Home რუბრიკები პოლიტიკა ბედაურები აღარ არიან, ასპარეზზე ვირები გამოჯირითდნენ!

ბედაურები აღარ არიან, ასპარეზზე ვირები გამოჯირითდნენ!

584

როგორი იყო 2014 წელი? _ ამ შეკითხვით მივმართეთ რამდენიმე რესპონდენტს, მათ, ვისაც თითქმის მთელი წლის განმავლობაში ვსტუმრობდით და აზრს ვეკითხებოდით ამა თუ იმ საკითხზე. ზოგი მათგანი აქტიურად არის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული, ზოგი კი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. როგორც უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, ფილოლოგი თემურ ქორიძე ამბობს, ვერც ერთი ქართველი ვერ იტყვის, რომ კარგი წელი იყო, გარდა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებისა. გვესაუბრებიან აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე, უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, ფილოლოგი თემურ ქორიძე და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე.

ელიზბარ ჯაველიძე:

_ილიას წინასაახალწლო სიტყვას მოვიშველიებ: “რა გითხრათ, რით გაგახაროთ?” _ სასიკეთო არაფერია. ილიას სიტყვებს კიდევ ერთს დავამატებ _ რა გვეშველება? _ ეს კითხვა ყოველ ნაბიჯზე ისმის. თავდაპირველად ეს შეკითხვა ხალხის გულწრფელ ინტერესს გამოხატავდა, შემდეგ ირონიული ხასიათი შეიძინა, ახლა კი სარკაზმში გადაიზარდა და ყველამ იცის, რომ არაფერი გვეშველება. ვინც არ უნდა დაგვპირდეს, რომ “გვეშველება”, აღარავინ დაიჯერებს. ქართველმა ხალხმა რწმენა დაკარგა. ქართველმა იცის, რომ არჩევნებში მისი ხმა არ გამოხატავს იმას, რაც სურს, შედეგს ვერ აღწევს.

სისტემა, რომელიც სააკაშვილის დროს მძლავრობდა და მიმართული იყო ქვეყნის განადგურებისკენ, უცვლელად დარჩა, ადამიანებს მხოლოდ შიში გაუქრა, ქუჩაში გასვლის აღარ ეშინიათ.

სიმართლე გითხრათ, არაფრის გაგონება არ მინდა, ტელევიზორს აღარ ვუყურებ, ადამიანები, რომლებიც დედის საშოდან არ არიან გაჩენილები, ისევ გვმოძღვრავენ, ისევ ბედავენ, რომ თავიანთ აზრი თავს მოგვახვიონ.

რამდენიმე ხნის წინათ იუსტიციის მინიტრ თეა წულუკიანს ვკითხე, “ნაცები” ისევ რატომ ჩანან, მითითება გაქვთ ვინმესგან, ხელი არ ახლოთო? მინისტრმა არ უარყო, თქვა, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ხელისუფლება იძულებულია, ყველაფერს ანგარიში გაუწიოს. ამ ანგარიშის გაწევამ, კოაბიტაციამ პოლიტიკური გვამების გაცოცხლება გამოიწვია და გივი თარგამაძე დღესაც გვემუქრება, რომ სულს ამოგვხდის, რომ სათანადოდ მოგვიზღავს ყველას. ამ სიტუაციის შემქმნელი შიგა ძალებშიც ბევრი გვყავს და გარე ძალებიც კარგად მუშაობენ.

პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილის მიმართ ნდობა დაკარგული მაქვს, არც ერთი მათგანი ხალხზე არ ფიქრობს, მათ არ ადარდებთ ქვეყნის მომავალი, ყველა დასავლეთის გადაწყვეტულებას უყურებს, რადგან იციან, რომ მათი ბედი იქ წყდება და არა აქ, არჩევნებზე.

ყველა საზიზღრობა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, დასავლეთისგან მოდის. ქვეყანას კი არ ჰყავს პოლიტიკოსი, რომელიც საჯაროდ იტყვის უარს ამ საზიზღრობებზე.

თქვენ გინდათ ეს წელი შევაფასოთ? გაინტერესებთ რა შეიცვალა? გავიხსენებ ერთ ფაქტს. როგორც კი, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხი ერთსქესიანთა ქორწინებას არ დაუშვებს, ერთ კვირაში ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს. ამის შემდეგ შეიძლება რაიმე ცვლილებაზე საუბარი?

უმადური არ ვარ, ვაფასებ იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ამ ადამიანის გარდა, ვერავინ მოახერხებდა ქვეყანა სააკაშვილისგან გაეთავისუფლებინა, მაგრამ მხოლოდ სააკაშვილის წასვლით არაფერი შეიცვლება…

არ შეცვლილა დამოკიდებულება განათლების სისტემის მიმართ, ნადგურდება კულტურის ძეგლები, დავით აღმაშენებლის ძეგლი სადღაც გადავდგით და მისი გადმოტანა დღემდე ვერ მოხერხდა, ველოსიპედს ვუყურებთ, ვიძლევი პატიოსან სიტყვას, თუ დედაქალაქის მთავარ მოედანზე დამონტაჟებულ ველოსიპედს არ მოაშორებენ, აფეთქდება.

ისევ იკრძალება რელიგიის სწავლება, ისევ უტევენ ქართულ ოჯახსა და ტრადიციებს, ისევ საფრთხის წინაშე დგას მამული, ენა, სარწმუნოება. კულტურის მინისტრად ჯაზმენი დასვეს, რომელიც სააკაშვილის მარჯვენა ხელი იყო და დიდ ფულსაც შოულობდა, ის ქართულ კულტურას არ დაიცავს.

_ ორი წლის თავზე იმედგაცრუებული ხართ?

_სამწუხაროდ, პოლიტიკოსობა ფულის შოვნის საუკეთესო საშუალებაა. მე მარგველაშვილს, ალასანიას, რესპუბლიკელებს და კიდევ ბევრ პოლიტიკოსს შორის სხვაობას ვერ ვხედავ.

გზა, საითაც მივდივართ, არის უზნეობის, ჭაობში ჩაფლვის, ერის მოსპობისკენ მიმავალი, ერი ხალხია, ქართველი მოკვდება და ერიც აღარ იარსებებს.

პოლიტიკოსი შედეგით ფასდება, წაადგება შენი ღვაწლი, როგორც პოლიტიკოსისა შენს ქვეყანას? თუ წაადგა ე.ი. გიცხოვრია, თუ არა _კარიერისტი ხარ.

15 დეკემბერს დაბადების დღე მქონდა, მეგობრებმა დამპატიჟეს, უარი ვთქვი, აღარაფერი მახარებს.

ჩვენ, ყველამ ერთად, დროულად უნდა მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას, უნდა მივუთითოთ შეცდომებზე, თუ გვიღირს _ დავუდგეთ გვერდით, თუ არა _ მაშინ გავაძევოთ. ქვეყანას გარეშე მტერი ჰყავს, ძლიერი მტერი, ჩვენი ბედი ჩვენს ხელში არ არის. არ გვინდა ევროპა, რომელიც მკვლელ სააკაშვილს ტაშით ხვდება, ეს ხელისუფლებას უნდა გავაგებინოთ! ქართული, ეროვნული საზოგადოება უნდა გაერთიანდეს.

ბედაურები აღარ არიან, ასპარეზზე ვირები გამოჯირითდნენ”, _ ეს ჩემი სიტყვები არ არის, მე მხოლოდ ერთს დავამატებ, ვირებიც აღარ არიან, ვირთხები დარბიან და ჭირი გადააქვთ ერთი ადგილიდან მეორეზე.

თქვენი გაზეთი ერთდერთია, რომელიც ობიექტურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, აზრიანია ყველა წერილი. ახალი წელი მოდის და გისურვებთ, 2015 წელი წარმატებისა და ნაყოფიერი შრომისა გქონოდეთ, ძალისხმევა, რომელსაც ამ საქმეში დებთ, დაგფასებოდეთ!

 

თემურ ქორიძე:

_ ვიდრე გასულ წელს მიმოვიხილავ, მინდა, თქვენს გაზეთს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი, ასევე, ვულოცავ თქვენს მკითხველს, რომელიც არ გაკლიათ, ეს ფაქტი ძალიან სასიამოვნოა თქვენი პროფესიული პრესტიჟისთვის!

განვლილი წელიწადი არ უნდა შევაფასოთ მხოლოდ პოლიტიკური მოტივით და არც ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან. თქვენი გაზეთის მკითხველს, ალბათ, ახსოვს, საქართველოს ფაქტობრივმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა რომ გაგვაფრთხილა: პირველი ორი წელი იქნება მძიმე, 2014 წელი უკეთესობისკენ წავა, 2015 იქნება კარგი, ხოლო 2016 _ ძალიან კარგიო.

2014 წელი უძრაობის ხანა იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ნაბიჯი არც ერთი მიმართულებით არ გადადგმულა. ივანიშვილის მიერ გამოცხადებული კურსი, თანაბარი გარღვევის თაობაზე, რაც გულისხმობდა ურთიერთობების დარეგულირებას დასავლეთთანაც და რუსეთთანაც, არ განხორციელდა. ის, რაც გაკეთდა, ასოცირების ხელშეკრულებას ვგულისხმობ, მაშინაც მოხდებოდა, სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, თუმცა ქართველისთვის არაფერს წარმოდგენს, ხვალ, ალბათ, მეგობრობაზეც მოგვაწერინებენ ხელს.

ვერც ერთი ქართველი ვერ იტყვის, გარდა ხელისუფლებაში მყოფისა, რომ მის ოჯახში ამ ერთი წლის განმავლობაში რაიმე სასიკეთოდ შეიცვალა. ვფიქრობ, უიმედობა უფრო გაღრმავდა, სოციალურმა აპათიამ აპოგეას მიაღწია და ამის შედეგები მომავალ წელს უფრო თვალნათელი იქნება.

რაღაც სიკეთეები, რომლებზეც ხელისუფლება გველაპარაკება, საკმარისი არ არის. მაგალითად, ჯანდაცვის სფეროში. ოთხი ინფარქტი მაქვს გადატანილი და კარგად ვიცი, რას ნიშნავს ექიმთან ვიზიტი, მაქვს შეხება სააფთაიაქო სისტემასთანაც, ამიტომ ვერ გამამხნევებს ივანიშვილი თავისი შეძახილით, რომ ყველაფერი კარგად არის ან იქნება.

დააკვირდით ხელისუფალთა ცინიკურ დამოკიდებულებას ხალხის მიმართ. რომ ეთქვათ, გაჭირვებაა ქვეყანაში და ამ ფაქტს გაგებით მოეკიდეთო, ჩვენ აუცილებლად გავიგებდით, მაგრამ შეხედეთ მათ მადას, ნახეთ, როგორ იზრდება მათი ხელფასები. თავისმომჭრელი მოვლენის მომსწრენი ვართ. დღეს ჩვენ გვყავს ჯამაგირისთვის მოღვაწე ხელისუფლება. ჯამაგირისთვის ღვაწლი კი რას ნიშნავს, ვისაც აინტერესებს, “ოთარაანთ ქვრივი” გაიხსენოს, როგორი შეურაცხყოფილია ის, როდესაც ერთადერთი შვილი მოჯამაგირედ აპირებს დადგომას… ჩვენ კი შევყურებთ ჯამაგირისთვის გამართულ მარათონს, როდესაც ხელისუფლებაში მოკალათებული ადამანები არაფრით აღემატებიან ჩვეულებრივ ობივატელებს და მიილტვიან ფულისკენ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ანტიხალხური ხელისუფლება გვყავს.

გახსოვთ, ყველა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში იყო “ქამრების შემოჭერა”, არც ერთი ხელისუფლების დროს ასეთი სასაცილო არ ყოფილა ეს პროცესი, როგორც დღეს.

ვერავითარი შეღავათია თითის გაშვერა შორეული მომავლისაკენ და ნუ ვიფიქრებთ, რომ 2030 წელს ბედნიერები ვიქნებით. ბიძინა ივანიშვილის ნათქვამის პასუხად, ყველაზე რომანტიკულ ადამიანს, ვიქტორ ჰიუგოს, მოვუსმინოთ, სწორედ მას მოვიშველიებ, თანაც ივანიშვილის მეორე სამშობლოდან _ საფრანგეთიდან, იმიტომ, რომ ივანიშვილს არც ქართველი ხალხისა ესმის და არც ქართული ენისა: უნდა ვაღიაროთ უგულისყუროდ, რომ ინდივიდს თავისი განკერძოებული ინტერესი აქვს და შეუძლია, იშრომოს და დაიცვას ეს ინტერესი. აწმყოს ბევრი აქვს ეგოიზმის შესაწყნარებელი თვისებები. დროებით სიცოცხლეს თავისი უფლება აქვს და არ შეიძლება მოვითხოვოთ, რომ მარტოდენ მომავალს შესწიროს თავისი დღენი. ის თაობა, რომელსაც უფლება აქვს, დღეს გაიაროს წუთისოფელი, ვალდებული არ არის, შეამოკლოს თავისი დღენი იმ თაობათა, თავის თანასწორ თაობათა სასარგებლოდ, რომლებსაც შემდგომში ერგებათ რიგი წუთისოფლის განცდისა _ ვარ და ვარსებობ! _ იძახის ის ვიღაც, რომელსაც “ყველა” ეწოდება. ყმაწვილი ვარ და სიყვარულით მიძგერს გული, მოხუცი ვარ და მოსვენება მინდა. მამა ვარ წვრილშვილისა, ვშრომობ, წარმატებებს ვიძენ, სიკეთეს ვთესავ, სახლები მაქვს გასაქირავებელი, ფული მაქვს მთავრობის სალაროში შეტანილი, ბედნიერი ვარ ცოლით და შვილით, მიყვარს ყოველივე ეს, სიცოცხლე მინდა და თავი დამანებეთ, ნუ მიმღვრევთ მშვიდობიანობას”.

ივანიშვილის მოძღვრება ნაცადი დემაგოგიაა, ის, მეტისმეტ ექსპლუატაციას უწევს თავის ფანტაზიას, რაც მიუღებელია.

_ფიქრობთ, რომ სულ არაფერი გაკეთებულა 2014 წელს?

_ არც არფერს მივამატებ და არც დავაკლებ, ვიხსენებ იმას, რასაც დაგვპირდნენ. მათ გვითხრეს, რომ 2015 წელი იქნება კარგი. როგორ იწყებენ კარგ წელიწადს, იწყებენ სექტემბერში და პენსიას უმატებენ 10 ლარს. თურმე კარგი წელიწადი 10 ლარი ღირს. ამ თემაზე გულგრილად საუბარი არ შემიძლია. გულგასიებული, უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ ხელისუფლების მხრიდან, რადგან მეუბნებიან, რომ კარგი ცხოვრება და წელიწადი 10 ლარი ღირს.

არც ივანიშვილსა და არც მის მარიონეტ ხელისუფლებას ამგვარი ცინიზმი არ უნდა ეპატიოს.

ქართველ ხალს უფლება აქვს, რომ მომავალი წლიდან დაიწყოს საერთო სახალხო საპროტესტო აქციები, გამოსვლები. ეს გამოსვლები უნდა იყოს აღსავსე ყველა იმ უფლების განხოციელებისკენ სწრაფვით, რომელიც ქართველ ხალხს აქვს მინიჭებული და რომელიც ბრძოლით მოიპოვა. ქართველს მშვიდი ღამე არ ჰქონია, ივანიშვილივით სარჩოზე გადაგებული არ ყოფილა, შეიძლება შემცდარა, მაგრამ დაკოჟრილი ხელებით ამ ქვეყანას მაინც აშენებდა.

მომავალი წლიდან, მიუხედავად ჩემი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა, გაძლევთ პირობას, რომ გავაქტიურდები, არ ვაპირებთ მე და ჩემი თანამოაზრეები, რომ ვინმეს ასეთი შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება, დაცინვა ვაპატიოთ. ეს ეხება ყველას, ვინც თქვა, რომ 10 ლარი ღირს კარგი ცხოვრება, თანაც _ სექტემბრიდან. ბატონო ბიძინა სექტემბრიდან არ იწყება 2015 წელი, იანვრიდან იწყება. ამ უხამს, დამცინავ დაპირებას არ გაპატიებთ! სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, ქართველი ხალხის ღირსებას დავიცავ. ორი პარასკევი აქვს ადამიანს და ივანიშვილის აბუჩად ასაგდები არავინ არის!

არ შემიძლია, არ აღვნიშნო კიდევ ერთი ფაქტი: ივანიშვილს “მოქალაქესთან” პრეტენზია აქვს, რომ ქვეყნის მთავრი მოქალაქეა. თუ მოგისმენიათ “მოქალაქისგან” ერთი საპროტესტო სიტყვა იმის შესახებ, ბანკების თანამშრომლები ოჯახებს სახლ-კარიდან რომ აძევებენ, თუ გამოსარჩლებია რომელიმე მათგანს “მოქალაქე”? არადა, მისი ერთ-ერთი დაპირება ესეც იყო.

ჩვენი ცხოვრება ცუდად რომ მიდის მარტო ეკონომიკაზე არ არის დამოკიდებული. დავაკვირდეთ იმ ადამიანების გამოსვლებს, რომელთაც თავი ამ ქვეყნის ბატონ-პატრონად მიაჩნიათ. ამას წინათ გამოვიდა ერთ-ერთი მათგანი და თქვა, ილია ჭავჭავაძის შემდეგ საქართველოს ივანიშვილისნაირი იტელექტუალი არ ახსოვსო. ვინც ეს თქვა, სალდაფონია. მან თავისი თავი უფრო შეურაცხყო ვიდრე ილია. როდესაც მოქალაქე თავს აძლევს უფლებას, საჯაროდ თქვას ასეთი უხამსობა, საზოგადოებას ისღა დარჩენია, იცინოს, მაგრამ მე ამას გულგრილად ვერ ვუყურებ. საქართველოს ჰყავდა შვილები, რომლებიც ამ ქვეყნისთვის დაიფერფლნენ, თანაც, არცთუ შორეულ წარსულში და ასეთ ვითარებაში, ვიღაც ბედავს ასეთი რამის თქმას. მე, როგორც მოქალაქე, ვისურვებდი, რომ არასრულყოფილი ადამიანების ეს ხროვა _ მლიქვნელები, პატარა კაცუნები, რომლებიც თვალებში შესციცინებენ ივანიშვილს, აღარ დავინახო.

ჩემს თაობას ვეტყვი, რომ აღსასრულამდე კიდევ ერთი გაბედული ნაბიჯი გადავდგათ. 2015 წელს მე და ჩემი თაობის ადამიანები კიდევ ერთხელ გავიბრძოლებთ, რათა საქართველო ამ ობივატელებისგან გავათავისუფლოთ.

 

თამარ კიკნაძე:

_ თუ განვლილ წელს გლობალური მასშტაბით განვიხილავთ, იგი საკმაოდ დაძაბული იყო და მან მსოფლიოს ახალი გამოწვები მოუტანა. რაც შეეხება საქართველოს, აქ 2014 წელმა მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებულ ხლშეკრულებას.

დღევანდელ ხელისუფლებას საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, თანაც, მისი ენერგიის დიდი ნაწილი დესტრუქციულ ოპოზიციასთან ბრძოლაში იხარჯება. ხელისუფლება ვერ უმკლავდება მათ და იმის სათანადოდ წარმოჩენასაც ვერ ახერხებს, რაც კარგი გააკეთა, სულ თავის მართლების რეჟიმშია და თვლის, რომ პიარი არ სჭირდება. ეს კი, ჩემი აზრით, შეცდომაა. როდესაც ხელისუფლება წარმატებებზე ლაპარაკობს, იგი გულისხმობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას და ხელის მოწერას, აგრეთვე _ ევროპარლამენტის მიერ ამ ხელშეკრულების რატიფიცირებას, ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებას, წარმატებულ ჯანდაცვის რეფორმას, სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ ინვესტიციებს, მაგრამ მოსახლეობისთვის ეს საკმარისი არ არის. დამთავრდა გამარჯვების ეიფორია და მოსახლეობა ხელისუფლებისაგან მოითხოვს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც მათ ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. 10 ლარით პენსიების გაზრდა, თანაც, სექტემბრიდან და იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო მოხელეები თავისთვის საკმაოდ სოლიდურ დანამატებს ინიშნავენ, საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს.

_ რას ფიქრობთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე და რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე?

_ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ძალიან ცუდად შეაფასა რუსეთის ქმედება და თვლის, რომ შემდეგი ნაბიჯი ოკუპაცია იქნება… ჩემი თვალსაზრისი კი განსხვავებულია _ რუსეთს ოკუპაცია რომ სურდეს, სხვანაირად იმოქმედებდა, რუსეთმა ამ ნაბიჯით, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაიცვა, რადგან საქართველოს კურსი აღებული აქვს ნატოსკენ, რომელშიც არ გვიღებენ, მაგრამ მისი პროგრამის აქტიური განმხორციელებლები ვართ. ჩვენ განუხრელად გვიქადაგებენ, რომ რუსეთის თვითმიზანი არის საქართველოს ოკუპაცია და დამონება. სინამდვილეში კი სხვის თამაშს ვთამაშობთ და ამ რიტორიკით შეცდომაში შეგვყავს საქართველოს მოსახლეობა. დღეს საღი აზრი ძალიან იშვიათად ისმის. არ კეთდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების რეალური ანალიზი.

_ რა აზრის ხართ რუსეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერის ან პრეზიდენტის შეხვედრაზე?

_ საერთოდ, კომუნიკაციას ალტერნატივა არა აქვს. შეხვედრა სერიოზულად უნდა დაიგეგმოს და მას წინ ნაყოფიერი მოსამზადებელი მუშაობა უნდა უძღვოდეს, ყველა დონეზე. სერიოზული მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს, აგრეთვე, კულისებს მიღმა, რადგანაც პოლიტიკის დიდი ნაწილი სწორედ ამ გზით ყალიბდება.

_ რამდენიმე თვის წინათ პრემიერს დედა არ შეუგინებია რუსეთისთვის, თუმცა არც არაფერი დაუკლია…

_ ის კონიუქტურის მიხედვით მოქმედებს, რადგანაც მისი მოქმედების არეალი შეზღუდულია. დღეს საქართველო დამოკიდებულია დასავლეთზე და მკვეთრი მოქმედებები მისთვის დამღუპველია. მით უმეტეს, როდესაც მეხუთე კოლონის ამდენი წარმომადგენელი გვყავს ხელისუფლებასა და ოპოზიციაში. თანაც რუსეთის ოფიციალური რიტორიკა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოსთვის მეტად მტკივნეულია. ქართველებს ჰგონიათ, რომ რუსეთმა უპირობოდ უნდა დაუბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები, თვითონ კი ნატოში უნდა გაწევრდეს. ასეთი რამ პოლიტიკაში არ ხდება. ყველა თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, გარდა საქართველოსი.

_ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განაცხადა, რომ გარღვევა უნდა მოხდეს რამდენიმე მიმართულებით, ურთიერთობა უნდა მოვაგვაროთ ყველა მხარესთანო. ორი წელი გავიდა, რამე შეიცვალა?

_ შეიცვალა რიტორიკა და აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატში ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს. რეალურად კი საქართველო ისევ ძველ საგარეო კურსს განაგრძობს, ისევ ისმის რიტორიკა ნატოში გაწევრებაზე.

_ ხელისუფლება ევროკავშირთან ასოცირების ხელშერულების რატიფიცირებას ყველაზე დიდ წარმატებად მიიჩნევს, წლის მოვლენა დაარქვეს და ბედნიერები არიან. ხალხს ამით რამე დაეტყობა? 2015 წელს უკეთესი ცხოვრება გვექნება?

_ ჯერ ერთი, ამ ხელშეკრულების რატიფიცირება ყველა ქვეყანას არ განუხორციელებია, მაგრამ, ასეც რომ მოხდეს, საქართველოს ეკონომიკური კუთხით ეს არაფერში წაადგება. ევროპის ბაზარი ქართველი ხალხის კეთილდღეობას ვერ უზრუნველყოფს. ევროპას თავისი პრობლემები აქვს. ბაზარი გაჯერებულია ღვინით და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით. ნახეთ, რა დღეში არიან ევროპელი ფერმერები, რომლებსაც სანქციების გამო რუსეთის ბაზარი ჩაეკეტათ. საქართველოს ეკონომიკური სივრცე ამ ეტაპზე არის პოსტსაბჭოთა ქვეყნების სივრცე.

_ ორი წელიწადია, ხალხმა ვერ გაიგო, რა უნდა ხელისუფლებას, რა გზას ადგას. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა ხელისუფლებას, საით მიდის?

_ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებები ვერ უზრუნველყოფდნენ პრაგმატული პოლიტიკის გატარებას. თუ რატომ, ამის ახსნას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ ფაქტია, საქართველომ ვერ შეძლო ბევრი პრობლემის თავიდან აცილება, რომელთა აცილებაც შეიძლებოდა. ჩვენი ხელისუფლებები, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, დინებას მიჰყვებიან, რაც ისეთ მდგომარეობაში გვაყენებს, როგორშიც დღეს ვართ. სერიოზული პრობლემაა კადრების შერჩევაც. დიპლომატიური კორპუსი ისევ “ნაციონალების” კადრებით არის დაკომპლექტებული და რა გასაკვირია, რომ სააკაშვილს ევროპარლამენტში ტაშით ხვდებიან?

ჩვენი პოლიტიკა კარგად გააზრებული და გათვლილი უნდა იყოს, რომ არ მოვყვეთ დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებაში. აუცილებლად უნდა მოგვარდეს ურთიერთობები რუსეთთან. ის ადამიანი, რომელსაც რუსეთთან არ უნდა ურთიერთობის მოგვარება, საქართველოს მტერია.

_ 2015 წელს შესაძლოა, რომ პროცესები სხვაგვარად წარიმართოს?

_ გლობალიზაციის პირობებში ზღვარი საგარეო და საშინაო პოლიტიკას შორის თითქმის წაშლილია, ამიტომ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ვითარებაზე. საქართველოს მოსახლეობისთვის აქტუალურია ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება და კეთილდღეობის ამაღლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს აზრი ეკარგება. ჩვენი მოსახლეობა დაიღალა ამდენი გაჭირვებითა და კონფლიქტებით, ამიტომ ხელისუფლების ძალისხმევა ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისკენ უნდა იყოს მიმართული და არა პოლიტიკური ელიტის კეთილდღეობისკენ.

ვისურვებდი, რომ 2015 წელი ჩვენთვის სიმშვიდისა და კეთილდღეობის წელი ყოფილიყოს!

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here