Home რუბრიკები პოლიტიკა რას მოუტანს საქართველოს «სანქციების ომი»?

რას მოუტანს საქართველოს «სანქციების ომი»?

491

«ნაციონალურმა მოძრაობამ» ხელისუფლებას შესთავაზა, შეუერთდეს სანქციებს, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს დაუწესეს. მთავრობამ, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის პირით, ამაზე უარი თქვა, თუმცა დისკუსია ამით არ დასრულებულა და ყოფილი მმართველი პარტია, სავარაუდოდ, აქტიურად გამოიყენებს ამ ეპიზოდს, რათა ახალი ხელისუფლება «ანტიდასავლურობაში» დაადანაშაულოს. ყოველივე ეს, ალბათ, კარგი საბაბია იმისთვის, რომ შევეცადოთ, დავადგინოთ, რა შეიძლება მოუტანოს საქართველოს «სანქციების ომმა», რომელმაც გასულ კვირას ახალი ძალით იფეთქა.


ლოგიკის დედოფალი მაია

ეს ისტორია დაიწყო 7 აგვისტოს, როდესაც «ამბასადორიალი-2014»-ის დასრულების შემდეგ, უკრაინის კრიზისზე საუბრისას, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა: «სიტუაცია გამწვავებულია. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირმა ახალი სანქციები დააწესა. რუსეთმა საპასუხოდ აკრძალა ევროკავშირიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი. ამას უნდა დავუმატოთ ის, რომ ნატო აპირებს რუსეთთან ურთიერთობის გამკაცრებას. ეს ყველაფერი დიდი შეშფოთების საფუძველს იძლევა. სანქციები, ურთიერთობების გაწყვეტა და . . არ არის ამ კრიზისიდან გამოსავალი. საუკეთესო შემთხვევაში უნდა დასხდნენ მაგიდასთან ყველანი, ვისაც ეს ეხება. მთავარი, ალბათ, არის ის, რომ ის ძირი, რაც უდევს საფუძვლად ამ გართულებებს, უნდა იყოს გადაწყვეტილი. არ ვიცი, რამდენად დაეტყობა ეს რუსეთის ან ევროკავშირის ეკონომიკას. ფაქტია, რომ ასეთი განვითარება არავის სურდა. შესაბამისად, დასავლეთი ყველა ზომას მიმართავს, რომ კრიზისი მშვიდობიანად მოგვარდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ რადიკალური ზომები იყო მისაღები». მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ხშირად აკრიტიკებენ ცუდად გააზრებული რეპლიკების გამო, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ ის არ გასცდენია ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კალაპოტს, ის კი ამ ეტაპზე ყველაზე ახლოს დგას იმ ევროპელი პოლიტიკოსების პოზიციასთან, რომლებიც კონფრონტაციის შემდგომ გაღრმავებას ეწინააღმდეგებიან და აქტიურად ეძებენ სამშვიდობო დარეგულირების ფორმულას. ეს გასაგებიცაა, «ქართული ოცნება», მისი ამომრჩევლების ნების შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობს, რომ საქართველო «ახალი ცივი ომის» წინა ხაზზე რაც შეიძლება გვიან ან (თუ ეს შესაძლებელი იქნება) საერთოდ არ მოხვდეს.

«ნაციონალური მოძრაობის» პოზიცია ამ განცხადებასთან დაკავშირებით 8 აგვისტოს დავით ბაქრაძემ გააჟღერა: «გუშინ საჯაროდ, ღია გზავნილის დონეზე დაფიქსირდა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ჩვენი მთავარი პარტნიორებისაშშისა და ევროკავშირის პოზიციას ეწინააღმდეგება. კარგად უნდა გვესმოდეს, რამხელა ხიფათის მატარებელია ეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვისმოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და გააკეთოს ის, რაც დღემდე არ გაუკეთებია _ საქართველო შეუერთდეს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებს ან ამ სანქციების ნაწილს. სანქციებთან მიერთება იქნება მკაფიო სიგნალი, რომ საქართველო დგას აშშისა და ევროკავშირის გვერდით და საქართველო წარმოადგენს დასავლური ცივილიზაციის ნაწილს. ასეთი სიგნალის გარეშე ჩვენი დასავლური მომავალი წარმოუდენელია». (ინტერპრესნიუსი). ამ პოზიციის დაფიქსირებით ყოფილი მმართველი პარტია, სავარაუდოდ, სამი ტაქტიკური მიზნის მიღწევას ცდილობდა:

) თავი მოეწონებინა დასავლური ისტებლიშმენტის იმ ნაწილისთვის, რომელიც ორიენტირებულია რუსეთთან დაპირისპირების გამწვავებაზე და მიენიშნებინა მისთვის, რომ, ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, 100%-ით დამჯერი იქნება;

) ხელი შეეწყო ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისთვის, რომელიც აუცილებლად მოჰყვება შეერთებას სანქციებთან (მოსკოვის საპასუხო სანქციები და საქართველოსთვის რუსული ბაზრის დახურვა), რათა «ქართული ოცნების» პოზიციები შეასუსტოს;

) თავი მოეწონებინა მკაცრად პროდასავლურად განწყობილი ამომრჩევლებისთვის და დაერწმუნებინა ისინი იმაში, რომ ხელისფლება «პრორუსულ» პოზიციებზე გადავიდა.

რამდენად გამოუვიდა ეს «ნაცმოძრაობას», ძნელი სათქმელია, მაგრამ ჩანაფიქრი, სავარაუდოდ, სწორედ ასეთი იყო.

როგორც ჩანს, ზედიზედ ორი დალაგებული განცხადების გაკეთება მაია ფანჯიკიძის შესაძლებლობებს აღემატება და მან «ნაციონალების» წინადადებას ძალზე უცნაური რეპლიკით უპასუხა: «საქართველოს არ შეუძლია, ევროკავშირის სანქციებს შეურთდეს, რადგან ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ არის». მიუხედავად იმისა, რომ ბაქრაძის განცხადება მთლიანობაში უპასუხისმგებლო და დემაგოგიური იყო, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ცალკე აღებული ევროკავშირის სანქციები იქ ნახსენები არ ყოფილა. ამასთანავე, სანქციებს შეუერთდნენ სხვა ქვეყნებიც (მაგალითად, ავსტრალია), რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან. რატომ თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა ასეთი რამ, მაშინ, როდესაც შეეძლო, უბრალოდ ეპასუხა: «ეს საქართველოს ინტერესებში არ შედის» ან კიდევ: «ეს დიდ ეკონომიკურ ზარალს მოგვიტანს». ან მიეთითებინა მეზობელი თურქეთის მაგალითზე, რომელიც ნატოს წევრი და აშშის მთავარი რეგიონული მოკავშირეა და ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან, მაგრამ სანქციებთან მიერთებას არამც და არამც არ აპირებს. დღეს თურქებს, განსაკუთრებით _ აგრარული სექტორის წარმომადგენლებს, ნამდვილი ზეიმი აქვთ, ისინი აწყობენ გეგმებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაანაცვლებენ ევროპულ პროდუქციას რუსულ ბაზარზე და რამხელა მოგებას ნახავენ. ასეთივე განწყობაა სხვა მეზობელ ქვეყნებშიც. აღსანიშნავია, რომ უკრაინის კრიზისის დაწყებიდან დღემდე ისრაელმა რუსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ზუსტად 100%-ით გაზარდა. ამავე კონტექსტში შეიძლებოდა საუბარი ზოგიერთ სხვა ქვეყანაზეც, მაგრამ მაია ფანჯიკიძემ შესაძლებელთაგან პასუხის ყველაზე არაკორექტული ვარიანტი აირჩია და, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ დააფიქრა საზოგადოება იმაზე, რომ მისი ყოფნა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე სრული ნონსენსია.

განხეთქილების ვაშლი

საქართველო რუსეთს სანქციებით ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს, ხოლო კრემლი ამ სანქციებს, 99%-იანი ალბათობით, რუსეთში ქართული პროდუქციის შეტანის აკრძალვით უპასუხებს. მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, საუბარია ქართული ექსპორტის 9,4%-ზე. ქართული ღვინის ექსპორტის დაახლოებით ორი მესამედი რუსეთში მიდის. «ნაციონალური მოძრაობა» ყოველივე ამის მყისიერ დაკარგვას გვთავაზობს და, ფაქტობრივად, სწირავს იმ გლეხებს და ბიზნესმენებს, რომელთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროდუქციის გატანა რუსეთში. ორსვლიანი პოლიტიკური კომბინაციისა და სიმბოლური ჟესტის გულისთვის, რომელსაც, სავარაუდოდ, არც რუსეთი, არც დანარჩენი მსოფლიო ყურადღებას არ მიაქცევს, «ნაციონალები» მზად არიან, უამრავი ადამიანის გაკოტრებას შეუწყონ ხელი. ამ პარტიის ისტორიიდან გამომდინარე, გასაკვირი ამაში, პრინციპში, არაფერია.

ის ევროპელი ექსპორტიორები, რომლებმაც, ვლადიმერ პუტინის კონტრსანქციებიდან გამომდინარე, ერთი წლით დაკარგეს რუსეთში პროდუქციის შეტანის შესაძლებლობა, საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მაგრამ მათ აქვთ ეროვნული მთავრობებისა და ევროსტრუქტურების დახმარების იმედი, რომლებიც ან გარკვეულ კომპენსაციას შესთავაზებენ, ან დაეხმარებიან, ბლოკირებული საქონელი სხვა ბაზრებზე გადაამისამართონ. ვინ დაეხმარება ქართველებს? ან ვინ შეამჩნევს ჩვენ პრობლემებს, როდესაც, მარტივად რომ ვთქვათ, ბრიუსელის დერეფნებში დაზარალებულების რიგები დგას, თანაც, ევროკავშირი ვალდებული არაა, ჩვენი დანაკარგები აანაზღაუროს?

საბოლოო ჯამში, ხელისუფლებას შეუძლია უბრალოდ «დააიგნოროს» ყოფილი მმართველი პარტიის მოთხოვნები, რომელთაც, თავიანთი მხარდამჭერების გარდა, არავინ უსმენს ან (ეს უკეთესია) მოკლედ დაასაბუთოს თავისი პოზიცია კონკრეტული ციფრებით ხელში (და არა მაია ფანჯიკიძის სტილში). მაგრამ სიტუაცია დრამატულად შეიცვლება, თუ საქართველოს სანქციებთან მიერთებას ვაშინგტონი ურჩევს.

არის რამდენიმე ქვეყანა, რომელთათვის ეკონომიკური მდგომარეობის, ისტორიული გამოცდილების თუ გეოგრაფიული მდებარეობის გამო რუსეთთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტა სერიოზულ სირთულეებს დაუკავშირდება და სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო მათ რიცხვში ნამდვილად შედის. რა თქმა უნდა, თეორიულად ვაშინგტონს შეუძლია, მათ ერთმნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოსთხოვოს, მაგრამ ამ ეტაპზე ამას, სავარაუდოდ, არ გააკეთებს, რადგან ამან შეიძლება რეგიონზე კონტროლის დაკარგვის რისკები გაზარდოს. სამხრეთი კავკასია ორი ზესახელმწიფოს ფაქტობრივი კონდომინიუმის პირობებში ცხოვრობს და ერთერთი პრობლემური საკითხის გადაჭარბებულმა აქტუალიზაციამ (ამ შემთხვევაში საუბარია რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე) შეიძლება «დომინოს პრინციპით» მთელი სისტემა დაშალოს, დღესდღეობით გაყინული კონფლიქტების ახალი ამოფრქვევა გამოიწვიოს და ა. შ. ზოგიერთ პოლიტიკოსს ვაშინგტონში შეიძლება მართლაც გაუჩნდეს ცდუნება, რუსეთს «უკრაინის ფრონტის» პარალელურად «კავკასიის ფრონტი» გაუხსნას, თუმცა ობამას ადმინისტრაცია ამის გაკეთებისგან, სავარაუდოდ, თავს შეიკავებს, რადგან აშშ-ის პოზიციებს რეგიონში არასაკმარისად დამაჯერებლად მიიჩნევს. ასე რომ, უხეშ ზეწოლას რეგიონის მთავრობებზე სანქციებთან დაკავშირებით ადგილი, ალბათ, არ ექნება (სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, ვაშინგტონი ფრთხილად იმოქმედებს ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც, მაგალითად, სერბეთში, თურქეთში და ა. შ.). სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ, შეეცდებოდა, «მატარებელზე წინ ერბინა», მაგრამ ახალი მთავრობა, როგორც ჩანს, მსგავსს არაფერს აპირებს.

საერთოდ, ამერიკელებისგან ბევრი რამ შეიძლება ვისწავლოთ, მათ შორის საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დაცვა. ზუსტად იმ დღეებში, როდესაც გამწარებული პოლონელი თუ ბერძენი ფერმერები კიოდნენ რუსული კონტრსანქციების გამო, ამერიკულმა «ექსონ მობილმა» და რუსულმა «როსნეფტმა» არქტიკაში ნავთობის ერთობლივი მოპოვება დაიწყეს (პლატფორმა «ვესტ ალფა»). რუსულმა «დობლოლეტმა» დააფიქსირა 16 «ბოინგის» შეძენის სურვილი (დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის გარიგება) და ამერიკული კომპანია ამას დიდი ენთუზიაზმით შეხვდა; მალე დაიწყება მოლაპარაკებები გარიგების დეტალებზე, დეპოზიტი უკვე შეტანილია.

როდესაც შორეულ 1953-ში სენატის კომიტეტი თავდაცვის მინისტრის პოსტზე «ჯენერალ მოტორსის» პრეზიდენტის _ ჩარლზ უილსონის კანდიდატურას იხილავდა, კანდიდატს ჰკითხეს, ვისი ინტერესები იქნება მისთვის უფრო მნიშვნელოვანი მომავალში _ კომპანიის თუ ქვეყნის, რაზეც მან უპასუხა: «მე მიჩვეული ვარ ასეთ მიდგომას _ რაც კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, კარგია «ჯენერალ მოტორსისთვისაც» და პირიქით. ეს ერთი და იგივეა». და დღეს, როდესაც ევროპელი მეწარმეები «სანქციების ომის» გამო ლამის ჭკუიდან შეიშალონ, მსხვილი ამერიკული კომპანიები მშვიდად განაგრძობენ მასშტაბური პროექტების განხორციელებას რუსებთან ერთად (საინტერესოა, რას იტყოდა ამ კონტექსტში დავით ბაქრაძე «ცივილიზაციურ არჩევანზე»). როგორც ჩანს, «ის, რაც კარგია «ექსონ მობილისთვის» და «ბოინგისთვის», კარგია ამერიკისთვისაც… და პირიქით». ვის მივბაძოთ _ ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე მყოფ პოლონელ ფერმერ ეჟის, რომელმაც არ იცის, სად წაიღოს ვაშლი, თუ ამერიკული ბიზნესის ამ ზვიგენებს? ალბათ, უფრო გონივრული იქნება მაგალითი ამერიკელი პარტნიორებისგან ავიღოთ და შევეცადოთ, გავაფართოოთ ჩვენი პლაცდარმი რუსულ ბაზარზე, კერძოდ კი აგრარულ სეგმენტში, ასეთი უნიკალური სიტუაცია მეორედ არ შეიქმნება. მოკლედ, «რაც კარგია საქართველოსთვის, კარგია ქართული ბიზნესისთვის, და პირიქით. საერთოდ კი, ეს ერთი და იგივეა».

სხვის ჭკუაზე სხვებმა იარონ

დღეს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ორი ძირითადი სცენარი განიხილება _ მას ან გლობალური დეესკალაცია და ძველი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა მოჰყვება ან «ახალი ცივი ომი» ყოვლისმომცველი დაპირისპირებით. მაგრამ პრობლემა, შესაძლოა, გაცილებით ღრმაა და უკრაინასთან დაკავშირებული პრობლემატიკით არ შემოიფარგლება. ფაქტია, რომ ერთპოლარული სამყარო აშშის გლობალური დომინირებით, რომელზეც ამდენს საუბრობდნენ «ძველი ცივი ომის» დასრულების შემდეგ, არ შედგა და ახლა ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებას ვხედავთ. ბევრი ექსპერტი მარტივი პარალელების გავლებას ცდილობს და ორი ბლოკის ბიპოლარული დაპირისპირების სურათს გვიხატავს _ ერთი მხრივ, აშშ და მისი ევროპელი პარტნიორები, გავლენის პროეცირებით ევროკავშირის პერიფერიაზე და ლათინური ამერიკის ნაწილზე (ძალთა ბალანსს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში და აფრიკაში ამჯერად არ შევეხებით); მეორე მხრივ კი, რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიული ალიანსი, მჭიდრო თანამშრომლობით «ბრიქსის» სხვა ქვეყნებთან და მოსაზღვრე ქვეყნების აქტიური მოზიდვით დიდ ევრაზიულ ბლოკში. მაგრამ ეს ხედვა მნიშვნელოვანწილად ძველ სტერეოტიპებს ეფუძნება და ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, არსებობს თუ არა ეკონომიკური თუ იდეოლოგიური წინაპირობები მკაცრი ბიპოლარულობის უზრუნველყოფისთვის. გამორიცხული არაა, ალიანსების გაცილებით რთული კონფიგურაცია ვიხილოთ.

პროცესები მსოფლიოში შეიძლება შევადაროთ ვულკანის ამოფრქვევას, რომლის ლავა ჯერჯერობით არ გაციებულა და არ გაქვავებულა. საქართველოსთვის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაშორდეს ამ გავარვარებულ ნაკადს და არ გადაეშვას მასში, რასაც «ნაციონალები», ფაქტობრივად, გვთავაზობენ. თანაც, საქართველოს გულისთვის აგვისტოს ომის შემდეგ თავი არავის მოუკლავს და, ალბათ, მიზანშეწონილი არაა, სხვისი ინტერესების გამო საკუთარი ხელით ეკონომიკური ხარაკირი ჩავიტაროთ.

საქართველოს ხელისუფლება, სავარაუდოდ, იოლად მოიგერიებს «ნაციონალების» რიტორიკულ შემოტევას, რადგან ქართულ საზოგადოებაში ფრიად არაპოპულარულია რუსეთთან ახალი სავაჭრო ომის იდეა, რომელიც ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ სერიოზულ ზარალს მოუტანს. პრობლემა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუ ვაშინგტონი, ზემოთ აღწერილი მოლოდინების საპირისპიროდ, პირდაპირ მოსთხოვს ოფიციალურ თბილისს, სანქციებს შეუერთდეს. ვინაიდან ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც არ აღიარებს, რომ ამერიკელებმა მასზე ზეწოლა მოახდინეს, მას საკუთარი ამომრჩევლებისთვის დამოუკიდებლად მოუწევს იმის ახსნა, თუ რატომ გადაუხვია ძველ კურსს და რუსეთთან დაპირისპირების გამწვავებაზე წავიდა.

იმედია, საქმე აქამდე არ მივა, მაგრამ, თუ სანქციების საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ გახდება, სასურველი იქნება, რომ პრემიერმინისტრმა მკაფიოდ დააფიქსიროს ხელისუფლების პოზიცია და ჩამოთვალოს მიზეზები, რომელთა გამოც საქართველო სანქციებს არ უერთდება; მაია ფანჯიკიძის იმპროვიზაციები მსგავს სიტუაციებში საკმარისი აშკარად არაა.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here