Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ცინცაძე: როგორც ივანიშვილი ვეღარ ცნობს მარგველაშვილს, ისე ვეღარ ვცნობ წულუკიანს

სოსო ცინცაძე: როგორც ივანიშვილი ვეღარ ცნობს მარგველაშვილს, ისე ვეღარ ვცნობ წულუკიანს

501

საქართველოს პროკურატურის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები ამჯერადაც შეშფოთებით შეხვდნენ და, ყოფილი პრეზიდენტისათვის წაყენებული სერიოზული ბრალდებების მიუხედავად, ეს ყველაფერი ახალი მთავრობის მხრიდან შურისძიებად და პოლიტიკურ დევნად შეაფასეს. რატომ ხუჭავს თვალს უცხოეთი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ არსებულ იმ ბრალდებებზე, რომელთა გამოც მათი ვერც ერთი ხელისუფლება მართლმსაჯულებას ვერ გაექცეოდა და რა განაპირობებს მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ ოპტიმისტურ განცხადებებს?  _ ამ და სხვა საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» პოლიტოლოგი, ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში  სოსო ცინცაძე ესაუბრა.


_ ვფიქრობ, სააკაშვილის ოპტიმისტური განცხადებები მხოლოდ ერთი მიზეზით არის განპირობებული: ის პოლიტიკოსია. პოლიტიკოსი კი ოპტიმიზმის გარეშე პოლიტიკოსი არ არის. თუმცა, როგორც ჩანს, მას, ამასთანავე, იმედს  აძლევს საქართველოში შექმნილი მძიმე სოციალური ფონი და პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაპირისპირება.

_ არ ფიქრობთ, რომ სააკაშვილის ოპტიმიზმი საერთაშორისო მხარდაჭერას უკავშირდება? მან ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ის ეთერში განაცხადა: «ივანიშვილი მიხვდა, რომ საერთაშორისო ძებნას ვერ გამოაცხადებს. აუხსნეს პოპულარულად ევროპაში და ამერიკელებმა, რომ ვერ მოგართვით». ეს ნიშნავს თუ არა, რომ მან, ფაქტობრივად, აღიარა ამერიკასა და ევროპაში მფარველების არსებობა?

_ «ვერ მოგართვით» და მსგავსი სიტყვებით ლაპარაკი სააკაშვილის ჩვეული ლექსიკაა. თუმცა, ამას გარდა, დასავლეთი მიხვდა, რომ უკრაინას კარგავს და არ სურს, საქართველოც დაკარგოს. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ პოლიტიკაში მფარველები და მხარდამჭერები ჩვეულებრივი მოვლენაა და გასაკვირი არ არის.

დღეს საქართველოში სამშობლოს სიყვარულით ათასიდან ერთი თუ მოდის პოლიტიკაში. ყველას პირადი მიზნები ამოძრავებს, რომ გამდიდრდეს და კარგად იცხოვროს.

ამას გარდა, საინტერესოა, რას აკეთებს ჩვენი დიპლომატიური კორპუსი საზღვარგარეთ. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ჩვენი ხელისუფლების ერთერთ ყველაზე პრინციპულ კრიტიკოსად იქცა. საკითხავია, შვედეთში ჩვენი ელჩი რას აკეთებს? რატომ არ ცდილობს, საზოგადოებრივ აზრზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს, შეხვდეს იქაურ პოლიტიკოსებს, ესაუბროს? ელემენტარულ მაგალითს გეტყვით. ორიოდე კვირის წინათ სააკაშვილი რომში შეხვდა სტუდენტებს. შეხვედრას 150-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა. მეორე ან მესამე დღეს იქ ჩვენი ელჩიც უნდა მისულიყო, იმავე უნივერსიტეტში, იმავე აუდიტორიასთან და აეხსნა, რატომ ლაპარაკობს ასე სააკაშვილი.

როდესაც, მაგალითად, ბრიტანეთში, კაცს ელჩად მხოლოდ იმიტომ ნიშნავენ, რომ თურმე კარგი მწერალია, ან როდესაც საფრანგეთში ვიღაცას ელჩად იმის გამო გზავნიან, რომ მას თურმე ნახევრად ფრანგული გვარი აქვს, რა შედეგს უნდა ველოდოთ?! მე ამ სფეროს სპეციალისტი ვარ და ვიცი, რომ დღევანდელი ელჩებიდან ორი-სამი კაცი თუა  ნამდვილად პროფესიონალი; დანარჩენები კი ვინ არიან და საიდან მოვიდნენ, არ ვიცი. მუშაობაა საჭირო უცხოელებთან და არა აქედან ჭკუის დარიგება და განცხადებები, რომ ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთ.

_ ფიქრობთ, რომ ხელისუფლების რეაქცია მაღალჩინოსნების კრიტიკისადმი ადეკვატური არ იყო? როგორ უნდა მოიქცეს ამ სიტუაციაში მთავრობა?

_ ჩვენი ხელისუფლების რეაქცია ადეკვატური იქნებოდა, ჩვენ რომ ძლიერი, მართლაც დამოუკიდებელი სახელმწიფო ვიყოთ და არავისი დახმარება არ გვჭირდებოდეს, ის მაინც შეგვეძლოს, საკუთარი მოსახლეობა გამოვკვებოთ, მაგრამ, როდესაც მთლიანად დამოკიდებული ხარ ევროკავშირზე, მსოფლიო ბანკსა თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყაჩაღურ კრედიტებზე, ჩვენი ხელისუფლების საქციელი სულ სხვა სახეს იღებს. ჩვენთვის კარგი მაგალითია ისრაელი, რომელიც ანგარიშს არავის უწევს. ამერიკიდან დაწყებული, ბილდტით დამთავრებული ყველა აკრიტიკებდა ნეთანიაჰუს, მაგრამ ისრაელს იმის უნარი და ძალა შესწევს, ანგარიში არავის გაუწიოს და, როგორც საჭიროდ მიიჩნევს, ისე იმოქმედოს, მაგრამ ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს.

_ აქედან გამომდინარე, საქართველოს ხომ არ ემუქრება საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის საფრთხე?

_ არა, ისეთ საშიშროებას ვერ ვხედავ, რომ იზოლაცია გვემუქრებოდეს, მაგრამ, სექტემბერში ნატოში რომ არ მიგვიღებენ და არც მაპს მოგვცემენ, ეს თავიდანვე ყველამ კარგად ვიცოდით. სულაც სააკაშვილი რომ ჩამოეყვანათ და ხელახლა პრეზიდენტად აგვერჩია, ვითარებას მაინც ვერაფერი შეცვლიდა. ცხადია, რომ 30 წელი მაინც ევროკავშირში არავინ მიგვიღებს და მაროკოსა და ჩილესავით ათეული წლების განმავლობაში გვაყურყუტებენ. ამას გარდა, შეიძლება, რამდენიმე ათეულმილიონიანი მიზნობრივი დამხარებაც აღარ მივიღოთ, რადგან უკვე ევროპასაც უჭირს.

_ საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შორის უთანხმოებას უკვე არც ერთი აღარ მალავს. ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური კრიზისის საფრთხე?

_ მარგველაშვილს შეუძლია გაჯიუტდეს, პატარა წინააღმდეგობაც გაუწიოს პრემიერს, მაგრამ ის პროფესიონალი პოლიტიკოსი არ არის, სხვა წრიდან მოვიდა პოლიტიკაში და მაინც წესიერი ადამიანია, ღირსების გრძნობაც შერჩენილი აქვს და, სააკაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, ძალიან რომ «აჩმორებენ», ბუზღუნებს. ეს მხოლოდ ბუზღუნია.

პოლიტიკური კრიზისის სიმპტომები ქვეყანაში უკვე არის, ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია. ეს  კრიზისია და არა პრემიერისა და პრეზიდენტის კინკლაობა, თუმცა ეს დაპირისპირება შიგა კონიუნქტურას აფუჭებს და სტაბილურობას ვნებს.

ახლახან კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი გაჩნდა _ კახა თარგამაძისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი. მხოლოდ სააკაშვილის ჯიბრით ანიჭებენ კახა თარგამაძეს მოქალაქეობას. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უნდა აგვიხსნას, რატომ აკეთებს ამას. თეა ჩემი სტუდენტი გახლდათ და, სხვათა შორის, ძალიან კარგი სტუდენტი, მაგრამ, როგორც ივანიშვილი ვეღარ ცნობს მარგველაშვილს, ისე ვეღარ ვცნობ წულუკიანს.  როგორც ჩანს, თანამდებობა ადამიანს მართლაც ცვლის.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here