Home რუბრიკები პოლიტიკა აფხაზეთში დაბრუნება მხოლოდ სიმართლის აღიარებითაა შესაძლებელი!

აფხაზეთში დაბრუნება მხოლოდ სიმართლის აღიარებითაა შესაძლებელი!

525

ცრუისტორიკოსებმა და ვაიპოლიტიკოსებმა დაძაბეს პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში და ხელი შეუწყვეს ჩვენსა და აფხაზებს შორის პოლიტიკურ დაპირისპირებას, რომელიც შემდგომ გადაიზარდა ე. წ. სეპარატიზმში და სამხედრო კონფრონტაციამდეც კი მიიყვანა საქმე.


ე. წ. სეპარატიზმი-მეთქი, რადგან ეს ტერმინი სრულფასოვნად ვერ ასახავს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებს. აქ უფრო სწორი იქნებოდა საუბარი ორი ერს შორის გაუცხოებაზე, უნდობლობაზე, განდგომაზე, დისტანცირებაზე და ა. შ., ხოლო სეპარატიზმი დაპირისპირებულებს არაკორექტულად წარმოაჩენს –სეპარატიზმი მიგვანიშნებს აბორიგენისა და უცხოელის ურთიერთობასა და დამოკიდებულებაზე. სეპარატიზმი მოდის ლათინური სიტყვა «სეპარაციო»-დან და გამოყოფას ნიშნავს, რაც ბუნებრივი პროცესია: მშობიარობისას ნაყოფი შორდება მშობლის უბეს და იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას. ასეა ზოოსამყაროში და, საერთოდ, ბუნებაში – ვაშლი ან მსხალი დამწიფებისას ვარდება მიწაზე, რაც ასევე გამოყოფის მაუწყებელია და ნორმალური, ბიოლოგიური პროცესია. მედიცინაშიც იხმარება ხშირად ეს ტერმინი მაშინ, როდესაც დასტაქარი უსისხლოდ და ტრავმატიულად გამოჰყოფს ამ თუ იმ პათოლოგიურ წარმონაქმნს. ეს ნიშნავს სეპარაციულ, უსისხლო გამოყოფას. ასე რომ, ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა საუბარი გაუცხოებაზე, განდგომასა და გამოყოფის მცდელობაზე და არა აფხაზურ სეპარატიზმზე, რომელიც შეურაცხმყოფელიცაა და ვერ ასახავს მოპირისპირე მხარის ადგილსა და როლს ამ პროცესში. ეს, როგორც წესი, კონტპროდუქტიულია, რასაც ვერ ვითვალისწინებთ.

 საერთოდ, ჩვენ ბევრ რამეს ვერ ვითვალისწინებდით, მათ შორის, აფხაზების მჭიდრო მეზობლობასა და მეგობრობას დიდ რუსეთთან, მის შენიღბულ თუ აშკარა წაქეზებას ქართველების საწინააღმდეგოდ; ვერ გავითვალისწინეთ, რომ რუსეთი, როგორც «ყველა ჩაგრულის პატრონი და მზრუნველი», მაშინვე ამოუდგებოდა აფხაზეთს საქართველოს სუვერენიტეტის საზიანოდ და გაითამაშებდა .. აფხაზურ კარტს საქართველოს თავისკენ შემოსაბრუნებლად. ამას იგი გააკეთებდა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ უსაზღვროდ დიდია მისი გეოპოლიტიკური ინტერესები კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში. ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ ისიც, რომ სწორედ ამ რეგიონში, რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, არ დაუშვებდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიახლოებას საკუთარ საზღვრებთან. ეს არ შედიოდა და არ შედის რუსეთის ინტერესებში და, რასაც აკეთებს, აკეთებს არა ერთმორწმუნე ქართველი ხალხის სიძულვილით (საზიანოდ კი), არამედ თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ ისარგებლა მან ჭკუათხელი სააკაშვილის უნიათობით, შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე და ლამის თბილისამდე დამკვიდრდა. მერე შემოიღობა აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი და აღიარა ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ესეც ჩვენი უგუნურობითა და ხელშეწყობით მოხდა! ამ დროს კი გამარჯვებას ვზეიმობდით რუსეთ-საქართველოს ორდღიან ომში და ტაშფანდურს ვმართავდით… ნეტავ, არის სადმე ერი, ჩვენისთანა ბედნიერი?!

დღესაც ვერ ვაცნობიერებთ ბევრ სხვა გარემოებას, ვერ ვითვალისწინებთ, რომ ვერც ევროსაბჭო და ვეღარც ოკეანისგაღმელი ჩვენი «მეგობარი» ვერ დაუპირისპირდება ჩვენ გამო რუსეთს. ეს თვალნათლივ დაგვანახა ბოლოხანს უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა _ რუსეთი არ შეეგუა სტეპან ბანდერასა და ფაშისტი «კარატელების» მემკვიდრეების აღზევებას უკრაინაში და მხარი დაუჭირა იქ მცხოვრებ რუს მოსახლეობას. ისარგებლა ამით და დაიბრუნა (შეიძლება ითქვას, სამართლიანადაც) თავისი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი – ყირიმი, რომელიც უგუნურმა ხრუშოვმა გააჩუქა მის მიერ უკრაინაში ჩადენილი შავი საქმეების გადასაფარავად.

ყირიმი რუსეთის ისტორიული ნაწილი რომ არის, შეუძლებელია ორი აზრი არსებობდეს, იგი იმპერატორმა ეკატერინე მეორემ, გრაფ პატიომკინის სარდლობით, გაათავისუფლა ოსმალეთის ბატონობისგან, ხოლო ადმირალებმა _ უშაკოვმა და ნახიმოვმა _ ბოლო მოუღეს თურქეთის ბატონობას შავ ზღვაზე. მოგვიანებით კი იოსებ სტალინმა აჰყარა ყირიმიდან თათარი მოსახლეობა და ასე გახდა იგი სუფთა რუსული ოლქი – 90% ეთნიკური რუსული მოსახლეობით. მოკლედ, არსებობდა უტყუარი ისტორიული და მორალური წინაპირობები იმისა, რაც მოხდა ამას წინათ ყირიმში. ამას ვერ შეცვლის ვერანაირი პოლიტიკუჰრი თუ ეკონომიკური სანქციები რუსეთის მიმართ. როგორც უნდა გააკრიტიკონ რუსეთი, იგი თავისას არ დაიშლის. ამისთვის მას აქვს უზარმაზარი რესურსი _ გიგანტური ნაბიჯებით განვითარებად ჩინეთთან სიახლოვე, გამყარებული ხელშეკრულებით, რომელიც უფლებამოსილს ხდის მას, მოიქცეს ისე, როგორც მოეპრიანება. ასე რომ, რუსეთი მოუსმენს ყველას, მაგრამ უკან არ დაიხევს.

ჩვენც ხომ არ ვიტყოდით უარს ლორეს, ერუშეთის, ტაოკლარჯეთის, საინგილოსა თუ კაპადოკიად წოდებულ ლაზეთჭანეთის შემოერთებაზე?!

აქ ასეთი ჩართვა გამოწვეულია არა იმით, რომ ძალიან მოგვწონს ის, რაც ხდება უკრაინაში, არამედ იმით, რომ ვერ ვითვალისწინებდით და დღესაც ვერ ვითვალისწინებთ რუსეთის თავისებურებებს, მის ინტერესებს ჩვენს რეგიონში. უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბებული რეალობა წინდაუხედავი და ღალატის ტოლფასი საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგია. ეს ის რეალობაა, რომლისკენაც თვითონვე შემოვაბრუნეთ ჩვენი ისტორია. აფხაზებსა და ოსებთან ჩვენი ურთიერთობა (რუსეთთანაც) წავიდა იმ რელსებით, საითკენაც ჩვენ გადავწიეთ ისრები. ეს უნდა გვახსოვდეს მათთან ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბებისას. ყველაზე კარგად რუსმა პოეტმა ფიოდორ ტიუტჩევმა თქვა: Умом Россию не понять, Аршином общим не измерить:У ней особенная стать — В Россию можно только верить!”.

 აქ საუბარია იმაზე, რომ გამოუცნობ და არაპროგნოზირებად რუსეთთან ჭიდილი არ არის მომგებიანი! ჩვენ კი დღენიადაგ ვიყავით დაკავებული მისი ლანძღვა-გინებით. ვერ ვითვალისწინებდით და დღესაც ვერ ვითვალისწინებთ მის ინტერესებს მოსაზღვრე რეგიონებში და სად არ ჩავუშვით ღუზა. რუსეთმა ეს არ გვაპატია და შედეგსაც ვიმკით. თუ არ მოგწონს მასთან მეზობლობა, გადაიტანე შენი ქვეყანა მიწა-წყლიანად, შენი ხალხით სხვაგან; იქ, სადაც უფრო მოგწონს, მაგრამ, რადგან ეს შეუძლებელია, უნდა გამონახო საერთო ენა მეზობელთან და იცხოვრო მის გვერდით ურთიერთსარგებლიანობის პრინციპით. უნდა გაითვალისწინო, რომ საქართველო არ არსებობს ცალკე, სხვა სივრცეში, რომ ის მეზობლობს სხვა ქვეყნებთან და ვალდებულია, გაითვალისწინოს, მეზობლების ინტერესებიც.

ჩვენ არ გავითვალისწინეთ ეს და, როგორც ითქვა, დღესაც არ ვადგავართ სწორ გზას _ ვერც ევროკავშირი, ვერც ამერიკა და ვეღარც ნატო ვერ აღადგენს დაკარგულ ტერიტორიებზე ჩვენს სუვერენიტეტს. ასეთი საკითხის გადაწყვეტა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნების ხელისუფლებების დადგენილება-დირექტივებით არ ხდება. ნატო ჩვენ არაფერში გვჭირდება, მით უფრო, როცა მასში გაწევრება არარეალურია. იმისთვის კი არ ააშენა რუსეთმა აფხაზეთში საფორტიფიკაციო ნაგებობანი და დააყენა ულტრათანამედროვე ბალისტიკური რაკეტები, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მიიახლოვოს. არც ნატო წამოეგება ასეთ ავანტიურაზე და საქართველოს თავის რიგებში არ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება რომ ნატოს ხელმძღვანელობამ მიიღოს, რუსეთი მეორე დღესვე გადმოსვამს თავის საჰაერო და საზღვაო დესანტს და დააბანაკებს მათ ფოთსა და თურქეთის საზღვრებთან, ამასთანავე, მძიმე ჯავშანტექნიკით გაუდგება დიდგორიდან, თბილისის გავლით, გიუმრისკენ მიმავალ გზას. პამპერსებითა და მინერალური წყლით დატვირთული ამერიკის გემები კი ვერაფერს გვიშველის.

დღემდე ვერ ვხვდებით, რისთვის სჭირდება საქართველო აშშ-ს _ მას აინტერესებს ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა, თორემ ქართველი ხალხისა და ქვეყნის ბედი და მომავალი ჩირადაც არ უღირს. ოკეანისგაღმელ პარტნიორებთან «მეგობრულად» განვლილმა წლებმა და შიგაპოლიტიკურმა მოვლენებმა დაგვანახა მათი ნამდვილი სახე. თუნდაც საფრანგეთის ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის აღიარება რად ღირს?! საქართველოში ჩამოსვლის წინ მას დაურეკა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და უთხრა: «ნუ ჩაერევი მათ საქმეში, მიეცი რუსებს თბილისში შესვლის საშუალება, რუსეთმა აიღოს თბილისი»…

ასე რომ, ამერიკისთვის საქართველო არის მხოლოდ და მხოლოდ სატყუარა ანკესზე, რომლითაც იგი ცდილობს, დაიჭიროს დიდი თევზიზვიგენი და მსოფლიოს თვალში რუსეთი მტაცებლად და ოკუპანტად წარმოაჩინოს. ამით კი სურს, გადაფაროს მის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი «საქმენი საგმირონი» ჰიროსიმასა და ნაგასაკიში, კორეასა და ვიეტნამში, იუგოსლავიაში, ერაყსა თუ სხვა არაბულ ქვეყნებში, მაგრამ როგორი ასატანია ეს ჩვენთვის _ ქართველი ხალხისთვის?!

ასეთია ჩვენი პოლიტიკური პარტნიორის ნამდვილი სახე, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხვდებით ან არ გვინდა, გავაცნობიეროთ, რომ გვკვებავენ ილუზიებითა და რეალობას მოკლებული მოსაზრებებით, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები აიძულებენ რუსეთს, დატოვოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. ეს არარეალურია!

კრიზისიდან გამოსასვლელად საჭიროა ისეთი ურყევი კავშირი პოლიტიკურ ძალებსა და ხალხს შორის, რომელიც შეეცდება, არა ცალკეული პირებისა და გარკვეული ჯგუფების ამბიციების, არამედ ქართველი ხალხის ინტერესების დაკმაყოფილებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პოლიტიკური ძალებისა და ხალხის ინტერესები უნდა იყოს თანმხვედრი. მაგრამ ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლების ნარჩენები (რომლებიც ოკეანისგაღმელი მეგობრების მიერ მთავარ ოპოზიციურ ძალად არიან დანიშნულნი) პარლამენტის ტრიბუნიდან და ტელევიზორის ეკრანიდან ყმუიან, ეს შეუძლებელია. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლებაში მოვლენ ნამდვილი ეროვნული ძალები და ეროვნული ოპოზიცია.

სწორედ მაშინ გახდება შესაძლებელი თავის დროზე გაყალბებული რეფერენდუმის შედეგების გადასინჯვა და სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის ჩამოყალიბება, რაც ასევე პრობლემურია, რადგან ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი არჩევნების შედეგებს ითვლიან და ადგენენ არა ცესკოში, არამედ ამერიკის საელჩოში.

ამის რეგულირება შეუძლია მხოლოდ ეროვნულ გმირს, ხალხის უპირობო ლიდერს, ისეთს, როგორიც იყო ნეტარხსენებული მერაბ კოსტავა. ის რომ ყოფილიყო ჩვენ შორის, ანტიეროვნული ოპოზიცია (ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა, ლანა ღოღობერიძე, ელდარ შენგელაია, ჯანსუღ ჩარკვიანი, მამა-შვილი გაბაშვილები და სხვ.) ეროვნული ხელისუფლების დამხობას ვერავინ შეეცდებოდა. ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდნენ ანტიეროვნული ძალები ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის სახით. არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა ქვეყანაში მათი მოსვლის შედეგად _ არც აფხაზეთი გასხვისდებოდა და არც სამაჩაბლო. მერაბ კოსტავა გამონახავდა გზას აფხაზებისა და ოსების გულებისკენ, მაგრამ არ დასცალდა. იცოდნენ ეს და ამიტომ მოუსწრაფეს სიცოცხლე მუხანათურად, რამაც სასოწარკვეთილებაში ჩააგდო ქართველი ხალხი. თუმცა ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ გამოჩნდა ნამდვილი ლიდერი. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ღმერთმა არ გაგვწირა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახით ქართველ ხალხსა და ქვეყნას მხსნელი მოუვლინა. მან არაერთი სასიკეთო საქმე გააკეთა, მაგრამ ყველაზე მთავარი სააკაშვილის რეჟიმის ლეგიტიმური გზით დემონტაჟი იყო, თუმცა ეს საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის. მომაკვდინებელი ბაცილა ჯერაც არ არის ბოლომდე ამოშანთული, რაც ხელს უშლის ქვეყნის განვითარების, აღმშენებლობის საქმეს, განსაკუთრებით _ საგარეო პოლიტიკის სწორად ჩამოყალიბებას. აქ ყველაზე სუსტი წერტილი რუსეთთან პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისა და ხელახლა ჩამოყალიბების საქმეა. მართალია, აქტიური პოლიტიკიდან ბატონი ბიძინას ნაჩქარევად გასვლამ გაურკვევლობა გამოიწვია, მაგრამ იმით, რაც გააკეთა, ოქროს ასოებით შევა საქართველოს ისტორიაში. ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს შანსი, დაუბრუნდეს პოლიტიკას და ბოლომდე მიიყვანოს მის მიერ დაწყებული საქმეები. მხოლოდ მას აქვს ხალხის უსაზღვრო ნდობა და დღეს მხოლოდ მას ამოუდგება მხარში ქვეყნის, როგორც პოლიტიკური სპექტრის პროგრესული ნაწილი, ასევე მოსახლეობა. ჩვენ გვჭირდება ჩვენი დენ სიაოპინი, რომელმაც, მიუხედავად ოპოზიციის უზარმაზარი წინააღმდეგობისა და მილიონიანი საპროტესტო აქციებისა, გაბედა და სოციალისტურ ჩინეთში შემოიღო საბაზრო ეკონომიკა; ერთ ქვეყანაში შესაძლებელი გახადა სოციალიზმისა და კაპიტალიზმის თანაარსებობა, რომლის შედეგად შემოიერთა დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ 150 წლის განმავლობაში მყოფი ჰონგკონგი. საგულისხმოა მისი სიტყვები: «არა აქვს მნიშვნელობა, რა ფერისაა ჩემი კატა _ მთავარია, თაგვს იჭერდეს». სწორედ ასეთი გაბედული და ძლიერი ლიდერი სჭირდება დღეს ქართველ ხალხს _ ლიდერი, რომელიც გამოიყენებს დენ სიაოპინის გამოცდილებას, აგრეთვე, ჩინეთის გამოჩენილი ფილოსოფოსის _ ლაო ძის შეგონებას: «დაეთანხმე, დაემორჩილე, რომ დაიმორჩილო!» და ტკბილად მოუბარი ენით მოაწესრიგებს რუსეთთან მეზობლურ ურთიერთობას, დააბალანსებს პოლიტიკურ ურთიერთობებს ევროკავშირსა და ოკეანისგაღმელ პარტნიორთანაც.

მხოლოდ ეს გზაა სწორი, თუ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და ქვეყნის გაერთიანებაა ჩვენთვის მთავარი და არა სხვადასხვა ქვეყანაში უვიზოდ სიარული და კანარის კუნძულებსა თუ ლას-ვეგასში დროსტარება-გრიალი.

დროა, ვაკეთოთ ის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის გამთლიანებასა და მართლმადიდებლური კულტურის შენარჩუნებაგანმტკიცებას. ჩვენ არ გვჭირდება ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის მანტიით ლახავენ ადამიანის ჭეშმარიტ უფლებებს _ გვთავაზობენ გეებისა და ლესბოსელების აღლუმს, ერთსქესიანთა ქორწინებასა და . . კუზენკუზინას ურთიერთობის ინსტიტუტის შემოღებას. დროა, გავახილოთ თვალი და ავირჩიოთ სწორი გზა. ამ საქმეში, ვიმეორებ, ჯერ კიდევ აქვს შანსი ბატონ ბიძინა ივანიშვილს და, თუ ჩაუდგება სათავეში ხალხს, მას შეუძლია გადაარჩინოს ქვეყანა. ის მაინც უნდა გააკეთოს, რომ ქვეყნის სათავეში მოიყვანოს არა უსახური და უინიციატივო, არამედ ძლიერი და გაბედული ადამიანები, რომლებიც ფლობენ საჭირო, ზოგჯერ არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღების ხელოვნებას და შეუძლიათ საბოლოო შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯის გადადგმა.

ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში დღეს ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც შეუძლიათ ერთდროულად რუსეთთან, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობის მოწესრიგება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. არც ერთ პოლიტიკურ ძალას, მათ შორის, ხელისუფლებაში მყოფს, არ აქვს პოლიტიკური რესურსი, რომ რუსეთის ხელისუფლება მათთან დიალოგზე წამოვიდეს და სერიოზული საკითხი განიხილოს. აქ ზედმეტია საუბარი აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის პოლიტიკურ წრეებზე, რომელთათვისაც ეს ხალხი კატეგორიულად მიუღებელია.

მაგრამ, საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც ძალუძთ, იტვირთონ ზემოაღნიშნული მისია. ერთ-ერთი მათგანია ბატონი ალექსანდრე ჭაჭია _ თავის ხალხსა და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული და ერთგული კაცი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველო, უპირველეს ყოვლისა, ქართველთა საცხოვრისია. ბატონ ჭაჭიას აქვს კრიზისიდან საქართველოს გამოყვანის სწორი ხედვა და სათანადო ბერკეტები _ ნდობითა და პატივისცემით სარგებლობს აფხაზი ხალხის ყველა ფენაში. ამასთანავე, მიღებულია და დიდი ავტორიტეტი აქვს რუსეთის სამთავრობო წრეებში. მას შეუძლია გააერთიანოს ქართველი ხალხის პროგრესული ძალები და ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად იტვირთოს დენ სიაოპინის როლი საქართველოში.

უნდა მოვრჩეთ ნაცარქექიობას და შევარდნაძე-სააკაშვილის მრუდე სარკეში ცქერას, საიდანაც ვერც შორეულ სამყაროს დაინახავ, ვერც ცხვირწინ მდებარე პრობლემებს. დროა, დავეშვათ მიწაზე და დავინახოთ რეალობა, რომ ჩიხიდან გამოსვლის გზა არც ევროპის დედაქალაქებისკენ მიემართება და არც შეერთებული შტატებისკენ. ევროკავშირთან ასოცირება თუ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება ვერ გაათავისუფლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამას ყველას გასაგონად და გასაგებად გვეუბნება ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი (დაწყებული აშშ-ის ექსპრეზიდენტ ბილ კლინტონითა და გაერთიანებული სამხედრო შტაბების ყოფილი მთავარსარდლით, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილით, დამთავრებული დასავლეთის თანამედროვე ლიდერებით), რომ საჭიროა რუსებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა, რომ მათთან უნდა გამოვნახოთ საერთო ენა. დღესაც გასაგებად გვითხრა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომ საქართველო (ისევე, როგორც უკრაინა) არასდროს მდგარა და დღესაც არ დგას ნატოსკენ მიმავალ გზაზე, რასაც სრულიად დაეთანხმა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

რა არის აქ გაუგებარი და რატომ არ გვინდა შევიგნოთ, რომ საგარეო საქმეებში აქცენტების სწორად გადანაწილება და პრიორიტეტული მიმართულების სწორად შერჩევაა საჭირო. არ არის მომგებიანი მეზობლის, რაგინდ აგრესიული უნდა იყოს ის, გაუთავებელი ლანძღვა-გინება: ლილიპუტინის ძახილითა და მილიტარისტული რიტორიკით არასდროს გაუკეთებია ვინმეს საშვილიშვილო საქმე. უნდა გამოვნახოთ საერთო ენა ჩვენს დიდ მეზობელთან, რომელთანაც, სხვათა შორის, ბევრი რამ გვაკავშირებს. ბევრი ნეგატიური მოვლენის გვერდით, რომლებიც ავადმყოფურად ასოცირდება რუსეთთან, არ უნდა დავივიწყოთ, რომ სწორედ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნისას შევინარჩუნეთ სარწმუნოება, ენა და მამული. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთთან გაერთიანებამდე დაშლილი იყო სამეფოებად და სამთავროებად (რომლებიც ცალ-ცალკე შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში) და სწორედ რუსეთის რევოლუციების შემდეგ მიიღო მან მონოლითური სახე და ჩამოყალიბდა, როგორც მოკავშირე რესპუბლიკა, და ასეთივე სახით გამოეყო რუსეთს. რუსეთზე საუბრისას, ამას ხმამაღლა თუ არ ვიტყვით, გვახსოვდეს მაინც, რა ბედი ეწია მრავალ ჩვენნაირი ბედ-იღბლის ხალხს, რომლებიც არ მოექცნენ რუსეთის მფარველობაში _ მათ დაკარგეს არამხოლოდ მამული, არამედ ეროვნებაც, ენაც, სარწმუნოებაც. ასე რომ, ნუ ვიქნებით უმადურები, რადგან უმადურობაზე საშინელი არაფერია.

დღესავით ნათელია, რომ ჩვენი პრობლემების მოგვარება და ჩიხიდან გამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის გავლით და მასთან მოგვიწევს საუბარი პირისპირ, გვინდა ეს თუ არა. დიახ, ერთმორწმუნე რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენ მათი დეოკუპაცია გვინდა. ამაში, როგორც უკვე ხაზგასმით ითქვა, დასავლეთი ვერ გვიშველის და, თუ ტერიტორიების დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანებაა პრიორიტეტული ჩვენთვის, უნდა გავმართოთ პირდაპირი დიალოგი საკითხზე, რას ითხოვს ამის სანაცვლოდ რუსეთი.

ცხადია, რომ რუსეთი შემოგვიგდებს ნატოსთან დაკავშირებულ პრობლემატიკას და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. თუ ნატოში გაწევრება ჩვენთვის არარეალურია, რაზეც უკვე იყო საუბარი, მაშინ შევწყვიტოთ ამაზე ლაპარაკი, მივყვეთ ლოგიკას და მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება _ კომპრომისებით გამოვიხსნათ ჩვენი ტერიტორიები _ ქართველი ხალხის საცხოვრისი. სწორედ ესაა კომპრომისებისა და კონსენსუსის გზა, რომელსაც უწოდებენ გონივრულ დიპლომატიას, გონივრულ საგარეო პოლიტიკას.

ამ საქმეში, როგორც ხაზგასმით ითქვა, ძალზე მნიშვნელოვანია მმართველი ძალების, მათი ლიდერისა და ხალხის თვალსაზრისის იდენტურობა. ვიმეორებ: დღეს ეს არ იგრძნობა _ ხალხს უნდა ერთი, ხელისუფლება კი აკეთებს სხვას _ არჩევნებამდე გაცემული დაპირებების საპირისპიროს. მოშლილია თანხვედრა და წინსვლას აფერხებს სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენები, იმავე რესპუბლიკელების ფსევდოპატრიოტული ლოზუნგები, რომლებიც (მედიცინის ენაზე) ექვემდებარება ამპუტაციას. დროა, შეიგნოს ეს ქართველმა ხალხმა და გათავისუფლდეს მათგან ლეგიტიმური გზით _ არჩევნებით. ეს, ვიმეორებ, შეიძლება, მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მოვლენ ხალხის მიერ არჩეული პროგრესული ძალები, ეროვნული ოპოზიცია და არა უცხოეთიდან შემოგდებული ანტიეროვნული ძალა. სწორედ მაშინ გახდება ადვილი სწორი ორიენტირების შერჩევა, კონსტრუქციული დიალოგი, როგორც რუსეთთან, ასევე ჩვენგან განდგომილ აფხაზ და ოს ხალხებთან, მათ ლიდერებთან.

ნაპო მესხია,

ნეიროქირურგი, საზოგადო მოღვაწე,

 აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი

დასასრული შემდეგ ნომერში

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here