Home რუბრიკები პოლიტიკა გუგულის ბუდეს დიდმა ვერტმფრენმა გადაუფრინა

გუგულის ბუდეს დიდმა ვერტმფრენმა გადაუფრინა

705

ნატოს უელსის სამიტი დასრულდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველომ მაპი ვერ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ სხვა შედეგს არც არავინ ელოდა, საზოგადოებამ მნიშვნელოვანი გაღიზიანება მაინც გამოხატა. ქართველი ატლანტისტები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ უამრავი ადამიანი თბილისში უკვე საუბრობს მსოფლიოს უდიდეს სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსზე, როგორც პოლიტიკური იმპოტენტების კლუბზე, ხოლო ფრაზა «რა ქნეს, აღშფოთდნენ თუ შეშფოთდნენ?» ქართულ სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა. ვერაფერს ვიზამთ, ცრუ დაპირებები, გადაჭარბებული მოლოდინები და შესაბამისი ილუზიები სხვა შედეგს ვერ მოიტანდა.


ხელისუფლების წარმომადგენლები, ალბათ, დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ «გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი» «მაპზე უკეთესია», მიუხედავად იმისა, რომ ის ერთი მილიმეტრითაც კი არ აახლოვებს ქვეყანას უსაფრთხოების მყარ გარანტიებთან. მეტიც, უელსის სამიტზე საქართველოს ყველაზე ხშირად ახსნებდნენ იმ ქვეყნებთან ერთად, რომელნიც ნატოს წევრები ხელშესახებ პერსპექტივაში (და, სავარაუდოდ, არც არასოდეს) არ გახდებიან _ შვედეთი და ფინეთი მათი ტრადიციული ნეიტრალიტეტის გამო, ხოლო ავსტრალია და იორდანია გეოგრაფიული მდებარეობისა და რიგი სხვა მიზეზების გამო. ეს ერთობ მოაგონებდა ცხვირწინ კარის თავაზიან მიხურვას, მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციის დონეზე ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და საქართველოს მომავალი გაწევრიანება ნატოში ისეთივე შესაშური ენთუზიაზმით, როგორითაც სსრკ-ის კომპარტია თავისი ყრილობების დასკვნით დოკუმენტებში კომუნიზმის გარდაუვალ გამარჯვებას ადასტურებდა.

მჭიდრო თანამშრომლობაში ცუდი თავისთავად არაფერია, მაგრამ უსაფრთხოების რამდენადმე სერიოზულ გარანტიებთან მას საერთო არაფერი აქვს. რა მოხდება ამის შემდეგ? არაფერი ახალი, არაფერი განსაკუთრებული, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი იცეკვებს რიტუალურ ცეკვას სახელწოდებით «მაპზე უკეთესი», საზოგადოების ნაწილი ტაშს დაუკრავს, ნაწილი კი სტვენით გააცილებს. ცალკე რიტუალი, სავარაუდოდ, დასავლური შეიარაღების მოსალოდნელ შეძენასთან დაკავშირებით ჩატარდება. როგორც კვირას თბილისში ვიზიტისას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა თქვა: «მე და მინისტრმა განვიხილეთ ის აუცილებელი ნაბიჯები საქართველოსთვის, რომ შეიძინონ ამერიკული სამხედრო ვერტმფრენები» (ინტერპრესნიუსი). ამის გათვალისწინებით, გამორიცხული არაა, რომ მალე საინტერესო გარდასახვას ვიხილავთ _ ის ადამიანები, რომელნიც წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ, უპირველეს ყოვლისა, საჰაერო თავდაცვის, ტანკსაწინააღმდეგო (აგრეთვე, რადიოსალოკაციო და ზოგიერთი სხვა) საშუალებები გვჭირდება, ახლა იმის მტკიცებას დაიწყებენ, რომ ხსენებული ვერტმფრენების შეძენის გარეშე ჩვენ სიცოცხლეს აზრი საერთოდ არ აქვს.

ზოგადად, ვერტმფრენების აქტიური გამოყენება მაშინ, როდესაც პირობითი მოწინააღმდეგე ჰაერში აბსოლუტურ უპირატესობას ფლობს, ფრიად არატრივიალური ამოცანაა, რომელიც ძველი ყაიდის კამიკაძეებსაც კი საგონებელში ჩააგდებდა (ამ გარემოებას დროებით თავი დავანებოთ). ამერიკელები ძალიან კარგ ვერტმფრენებს ქმნიან, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ, მაგალითად, ოთხი «აპაჩის» (ლონგბოუ) შესაძენად, რომელმაც მართლა შეიძლება გაურთულოს ცხოვრება (ოთხიდან ორ) პირობით მოწინააღმდეგეს, წლიური სამხედრო ბიუჯეტის ნახევარი უნდა დავხარჯოთ; პერსონალის მომზადებისა და ექსპლუატაციის ხარჯები ცალკე თემაა. «კობრები» გაცილებით იაფია, მაგრამ ჩვენ 40 წლის წინანდელ ვიეტნამში არ ვცხოვრობთ. არა, მოდერნიზებულ «კობრებს» მართლა არა უშავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგის ძირითადი შეიარაღება მოპარულ აქლემზე დამაგრებული ტყვიამფრქვევია. «იროკეზების» ყიდვა კი საერთოდ ჯართის ფასად შეიძლება, თუმცა აქ მთავარია სხვა რამ. ჯერ უნდა გაირკვეს, რა ტიპის ვერტმფრენებზე ვსაუბრობთ («დეფენს ნიუსის» ცნობით, შეიძლება «ბლეკ ჰოუკები» იყოს), რა ამოცანების შესრულებისთვის გვჭირდება, რა დაგვიჯდება მათი შეძენა და ექსპლუატაცია და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბრის დაწყება ამ კონტრაქტის მიზანშეწონილობაზე. საქართველო არ არის საუდის არაბეთი, მისი სამხედრო ბიუჯეტი შეზღუდულია. არ შეიძლება ძვირადღირებული ვერტმფრენების ყიდვა მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკული მხარე მზადაა, ის მოგვყიდოს.

შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი, ვიეტნამის ცაო… მომავალი შეთანხმების ერთადერთი რეალური შედეგი, ალბათ, იმის დემონსტრირება იქნება, რომ ვაშინგტონმა საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვაზე არაფორმალური ემბარგო გააუქმა. ეს სიმბოლური, «მაპზე უკეთესი» ჟესტი ნატოს გულანთებულ მომხრეებს რიტუალური ცეკვების შესრულების საბაბს წლების განმავლობაში მისცემს; ასე რომ, შეგვიძლია განვიხილოთ ის, როგორც თავისებური ფსიქოლოგიური კომპენსაცია და ერთგვარი მფრინავი გალოპერიდოლი.

ვიდრე ვერტმფრენები მოფრინდებიან, თვალი, ალბათ, ხმელეთზე განვითარებულ მოვლენებს უნდა გადავავლოთ. მეორე კვირაა, «ნაციონალური მოძრაობა» ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ქვეყანაში მძიმე დანაშაულმა (კერძოდ კი მკვლელობებმა), სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან შედარებით, მკვეთრად იმატა, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა საპირისპიროზე მიუთითებს. ამ კამპანიის ფარგლებში ისინი, უპირველეს ყოვლისა, ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ «ცოცხები გამართლებული იყო». საგულისხმოა, რომ მას შემდეგ, რაც პოლიცია გააქტიურდა და რეიდების ჩატარება დაიწყო, მათ მყისიერად შეცვალეს «პლასტინკა» და მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვაზე ალაპარაკდნენ ისეთი აღშფოთებით, თითქოს მეფე ჰეროდეს ცნობილი რეპრესიების არათუ მომსწრენი, არამედ მსხვერპლნი გახდნენ. მთლიანობაში ეს მანიპულაციები უსუსურად გამოიყურებოდა, ფართო მასები «ნაციონალებს» არ აჰყვებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა საერთოდ არ არსებობს.

დანაშაულთან ბრძოლის მეთოდები თუ ხელისუფალთა ვინაობა ამ შემთხვევაში, ალბათ, მაინც მეორეხარისხოვანია. მთავრობები იცვლება, პოლიცია სხვადასხვა ტაქტიკას იყენებს, მაგრამ ამაზრზენი, სადისტური მკვლელობები მაინც ხდება. აქ, ალბათ, მიზანშეწონილია ზოგადეროვნულ, ინტელექტუალურ და ფსიქოლოგიურ კრიზისზე ვისაუბროთ, მისი მთავარი მიზეზი კი უდიდესი სოციალური უსამართლობაა, რომლის პირობებში საქართველო, აგერ უკვე რამდენიმე ათწლეულია, ცხოვრობს. ძალიან ძნელია, ხელი შეუშალო მძიმე დანაშაულისა და კრიმინალური ტრადიციების გავრცელებას ქვეყანაში, სადაც მცირერიცხოვანი ზედა ფენა (პოლიტიკოსები იქნებიან, ხელისუფლებასთან დაახლოებული «ბიზნესმენები» თუ «ვარდისფერი ინტელიგენციის» წარმომადგენლები), ფაქტობრივად, დანარჩენი მოსახლეობის ძარცვის ხარჯზე ცხოვრობს და პარაჰზიტებისთვის დამახასიათებელ ცრუ იდეალებს ნერგავს. ასე იყო შევარდანაძისა და სააკაშვილის მმართველობის წლებში, ასეა ახლაც. დეგრადირებული ელიტის აღვირახსნილობა და ბოროტმოქმედთა სისასტიკე ერთი მედლის ორი მხარეა. კვების მრეწველობის დამსახურებული მუშაკები რომ იტყოდნენ: «თევზი თავიდან ყარს». ასე თუ გაგრძელდა, 5, მაქსიმუმ, 10 წელიწადში ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ულტრარადიკალებს გაჰყვება, თუ ისინი მთელი სისტემის დანგრევის და ძველი ელიტის ანიჰილაციის პირობას დადებენ. მანამდე კი ღატაკ და უსამართლო ქვეყანაში მძიმე დანაშაული, სამწუხაროდ, ისევ მოხდება. 9 წლის განმავლობაში (სინამდვილეში, უფრო დიდხანს) საზოგადოება უყურებდა, თუ როგორ მდიდრდებოდნენ ხელისუფლებაში მყოფი მკვლელები და ქურდები, რომელთა ნაწილი ახალი მმართველი ძალის რიგებში გადაბარგდა (განსაკუთრებით რეგიონებში) და ამის შემდეგ, ალბათ, არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. სანამ ქვეყანა თუნდაც რამდენიმე ნაბიჯით არ მიუახლოვდება კანონის უზენაესობას და სოციალურ სამართლიანობას, ყველაფერი ისევ ძველებურად დარჩება.

ამერიკული ვერტმფრენები ჯერ არ ჩამოფრენილან («პრილეტიტ ვდრუგ ვოლშებნიკ, ვ გოლუბომ ვერტოლეტე…»), ამიტომ შეგვიძლია გასული კვირის სხვა მოვლენებზე ვისაუბროთ. ასე, მაგალითად, ზოგიერთმა კომენტატორმა, კორექტულად რომ ვთქვათ, პრეზიდენტის მენტალურ მდგრადობასთან დაკავშირებით რამდენიმე არაერთგვაროვანი ვარაუდი გამოთქვა. საქმე ისაა, რომ ფიგურანტმა შეტოპა დაუსწრებელ პოლემიკაში საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელმაც ურჩია, გაეროში დაგეგმილ ვიზიტზე უარი თქვას (იქ მიემგზავრება დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით), რადგან საქართველოდან ორი დელეგაციის გამგზავრება უხერხულობას შექმნის. მაგრამ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამაში უხერხულობას ვერ ხედავს (!!!).

გაეროს ისტორიას არ ახსოვს ერთი სახელმწიფოდან ორი დელეგაციის «პარალელური» ვიზიტი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ორივე დელეგაციის ხელმძღვანელი თავს ქვეყნის პირველ პირად მიიჩენევს. მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი არ მოისვენებენ, ვიდრე გაეროს შტაბბინაში ასათიანის ქუჩისთვის დამახასიათებელ ტრადიციებს არ დანერგავენ. 9 წელი მთელი მსოფლიო დაგვცინოდა ჰალსტუხიანი ჯამბაზის გამო და ახლა ავანსცენაზე გამოვიდა ორი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელთაც, შესაძლოა, სურთ, საქართველოს საგარეო პოლიტიკა სრულ ბალაგანად გადააქციონ. განსაკუთრებით ამ მხრივ მარგველაშვილი აქტიურობს, რომლის ამბიციები შეკვეცილი უფლებების ჩარჩოებში აშკარად ვეღარ ეტევა.

რა მოხდება შემდეგ, თუ ორი «პარალელური დელეგაცია» შტატებში ერთდროულად ჩავა? ალბათ, იქვე ადგილზე დაიწყებენ იმის გარკვევას, თუ ვინ უნდა შეხვდეს გაეროს გენმდივანს თუ აშშ-ის პრეზიდენტს, მოაწყობენ სკანდალებს, საქმეში ჩართავენ ლობისტებს და, გამორიცხული არაა, სადმე იქვე, ტაიმს-სკვერზე მუშტი-კრივიც გამართონ. პასუხისმგებლობა ყოველივე ამაზე ეკისრება, უპირველეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილს, რომლის საკადრო გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში კრიტიკას ვერ უძლებს. ის, ალბათ, სასწარაფოდ უნდა ჩაერიოს კონფლიქტში და «პარალელური ვიზიტი» ჩაშალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის იმიჯს სერიოზული ზიანი მიადგება.

სამწუხარო იქნება, თუ დადასტურდება სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვარაუდები იმის თაობაზე, რომ მარგველაშვილმა, როგორც არაერთმა სხვა ქართველმა პოლიტიკოსმა, განდიდების მანიასთან ბრძოლაში მარცხი განიცადა. მითუმეტეს, რომ სიმპტომების ჩამონათვალმა ზოგიერთ დამკვირვებელს შეიძლება ეჭვები გაუღრმავოს: ) გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე; ) ნარცისიზმი; ) განწყობის ცვალებადობა; ) სხვისი აზრის მიმართ ინტერესის დაკარგვა; ) აგრესიულობა; ) უძილობა; ) კონცენტრაცია მხოლოდ საკუთარ იდეებზე.

კაცმა რომ თქვას, სააკაშვილივით აგრესიული ჯერჯერობით არ არის, დანარჩენ პუნქტებთან დაკავშირებით კი, ალბათ, სპეციალისტების დისკუსია უნდა გაიმართოს. ისე, ამბობენ, გალოპერიდოლი შველის, თუმცა საუბარი ამაზე ნაადრევია, ჯერ გამოკვლევა და დიაგნოზი და მხოლოდ შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. ერთი კი ფაქტია: ზედიზედ მეორე გადაფრენას გუგულის ბუდეზე ეს ქვეყანა ვერ გადაიტანს და, შესაბამისად, პრეზიდენტის (შესაძლო) «მანია გრანდიოზა» უნდა განიხილებოდეს, როგორც ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here