Home რუბრიკები პოლიტიკა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება დაიწყო “შალახოთი” და დამთავრდა “განდაგანათი”!

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება დაიწყო “შალახოთი” და დამთავრდა “განდაგანათი”!

655

2014 წელი იწურება. საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ილიას “რა გითხრათ, რით გაგახაროთ” და “ასის წლის წინათ” კვლავაც აქტუალურია. თითქოს საუკუნეზე მეტი არ გასულიყოს, ჩვენ ისევ იქ ვართ და ისევ გამოგონილ ქარის წისქვილებს ვეომებით, რეალურ საფრთხეებს კი მორჩილად ვკენკავთ. არც დღეს ვიცით, რამ უნდა გადაგვარჩინოს და, ებრაული წყევლისა არ იყოს, “ჩვენი არ ვიცით და სხვისი არ გვეყურება”!


სხვა ვითარებაში ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმება, შესაძლოა, მართლაც წლის მოვლენა ყოფილიყო, რომ არა ერთი მაგრამ… შეთანხმების რატიფიცირებას ძებნილი ექსპრეზიდენტი დაესწრო და დამსახურებაც მიიწერა. მანამდე ჩვეული სიცრუით იყელყელავა – ორი კვირაა, ვეხვეწები ევროპარლამენტარებს, რატიფიკაციას მისცენ ხმაო! თითქოს მისი ხვეწნა რომ არა, რატიფიკაცია არ მოხდებოდა! თუმცა არც ეს არის მთავარი; ყველაზე შეურაცხმყოფელი პირველ რიგში მისი ჯდომა იყო (მოქმედი პრეზიდენტი ამალით უკანა რიგში იჯდა). პრაქტიკულად, ეს ევროპარლამენტის დემარში იყო ქართველი ხალხის წინაშედაახლოებით იგივე, რომ ეთქვათ: “არ გვაინტერესებს არც თქვენი არჩევანი, არც თქვენი განწყობა, ეს ჩვენი მამაძაღლია და დღევანდელ თქვენს ხელისუფლებაზე წინ მას ვაყენებთ!”

არ ტყუის ნინო ბურჯანაძე, როცა ამბობს, რომ ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ღირსებას ვერ დაიცავს, საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს დამცველად ვერ ივარგებს! ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება კი, როგორც დაიწყო “შალახოთი”, ისე დამთავრდა ზემოთ აღწერილი “განდაგანათი”!

წლის მოვლენა ირაკლი ალასანიას მოხსნაც შეიძლებოდა გამხდარიყო, რომ არა კარის გაჯახუნების სურვილი, რომელმაც ისეთივე შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც ფუჭმა გასროლამ – საკითხის გლობალურ ჭრილში გადაყვანის მცდელობის სახით. ცუდია, როცა თავდაცვის მინისტრის გასროლა ფუჭია, მაგრამ ამაზე უარესია, რომ ყოფილი მთავარსარდალი ქართველ მეომრებს ცხელ ომში ეპატიჟება. კიდევ უფრო უარესი, როცა დაღუპული მეომრის სისხლზე პოლიტიკური რევანშის აგებას ცდილობს. და სულ მთლად უარესია ქვეყნის ჩათრევა ძმათამკვლელ ომში, რისთვისაც სააკაშვილი ყველაფერს კადრულობს. რუსები და უკრაინელები, ადრე თუ გვიან, აუცილებლად შერიგდებიან, ან უკრაინა დაიშლება. საქართველოს, შესაძლოა, ვიღაცის ანგარიშით, საექსპორტო მინისტრები ჰყავს, მაგრამ 45-მილიონიან უკრაინას ქართველი მეომრები რომ არ სჭირდება, ეს ბავშვსაც კი ესმის. საზოგადოდ, ომი არ სჭირდება, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს იმ შეცდომებს, რომლებიც საქართველომ ბოლო 23 წლის განმავლობაში დაუშვა.

უკრაინის დაუძინებელი “მეგობრები” კი რუსეთის დაშლას წინასწარმეტყველებენ და რუბლის ვარდნა უხარიათ. ლარის კურსის დაცემის მიზეზს ყველგან ეძებენ, იმას კი არ დაგიდევენ, რომ რუსეთიდან გადმორიცხვების რაოდენობამ კატასტროფულად იკლო, არადა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ბედი (ხელისუფლება-ოპოზიციის გარდა) სწორედ ამ თანხებზეა ჩამოკიდებული. სასაცილოა, რომ რუსეთის დაშლაზე სააკაშვილი ლაპარაკობს, რომელმაც საკუთარი ქვეყანა დაშალა და ახლა უკრაინის დანაწევრებას უწყობს ხელს.

მან კახა ბენდუქიძის გარდაცვალებაც შოუდ აქცია, როცა პირდაპირი სატელევიზიო ჩართვის მზადებისას ისე გაერთო სადადგმო სამუშაოებით, რომ სამძიმარის მაგივრად მასხრად აგდების ნიმუში აჩუქა ინტერნეტსივრცეს. “პიარის დიდოსტატი” აშკარად კარგავს კვალიფიკაციას, მაგრამ ერთი ყოფილი მინისტრისა არ იყოს _ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?

სააკაშვილის პარტიულმა ორგანომ და ჯიბის ტელევიზიამ “რუსთავი 2”-მა თავგზა დაკარგა და ისეთი დოზებით რთავს პირდაპირ ეთერში ძებნილ ნაპრეზიდენტალს, რომ მალე საკუთარ მომხრეებსაც მოაბეზრებს მის ყურებას. “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის” დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ამას ნამდვილად არ დაუშვებდა, მაგრამ ბოლო წლებში ტელევიზიებსა და პოლიტიკას შორის გამოკიდებული ახალგაზრდა ადამიანი არავინ იცის, ვის ან რას ემსხვერპლა. მისი მკვლელობის (თვითმკვლელობის აღარავის სჯერა) გამოძიება ისევე დუნედ მიმდინარეობს, როგორც პრემიერ მინისტრ ჟვანიასი.

გარდაიცვალა შევარდნაძე, დამთავრდა ერთი დიდი ეპოქა საქართველოს უახლეს ისტორიაში. პარადოქსია, მაგრამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კიწმარიშვილი მხოლოდ დადებითად მოიხსენიებდა მეორე პრეზიდენტს, ხოლო მისი გარდაცვალებიდან ერთ კვირაში იგი სწორედ იმ კატაფალკით გაასვენეს, რომლითაც შევარდნაძე.

ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები. ორი ძალის გარდა, ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ საკრებულოებში – “ბურჯანაძე _ გაერთიანებული ოპოზიცია” და პატრიოტთა ალიანსი. ხმები დადის, რომ “ქართული ოცნება” რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. “თავისუფალი დემოკრატები” თავდაცვის სამინისტროში დაწყებული გამოძიების შემდეგ “თავისუფალ ცურვაში” გაუშვეს. რესპუბლიკელებმაერთხანს ითმინეს, მაგრამ წლის ბოლოს რიტორიკა გაამკაცრეს და თავდაცვის სამინისტროს განცხადებასპოლიტიკური ასპექტებიდაუწუნეს. ასეთივე პოლიტიკური აქცენტები ჰქონდა მანამდე ირაკლი ალასანიას განცხადებებს, მაგრამ იმხანადრესპუბლიკელებიამას არ შეუწუხებია.

უცნაურია, მაგრამ ამჯერად მმართველი ძალიდან გასვლა “რესპუბლიკელებს” სხვა პარტიამ დაასწრო. ბევრი მიიჩნევდა, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” რღვევა სწორედ “რესპუბლიკელების” გასვლით დაიწყებოდა, მაგრამ “ქვეყნის ვექტორის შეცვლის” შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ახალმა ოპოზიციურმა ძალამ “ნაციონალებთან” ერთობ მიმსგავსებულ რიტორიკას მიმართა და ამან კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, რომ ცოტა ხანში “თავისუფალ დემოკრატებსა” და “რესპუბლიკელებს” “ნაციონალებთან” ერთად ვიხილავთ.

“რუსი ოლიგარქი”, “ქვეყანა ერთი პირის მიერ იმართება”, “თუ მართვა უნდა, დაბრუნდეს პოლიტიკაში და მართოს”, “გამოვიდეს ჩრდილიდან” _ ბევრი განცხადება “ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდების” პრინციპზეა აგებული. “პირველი მოქალაქე”, როგორც ჩანს, ამაზე ძალიან ხალისობს და წლის ბოლოს გვამცნობს: “ზვიგენები მყავს ბიზნესცენტრში პატარა ჯიშის, 1,5-მეტრიანი. ურეკში სასტუმროს ვაშენებ ძალიან საინტერესოს და იქ დიდ აკვარიუმს ვაკეთებ, სადაც დიდი ზვიგენებიც იქნებიან, რაღაც შარმი რომ შეიძინოს სანაპირომ. მარტო აკვარიუმი არა, სხვა შარმებიც ექნება იმ სასტუმროს”.

რაკი ბიძინა ივანიშვილი ტყუილად არაფერს ამბობს, უნდა ვივარაუდოთ, რომ შემდგომ საპარლამენტო არჩევნებამდე იგი ახალ, უფრო დიდი კოალიციას შექმნის და იქ “დიდ ზვიგენებს” შეიყვანს. ახლა მთავარია, ის დიდი ზვიგენებიც “თავისუფალი დემოკრატებივით” ზღვაში არ გაეპარონ, თორემ შარმიც იქით დაგვრჩება და ურეკიც!

მაინც რა იყო ამ წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა?

“ისლამური სახელმწიფოს” შექმნა, სირიის მოვლენები, უკრაინის კრიზისი ჩვენში ბევრ მოქალაქეს კი არა, ექსპერტსაც არ მიაჩნია საქართველოზე გავლენის მქონედ. სინამდვილეში ეს ყველაფერი ჩვენგან ძალიან ახლოს ხდება და შიგაპოლიტიკური საფრთხეების გარდა, გარედან ტერორიზმის შემოდინების რეალურ საფრთხესაც შეიცავს.

სააკაშვილის მიერ მორღვეული საზღვრების გაკონტროლება ახალმა ხელისუფლებამ სავიზო რეჟიმის გამკაცრებით სცადა. შედეგი ის არის, რომ, მაგალითად, ირანიდან უკვე შემოსული და მოსალოდნელი მილიარდობით ინვესტიცია გაიყინა. ადამიანები, რომელთაც საქართველოში უძრავი ქონება და ბიზნესი აქვთ, ვიზას ვერ იღებენ, საქართველოს საელჩო ირანში პასუხსაც არ აძლევს მათ. შეგახსენებთ, ეს ის სახელმწიფოა, სადაც ქართველებმა 400 წლის განმავლობაში შეინარჩუნეს ენა და ადათი. სხვა რომ არაფერი იყოს, მხოლოდ მათი ფაქტორის გამო არ უნდა ჰქონდეს ქართულ სახელმწიფოს ამგვარი მიდგომა. სამაგიეროდ, თურქეთი აქეთ გვიმკაცრებს სავიზო პოლიტიკას და აჭარის გარდა, თბილისშიც იგრძნობა მისი ბიზნესინტერესების მომძლავრება!

დასაწყისში ილია ვახსენე. თითქოს არც გასულიყოს საუკუნე: ხმლიანმა მტერმა ვერ დაგვათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწაწყალი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით, ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ, შევირჩინეთ, საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლორა. შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვწყვეტს. სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ვართ კი ყოველ ამისთვის მზად? ან გვეტყობა რაშიმე, რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”

რომ არ ვიცით და არც ვემზადებით, ეს ცხადია. ჩვენს თვალწინ იცვლება გეოპოლიტიკური რეალობა, ჩვენი პოლიტიკური კლასი კი დაზეპირებული ფორმულებით ცდილობს, ფონს გავიდეს. 1 დეკემბერს თურქეთში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წყვეტს “სამხრეთის ნაკადის” მშენებლობას და გაზს თურქეთს მიაწვდის. როგორც კი ამ ახალი გაზსადენის შესახებ გახდა ცნობილი, ბულგარეთმა, რომელიც მუდმივად ხელს უშლიდა “სამხრეთის ნაკადის” პროექტის განხორციელებას, განგაშის ზარებს შემოჰკრა. ევროპაც ერთობ შეშფოთდა. საქართველოში არავის ამოუღია ხმა “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერის გარდა. ბურჯანაძემ განაცხადა: მივმართავ მთავრობას: გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი და შესთავაზოს რუსეთს და თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენის გაყვანა!

ყველა ის პოლიტიკოსი, ვისაც ესმის პოლიტიკა და არ ასრულებს დაკვეთას გარედან, მიხვდება, რომ ეს ინიციატივა ემსახურება მხოლოდ ქართული ინტერესების უზრუნველყოფას”.

რა მოჰყვა ამ ინიციატივას? მთავრობის დუმილი და საპარლამენტო უმრავლესობის თვალსაჩინო წარმომადგენლის, გიორგი ვოლსკის სკანდალური განცხადება: “საერთოდ ნებისმიერი ეკონომიკური, მითუმეტეს მასშტაბური პროექტის განხორცილებაზე, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, სფეროს ანალიზია, მოპოვებისა და ტრანზიტის სფეროში როგორ პოლიტიკას ატარებს მსოფლიო, ევროკავშირი, აშშ, მათ შორის, რუსეთი და მისი მიზანშეწონილების თაობაზე პროფესიონალური შეფასების გაკეთება სრული ანალიზის საფუძველზე შეიძლება. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონიუნქტურის გაანალიზებაც. თუ საქართველო, როგორც ქალბატონი ნინო ამბობს, ამ საკითხს დააყენებს, უნდა აღინიშნოს, რომ მისი მხარდაჭერით ან წინააღმდეგობით ასეთი თემები არ წყდება. ასეთი საკითხები სულ სხვა დონეზე განიხილება და წარმოადგენს გაცილებით უფრო მაღალი ლეგიტიმურობის სტრუქტურების პოლიტიკის თემას, ვიდრე ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია და თუნდაც მთავრობის გადაწყვეტილება”.

ერთი სიტყვით, ხელისუფლების წარმომადგენელი აღიარებს, რომ საქართველო აღარ არის სუვერენული სახელმწიფო, მისი ბედი სხვაგან _ “გაცილებით უფრო მაღალი ლეგიტიმურობის სტრუქტურებშიწყდება!

მაშინ აღარც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ რატიფიკაციის ცერემონიას ძებნილი სააკაშვილი ესწრება და არც ის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე დასავლელმა მეგობრებმა “ნაციონალების” შარშანწინდელი 40 პროცენტიც არ გვაკმარონ!

2014 წლის მოვლენა უთუოდ არის მკვდრეთით აღდგენილი “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ისე მოიყვანა ფერზე “ქართულმა ოცნებამ”, რომ ობოლისა და გამზრდელის ანდაზისა არ იყოს, იქით ერჩის და ემართლება! მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოში არ ჩამოესვლება, ყოყოჩად აცხადებს: “რაში მჭირდება მე პოლიტიკური თავშესაფარი?! ხომ ხედავთ, რომ ყველა ქვეყანაში დიდი სიამოვნებით მიღებენ. ამერიკაში ძალიან კარგად მიღებენ და ამერიკის რეაქციები ნახეთ. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში კარგად მიღებენ”.

ამ “პოლიტიკურად მიუსაფარს” კი იღებენ, მაგრამ საქართველოს რომ არც ნატოში მიიღებენ და არც ევროკავშირში, ეს უკვე ცხადია. საერთოდაც, იქნებ სჯობდეს, ამ გაერთიანებებში პერსონალურად _ სურვილის მიხედვით გაწევრდნენ პოლიტიკოსები? ქართველი ხალხი იმ მიმართულებით დიდი იმედით რომ არ იყურება, ეს ბოლო კვლევებმაც აჩვენა. დღეს რომ პლებისციტი ტარდებოდეს, ნატოში გაწევრებას მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები დაუჭერდა მხარს.

წლის ბოლოა და პოზიტივიც უნდა დავინახოთ: ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა, რუსეთის ბაზრის გახსნა ქართული პროდუქციისთვის და, რაც მთავარია, თავისუფლება სახელმწიფოს ტერორისგან! ესეც იყო და ამას ბევრი რამის გადაწონვა შეუძლია. თუმცა “ნაციონალები” ახლა თუ მთელ ქვეყანას ვერა, “ქართულ ოცნებას” მაინც ატერორებენ და ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ აძლევენ. ოთხჯერ იყო წინადადება რუსეთის ხელმძღვანელობისგან უმაღლეს დონეზე შეხვედრისთვის მზადყოფნის შესახებ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს ჩვენ გვქონდეს მისაკუთრებული სტავროპოლის და კრასნოდარის მხარეები!

დუმილმა ის მოიტანა, რომ აფხაზეთთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რიგში სამხრეთ ოსეთია (სააკაშვილმა კვლავ დააკანონა ეს სახელწოდება “ზემო აფხაზეთად” გამოცხადებულ კოდორის ხეობასთან ერთად) და მისი ინტეგრაცია რუსეთთან უფრო მჭიდრო რომ იქნება, ცხადია.

ამ ვითარებაში (რომლის შემოქმედიც სწორედ სააკაშვილია, ხოლო მისი პარტია დღევანდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს) ინიციატივა სწორედ ჩვენგან უნდა მოდიოდეს, რადგან ჩვენ გვაქვს ქვეყანა გასამთლიანებელი! პარადოქსული სიტუაციაა: საშინაო პოლიტიკის საკითხებში მუდმივადნაციონალებიარიან პროცესის ინიციატორები, “ქართული ოცნებაკი მოპასუხის როლშია, საგარეო პოლიტიკაში კი ვერც სხვის ინიციატივას ეხმაურება ოპოზიციაში მყოფინაცმოძრაობისშიშით. არადა, პირიქით უნდა იყოს: მოპასუხის როლში და თავის მართლების რეჟიმში სწორედ სააკაშვილი და მისი თანაპარტიელები უნდა იყვნენ! 2015 წელს მაინც აღადგინეთ სამართლიანობა!

ნანა დევდარიანი

1 COMMENT

  1. ქალბატონო ნანა, თქვენ ამბობთ ,,ბიძინა ივანიშვილი ტყუილად არაფერს ამბობს"-ო. ასეა-რო???

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here