უნდა დაისაჯოს ის ადამიანი, რომელმაც ეს განცხადება დაწერა. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ პრესსამსახურის დაწერილ განცხადებას აუცილებლად კითხულობს პირველი პირი და ისე აქვეყნებენ, ამიტომ პასუხისმგებლობა ვიღაცას უნდა დაეკისროს. თუ არ ჩამოყალიბდა მინისტრისა და პრესსამსახურის უფროსის ერთიანი და გუნდური მუშაობის პრინციპი, სამინისტროები ყოველთვის ბოდიშის მოხდის რეჟიმში იქნებიან. 

_ ხელისუფლების მიერ შეუსრულებელ დაპირებებზე რას იტყვით?

_ ხელისუფლებამ საკმაოდ ბევრი დაპირება შეასრულა, მაგრამ არ გაუპიარებია. სააკაშვილი საქმის ათ პროცენტს აკეთებდა, 90 პროცენტზე კი ლაპარაკობდა და აპიარებდა. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობა მიეჩვია საპნის ბუშტებს, ფოიერვერკებს (ყველას გვახსოვს, ცა როგორ გრუხუნებდა) და ფორსმაჟორულ სიხარულს, რომელსაც საფუძველი არ ჰქონდა. სამწუხაროდ, დღეს გაკეთებული საქმის წარმოჩინება არ ხდება.

_ ხალხი უკმაყოფილოა, რომ, წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად, კომუნალური გადასახადები არ შემცირდა

_ როგორც ჩანს, “ქართულმა ოცნებამ” იჩქარა, მთავარი დაპირება, რომ სამართლიანობას აღადგენდა, არ შეასრულა _ დამნაშავეები არ დააპატიმრა და არ გაასამართლა. ამ ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი დანაშაული კი ემზარ კვიციანის დაპატიმრებაა. “ნაცმოძრაობის” რეჟიმის შემქმნელებს 4-5 წლით აღუკვეთეს თავისუფლება, ემზარ კვიციანს კი _ 12 წლით. ეს ყველაფერი სამართლებლივი სიბრტყიდან ამოვარდნა და ეთიკურ-მორალური პრინციპების დარღვევაა.

_ პრეზიდენტის ქმედებებს როგორ შეაფასებთ?

_ პრეზიდენტი ზრდის პროცესშია. ის იყო ფილოსოფოსი, ოპოზიციურად აზროვნებდა და უცებ გახდა პრეზიდენტი. ამ ყველაფერს გაანალიზება სჭირდება. მგონია, რომ გიორგი მარგველაშვილი ნელ-ნელა გამოასწორებს დაშვებულ შეცდომებს. მას კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ გაიზრდება, როგორც პრეზიდენტი. ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლებმა ხალხთან მუდმივი კავშირი უნდა იქონიონ, ის შუალადური რგოლი კი, რომელიც მათ ხალხთან აკავშირებს, კვალიფიციური კადრებისგან უნდა შედგებოდეს. ასევე აუცილებლად მიმაჩნია, რომ 2015 წელს მაინც დასაჯონ დამნაშავეები. ადამიანები ელოდებიან სამართლიანობის აღდგენას და სრულიად საქართველოს ვუსურვებ, რომ 2015 წელს მაინც აღდგეს სამართლიანობა!

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here