ხრუშჩოვმა ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე ანგარიშსწორება დაიწყო მკვდარ სტალინთან. ნიკიტას კარგად ახსოვდა მოსკოვის ქალაქკომის პირველი მდივნობის პერიოდში, ერთი ხის მოჭრის ნაცვლად, ქუჩის ნარგავების გაჩეხვის გამო, როგორ სასტიკად დატუქსა სტალინმა: «ამაზეა ნათქვამი, ღორი ეკლესიაში შეუშვი და საკურთხეველს გადააბრუნებსო». ისიც ახსოვდა, «აგროქალაქების» მშენებლობის პროექტისთვის დატუქსულ პატარა ბავშვივით მოზლუქუნე ნიკიტას «ჩემი პატარა მარქსი» რომ უწოდა და ისიც _ როგორ დააბერტყა თავზე 1941 წლის ოქტომბერში ფაშისტების «მომლოდინე» და შიშს ატანილ ხრუშჩოვს ჩიბუხი.
როდესაც ხრუშჩოვმა დიდ სამამულო ომში კიევის დაკარგვის შესახებ აცნობა, სტალინმა ჰკითხა: «თქვენ ადგილზე ნიჩბები თუ გაქვთ?». ნიკიტა იქვე მდგომ ფრონტის სარდალს დაეკითხა და სტალინს უპასუხა, რომ ნიჩბები აქვთ. «გამოართვით ნიჩბები ჯარისკაცებს და თქვენივე ხელით გაითხარეთ სამარე, უკრაინის გარდა, თქვენ სხვა ადგილი არ გაქვთ!» _ მკაცრად უპასუხა სტალინმა და ყურმილი დაუკიდა.
სტალინისგან ერთხელ უკვე შეწყალებული ხრუშჩოვის შვილი ლიონია ხრუშჩოვი, რომელმაც საბჭოთა თვითმფრინავი მტრის ზურგში დასვა და გერმანელების მხარეზე გადავიდა, წითელი არმიის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწეოდა. სტალინის ბრძანებით, სპეცრაზმმა მოღალატე მფრინავი მტრის ზურგიდან მოიტაცა და სამშობლოში დააბრუნა. ხრუშჩოვი დაჩოქილი ეხვეწებოდა სტალინს, ეჩუქებინა მისთვის შვილის სიცოცხლე. სტალინმა ჰკითხა:
_ მეხვეწები, როგორც პოლიტბიუროს წევრი თუ როგორც მამა?
_ როგორც მამა, _ იყო პასუხი.
_ რა ვუთხრა იმ მამებს, რომლებმაც სამი და ოთხი შვილი ფაშისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაკარგეს, ნუთუ ისინი მამები არ არიან?
პოლიტბიურომ განიხილა ხრუშჩოვის შვილის შეწყალების საკითხი, მაგრამ ლიონია ხრუშჩოვი ერთხმად იქნა მიჩნეული ქვეყნის მოღალატედ და სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი ძალაში დარჩა. Eეს მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტებისა, რომლებიც გახდა ხრუშჩოვის შურისძიების მიზეზი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. თუკი ხრუშჩოვს ოდნავი საბაბი მაინც ჰქონდა სტალინზე შურისძიებისა, ასეთი საბაბი არ ჰქონდა ხრუშჩოვის საქმის გამგრძელებელ ლეონიდ ბრეჟნევს, რომელიც პირადად სტალინმა შეარჩია, შემდეგ კი საკავშირო Kკომუნისტური პარტიის IX ყრილობაზე ცენტრალური კომიტეტის მდივნად იქნა არჩეული. ხრუშჩოვთან ათი წლის განმავლობაში ნამუშევარი ბრეჟნევი უმოქმედო ლიდერი გახდა. თუ ხრუშჩოვმა ათი წლის განმავლობაში ანგრია სტალინის ნაშენებ-ნალოლიავები ქვეყანა, ბრეჟნევმა ცხრამეტი წლის განმავლობაში უძრაობაში ამყოფა.
ნიკიტა ხრუშჩოვისა და ლეონიდ ბრეჟნევის პირადი თარჯიმანი ვიქტორ სუხოდრევი იგონებს:
«ბრეჟნევი გაუნათლებელი, უვიცი იყო. იმის წაკითხვაც კი ეზარებოდა, რასაც მზამზარეულად მიართმევდნენ. მას არ სურდა, ღრმად ჩასწვდომოდა არც ერთ საკითხს და თავიდან იცილებდა ხოლმე შემდეგი ფრაზებით: «ეს საკითხი მოსათათბირებელია, ამის თაობაზე გვმართებს დაფიქრება»…
განსაკუთრებით შემრცხვა, როდესაც ბრეჟნევსა და აშშ-ის პრეზიდენტ კარტერს ჰქონდათ შეხვედრა ერთი-ერთზე. იმხანად ბრეჟნევი დაწერილი ტექსტის გარეშე სიტყვას აღარ წარმოთქვამდა.
ბრეჟნევი მიყოლებით კითხულობდა გამზადებულ ტექსტს და ვერ ვარაუდობდა, როგორ უპასუხებდა კარტერი. რეაგირება რომ მოგვეხდინა შესაძლო შეკითხვებზე, რამდენიმე წინასწარი პასუხით მეც მომამარაგეს. აუცილებლობის შემთხვევაში ეს პასუხები ბრეჟნევისათვის უნდა გადამეცა. ქაღალდებს შორის ერთი განსაკუთრებული დოკუმენტიც იყო. ეს დოკუმენტი, იმის მიხედვით, როგორ დასვამდა კითხვას კარტერი, უნდა წაკითხულიყო ან მთლიანად, ან მხოლოდ მისი ნაწილი. როდესაც კარტერმა დასვა კითხვა, მე ტექსტში გადავხაზე ის, რისი წაკითხვაც აღარ იყო საჭირო და ფურცელი გადავეცი ბრეჟნევს. მან დაიწყო კითხვა და, როდესაც მივიდა გადახაზულ ადგილამდე, მომიტრიალდა, _ «რაც ამის შემდეგ წერია, აღარ წავიკითხო?» «არ წაიკითხოთ,» _ ვუპასუხე და გულისკანკალით გადავხედე კარტერსა და მის თარჯიმანს, რომლებიც ყურადღებით უცქერდნენ ამ სცენას, და, რა თქმა უნდა, მშვენივრად ხვდებოდნენ, რაც ხდებოდა».
სტალინის ფენომენალური ნიჭის უამრავ შეფასებას შორის განსაკუთრებით გამოვყოფ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის _ უინსტონ ჩერჩილის (და არა თეა თუთბერიძისა და გია ნოდიას) შეფასებას, რომელიც მან შეიტანა მემუარებში «მეორე მსოფლიო ომი» (ამ ნაწარმოებმა ჩერჩილს ნობელის პრემია მოუტანა):
«მე ზუსტად განვმარტავდი, ვხსნიდი ოპერაცია «ტორჩს» (1942 წელს ჩრდილოეთ აფრიკაში მოკავშირეთა გადასმის ოპერაცია _ გრ. ო.). როცა ლაპარაკს მოვრჩი, სტალინმა დიდი ინტერესი გამოიჩინა… მან, ეტყობა, მაშინვე შეაფასა «ტორჩის» სტრატეგიული უპირატესობები და ჩამოთვალა 4 ძირითადი მათგანი: პირველი _ ფელდმარშალ ერვინ რომელს ზურგიდან მიაყენებს დარტყმას; მეორე _ დააფრთხობს ესპანეთს; მესამე _ გამოიწვევს ბრძოლას გერმანელებსა და ფრანგებს შორის საფრანგეთში; მეოთხე _ იტალიას უშუალო დარტყმის ქვეშ დააყენებს.
სტალინის ნათქვამმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მან წარმოაჩინა, რომ რუსმა დიქტატორმა სწრაფად და სიღრმისეულად გააანალიზა პრობლემა, რომელსაც ეს–ესაა გაეცნო. ცოცხალ ადამიანთაგან ძალიან ცოტა ვინმეს შეეძლო რამდენიმე წუთში გაეგო მოსაზრებები, რომლებზეც ჩვენ ასე დაჟინებით ვიმტვრევდით თავს თვეების განმავლობაში. სტალინმა კი ყველაფერი ელვისებურად შეაფასა».
უკრაინის რესპუბლიკის ცკ-ის პირველი მდივანი, პოლიტბიუროს წევრი პეტრე შელესტი მოგვითხრობს: «ბრეჟნევი საკუთარ თავს თვლიდა ბელადად, მარქსიზმ-ლენინიზმის ერთგულ, საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის გამოჩენილ მოღვაწედ. ქვეყანა კი უპატრონოდ მიაგდო. უკვე უსწორდებოდნენ იმ კადრებს, რომლებმაც იგი ხელისუფლებაში მოიყვანა. სიგიჟემდე უყვარდა ორდენები. მისი ამ სისუსტის შესახებ იცოდნენ სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო მოღვაწეებმა. მაგონდება, პოდგორნიმ უთხრა: «ლეონიდ ილიჩ, ასე აღარ შეიძლება. ხალხში უკვე ანეკდოტი დადის, გენერალურ მდივანს მკერდის გაგანიერების ოპერაცია სჭირდება, ორდენები აღარ ეტევაო…» და პასუხად რა მიიღო? _»თუ ჩემზე ყვებიან, ესე იგი, ვუყვარვარ კიდეც… «
ჩემი აზრით, ბრეჟნევი, როგორც პარტიისა და ქვეყნის ხელმძღვანელი, შემთხვევითი ფიგურა იყო… განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მისი დაბალი კულტურა და არაკომპეტენტურობა მრავალ საკითხში.
ბრეჟნევის დასახასიათებლად გამოდგება ერთი ასეთი ეპიზოდი: 1964 წლის ივლისში იგი მეწვია ყირიმში, სადაც ვისვენებდი. საუბარი შეეხო ხრუშჩოვს. ბრეჟნევი არამხოლოდ სიტყვებით ცდილობდა ჩემს დაყოლიებას, ცრემლებსაც ღვრიდა. მის ქცევაში ჭარბი იყო არტისტიზმი.
ბრეჟნევი იყო მშიშარა, ეჭვიანი და გონებაშეზღუდული კაცი. უყვარდა ძალაუფლება და პატივი. იცით, როგორ მიიღო გმირის მეორე ვარსკვლავი? 60 წლისთავზე მას უკვე ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირის წოდება, რომელიც სარაკეტო საქმეებისთვის მიაკუთვნეს. საიუბილეოდ გადაეწყვიტათ მეორე ვარსკვლავის მინიჭება. იმხანად კიევში ვიყავი. მოსკოვიდან გამომიგზავნეს წარდგინება _ ვხედავ, ყველას მოუწერია ხელი. ორი-სამი დღის შემდეგ მირეკავს პოდგორნი: «პეტრო, იცი რა, ლიონია მოითხოვს, რომ საბჭოთა კავშირის გმირის ვარსკვლავი მისცენ». მე ვეკითხები: «რის საფუძველზე?», პასუხად მესმის: «რას მეკამათები! უკვე ყველა დაითანხმა, შენღა დარჩი». და წამოვიდა ვარსკვლავთცვენა».
1939 წლის 21 დეკემბერს 60 წლისთავთან დაკავშირებით სტალინი დაჯილდოვდა სოციალისტური შრომის გმირის წოდებით, ხოლო 1945 წლის 26 ივნისს მას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. გაეცნო რა პრესით თავისი გმირობის ამბავს, სტალინმა სასწრაფოდ იხმო პრეზიდიუმის თავმჯდომარე მიხეილ კალინინი და, როგორც არასდროს, ისე მკაცრად მიმართა მას: «ამხანაგო კალინინ, თქვენ თუ იცნობთ დებულებას საბჭოთა კავშირის გმირის წოდების მინიჭების თაობაზე?». კალინინი მიხვდა, რისთვის იღებდა მწარე შენიშვნას ბელადისგან და მორიდებით უთხრა, რომ ეს პრეზიდიუმისა და საბჭოთა ხალხის სურვილის გამოხატულება იყო. «სურვილი კანონს არ ცვლის და, ჩვენი დიდი ხნის მეგობრობა რომ არა, პარტიული სასჯელი არ აგცდებოდათ». სტალინს გმირის ოქროს ვარსკვლავი დაჯილდოების განყოფილებიდან არ გამოუტანია. ის მხოლოდ სტალინის დაკრძალვის დღეს ხავერდის ბალიშზე იხილეს მსოფლიოს ხალხებმა.
1933 წელს ი. ნ. ბაჟანოვმა უსაზღვრო სიყვარულისა და უდიდესი დამსახურების აღსანიშნავად თავისი კუთვნილი ორდენი გაუგზავნა კრემლში სტალინს. სტალინმაც სამადლობელი წერილით მიმართა:
«პატივცემულო ამხ. ი. ნ. ბაჟანოვ!
თქვენი წერილი იმის შესახებ, რომ ჩემი მუშაობისთვის თქვენს მეორე ორდენს მითმობთ, მივიღე.
გმადლობთ გულთბილი სიტყვისა და ამხანაგური საჩუქრისთვის. ვიცი, რას იკლებთ ჩემს სასარგებლოდ და ვაფასებ თქვენს გრძნობებს.
მიუხედავად ამისა, მე არ შემიძლია მივიღო თქვენი მეორე ორდენი. არ შემიძლია და არც უნდა მივიღო, არა იმიტომ, რომ ეს ორდენი მხოლოდ თქვენ გეკუთვნით, რადგან მხოლოდ თქვენ დაიმსახურეთ იგი, არამედ იმიტომ, რომ მე ისედაც საკმაოდ დაჯილდოებული ვარ ამხანაგების ყურადღებითა და პატივისცემით და, მაშასადამე, უფლება არ მაქვს, გაგძარცვოთ.
ორდენი შექმნილია არა იმათთვის, ვინც ისედაც ცნობილია, არამედ, უმთავრესად, ისეთი გმირი ადამიანებისთვის, რომლებიც ნაკლებად არიან ცნობილნი და რომლებიც ყველასათვის ცნობილნი უნდა გავხადოთ.
გარდა ამისა, უნდა გითხრათ, რომ მე უკვე მაქვს ორი ორდენი. გარწმუნებთ, ეს საკმაოზე მეტიცაა.
ბოდიშს ვიხდი დაგვიანებული პასუხისთვის.
კომუნისტური სალმით, ი. სტალინი
ორდენს ვაბრუნებ კუთვნილებისამებრ.
ი. სტალინი
1933 წ. 16 თებერვალი».
ბრეჟნევის თანაშემწე გიორგი არბატოვი თავის მოგონებებში «ახლო წარსულიდან» წერს:
«ათასი ხმა დადის მის მიერ სახელმწიფოს მატერიალური სახსრების ბოროტად გამოყენების თაობაზე. უდავოა, ბრეჟნევის და განსაკუთრებით მისი ოჯახის წევრების, ზოგიერთი ქმედებანი მსგავსი პრეტენზიების საფუძველს იწვევდეს. ზნეობრივი მოთხოვნილება როგორც საკუთარი პიროვნების, ისე გარშემო მყოფთა მიმართ, სულ უფრო იკლებდა. შეუძლებელია, არ ითქვას მის უმაგალითოდ გაზრდილ პატივმოყვარეობაზე, რომელმაც შემზარავი ფორმები მიიღო. მაგალითად, ბრეჟნევის სიყვარული მანქანის მართვისადმი არ იქნებოდა აგრერიგად დასაგმობი «ჰობი», მაინცდამაინც უცხოური მარკის, საუცხოო «როლს-როისებისა» და «მერსედესებისკენ» რომ არ ჰქონოდა მიდრეკილება. ამ მანქანებით ცოტა ხანში საავტომობილო პარკი შექმნა… საზღვარგარეთულ პრესაში განსაკუთრებული მსჯელობის საგანი იყო საბჭოთა ლიდერის სიყვარული მდიდრული ავტომობილების მიმართ, ბევრი იწერებოდა იმაზეც, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრების დროს იგი ერთმანეთის მიყოლებით იღებდა ავტომობილებს საჩუქრად.
სტალინს რამდენიმეჯერ სთხოვეს, მაზარა გამოეცვალა, მაგრამ მან მაზარას მხოლოდ საყელო გადაუბრუნა და განაცხადა, რომ კიდევ ათი წელი ეყოფოდა. ერთხელ სტალინის დაცვის წევრებმა თავიანთი დანაზოგებით შეუძინეს ახალი ჩექმა და საწოლთან დაუწყვეს. დილით, როდესაც სტალინი წამოდგა ლოგინიდან და თავისი ჩექმა ვერსად იპოვა, მკაცრი ტონით მოითხოვა თავისი ძველი ჩექმის დაბრუნება. დაცვის თანამშრომლები არწმუნებდნენ, რომ არ შეიძლებოდა ამ ჩექმით სამსახურში სიარული და უცხოელებთან შეხვედრა, მაგრამ სტალინი მაინც დაჟინებით მოითხოვდა: «თქვენთვის უმჯობესია, დამიბრუნოთ ჩემი ჩექმა!». უფროსის ნება ასრულდა.
სტალინის დაცვის უფროსმა, გენერალმა ვლასიკმა ერთხელ სტალინს უთხრა, ამერიკის პრეზიდენტი შვიდიათასდოლარიანი პაკარდით დადის, საბჭოეთის მეთაური კი _ სამიათას დოლარიანით, რით არის ამერიკა ან რუზველტი საბჭოთა კავშირზე ან სტალინზე მეტიო.
«სტალინი რუზველტზე არაფრით არის ნაკლები, მაგრამ ამერიკა გაცილებით მდიდარია საბჭოთა კავშირზე და მათი პრეზიდენტის მანქანა უფრო ძვირი უნდა ღირდეს, ვიდრე ჩვენი. მაგრამ გაივლის ცოტა დრო და ჩვენც ისეთივე მდიდრები ვიქნებით და ჩვენც ისეთივე მანქანა გვეყოლება», _ დაამშვიდა ვლასიკი სტალინმა.
ჩემს წინა წერილში მოყვანილი იყო ნადეჟდა ალილუევას წერილი სტალინისადმი, რომელშიც სტალინს მეუღლე 50 მანეთის გაგზავნას სთხოვდა, თორემ უკაპიკოდ ვარ მოსკოვშიო. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ საბჭოთა კავშირის პირველი პირის მეუღლე სამსახურში ტრამვაით მგზავრობდა.
როდესაც სვეტლანა მამას ურეკავდა, რათა საყიდლებისთვის ფული მიეცა, სტალინმა მდივანს უბრძანა, ტელეფონი არ გადაერთო მასთან, რადგან მდივნისგან უკვე იცოდა, რისთვისაც ურეკავდა ქალიშვილი.
ფიოდორ ბურლაცკი თავის წერილში «ბრეჟნევი და «დათბობის» მსხვრევა» წერს:
«როგორ მოხდა, რომ ჩვენი სამშობლოსა და მსოფლიო ისტორიის ასეთ რთულ პერიოდში ქვეყნის მმართველობის საჭესთან დარჩა ყველაზე სუსტი იმ ხელმძღვანელთა შორის, რომელიც კი ამ პოსტზე ყოფილა როგორც საბჭოთა, ისე, შესაძლოა, რევოლუციამდელ პერიოდშიც?! აქ არ უნდა აჰყვე ცდუნებას და უნებურად არ უნდა დაამცირო კაცი, რომელიც ბავშვური გულუბრყვილობით ამკვიდრებდა საკუთარი კულტის აქსესუარებს: ოთხგზის საბჭოთა კავშირის გმირი, სოციალისტური შრომის გმირი, საბჭოთა კავშირის მარშალი, საერთაშორისო ლენინური პრემია, ბრინჯაოს ბიუსტი მის მსობლიურ კუთხეში, ლენინური პრემია ლიტერატურის დარგში, მარქსის სახელობის ოქროს მედალი, მხოლოდ გენერალისიმუსის წოდებაღა აკლდა _ სიკვდილმა არ აცალა…
მან ხელისუფლება ისე არხეინად ჩაიბარა, თითქოს ვიღაც დიდი ხნის წინ აზომებდა სხვადასხვა თავებს მონომახის ქუდს და სწორედ მის თავთან შეჩერდა.
ეს ქუდი მშვენივრად მოირგო და 19 წლის განმავლობაში კონფლიქტებისა და კატაკლიზმების გარეშე ატარა. თანაც უშუალოდ მის გარშემო მყოფი ხალხი ისე კარგად გრძნობდა თავს, რომ მხოლოდ ერთი რამის მოსურნე იყო _ მუდმივად ეცოცხლა ამ ადამიანს.
გიორგი არბატოვის აზრით, ბრეჟნევს ჰქონდა გაუნათლებელი, გონებაშეზღუდული და პოლიტიკურ პრობლემებში თუ ცხოვრებისეულ საკითხებში ჩაუხედავი ადამიანის რეპუტაცია. ამასთანავე, ბრეჟნევი დარწმუნებული იყო, რომ იგი ბრწყინვალედ იცნობს სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკის საკითხებს, აგრეთვე, სამხედრო საქმეს, შესანიშნავად ერკვევა ადამიანებში და კარგად უწყობს ფეხს პარტიულ ცხოვრებას. ამ საკითხებზე მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა _ ვერ გადაარწმუნებდით.
პოლიტბიუროს წევრი ა. შელეპინი იგონებს: «ბრეჟნევი არ გამოირჩეოდა დიდი შრომისმოყვარეობით… იგი დგებოდა დილის 10 საათზე, საუზმობდა 11-ზე, 12-დან 14-მდე ხმამაღლა უკითხავდნენ ინფორმაციას. 14-დან 15-მდე _ სადილი, 17-მდე _ ძილი, რომლის შემდეგაც იგი სვამდა ჩაის და მიდიოდა სანადიროდ. Bბრუნდებოდა 21 სთ-ზე, ვახშმობდა და პირველ ან ორ საათამდე უყურებდა კინოს».
სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გრომიკო წერდა:
«ბრეჟნევის ძლიერი მხარე იყო მისი განსაკუთრებული ინტერესი კადრების მიმართ…
ფართო გაგებით თუ ვიმსჯელებთ, მას გაუნათლებელს ვერ უწოდებდი. მართალი არ არის საპირისპიროს მტკიცება, მაგრამ მისი განსწავლულობა სიღრმით არ გამოირჩეოდა. შემთხვევითი როდია, რომ არ უყვარდა საუბრები იმ თემაზე, რომლებიც იდეოლოგიისა და პოლიტიკის თეორიულ ასპექტებს შეეხებოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი თითქმის არაფერს კითხულობდა.
მახსოვს, ერთხელ, სანატორიუმში დასასვენებლად ყოფნის დროს, ვურჩიე, წაეკითხა ნაწარმოები ლეონარდო და ვინჩის ცხოვრებაზე. თვითონ გამოვუტანე წიგნი. დამპირდა, წავიკითხავო, მაგრამ ორი კვირის შემდეგ დამიბრუნა და მითხრა:
_ არ წამიკითხავს ეს წიგნი. საერთოდ გადავეჩვიე კითხვას…
… ერთხელ საბაბი მომეცა და ვეუბნები:
_ რაღაც უნდა ვიღონოთ, რომ ქვეყანაში შემცირდეს ალკოჰოლური სასმელების მოხმარება. ძალიან ბევრს სვამენ ჩვენში; ეს კი იწვევს დანაშაულობათა გახშირებას, საგზაო შემთხვევებს, ტრავმებს საწარმოებსა და ყოფით ცხოვრებაში, ოჯახების დანგრევას.
_ იცით, რა გითხრათ, _ გამოცოცხლდა იგი, _ რუსი კაცი როგორც სვამდა, ისევე დალევს! არყის გარეშე მას სიცოცხლე არ შეუძლია!»
სტალინის საგარეო პოლიტიკის ძირითადი არსის შესახებ ჩერჩილმა 1942 წლის 8 სექტემბერს თემთა პალატაში გამოსვლისას თქვა: «ჩემთვის სტალინთან შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა… ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ის, რომ დამემყარებინა ისეთივე მტკიცე და გამჭვირვალე ურთიერთობა, როგორიც დავამყარე პრეზიდენტ რუზველტთან. ვფიქრობ, რომ ეს, ენობრივი ბარიერის მიუხედავად, რომელიც ბევრ დაბრკოლებას ქმნის, მნიშვნელოვანწილად შევძელი». და შემდეგ: «რუსეთისთვის დიდი ბედნიერებაა, რომ თავს დატეხილი უბედურებების ჟამს სათავეში დიდი მხედართმთავარი უდგას. სტალინი დიდი და ძლიერი პიროვნებაა, რომელიც ესატყვისება იმ ბობოქარ დრო-ჟამს, რომელშიც ცხოვრობს. ის დაუშრეტელი სიმამაცისა და ძალის კაცია, უბრალო კაცი, უშუალო და საუბარში მკვეთრიც კი, რაც მე, როგორც თემთა პალატაში აღზრდილ კაცს, არ შემიძლია, არ დავაფასო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს გარკვეულწილად ჩემზეც შემიძლია ვთქვა… სტალინი, უწინარესად, ის ადამიანია, რომელიც ფლობს იმ გადმრჩენ იუმორს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა ადამიანისა და ერისთვის, და განსაკუთრებით _ დიდი ადამიანებისა და დიდი ბელადებისთვის. სტალინმა ჩემზე დატოვა შთაბეჭდილება ისეთი ადამიანისა, რომელიც ფლობს ღრმა, მშვიდ სიბრძნეს და რომლისთვისაც უცხოა ილუზიები. მჯერა, შევძელი, მისთვის მეგრძნობინებინა, რომ ჩვენ ამ ომში კარგი და ერთგული ამხანაგები ვართ, მაგრამ ამას საქმეები წარმოაჩენს და არა _ სიტყვები.
ერთი რამ ნათელია _ ესაა რუსეთის ურყევი სიმტკიცე, ჰიტლერიზმს ბოლომდე, მის საბოლოო განადგურებამდე ებრძოლოს. სტალინმა მითხრა, რომ რუსი ხალხი ჩვეულებრივ პირობებში მშვიდობისმოყვარე ხალხია, მაგრამ მის წინააღმდეგ ჩადენილმა საზარელმა მხეცობებმა ის ისე აღაშფოთა და გაამძვინვარა, რომ ხასიათი შეეცვალა».
1962 წელს გამოცემულ მოგონებებში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენტონი იდენი, რომელიც დასავლელ პოლიტიკოსთაგან ყველაზე ხშირად შეხვედრია სტალინს, წერდა: «სტალინმა თავდაპირველად შთაბეჭდილება თავისი ნიჭიერებით მოახდინა და მასზე აზრი არ შემცვლია. ამაზე ღაღადებდა თვითონ მისი პიროვნება, რომლის შეფასებაც გაზვიადებას არ საჭიროებდა. მას ჰქონდა ბუნებრივი, კარგი, ეტყობა, ქართული წარმომავლობის მანერები. მე ვიცი, რომ ის იყო შეუბრალებელი, მაგრამ პატივს ვცემ მის გონებას და სიმპათიითაც კი ვარ მის მიმართ განწყობილი, რაც ბოლომდე ვერც ამიხსნია. ალბათ, ეს სტალინის პრაგმატიზმის შედეგი იყო. მისი სახით ყოველთვის საინტერესო, დაღვრემილ და მკაცრ თანამოსაუბრეს ვხედავდი, ხშირად ასეთ განწყობაზე ყოფნას მას განსახილველი საკითხები ავალდებულებდა. სტალინი ღრმად იყო ჩახედული ყველა საკითხში, რომლებთანაც შეხება ჰქონდა, ის წინდახედულობითა და ოპერატიულობით გამოირჩეოდა… ყოველივე ამის უკან, უეჭველად, ძალა იდგა».
ჯორჯ ქენანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მოსკოვში, აშშ-ის საელჩოში მუშაობდა, სტალინის შესახებ წერდა: «გაბედული, მაგრამ ფრთხილი, მრისხანე და ეჭვიანი, მაგრამ მომთმენი და თავისი მიზნების მიღწევაში დაუოკებელი… შეეძლო ემოქმედა ძალზე შეუპოვრად ან დალოდებით და ფარულად _ გარემოებათა შესაბამისად. გარეგნობით სადა, მაგრამ სახელმწიფოს პრესტიჟისა და ღირსების უმკაცრესი, უბადლო დამცველი… პრინციპული, რეალისტური და უყოყმანო, როცა საქმე ეხებოდა პატიოსნებისა და მორჩილებისადმი მის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს. ადამიანების არასენტიმენტალურად შემსწავლელ სტალინს შეეძლო, როგორც ჭეშმარიტ ქართველ გმირს, დიდი და კარგი მეგობარიც ყოფილიყო და შეურიგებელი, საშიში მეტრიც, მისთვის ძნელი იყო მეგობარსა და მტერს შორის რაღაც შუალედური ყოფილიყო».
ყოველივე ზემოთქმულის გასაანალიზებლად და საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად მკითხველს მივაწოდებ დიპლომატიის კლასიკოსის _ ანდრეი გრომიკოს გამონათქვამს სტალინზე, რომელიც შეტანილია მის წიგნში «ღირსსახსოვარი»:
«უნდა აღინიშნოს, რომ სტალინი საზღვარგარეთელ მოღვაწეებს მაინცდამაინც არ ანებივრებდა ყურადღებით, ის ჩვენი ქვეყნის ღირსებას უფრთხილდებოდა და დიდი მკრეხელობა იქნებოდა იმის გაფიქრება, თითქოს ის უცხოელ მოღვაწეებს ელაციცებოდა, რაც უნდა დიდი რანგისა ყოფილიყვნენ ისინი».
თეირანის, იალტისა და პოტსდამის კონფერენციების გახსენებისას გრომიკო წერდა: «სხდომის მსვლელობისას სტალინი, როგორც წესი, მოკლე განცხადებებით გამოდიოდა, _ ყველა იქ მყოფი მის ყოველ სიტყვას იჭერდა, ისე ლაპარაკობდა, რომ მისი სიტყვები ყურს სჭრიდა დასავლეთის ქვეყნების ორივე ლიდერს, თუმცა თვითონ გამონათქვამები ფორმით სულაც არ იყო მკვეთრი, მით უფრო, უხეში _ ტაქტი დაცული იყო. იმას, რასაც სტალინი ამბობდა, მკაფიოდ აცნობიერებდნენ ისინი, ვისაც მიმართავდა…
როგორღაც ისე გამოდიოდა, რომ ყველა იქ მყოფი _ მთავარნი და არამთავარნიც _ სტალინს უმზერდა. კონფერენციის სხვა მონაწილე როცა ლაპარაკობდა, მაშინაც იქ მყოფთა უმრავლესობა სტალინს, მისი სახის გამომეტყველებას უყურებდა იმის ამოსაცნობად, როგორ აფასებდა ის თავისი კოლეგების სიტყვებსა და აზრებს.
სტალინი ხმადაბლა, თითქოს სხვათა შორის, იწყებდა ლაპარაკს. მისთვის უცხო იყო შებორკილობა, ეფექტის მოხდენის რამენაირი სურვილი, ყოველგვარი გაუმართაობა და დაუხვეწაობა აზრის გადმოცემაში. მისი ყოველი სიტყვა ისე ისმოდა, თითქოს სპეციალურად ჰქონდა დამუშავებული სწორედ ამ აუდიტორიაში და ამ მომენტში წარმოსათქმელად.
როცა სტალინი მოსაზრებებს გამოთქვამდა, რუზველტი ხშირად ცდილობდა, საბჭოთა ლიდერთან დამოკიდებულება ან თავის დაქნევით, ან გულღია შეხედვით გამოეხატა».
გრიგოლ ონიანი