Home რუბრიკები პოლიტიკა ნარკოტიკების “ჩადება” ისევ დაიწყო

ნარკოტიკების “ჩადება” ისევ დაიწყო

876

ბოლო ხანს დღე არ გავა, სასტიკი მკვლელობის, ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტების შესახებ არ მოვისმინოთ. მთავრობა ამას დივერსიას უწოდებს და “ნაცებს” აბრალებს. ხალხმაც იცის, რისი კადრება შეუძლიათ “ნაცებს” და რა ბერკეტები აქვთ ქვეყანაში ვითარების დასაძაბავად, მაგრამ მაინც ყველა თვლის, რომ ორი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნა, თუ ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად _ არა, პოლიციის “ნაცებისგან” გასაწმენდად მაინც უნდა ყოფილიყო საკმარისი. 


ეს _ რაც შეეხება კრიმინალსადამიანის უფლებათა დამცველები უკვე დაუფარავად საუბრობენწამლის ჩადებისფაქტების გახშირებაზე. ერთერთი ასეთი საქმეა ჩვენი კოლეგის, ახალგაზრდა ჟურნალისტ თეა ასათიანის ძმის _ კახა ასათიანის საქმე. თეა ასათიანი, რომელიც მძიმე ავადმყოფობის შედეგად ცოტა ხნის წინათ გარდაიცვალა, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ძმის უდანაშაულობის დასამტკიცებლად იბრძოდა. “საქართველო და მსოფლიოსდაუკავშირდა კახა ასათიანის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე, რომელიც ემოციებს ვერ ფარავდა:

_ მერე რა, რომ კახა ასათიანმა ნარკოტიკის არსებობა კატეგორიულად უარყო… მერე რა, რომ ნარკოლოგიურ განყოფილებაში მის მიერ ნარკოტიკის მოხმარება არ დადასტურდა… მერე რა, რომ ნარკოტიკების მოხმარებაში შემჩნეული არასდროს ყოფილა და არც ნასამართლევი ყოფილა არასდროს… მერე რა, რომ “ქართულმა ოცნებამ”პირობა დადო, რომ მსგავს ფაქტებს აღარ დაუშვებდა?!

_ ქალბატონო მაგდა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

_ ამა წლის 19 აგვისტოს კახა ასათიანი და მისი მეგობარი გოჩა მუკბანიანი გლდანის ა მიკრორაიონში მდებარე საშაურმიდან გამოდიოდნენ. მათ მიუახლოვდა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ოთხი პიროვნება, რომლებმაც უთხრეს, რომ გლდანის პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლები იყვნენ და კახა ასათიანს სთხოვეს, გაჰყოლოდა, გოჩა მუკბანიანი კი გაუშვეს.

პოლიციელებმა ახსნა-განმარტების გარეშე ხელბორკილი დაადეს კახა ასათიანს, მანქანაში ჩასვეს და პოლიციაში წაიყვანეს. კახამ მაშინვე მოითხოვა, ადვოკატთან დარეკვის ნებართვა მიეცათ, მაგრამ პოლიციელებმა უარი უთხრეს, ამის საჭიროება არ არისო.

გოჩა მუკბანიანმა, როგორც კი ასათიანი პოლიციის მანქანაში ჩასვეს, ტაქსი გააჩერა და მათ უკან გაჰყვა. მუკბანიანმა საკუთარი თვალით ნახა, რომ მეგობარი ხელბორკილით აიყვანეს პოლიციის შენობაში. ის ადასტურებს, რომ ჩხრეკა არ ჩატარებულა, ასათიანისთვის დაკავების მოტივი არ განუმარტავთ და, შესაბამისად, არც ოქმი შეუდგენიათ.

პროცედურის მიხედვით, დაკავებულს მაშინვე უნდა განემარტოს, რატომ არის დაკავებული და რაშია ეჭვმიტანილი, მაშინვე უნდა შედგეს ოქმიც. ასათიანის შემთხვევაში კი მსგავსი არაფერი მომხდარა.

კახა ასათიანმა მას შემდეგ, რაც ხელბორკილდადებული პოლიციის შენობაში შეიყვანეს, დერეფანში გავლისას იგრძნო, რომ ვიღაც უკანა ჯიბეზე შეეხო. კახა სწრაფად შებრუნდა და პოლიციელ ზურა დათუაშვილს ჰკითხა, რაშია საქმეო? დათუაშვილმა კი გაღიზიანებულმა უპასუხა: “რა იყო, ჩვენში ეჭვი გეპარება?”

ასათიანი კაბინეტში შეიყვანეს და უთხრეს, ჯიბიდან ამოეღო ყველა ნივთი. ხელბორკილიანმა ასათიანმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. როგორც შემდეგ განაცხადა, პოლიციელები მის ზედაპირულ შემოწმებას აწარმოებდნენ და არა _ ჩხრეკას. ეს პროცედურა რომ დასრულდა, პოლიციელმა დათუაშვილმა ფოლგაში გახვეული რაღაც დადო მაგიდაზე და იკითხა, ვისიაო? როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო 2,5 აბი “სუბოტექსი”. ასათიანი არ ადასტურებს, რომ ეს აბები ჯიბეში ედო. ის არ გაუჩხრეკიათ, მხოლოდ ზედაპირულად შეამოწმეს და ფოლგაში გახვეული საგანი პირველად პოლიციელი დათუაშვილის ხელში დაინახა.

ახლა კახა ასათიანს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

როდესაც ასათიანი აღმკვეთ ღონისძიებაზე გადაიყვანეს და საქმის განხილვა მიმდინარეობდა, ადვოკატმა ნახა, რომ საქმეში ეწერა, თითქოს ასათიანის ჩხრეკა ეკლესიის ეზოში მოხდა, ხოლო საშაურმე, რომელთანაც რეალურად დააკავეს ბრალდებული, ნახსენები არ იყო.

მოსამართლე გიორგი არევაძე, როცა საქმის ვითარება შეიტყო, ბრალდების მხარეს, ანუ პროკურორ მარიამ სორდიას მიუბრუნდა და უთხრა, თქვენ მომმართეთ შუამდგომლობით, სადაც აღნიშნული იყო, რომ პოლიციელების მიერ ჩხრეკა ჩატარდა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული კი ამბობს, ჩხრეკა პოლიციის შენობაში ჩატარდაო. მოსამართლემ პროკურორს ჰკითხა, იცოდა თუ არა მან ამის შესახებ. პროკურორმა უპასუხა, ჩემთვის ეს ცნობილია, მაგრამ მომხდარში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავო.

მოსამართლემ მითითება გასცა, სასწრაფოდ დაწყებულიყო მოკვლევა.. თუ დადასტურდა, რომ კახა ასათიანის ჩხრეკა პოლიციის შენობაში ჩატარდა, მაშინ საქმე სხვაგვარად განვითარდება.

ჩვენ, დაცვის მხარეს, საკმაო მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ ასათიანის ჩხრეკა მისი დაკავების მომენტში არ ჩატარებულა, რასაც მისი მეგობარი გოჩა მუკბანიანიც ადასტურებს. მუკბანიანის ჩვენების შემდეგ პროკურატურამ ჩაწერა, რომ ასათიანის დაკავება არა ეკლესიასთან, არამედ საშაურმესთან მოხდა.

მეორე ადვოკატმა როლანდ ასაკაშვილმა სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა დააყენა და მოითხოვა, რომ 2014 წლის 19 აგვისტოს გლდანის პოლიციის განყოფილების ვიდეოჩანაწერები ამოეღოთ, მაგრამ უთხრეს, ასეთი ჩანაწერები არ არსებობსო. აშკარაა, რომ ჩანაწერები დამალეს.

ჩვენ, დაცვის მხარემ, მივმართეთ თბილისის პროკურორ მიხეილ შაყულაშვილს და მოვითხოვეთ, დაიწყოს გამოძიება კახა ასათიანის საქმეზე და დაიკითხოს პოლიციელი ალექსი მელაძე, რომელმაც თვითონ შეთხზა ამბავი (ან ინფორმატორმა მიაწოდა ყალბი ინფორმაცია), თითქოს ასათიანი დააკავეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობისას, თან ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა და ნარკოტიკული თრობის ქვეშაც იმყოფებოდა.

_ ასათიანი ნარკოტესტზე არ შეუმოწმებიათ?

_ კახა ასათიანი შეამოწმეს ნარკოლოგიურ კლინიკაში, მაგრამ მას არ დაუდგინდა ნარკოტიკების ზემოქმედება. არადა, პოლიციელები აცხადებენ, რომ დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა მისი დაკავება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კახა ასათიანი არასოდეს ყოფილა ნარკოტიკების მომხმარებელი.

კახა ასათიანი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, ჰყავს ობოლი დისშვილი და მოხუცი დედა. მოსამართლემ გაიზიარა ბრალდებულის ოჯახური მდგომარეობა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ახლახან შევიტყვეთ, რომ პროკურატურა აპირებს, კახა ასათიანი ციხეში შეაბრუნოს. ჩვენ ვეცდებით, მისი უდანაშაულობა დავამტკიცოთ. აუცილებლად მივმართავ ევროკავშირის ელჩს, ამერიკის ელჩს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ჩავაყენებ საქმის კურსში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრა შს მინისტრთან. თუ იცის, რომ ეს ყველაფერი ხდება პოლიციაში და გაჩუმებულია, ძალიან ცუდი. და თუ არ იცის, რომ ასეთი დარღვევები ხდება, მაშინ ეს უკვე საბოტაჟია და ყველა შემთხვევაში უნდა დაიწყოს გამოძიება. მან ეს საქმე პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს.

გარდა ამისა, აღვნიშნავ, რომ მას შემდეგ, რაც ადვოკატები გავაქტიურდით (შევეცადეთ, გაგვეხმაურებინა ფაქტი; მიგვემართა მინისტრისთვის; საჩივარი შევიტანეთ პროკურატურაში და ა. შ.), გლდანის მეორე განყოფილების პოლიციელები შეეცადნენ, პროვოკაციაზე წამოეგოთ კახა ასათიანი. სახლთან დარაჯობდნენ, მერე ერთ-ერთი (ტუხაშვილი)  გადმოვიდა მანქანიდან, _ შენ, ბიჭო, ისევ გარეთ ხარ, კიდევ არ დაგიჭირესო?! _ ასეთი ტექსტით მიმართა კახას.

პოლიციელთა ასეთი ქმედებები გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოდ, რომ ეს ადამიანები კახა ასათიანის დაკავებით არიან დაინტერესებული. რატომ, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი მინისტრმა არ იცის და სწორედ ამიტომ ვცდილობთ მასთან შეხვედრას. თუ სიმართლის დამტკიცება ვერ შევძელით, მივმართავ ჩემს კოლეგებს, უფლებადამცველ გაერთიანებებს და მოვაწყობ აქციებს… სხვა გზა აღარ გვრჩება.

_ კახა ასათიანი გლდანინაძალადევის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს; ამ რაიონის პოლიცია ადრეაუღებელი ციხესიმაგრეიყო. დღესაც ასეა?

_ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილების ქმედებები ძალიან კარგად ვიცი. ამ რაიონის პოლიციის თანამშრომლები პირადი წყენის საფუძველზე “აფუჭებდნენ” ადამიანებს, წლების განმავლობაში ხდებოდა დანაშაულის დაბრალება, “წამალზე დასმა”, “წამლის ჩადება”. ამის გამკეთებლები დღესაც იქ მუშაობენ. რაც შეეხება “ნაცების” პერიოდს”, სულ დავა მქონდა ზაზა კვირკველიასთან, გლდანი-ნაძალედევის ერთ-ერთ პროკურორთან, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა, როგორ “უდებდნენ წამალს” მისი თანამშრომლები კონკრეტულ პიროვნებებს. ეს ადამიანი დღემდე ამ რაიონის პროკურორია. აგრეთვე, დღესაც მაღალ თანამდებობაზეა გლდანის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების ყოფილი უფროსი თემურ კალანდაძე, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სისასტიკითა და არაპროფესიონალიზმით. თემურ კალანდაძე “ნაცების” პერიოდში ხმამაღლა ამბობდა, ვიდრე ეს მთავრობა იქნება, ხელს ვერავინ მახლებსო. დღეს კალანდაძე ახალციხეში მუშაობს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და კვლავაც გაიძახის, ხელს ვერავინ მახლებს ამ მთავრობის ხელშიო. 

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here