Home რუბრიკები საზოგადოება განახლებული “აბრეშუმის გზის” კიდევ ერთი ეტაპი დეკემბერში დასრულდება

განახლებული “აბრეშუმის გზის” კიდევ ერთი ეტაპი დეკემბერში დასრულდება

თათბირი, რომელიც ახალქალაქში გაიმართა და მარაბდა-კარწახი-ყარსის ტრანსეროვნული რკინიგზის მშენებლობის მიმდინარე წლის დამამთავრებელი ეტაპის მიმდინარე საკითხებს მიეძღვნა, საკმაოდ მკაცრი და პრინციპული იყო.


_ რით იყო ეს გამოწვეული? _ ვეკითხები მაგისტრალის მშენებლობის ხელმძღვანელ ოლეგ ბიჭიაშვილს.

_ მთავარი პრობლემა, _ თქვა ბატონმა ოლეგმა, _ ოქტომბრის თვის მუშაობის შედეგებში დევს. ველოდით, რომ სამუშაოთა მოცულობა 10 მილიონ დოლარზე მეტი იქნებოდა. ჩვენი ვარაუდი წინა 5 თვის მონაცემებიდან გამომდინარეობდა, როცა ყოველ თვეში 11 მილიონი დოლარის სამუშაოს ვასრულებდით. ოქტომბერში 14 მილიონის ფარგლებში უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურად გამოიკვეთა, რომ სადღაც 10-11 მილიონზე გავდივართ. ასეთი ჩამორჩენა გამოიწვია რიგმა ობიექტურმა და სუბიექტურმა მიზეზებმა.

_ კერძოდ?

_ ობიექტურ მიზეზთა შორის, უპირველესად, ამ შემოდგომის უხვნალექიანობას დავასახელებ; სუბიექტური მიზეზებიდან კი ზოგიერთი ხელმძღვანელის მცდარი გათვლები და სამუშაოს არაპროფესიული ორგანიზება იყო.

_ რა სამუშაოზეა ლაპარაკი?

_ ელექტროქვესადგურებზე. ექსპლუატაციაში შევიდა თეთრიწყაროს ქვესადგური. ნადარბაზევის ქვესადგურიც დამთავრდა და სამუშაოთა შესრულებაში უნდა ჩათვლილიყო. ორივეს ღირებულება 6,5 მილიონი ლარია. აღმოჩნდა, რომ 2012 წელს სრულიად უსაფუძვლოდ 1,5 მილიონი ლარი ავანსად იყო გადახდილი, რაც დაუშვებელია. ელექტროქვესადგური საექსპლუატაციოდ ჩაბარებული არ ყოფილა, ფული კი გადაიხადეს.

_ იმ თათბირზე თქვენ, ბატონო ოლეგ, ქვეკონტრაქტორი ფირმის ერთერთ წარმომადგენელს პირდაპირ უთხარით, _ ავტორიტეტი არ გაქვთო. ასეთ სიმკაცრეს რით ახსნით?

_ როცა ხელმძღვანელი თავიდან განაცხადებს, შესრულებული იქნება 7 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოო, ხოლო თვის ბოლოს _ 30 რიცხვში გეტყვის, რომ 5 მილიონზე გაჩერდება, იგი საკუთარ ავტორიტეტს თვითონვე არ უფრთხილდება. ეს უპასუხისმგებლობაც არის და უავტორიტეტობაც, რაც დავაფიქსირე კიდეც.

_ ელექტროქვესადგურების თემა რკინიგზის საკონტაქტო ქსელით რომ გავაგრძელოთ, ალბათ, ლოგიკური იქნება.

_ დიახ.

_ მაშინ შეკითხვა: რკინიგზის მაგისტრალის უმეტესი ნაწილი საკონტაქტო ქსელის გარეშეა დარჩენილი, რატომ?

_ საკონტაქტო ქსელი სრულად 180 კილომეტრზე უნდა დამონტაჟდეს _ ძველი მთლიანად ახლით უნდა შეიცვალოს _ ტექნოლოგიები სრულიად ახალია. საქმე, რა თქმა უნდა, რთულია. დღეისთვის ეს ქსელი 80 კილომეტრზეა გაყვანილი. ერთი წლის წინათ მხოლოდ 30 კილომეტრი იყო ჩაბარებული, ისიც _ არასრულად.

_ .. ხუთ წელიწადში მხოლოდ 30 კილომეტრზე აშენდა?

_ დიახ, ხუთ წელიწადში მხოლოდ ამდენი იყო, ბოლო ერთ წელიწადში კი  50 კილომეტრზე ვამონტაჟებთ. ოქტომბრის ბოლოდან მესამე ეტაპს შევუდგებით, ანუ დავიწყებთ მონტაჟს წალკა-ახალქალაქის უბანზე, რომლის სიგრძე 74 კილომეტრია, პლუს ამას ახალქალაქიდან სადგურ კარწახამდე 27 კილომეტრი. სამუშაო 2015 წლის ბოლოსთვის უნდა დავასრულოთ. ამის შემდეგ გზა მთლიანად ელექტრიფიცირებული იქნება.

_ დაახლოებით ერთი თვის წინათ განზრახული გქონდათ რკინიგზის ახალქალაქის სადგურამდე შეყვანა

_ წლევანდელი 13 აპრილიდან 18 სექტემბრამდე წალკა-ახალქალაქის უბანზე დიდი მოცულობის სამუშაო შევასრულეთ. ძველი ლიანდაგი მთლიანად ავყარეთ, მოვაწყვეთ მიწის ახალი ვაკისი და ზედ ახალი ლიანდაგი დავაგეთ, ანუ 6 თვეში 74 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი რკინიგზა გავიყვანეთ.

_ წინა ხუთ წელიწადში რამდენი იყო?

_ მე რომ მოვედი, დაგებული დამხვდა 80 კილომეტრი, მაგრამ ეს განვლილი ეტაპია და, მართალი გითხრათ, დღეს არ გვაინტერესებს, რა იყო ჩვენამდე. რახან შემეკითხეთ, მეც იმიტომ გიპასუხეთ.

(შევეკითხე არა იმიტომ, რომ ახალი ხელმძღვანელის სამაგალითო მუშაობა წარმომეჩინა _ ბატონი ოლეგი მისი პიროვნებისა და საქმიანობის ხაზგასმას კატეგორიულად ეწინააღმდეგება _ არამედ იმიტომ, რომ ჩვენი მკითხველებისთვის შემეხსენებინა ის ბაქიობა და სიცრუის კორიანტელი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა იკადრა მარაბდაკარწახის რკინიგზასთან დაკავშირებით, როცა ახალქალაქის სადგურის ფონზე მდგარმა თვითკმაყოფილებით განაცხადა, _ მის დროს აქ მუშაობა დუღდა, არჩევნებში ივანიშვილს გამარჯვების შემდეგ კი ყველაფერი ჩაკვდა და ჩაიშალა.

ბატონ ოლეგ ბიჭიაშვილის პასუხმა, დარწმუნებული ვარ, ჩვენს მკითხველებს რეალობა შეულამაზებლად დაანახა).

_ მთავარი ისაა, რომ დღეს ლიანდაგი მთლიანად შეერთებულია. საექსპლუატაციოდ მის ჩასაბარებლად, რა თქმა უნდა, დრო და სამუშაოების დიდი მოცულობის შესრულება (ღორღის შეტანა, ლიანდაგის წამოწევა და გასწორება) იქნება აუცილებელი, მაგრამ ამისთვის ერთი წელიწადი სავსებით საკმარისია. სამი ქვეყნის _ საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის ხელმძღვანელების, სამი ქვეყნის მთავრობების წინაშე, დარწმუნებული ვარ, თავს არ შევირცხვენთ, პირობას შევასრულებთ: სატესტო მატარებელი კარწახამდე წლის ბოლოს აუცილებლად გაივლის.

(აქვე შევნიშნავ, რომ ახალქალაქის სადგურზე უკვე შევიდა პირველი სატვირთო ვაგონები).

_ ბატონო ოლეგ, სულ სამი დღის დანიშნული იყავით, როცა პირველად ამოხვედით ახალქალაქში და აქ დაგხვდნენ მუშები, რომლებიც რამდენიმე თვის უხელფასობას აპროტესტებდნენ.

_ მართალი ხართ, ასე იყო. ტელევიზიითაც გამოდიოდნენ ამ პრობლემით, მაგრამ უკვე წელიწადია, ყველაფერი ეტაპობრივად მოგვარდა. საკითხი ასე დგას: იქნება შესრულებული სამუშაო მოცულობა, იქნება დაფინანსებაც. აქედან გამომდინარე, მიზნად დავისახეთ, სამუშაოთა მოცულობის გაზრდა, შევასრულეთ კიდეც, რამაც ანაზღაურების გაზრდა და ფინანსების უწყვეტი შემოდინება უზრუნველყო. ამან ხელი შეუწყო ფინანსური პრობლემის დაბალანსებას: ძველი ვალები გასტუმრებულია, მიმდინარე ხელფასები დაუგვიანებლად გაიცემა.

_ სამუშაოთა ორგანიზებისა და პასუხისმგებლობის განაწილების შესახებაც მინდა გკითხოთ, ბატონო ოლეგ.

_ ალბათ, მიაქციეთ ყურადღება, რომ დღევანდელ თათბირს უძღვებოდა ახალგაზრდა კაცი, ჩემი ერთ-ერთი მოადგილე ლევან კანკავა, რომელიც პასუხისმგებელია ახალქალაქის კვანძის მშენებლობაზე.

მშენებარე რკინიგზის უბნები მე და ჩემმა სამმა მოადგილემ გავიპიროვნეთ, რადგან 210-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე სამუშაოთა მოცულობა ძალიან დიდია. ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობის კონკრეტულ ადამიანებზე განაწილება გაცილებით შედეგიანია.

შპს “მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის” კოლექტივში მთლიანი მართვის სისტემა შევქმენით, ჩამოვაყალიბეთ სათათბირო ორგანო, რომელშიც გაერთიანებულნი არიან ჩემი მოადგილეები, ყველა დეპარტამენტისა და სამსახურის უფროსები. ამ სათათბიროში ხდება წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა შეთანხმებით, კონსესუსის საფუძველზე, გამოცდილების, ცოდნის, პროფესიონალიზმის გათვალისწინებით.

_ თუ მიგიღიათ ისეთი გადაწყვეტილება, რომელზეც შემდგომ უარი თქვით?

_ იყო, მაგრამ უფრო ყოფით საკითხზე. მაგალითად, გადავწყვიტეთ, გვეყიდა ყავის მოსადუღებელი აგრეგატი თანამშრომლებისთვის. დიდი ფუფუნება არ არის, მაგრამ, როცა დავადგინეთ, რომ 1400 ლარზე მეტი ღირდა, შეძენაზე უარი ვთქვით.

_ საბიუჯეტო სახსრების მომჭირნეობით ხარჯვის ამ პრინციპიდან გამომდინარე, საინტერესოა, როგორ აფასებთ სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ ძვირადღირებული, მრავალფუნქციური მობილური ტელეფონის შეძენის ფაქტს, რომლის გამოც გასულ კვირაში დიდი ხმაური იყო ატეხილი მასმედიაში?

_ ჩემი სუბიექტური აზრი თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ მინისტრებს უნდა ჰქონდეთ თანამედროვე მოდელის ტელეფონები. და ეს სასაუბრო თემა არ უნდა იყოს, რადგან ახალი ტექნოლოგიები დარგების ოპერატიულად მართვის შესაძლებლობას იძლევა. ფუფუნების საგანი კი არ არის ტელეფონი, არამედ მართვის ეფექტიანი საშუალებაა და, რაც უფრო მეტი ფუნქციით იქნება იგი აღჭურვილი, მით უკეთესია.

_ რახან ეფექტიან მუშაობაზე ჩამოვარდა საუბარი, მინდა, გკითხოთ: არის ჩვენს ქვეყანაში უფროსი თაობის ცოდნისა და გამოცდილების ახალგაზრდულ ენერგიასთან და პროფესიონალიზმთან შერწყმის პირობები შექმნილი?

_ პირობები არსებობს, მაგრამ, ჩემი აზრით, ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გამოყენებული. ჩვენი კომპანია მსგავსი პრაქტიკის საუკეთესო მაგალითია. “მარაბდა-კარწახის რკინიგზაში” მუშაობენ უფროსი თაობის გამოცდილი ადამიანები ახალგაზრდებთან ერთად. მათი ერთობლივი მუშაობა უაღრესად ეფექტიანია, ახალი თაობა იძენს ძვირფას ცოდნას ძველი თაობის წარმომადგენლებისგან, რომლებიც, თავის მხრივ, თანამედროვე ტენდენციებს და მიმართულებებს ეცნობიან ახალგაზრდა პროფესიონალების დახმარებით. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ჯანსაღი სამუშაო გარემო. არ უნდა დაიკარგოს უფროსი თაობის გამოცდილება, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ ცოდნა გადასცენ ახალგაზრდებს.

პროფესიონალიზმი ის დიდი ბერკეტია, რომლის გონივრული გამოყენებით შესაძლებელი იქნება ქვეყნის  უკეთესობისკენ შემობრუნება.

_ რკინიგზა, რომელსაც თქვენ აშენებთ, აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელი დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია. რამდენად არიან დაინტერესებულნი სხვა ქვეყნები ამ რკინიგზის რაც შეიძლება მალე ამუშავებით?

_ ორი სიტყვით გიპასუხებთ: ამ დერეფნის გახსნით ძალიან არიან დაინტერესებული ცენტრალური აზიის ქვეყნები, კერძოდ, ყაზახეთი, უზბეკეთი, ახლა ტაჯიკეთიც ჩაერთო; ასევე, წყნარი ოკეანის ქვეყნები _ ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ინდოეთი, პაკისტანი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ავღანეთიც კი.

ორი კვირის წინათ ბაქოში გაიმართა დიდი ფორუმი, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი და სიტყვითაც გამოვედი. სწორედ აქ გამოხატეს ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა თავიანთი დიდი დაინტერესება ჩვენი მშენებარე მაგისტრალის ამოქმედებისადმი.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩვენი პრემიერის _ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლამ, რომელშიც მარაბდა-კარწახი-ყარსის მაგისტრალს სერიოზული ყურადღება დაეთმო. ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2015 წელს საქართველოში მოვიწვევთ ფორუმს ზუსტად ამ თემაზე. ასეთი ყურადღება ჩვენთვის სასიამოვნოც იყო და საპასუხისმგებლოც.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here