Home რუბრიკები პოლიტიკა თემურ შაშიაშვილი: ისევ ხალხი თუ შეძლებს ქვეყნის ხსნას, თორემ პოლიტიკოსებმა საქართველო გაწირეს

თემურ შაშიაშვილი: ისევ ხალხი თუ შეძლებს ქვეყნის ხსნას, თორემ პოლიტიკოსებმა საქართველო გაწირეს

584

პოლიტიკური პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს _ 1 ოქტომბერს 2 წლის განმავლობაში შეუსრულებელი დაპირებების შესახებ ქართველ ხალხს ანგარიში წარუდგინოს. თავად მიაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კატასტროფულად მძიმეა და აქედან გამომდინარე, ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.  თემურ შაშიაშვილი “საქართველო და მსოფლიოს” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ესაუბრა.


_ დემოკრატიულ მსოფლიოში, ნებისმიერი ხელისუფლების პატიოსნება იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რამდენად გულწრფელი და მართალია ის საკუთარ ხალხთან, სწორედ ამიტომ უნდა წარმოადგინოს ხელისუფლებამ ანგარიში. “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი აცხადებენ, აშენებული ქვეყანა დავტოვეთო, ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე შეგპირდითო და ხალხი დაიბნა. თუ ყველაფერი ასე კარგად იყო და არის, მაშინ რატომ არ ვცხოვრობთ შესაბამისად კარგად? როდესაც პარლამენტში მყოფი ორი პარტიისა (ამ შემთხვევაში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის”) და ხალხის ფიქრები დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში კრიზისია, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რაიონში საინიაციტივო ჯგუფები შეიქმნა. ჩვენ ათი ათასამდე კაცს შევხვდით, გამოვკითხეთ, მოვისმინეთ ყველას მოსაზრება და აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთაგან უმრავლესობა ფიქრობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაპირებები არ შეასრულა. მინდა, ვთქვა, რომ პირველმა ანალიზმა შემაშინა. ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა, სრულიად ახალგაზრდები მოვიდნენ ხელისუფლებაში, არც ერთ ქვეყანაში ასე არ ხდება. ან ხომ არ შეიძლება, ვინც შენს ბანკში მუშაობდა, მაინცდამაინც ის ხალხი დანიშნო თანამდებობაზე? შეხედეთ, რა ვითარებაა საქართველოს რეგიონებში, თუნდაც აჭარასა და ქუთაისში. ეჭვიც არ მეპარება, “ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციაშიც აღმოჩნდებიან ისეთი ღირსეული ადამიანები, რომლებიც გამოვლენ და იტყვიან, რა ხალხია იმერეთის “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანებული. იმიტომ ვარ ჯერჯერობით ჩუმად. იმერეთში “ქართული ოცნების” წევრების 90% ისეთია, რომელთა ახლოს მიკარებაც არ შეიძლებოდა ხელისუფლებასთან.

მოსახლეობის, ალბათ, 90%-მა, მხარი დაუჭირა არა უბრალოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ მდიდარ ბიძინა ივანიშვილს. ეს იყო ხალხის უდიდესი შეცდომა და დანაშაულიც კი. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა,  მილიარდერს რომ მისთვის სიკეთე მოეტანოს.

_ მაგრამ, ბატონო თემურ, ხალხს სხვა არჩევანი ჰქონდა? ქვეყანაში, მართალია, იყო ბევრი ოპოზიციური პარტია, მაგრამ მაღალი რეიტინგი არც ერთს არ ჰქონდა.

_ რა თქმა უნდა, ხალხს სხვა არჩევანი ჰქონდა. როდესაც ქვეყანაში ხალხის განწყობას მასმედია ქმნის და როდესაც არ არსებობს ობიექტური ტელევიზია, რა რეიტინგზე შეიძლება ვისაუბროთ? დღესაც ისეთი პარტიების წარმომადგენლები სხედან ტელევიზიებში და ისეთ პოლიტიკოსებს უწევენ პროპაგანდას, რომ ეს ქვეყნის დაღუპვის მომასწავებელია. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ გარედან გაწირა საქართველო. ქვეყანას ჰყავს ეროვნული განწყობის პარტიები და პოლიტიკოსები, კულტურის მოღვაწეები, მეცნიერები, მაგრამ მათ მიმართ ხელისუფლება ყურადღებას არ იჩენს. მერაბ ბერძენიშვილი უაღრესად ეროვნული კაცია, ის ხელისუფლება ხომ შეურაცხყოფას აყენებდა და ახლა ახალი მერი ჯერ შეჰპირდა, დავით აღმაშენებლის ძეგლს დავაბრუნებო და  აცხადებს, მარტო მე ვერ გადავწყვეტ, ხალხს უნდა მოვეთათბიროო. მერაბ ბერძენიშვილმა, რეზო ჩხეიძემ, ანზორ ერქომაიშვილმა და არნოლდ გეგეჭკორმა პროექტი მოამზადეს, მთავრობის მეთაურთან შეხვედრა უნდოდათ და ვერ შეხვდნენ. ემირ ბურჯანაძე, თბილისის გერბის ავტორი და თბილისის საპატიო მოქალაქე, ახლახან გარდაიცვალა, მეგონა, ქალაქის მერი და მთელი ხელმძღვანელობა დაესწრებოდა. არავინ მისულა, გული ჩამწყდა… ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია.

_ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სიღარიბე განახევრდა. ნიშნავს თუ არა ეს განცხადება, რომ მთავრობა ხალხს დაშორდა და საქმის კურსში აღარ არის?

_ არ მინდა ვიფიქრო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ზერელე კაცია, მაგრამ მისი განცხადებები ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. მან ხალხის განწყობა არ იცის. სიღარიბე კი არ განახევრდა, პირიქით, გაძლიერდა და ეს ლოგიკურია, ვინაიდან ამის საფუძველი შექმნა განვლილმა 9-წლიანმა მმართველობამ. ვინც უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში სააკაშვილის შემდეგ, ამ ვითარებაში სიღარიბის განახევრებას დავით აღმაშენებელიც კი ვერ შეძლებდა.

ამის მიუხედავად, ერთი პოლიტიკური ძალა _ “ნაციონალები” სინანულსაც არ განიცდიან, ბოდიშსაც არ იხდიან; მეორე ძალა _ “ქართული ოცნება” კი აცხადებს, რომ ყველაფერი კარგადაა. ივანიშვილმა დასავლეთს დიდი საქმე გაუკეთა _ საქართველოში ასეთი ერთ აზრზე მყოფი და გარედან მართვადი პარლამენტი არ ყოფილა. “ნაციონალებიც” და “ქართული ოცნებაც” ერთი ცენტრიდან, დასვალეთში არსებული სექტანტური ჯგუფებიდან იმართებიან. ჩვენ ამერიკელ და ევროპელ ხალხთან გვინდა ურთიერთობა, მაგრამ მაკკეინის, ლიბერმანის ჯგუფებს რომ თავისი ინტერესები აქვთ, ეს ხომ ცხადია. ესენი სექტანტური ჯგუფები არიან და ნახეთ, მათ შეძლეს “ნაციონალური მოძრაობაც” სექტად ექციათ. საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური ძალის სახელით შესულია სექტა და ამას დღევანდელი მთავრობა ითმენს. “ნაციონალებს” ჯიბგირებს, ქურდებს, ქვეყნის დამანგრეველს ეძახიან და მაინც პარლამენტში ჰყავთ.

ცოტა ხნის წინათ უცხოეთში ვიმყოფებოდი და უცხოეთი შეძრწუნებულია სააკაშვილის მმართველობის პერიოდით.

_ თუმცა უცხოელი მაღალჩინოსნები გამუდმებით მხარს უჭერენ მიხეილ სააკაშვილს და აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმის აღძვრა საქართველოს საერთაშორისო იმიჯს დააზარალებს.

_ ეს ტყუილია და საფრანგეთის ბოლო მაგალითიც ამას ადასტურებს. უკვე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი იჭერენ და ასამართლებენ პრეზიდენტებს. უბრალოდ, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ დიდი ფული შემოვიდა საქართველოში. მოსახლეობამ არ იცის სიმართლე. ერთხელ ედუარდ შევარდნაძემ მითხრა, ამერიკაში გამომიცხადეს, ამდენი ფული გამოგიგზავნეთ საქართველოში (ათი წლის განმავლობაში გამოგზავნილ დაახლოებით 20 მილიარდზე იყო საუბარი) და რა გააკეთეთ ამ ფულითო.

_ ამის შესახებ პრეზიდენტმა არ იცოდა?

_ არ იცოდა და ესაა მთელი ტრაგედია. აღმოჩნდა, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებს მისცეს. დღემდე ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ახერხებს, გაარკვიოს, რა ფული შემოვიდა საქართველოში და სად დაიხარჯა. არადა, ამის გარკვევა უპრობლემოდ შეიძლება. საინტერესოა, სად არის ეს ფული და ქართველმა ხალხმა, გარდა ნგრევისა, რა მიიღო აქედან. მხოლოდ პოლიტიკოსები გამდიდრდნენ. არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არც არავის უნდა ეს გამოიკვლიოს, ვინაიდან ამ ფულის 30% შემდეგ ისევ ქვეყნის გარეთ, ისეთ ლობისტურ ორგანიზაციებსა და პიროვნებებზე იხარჯებოდა, როგორებიც არიან, მაგალითად, კარლ ბილდტი, ჯონ მაკკეინი და ჯონ ლიბერმანი. უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. ისევ ხალხი თუ შეძლებს ქვეყნის ხსნას, თორემ პოლიტიკოსებმა საქართველო გაწირეს.

1995 წელს, როდესაც მოქალაქეთა კავშირი შეიქმნა, ყველას შემოგვთავაზეს გაერთიანება, მე მაშინ გამოვაცხადე, ვფიქრობ, დიდი ნაბიჯი გადაიდგმება კორუფციის წინააღმდეგ და საზოგადოებაც გაჯანსაღდება, თუ ყველა დეპუტატი, მინისტრი, გუბერნატორი, მერი, გამგებელი, პროკურორი, პოლიციისა და უშიშროების თანამშრომელი სახელმწიფო სამსახურში მისვლის შემდეგ შეძენილ სახლს, მანქანას, აქციებს, ბანკებში შეტანილ თანხებს სახელმწიფოს დაუბრუნებს, ვინაიდან არც ერთ მათგანს იმ ხელფასით, რომელიც გვეძლევა, არ შეგვეძლო მათი შეძენა-მეთქი. ტექსტიც შევადგინე და ხელის მოწერა ვთხოვე ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებს, ამ ნაბიჯს, რა თქმა უნდა, მოქალაქეთა კავშირის მხრიდან დიდი მხარდაჭერა არ მოჰყოლია, მაგრამ ვინც ყველაზე მეტად შეეწინააღმდეგა ამ ჯანსაღ პროცესს, მიხეილ სააკაშვილი იყო. 1997 წელს საჯაროდ ვთქვი, მიხეილ სააკაშვილი არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პიროვნებაა-მეთქი. თუმცა დღეს ის ხალხი უფროა საშიში, ვინც ჩემი შეფასებების ფონზე მაშინ სააკაშვილს ადიდებდნენ, აფინანსებდნენ და დღეს წაქცეულს სცემენ. მე ამ ხალხის უფრო მეშინია. ბატონი ბიძინა ივანიშვილიც ხომ ამბობს, რომ სააკაშვილს 2008 წლამდე აფინანსებდა. კორუმპირებულ, გათახსირებულ, ქვეყნის დამღუპველებს უხდიდა ხელფასებს?!

_ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უთანხმოება აშკარაა, როგორ ფიქრობთ, გადავა ეს დაპირისპირება სხვა ფაზაში, დაითხოვს თუ არა პარლამენტს გიორგი მარგველაშვილი?

_ გიორგი მარგველაშვილი ქვეყნისთვის ყველაზე დიდ უბედურებას წარმოადგენს, რადგან ამერიკის სექტანტურ ჯგუფებს ყველაზე დიდი ფული მასზე აქვთ დახარჯული. სწორედ ის იყო “სოროსის ფონდის”, NDI-ის, “თავისუფლების ინსტიტუტის” სათავეებთან. მეტიც, საკუთარი ინსტიტუტიც გაახსნევინეს და თავისი ყაიდის კადრები ამზადებინეს. ივანიშვილი ეხვეწა ხალხს, ქვეყნის დამაქცევარი კაცი აერჩიათ პრეზიდენტად. დასავლეთს აწყობდა ეს და იმიტომ. თუ ასე არ მოიქცეოდა, მთელ თანხას დაკარგავდა.

_ გაზეთისაქართველო და მსოფლიოჯერ კიდევ არჩევნებამდე წერდა პრეზიდენტის ინსტიტუტის, მისი ფუნქციების შესახებ. “საქართველოს არ აქვს მაღალი თანამდებობის უსაქმურების შენახვის ფუფუნება. პრეზიდენტის ფუნქციები ქვეყნის იმ სახალხო პრობლემებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს, რომლის გადასაჭრელადაც პარლამენტისა და მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის”…  “პრეზიდენტის პოსტი, მისი სწოჰრად გამოყენების შემთხვევაში, იძლევა საშუალებას, კონფლიქტის მხარეებთან ურთიერთობაში გარღვევა განხორციელდეს, დაიწყოს დიალოგი და მიღწეულ იქნას საჭირო შეთანხმებები” (ალექსანდრე ჭაჭია, “საქართველო და მსოფლიო”, #193; #218) რატომ ვერ განსაზღვრა და გაითვალისწინა ეს ყველაფერი ხელისუფლებამ?

_ როგორც წეღან აღვნიშნე, მარგველაშვილზე ამერიკის სექტანტურ ჯგუფებს ყველაზე დიდი ფული აქვთ დახარჯული. უნდა ითქვას, რომ მარგველაშვილს პატიოსნება აღმოაჩნდა _ ის არ უარყოფს, რომ შექმნა ქართული იდეოლოგიის მტერი ინსტიტუტები; არ უარყოფს, რომ ბოკერიას მეგობარი იყო და, მგონი, დღესაც მეგობრობს. კაცმა პატიოსნად თქვა, პლასტილინი ვარო და ხალხმა მაინც აირჩია. ახლა რატომ გვიკვირს? ეს კაცი ივანიშვილის კადრი არაა და ვისი კადრიცაა მის დავალებებსაც ასრულებს.

რაც შეეხება ხელისუფლებაში არსებულ დაპირისპირებას, ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად ღარიბაშვილის პლუსადაც შეიძლება ჩაითვალოს. როდესაც  ღარიბაშვილი ამერიკაში ჩავიდა, ნახეს, რომ მთლად ისეთი მართვადი და მორჩილი არ იქნებოდა, როგორც მარგველაშვილი და სწორედ მისი ამერიკაში ვიზიტის შემდეგ ახმაურდა და გააქტიურდა მარგველაშვილიც. ასე რომ, რაც უფრო მეტად დაინახავენ ქვეყანაში ეროვნულ განწყობას, მით უფრო მეტად გააქტიურებენ პრეზიდენტს.

თუ რუსეთის მოწინააღმდეგეები სჭირდებათ ამ დასავლურ სექტანტურ ჯგუფებს, ირაკლი წერეთელი, თამრიკო ჩხეიძე, ნოდარ ნათაძე ანტირუსული განწყობით გამოირჩევიან, მაგრამ ასეთი ხალხიც არ სჭირდებათ, რადგან მათ არამარტო რუსეთის მოწინააღმდეგე, არამედ ანტიქართულად განწყობილი პოლიტიკოსები ურჩევნიათ.

_ ხშირად აცხადებთ, რომ წინ დიდი ბრძოლა გელით, რას აპირებთ და რა ბერკეტებს ფლობთ შეურიგებელი ბრძოლისთვის?

_ ახლა თქვენ რომ ინტერვიუს გაძლევთ, ესეც ბრძოლის ნაწილია. თქვენს გაზეთს, ვიცი, ბევრი მკითხველი ჰყავს და ინტელიგენტი ხალხი კითხულობს. ამას გარდა, ყოველდღიურად ბევრ ადამიანს ვხვდები ქუჩაში, ვესაუბრები და ვიცი მათი განწყობა. ჯერ დაველოდებით, ხელისუფლება რა ანგარიშს წარუდგენს ქართველ ხალხს და ამის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფი გადაწყვეტს, რა ფორმით გავაგრძელებთ სერიოზულ მოქმედებას. ბრძოლას არ მოვეშვები. პარტიას, რომელსაც არაფერი შეუსრულებია, როცა ხელისუფლებაში იყო, სხვა პარტიის კონტროლის უფლება არ აქვს. ხალხმა უნდა დაიბრუნოს ხელისუფლებაზე კონტროლის უფლება, მაგრამ დღეს “ქართული ოცნების” ქმედებები “ნაციონალების” მხარდაჭერას ნიშნავს. დასავლეთის გარკვეულ ჯგუფებს  ხელს აძლევთ, რომ პარლამენტი ორპარტიული იყოს _ ხან ერთი  მოვიდეს ხელისუფლებაში და ხან მეორე. ამის გაკეთებაც უნდათ, მაგრამ ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალული პოლიტიკოსები და ხალხი ამას არ დაუშვებენ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here