Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინული სუიციდის ანატომია

უკრაინული სუიციდის ანატომია

603

პარასკევს მინსკში უკრაინისა და დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას, ტყვეთა გაცვლასა და დეესკალაციის ხელშემწყობი რიგი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს. მსოფლიოში პრაქტიკულად არ მოიძებნება სერიოზული ექსპერტი, რომელიც განიხილავს ამ შეთანხმებას, როგორც მყარი მშვიდობის ქვაკუთხედს; ყველა საბრძოლო მოქმედებების მოსალოდნელ განახლებაზე საუბრობს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ შეიძლება განვიხილოთ მინსკის მოლაპარაკებები, როგორც ერთგვარი მიჯნა, რომელიც ერთმანეთისგან ჰყოფს უკრაინული ტრაგედიის დებიუტსა და მიტელშპილს, კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ შექმნილი ვითარება და მივუახლოვდეთ დასკვნებს, რომლებიც საქართველომ ამ კრიზისიდან უნდა გამოიტანოს.


რადიკალიზმი და იდიოტიზმი

მინსკის პროტოკოლს ხელი მოეწერა მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს სტრატეგიული ინიციატივა და მძიმე დანაკარგები განიცადეს. რამდენიმე შემთხვევაში (მაგალითად, ილოვაისკთან) ბრძოლების შედეგი უკრაინული მხარისთვის მართლაც რომ კატასტროფული გამოდგა. ზოგიერთი კომენტატორი ამას, უპირველეს ყოვლისა, სარდლობისა და მებრძოლების არაპროფესიონალიზმს უკავშირებს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა მთავარი მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ უკრაინაში, ისევე როგორც თავის დროზე საქართველოში, მოხდა სამხედრო ოპერაციების ლოგიკის დაქვემდებარება პოლიტიკური კონიუნქტურის მიმართ, რაც კარგად ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დასრულდებოდა. პოლიტიკოსები და საზოგადოების რადიკალური წარმომადგენლები მუდამ ითხოვდნენ ახალი დასახლებული პუნქტების დაკავებას და იქ დროშების აფრიალებას და ამ ზეწოლის გამო უკრაინულ სარდლობას საკუთარი ხელით შეჰყავდა მოუმზადებელი ქვედანაყოფები «ქვაბებში», რომელთა ფორმირებას ნებისმიერი კურსანტი იწინასწარმეტყველებდა. უკრაინელმა გენერლებმა დაუშვეს ის, რომ არმია დილეტანტი პოლიტიკოსების ინსტრუმენტად გადაიქცა, მაშინ, როდესაც კონფლიქტის გადაწყვეტა სხვა, პოლიტიკურ საშუალებებს მოითხოვდა. ალბათ, სწორედ ესაა მათი მთავარი შეცდომა, თუ არა დანაშაული.

ასეთი დილეტანტი პოლიტიკოსის განსახიერება მიხეილ სააკაშვილია, რომელიც დონბასში კრიზისის დაწყების პირველი დღიდან, როდესაც პოლიტიკური დიალოგი ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, უკრაინული ტელეარხების ეთერში ძალისმიერი ზომების მიღებას მოითხოვდა. იღუპებოდა ასობით და ათასობით სამხედრო და მშვიდობიანი მოსახლე, ყველაზე უგუნურისთვისაც კი თანდათან ცხადი ხდებოდა, რომ უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური რესურსები არასაკმარისია ოპერაციის წარმატებული დასრულებისთვის, მაგრამ სააკაშვილი მაინც მოითხოვდა გაგრძელებას, ისეთივე სიჯიუტით, როგორითაც მოზარდი კომპიუტერულ თამაშში სწირავს ჯარისკაცებს აპრიორი აუღებელი პოზიციის გამუდმებული შტურმის დროს. იმავეს აკეთებდნენ მისი მიმდევრები ქართულ მასმედიასა და სოციალურ ქსელებში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი აშკარა უმცირესობაში იყვნენ, ეს ამაზრზენად გამოიყურებოდა. ან როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ბოროტი, უპასუხისმგებლო თამაში სხვა ადამიანების სიცოცხლით?

ისინი ყოველთვის მოითხოვდნენ რადიკალურ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ომამდე, «მაიდნის» პიკზე. იმედია, წლების შემდეგ უკრაინელი მკვლევარები იპოვიან პასუხს კითხვაზე «რა მოხდა 2014 წლის 21 თებერვალს?», მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა და ოპოზიციის ლიდერებმა უცხოელი დიპლომატების შუამავლობით ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებას ითვალისწინებდა. საქართველოსთან პარალელებს თუ გავავლებთ, ეს იყო ერთგვარი «შეთანხმება კოჰაბიტაციის შესახებ». მის საფუძველზე, უფლებაშეზღუდული, პრაქტიკულად იზოლირებული იანუკოვიჩი 10 თვის განმავლობაში ეტაპობრივად აფორმებდა ხელისუფლების გადაცემას ოპოზიციურ ძალებზე და ქვეყანა მშვიდად მიდიოდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ეს ოპოზიციის დიდი, იმ პიჰრობებში მაქსიმალურად შესაძლებელი გამარჯვება იყო. მაგრამ მან შეთანხმება დაარღვია, იანუკოვიჩი კიევიდან გააძევა და იმგვარი მოქმედება დაიწყო, რომელმაც როგორც კრემლი, ისე დონბასის გავლენიანი ჯგუფები და ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მიიყვანა დასკვნამდე, რომ მათ ინტერესებს საერთოდ არ ითვალისწინებენ. შედეგი ცნობილია: კიევმა დაკარგა კონტროლი ყირიმზე, დაიწყო ომი დონბასში, უკრაინიდან მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა, უამრავი ახალგაზრდა დაიღუპა და დაინვალიდდა, ქვეყანა ეკონომიკური კატასტროფის პირას დადგა (ზამთარი უკრაინაში დაახლოებით ისეთი იქნება, როგორც 90-იანების დასაწყისში საქართველოში). ალბათ, როდესაც უკრაინელები გაარკვევენ, თუ ვინ და რა მოტივებიდან გამომდინარე უბიძგა ოპოზიციას 21 თებერვლის შეთანხმების დარღვევისკენ და ესკალაციისკენ, მხოლოდ მაშინ გაიგებენ, თუ რა დაემართა უკრაინას სინამდვილეში. რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, ალბათ, მხოლოდ შესაბამისი რესურსების არსებობის შემთხვევაში ღირს, რომელიც უკრაინას, უბრალოდ, არ გააჩნდა. სწორედ ეს არასოდეს ესმოდა სააკაშვილს და, სავარაუდოდ, ვერც ვერასოდეს გაიგებს.

ევრაზიის ქანქარა

ხუთი თვის წინათ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები არსებითად ვირტუალურ წარმონაქმნებს წარმოადგენდნენ. რამდენიმე ასეულმა ადამიანმა, რამდენჯერმე იჭიდავა მილიციასთან, დაიკავა 2-3 ადმინისტრაციული შენობა, სადღაც იპოვა ქსეროქსი და თავისი დეკლარაცია გაამრავლა. დღეს ისინი აკონტროლებენ ტერიტორიას, რომელზეც რამდენიმე მილიონი ადამიანი ცხოვრობს, უმსხვილესი ინდუსტრიული ობიექტები მდებარეობს და საკმაოდ სერიოზულ შეიარაღებას ფლობენ. რაც მთავარია, რუსეთმა საკუთარ თავზე მათი დაცვის არაფორმალური ვალდებულება აიღო. ისტორიაში არც ისე იოლი მოსაძებნია დროის ესოდენ მცირე პერიოდში ასეთი მძლავრი სეპარატისტული წარმონაქმნის ფორმირების მაგალითი.

ბევრ კომენტატორს გაუკვირდა, რომ მეამბოხეები დათანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტას, როდესაც წარმატებას წარმატებაზე აღწევდნენ. თუმცა ისინი არ ითვალისწინებენ იმას, რომ «ნოვოროსიის» ძალებს არ გააჩნდათ შესაბამისი რეზერვები სტრატეგიული წინსვლისთვის ხარკოვის ან სულაც დნეპროპეტროვსკისა და ოდესის მიმართულებით. მათ განკარგულებაში უცებ რომც აღმოჩენილიყო რამჰდენიმე ბრიგადა მომზადებული პირადი შემადგენლობით და მძიმე ტექნიკით, ასეთი წინსვლა დანგრეულ, აწეწილ ზურგზე დაყრდნობით, მაშინ, როდესაც შეიარაღებული ძალების სტრუქტურა და სახელისუფლო ვერტიკალი თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში არამყარია, არ შეიძლება. ამასთანავე, დონეცკისა და ლუგანსკის ლიდერები ვერასოდეს მიიღებენ კრემლის პოზიციის დიამეტრალურად საპირისპირო გადაწყვეტილებას, ვლადიმერ პუტინმა კი მათ მინსკის პროტოკოლის ხელმოწერისკენ მოუწოდა.

მნიშვნელოვანია იმის დაფიქსირება, რომ პუტინისთვის ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ _ რუსეთის ადგილისთვის XXI საუკუნეში. მისი პოლიტიკის მნიშვნელოვან შემადგენელს წარმოადგენს თამაში აშშ-ისა და ევროპის (უპირველესად, გერმანიის) უთანხმოებებზე, თუმცა მეამბოხეთა ბოლოდროინდელმა წარმატებებმა მათი პოზიციების დაახლოება გამოიწვია. სამშვიდობო პაუზაში კი შეიძლება შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომელიც ხელს საპირისპირო ტენდენციებს შეუწყობს. რუსეთს სჭირდება არა მხოლოდ უკრაინა, არამედ დრო იმისთვის, რომ «განქორწინება» ევროპასთან, თუკი მას საბოლოოდ ადგილი ექნება, რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს. ეს დრო აუცილებელია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის და რუსეთის ეკონომიკის იმ დარგების რეფორმირებისთვის, რომლებიც დასავლეთზე «მიბმული» იყო.

ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რომელსაც პუტინმა განხილულ პერიოდში მიაღწია, არის რუსული საზოგადოების დიდი ნაწილის კონსოლიდაცია ლიდერისა და ახალი იდეის გარშემო, რომელიც შესაძლებლობას აძლევს თამამი ნაბიჯები თუნდაც «ქამრების შემოჭერის» ხარჯზე გადადგას. მაგრამ რუსეთის ეკონომიკისა და საშინაო პოლიტიკის რადიკალური რეკონსტრუქცია, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება პრეტენზიის გამოთქმა იმ გეოპოლიტიკურ წონაზე, რომელიც XX საუკუნეში საბჭოთა კავშირს ჰქონდა, სხვა ყველაფერთან ერთად, მოითხოვს დროს, ამიტომ სასურველია, მიმდინარე მოვლენები განვიხილოთ, როგორც ბრძოლა რუსეთსა და აშშ-ს შორის ამ აქტივისთვის. ამერიკელებიც რთულ მდგომარეობაში არიან, მათ ეკონომიკას ჰაერივით სჭირდება ახალი სავაჭრო პაქტი ევროპასთან, თანაც, რაც შეიძლება მალე. კრემლს, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ არ დაუკარგავს იმედი, რომ სერიოზული განხეთქილება აშშ-სა და გერმანიას შორის რეალობად იქცევა. რაც შეეხება უკრაინას, მისი დათმობა (არა მხოჰლოდ დონბასის, არამედ მთელი უკრაინის) კრემლში, დიდი ალბათობით, საერთოდ არ განიხილება და რუსეთის დათმობის ტოლფასად აღიქმება. აქ, ალბათ, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ მაქსიმალურად სწრაფი წინსვლა გეოგრაფიულ სივრცეში მთელ რიგ შემთხვევებში არ არის ერთადერთი შესაძლებელი და ყველაზე წარმატებული სტრატეგია.

მოსკოვის მიზნები უკრაინაში გამარტივებულ ფორმულამდე რომ დავიყვანოთ, ამ ეტაპზე მას სჭირდება უკრაინა, რომელიც ა) აპრიორი არ გახდება ნატოს წევრი და ბ) თანდათან ჩაერთვება ევრაზიული ინტეგრაციის პროცესში. ორივე მიზანი შეიძლება მიღწეული იქნას როგორც მშვიდობიანი გზით (უკრაინის ფედერალიზაცია, აღმოსავლეთის რეგიონების გარანტირებული წარმომადგენლობა ცენტრალურ ხელისუფლებაში, ეკონომიკური თანამშრომლობა და ა. შ.), ისე ომით, მეამბოხეთა ძალების მხარდაჭერის პირობებში. მეორე გზა გაცილებით ხარჯიანი და საშიშია, თუმცა კრიტიკულ სიტუაციაში კრემლი უკან არც ამაზე დაიხევს.

რუსეთი შორდება დასავლეთს და ეს მის ისტორიაში პირველად როდი ხდება. დაახლოებისა და დაშორების პერიოდები ერთმანეთს ცვლის და პროცესი მთლიანობაში საათის ქანქარის მოძრაობას მოაგონებს. ამიტომ ქართველი პოლიტიკოსებისთვისა და ექსპერტებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორი იქნება რუსეთის ტრანსფორმაცია, გააანალიზონ, რით განსხვავდებოდა, მაგალითად, ივანე III-ს რუსეთი ივანე IV-ს რუსეთისგან, ალექსანდრე I-ის რუსეთი ნიკოლოზ I-ის რუსეთისგან და ა. შ. ერთი შეხედვით, ეს ერთი და იგივე ქვეყანაა, მაგრამ საერთაშორისო (კერძოდ კი, ევროპულ) არენაზე მისი მოქმედების პროგნოზირება ჩამოთვლილ პერიოდებში აბსოლუტურად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვდა და ისტორია ამას ადასტურებს. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთთან კიდევ უფრო წინდახედული ურთიერთობა მოგვიწევს.   

ვინ მოკლავს მშვიდობის მტრედს?

საპარლამენტო არჩევნების წინ, სამხედრო წარუმატებლობისა და მინსკის შეთანხმების ფონზე, უკრაინის პოლიტიკური სპექტრი «ომის» და «მშვიდობის» პარტიებად გაიყო. პოლიტიკური ტექნოლოგიების ცინიკური გადასახედიდან ეს შესაძლებლობას აძლევს პოროშენკოსა და იაცენიუკს, სათავეში ჩაუდგნენ ამ პირობით «პარტიებს», «მარჯვენა და მარცხენა ხელის ორთაბრძოლა» გაითამაშონ და ამომრჩეველთა ხმები ორივე მხიდან მოიზიდონ. მაგრამ პროცესი ვაკუუმში როდი ვიჰთარდება, ტიმოშენკოს მსგავსი პოლიტიკოსები და კოლომოისკის მსგავსი (რომელიც უკიდურესად გაღიზიანებულია იმით, რომ ხელში ვერ ჩაიგდო დონეცკის კლანების აქტივები) ოლიგარქები ამ პიესის უპრობლემო გათამაშების შესაძლებლობას პოროშენკოს ან თუნდაც მის უცხოელ პარტნიორებს, სავარაუდოდ, არ მისცემენ.

მიუხედავად იმისა, რომ ომის შედეგი (ომი არ დასრულებულა, ასე რომ «შუალედური შედეგი») კატასტროფულია, უკრაინელ პოლიტიკოსებს, პარადოქსულად ხელს აძლევთ, რომ ომი არჩევნებზე მთავარ თემად იქცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩევლები გადაიტანენ ყურადღებას მკვეთრად გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სამოქალაქო თავისუფლებების მნიშვნელოვან შეზღუდვაზე, კორუფციაზე, კოშმარულ კრიმინოგენულ ვითარებაზე და ა. შ. უკრაინელი პოლიტიკოსები მათთან ურთიერთობისას, სავარაუდოდ, გამოიყენებენ ჩვენთვის კარგად ნაცნობ ფორმულას «რა დროს ეს სისულელეებია, მტერი 40 კილომეტრშია» (სააკაშვილის რეჟიმი საბოლოოდ შეეწირა ამ მიდგომას, თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა; გრძელვადიან პერსპექტივაზე ახლა კიევში ნაკლებად ფიქრობენ). საბოლოოდ კი «ომის პარტია», რომელიც «მშვიდობის პარტიაზე» გაცილებით ძლიერია, დიდი ალბათობით, საწადელს მიაღწევს და ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები განახლდება.

იმისთვის, რომ უკრაინამ შექმნას შეიარაღებული ძალები, რომელთაც შეეძლებათ, «ანტიტერორისტული ოპერაციის» დროს დასახული მიზნების გადაწყვეტაზე იფიქრონ (გარანტირებულად კი არ მიაღწიონ, არამედ უბრალოდ იფიქრონ), მას დასჭირდება რამდენიმე წელი (2-3 წელი ყველაზე ოპტიმისტურ ვარიანტში) ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის და დასავლეთის მასირებული დახმარების პირობებში. მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ესოდენ ხანგრძლივ მშვიდ პაუზას ადგილი არ ექნება, რომ კიევი ჩაატარებს მობილიზაციის მორიგ ტალღას, კონსერვაციიდან მოხსნის ძველი ტექნიკის ნარჩენებს და ისევ შეეცდება, წარმატებას შაბლონური მოქმედებებით, რიცხობრივი უპირატესობის ხარჯზე მიაღწიოს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ძირფესვიანად კორუმპირებულ სახელმწიფოში, სადაც პროფესიონალი, პასუხისმგებლობის მქონე მაღალჩინოსნები და უმაღლესი ოფიცრები სანთლით მოსაძებნია, სამხედრო რეფორმამ სხვა სახე მიიღოს. წარმატებული სამხედრო რეფორმა უკრაინაში წარმოუდგენელია მთელი სახელმწიფოს საფუძვლიანი გარდაქმნის გარეშე. მაგრამ ყველაზე დრამატული ამ შემთხვევაში ისაა, რომ ძიებებმა ამ სივრცეში, როგორც ელიტის, ისე საზოგადოების დიდი ნაწილი შეიძლება მკაცრი დიქტატურის დამყარების იდეამდე მიიყვანოს. ეს კი იქნება წასვლა ვაბანკზე, რომელიც შეიძლება დასრულდეს როგორც ნაძალადევი, მაგრამ მთლიანობაში წარმატებული რეფორმების გატარებით, ისე უკრაინული სახელმწფოებრიობის სრული კრახით.

მსოფლიოში, ალბათ, არც ისე ბევრია ქვეყანა, რომელთა მიმართ ქართველების დიდ უმრავლესობას ისეთი თბილი დამოკიდებულება აქვს, როგორც უკრაინის მიმართ. ეს გრძნობები სააკაშვილი-იუშჩენკოს ფსევდომეგობრობას როდი ეფუძნება, არამედ ღრმა და მრავალფეროვან ჰუმანიტარულ კავშირებს, რომლებიც, ათწლეულებს კი არა, საუკუნეებს ითვლის. როდესაც მეგობარს უჭირს, მას, ალბათ, ყველაზე მეტად არა მოფერება, არამედ სიმართლის თქმა სჭირდება, რაოდენ მწარეც უნდა იყოს ის. იმის ახსნა, რომ ომი და ახალი შეტევის წამოწყება არ არის გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან და უკრაინას ჰაერივით სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა, კონფლიქტის დარეგულირება პოლიტიკური მეთოდებით, რომლის  შესაძლებლობაც უკრაინულმა ელიტამ ხელიდან გაზაფხულზე გაუშვა (იმედია, არა საბოლოოდ). ეს არ უნდა დაემსგავსოს მენტორულ მონოლოგს, არამედ საკუთარი გამოცდილების გაზიარებას და გამოსავლის ძიებას. ამასთანავე, ჩვენი რესურსების სიმწირის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინაში ომით დაზარალებულებს დაეხმაროს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here