Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკის კომპეტენტურობის კრახი

ამერიკის კომპეტენტურობის კრახი

594

ამ სტატიის ავტორი სამი წლის იყო, როდესაც იაპონიის იმპერიამ უმძლავრესად დაარტყა ჰერლ-ჰარბორს და საფუძვლიანად დაანგრია აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის სახაზო ხომალდი “როუ”. 6 წლის ვიყავი, როდესაც გენერალი მაკარტერი ტოკიოში იმ კაბინეტში იჯდა, რომლის ფანჯრებიდან იმპერატორის სასახლე ჩანდა და განადგურებულ იაპონიას პირობებს კარნახობდა.


1956 წელს პრეზიდენტმა ეიზენჰაურმა, ჰიტლერულ გერმანიაში ნანახი ავტობანის შთაბეჭდილებით, განკარგულება გასცა აშშ-ში ფედერალური ჩქაროსნული ავტომაგისტრალების აშენების თაობაზე, რომლებმაც ამერიკა შეკრა. ეს იყო სამოქალაქო ისტორიაში ერთ-ერთი გრანდიოზული პროექტი სამოქალაქო მშენებლობისა.

1961 წელს ჯონ კენედიმ თქვა, რომ ნიკიტა ხრუშჩოვის ხელმძღვანელობით საბჭოთა კავშირის მიერ კოსმოსურ რბოლაში დამარცხებული ამერიკის შეერთებული შტატები ათწლიან ვადაში დასვამდა მთვარეზე ადამიანს, შემდეგ კი უკან, დედამიწაზე დააბრუნებდა.

1969 წლის ივლისში პრეზიდენტი ნიქსონი ავიამზიდ “ჰორნეტის” გემბანიდან მიესალმა მთავრიდან დაბრუნებულ “აპოლონ 11”-ის ეკიპაჟს, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: არმსტრონგი, ოლდრონი და კოლინზი.

რა დაემართა ამერიკას? რა დაემართა ერს, რომელიც ყოველთვის ამბობდა “დიახ, ჩვენ შეგვიძლია”? რა გვჭირს ჩვენ, ყველას?

ოქტომბერში დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრი ზოზინებდა და არ იცოდა, როგორ დაეცვა დასავლეთი აფრიკის სამ პატარა ქვეყანაში მყოფი ამერიკელები ებოლას ვირუსისგან.

სექტემბერში დანით შეიარაღებული ბოროტმოქმედი თეთრი სახლის ღობეზე გადაძვრა, მინდორი გადაირბინა, პრეზიდენტის სასახლეში წინა კარიდან შევიდა, ხელიდან დაუსხლტა დაცვის წევრ ქალს და მიაღწია აღმოსავლეთით მდებარე ოთახამდე, სადაც საიდუმლო სამსახურის აგენტმა შეაჩერა. პრეზიდენტი რამდენიმე წუთის წასული იყო თეთრი სახლიდან. ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღით ადრე კი საიდუმლო სამსახურმა ლიფტში ბარაკ ობამასთან ერთად კრიმინალური წარსულის მქონე შეიარაღებული მცველი შეუშვა.

გასული წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცენტრალური ამერიკიდან წამოსულმა 60 ათასმა ბავშვმა და ახალგაზრდამ სასაზღვრო დაცვა გადათელა და აშშის ტერიტორიაზე შემოიჭრა. გაზაფხულზე შევიტყვეთ, რომ ავადმყოფ და ჭრილობებით გატანჯულ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს აიძულებდნენ, თვეობით დალოდებოდნენ ომის ვეტერანთა სამმართველოს ექიმების კონსულტაციას. ლოდინის პერიოდში კი შეიძლებოდა, ათეულობით ვეტერანი გარდაცვლილიყო. უფრო ადრე ობამას მიერ დაწყებული ჯანმრთელობის სისტემის რეფორმა, რომლის მომზადებასაც წლები დასჭირდა, ანეკდოტად და ხელისუფლების არაკომპეტენტურობის ნიმუშად იქცა.

პრეზიდენტ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში ქარიშხალმა “კატრინამ” ნიუ ორლეანის 30 ათასი მცხოვრები სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო. ვერც ქალაქმა და ვერც შტატმა ვერ შეძლო სტიქიას გამკლავებოდა. 1940 წელს კი 350 ათასი ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც დიუნკერკთან ალყაში მოაქციეს, 5 დღეში იხსნეს თანამემამულეებმა, რომლებმაც ისინი ლა მანშის სრუტეზე კატერებითა და იახტებით გადაიყვანეს ვერმახტისა და ლიუფტვაფეს ცეცხლის ქვეშ.

ეს მოვლენები ძირს უთხრის ამერიკელთა ნდობას თავიანთი ლიდერებისა და მთავრობის კომპეტენტურობისადმი. ამერიკელთა უმრავლესობა ამჟამად მიიჩნევს, რომ ქვეყანა ქვევით მიექანება, რომ მათი მომავალი ისეთივე კარგი არ იქნება, როგორიც იყო წარსული, რომ ჩვენ არასწორი მიმართულებით მივდივართ. ჩვენი საზოგადოება შეშფოთებულია.

და ამ განწყობას აქვს მნიშვნელოვანი მიზეზები.

*ავღანეთში, ერაყსა და ლიბიაში გამართული ომების გამო ყველას მდგომარეობა გაუარესდა _ მათიც და ჩვენიც. ერაყსა და სირიაში ახალი ომის დაწყებისას ჩვენ არ შეგვიმუშავებია სტრატეგია, რომელიც ნდობას იმსახურებს და არ გაგვიგზავნია მეომართა საკმარისი რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფდა ამერიკელთა გამარჯვებასისლამურ სახელმწიფოზე”. ამერიკელები უკვე სვამენ კითხვას: რატომ გახდა ჩვენიც ეს ომი?

*1970-იანი წლებიდან მომუშავე ამერიკელთა რეალური ხელფასი არ გაზრდილა და ჩვენ განუწყვეტლივ გვიგროვდება სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო, რომელიც დღეს 10 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ობამას პერიოდში ნაციონალური ვალის მოცულობამ მთლიან შიგა პროდუქტს გადააჭარბა. ჩვენი საწარმოო ბაზა გაჩანაგებულია, ამას ნათელი მაგალითია დეტროიტი. ჩვენ ფულს ვსესხულობთ ჩინეთისგან, რათა მისგანვე ვიყიდოთ საქონელი. ვალს ვიღებთ იაპონიისა და ევროპისგან, იმისათვის, რომ დავიცვათ იაპონია და ევროპა, თუმცა მეორე მსოფლიო ომი 70 წლის წინათ დამთავრდა.

*საფოსტო კომპანია FedEx-ი ყოველდღიურად ადგენს მილიონობით ამანათის მისამართს, ამერიკის მთავრობამ კი ვერ შეძლო 12 მილიონი უკანონო იმიგრანტის მოძებნა და უკან გაგზავნა. 30 წელიწადი გავიდა რეიგანის ამნისტიიდან, როდესაც გაისმა დაპირება ჩვენი საზღვრების დაცვის შესახებ, და აი, ობამა მრავალი მილიონი არალეგალისთვის ამზადებს საპრეზიდენტო ამნისტიას, რომელიც ძალაში არჩევნების შემდეგ შევა. საზღვრები კი არავის დაუცავს.

*თუკი სახელმწიფომ წამყვანი როლი უნდა ითამაშოს რომელიმე სფეროში, ეს არის გზების, ხიდების, ავტომაგისტრალებისა და აეროპორტების მშენებლობა, აგრეთვე, სახელმწიფო სკოლების მართვა, მაგრამ ჩვენი ინფრასტრუქტურა ინგრევა, ამერიკელი ბავშვები სულ უფრო ქვევით ეშვებიან საერთაშორისო შეჯიბრებებში, საგანმანათლებლო სფეროში კი რასობრივი განსხვავების პრობლემა აღმოფხვრილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი საუკუნის განმავლობაში განათლებაში ტრილიონები ჩაიდო.

*ჩვენი სახელმწიფო უწყებები, არმიის გამოკლებით, ძირითადად, წარუმატებლობას განიცდიან. კონგრესი გამოუვალ მდგომარეობაშია. პრეზიდენტს გაუბედავ და მოუხერხებელ პიროვნებად თვლიან. უზენაეს სასამართლოში განხეთქილებაა.

1960-იან წლებიდან შობილი ჩვენი პოლიტიკური, რასობრივი და კულტურული წინააღმდეგობები და შეჯახებები ყოველდღიურად ძლიერდება და ღრმავდება საკაბელო ტელევიზიების, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით.

“ყველაფერი ინგრევა, ცენტრი ვერ უძლებს და მსოფლიოში ანარქია მძლავრობს”, _ წერდა პოეტი იეიტსი.

დრამატურგმა კლერ ლუისმა ამის შესახებ სხვანაირად თქვა: ამ მსოფლიოში არიან ორი ტიპის ადამიანები _ ოპტიმისტები და პესიმისტები. და პესიმისტები უკეთ არიან ინფორმირებულები.

პატრიკ ბიუკენენი,

ამერიკელი პოლიტიკოსი

და პუბლიცისტი

The American Conservative (აშშ)

 

1 COMMENT

  1. ობამას ყოფილი თანაკურსელი ამბობს რომ ობამა სტუდენტობის დროს მგზნებარე მარქსისტ-ლენინისტი იყო და არ ჯერავს რომ ის შეიცვლებოდა. წყარო:
    http://www.thenewamerican.com/reviews/opinion/item/6079-college-mate-obama-was-an-ardent-marxist-leninist

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here